თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილების გაუქმებისა და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2015 13:08
მიღების თარიღი მაისი 29, 2015
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილების გაუქმებისა და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილების შესაბამისად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ენერჯი გრუპი“. კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილება კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ გაასაჩივრა სასამართლო წესით და მოითხოვა სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მისი მიღების დღიდან და კომისიისთვის კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად 2013 წლის 21 ივნისს გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულად შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ ცნობისა და მისთვის შესაბამისი მაუწყებლობის ლიცენზიის გადაცემის დავალება.
2014 წლის 15 იანვარს კომისიამ მიიღო №15/4 გადაწყვეტილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „ენერჯი გრუპის“ კერძო მაუწყებლობის №B150 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე”. კომისიის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შპს „შპს ენერჯი გრუპის“ დირექტორი და პარტნიორი კ. ბაინდურაშვილი იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, პალატა არის ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მისი პრეზიდენტი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37.2 მუხლის შესაბამისად არ შეიძლება იყოს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთე. აღნიშნული გარემოება კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა ახლად აღმოჩენულ გარემოებად, ვინაიდან კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილების მიღების დროს კომისიისათვის აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი არ იყო, რაც გახდა კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სარჩელი, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილება „ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ და კომისიას დაევალა კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტის გამოცემა. კომისიას ასევე დაეკისრა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სასარგებლოდ მის მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას კომისიის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი კომისიის სხდომის საჯაროობის პრინციპის დაცვა. სასამართლოს მიერ ასევე, არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კომისიის 3 წევრის მიერ, რომელთაგანაც ორი არაუფლებამოსილი პირი იყო. მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ იყო გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის მიერ გამოკვლეული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაწესი, რომლის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს დადასტურება, მასზედ, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილებაში სასამართლომ ასევე მიუთითა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ა) ადმინისტრაციული ორგანო; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე; გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი; ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი; ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ენერჯი გრუპის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კ. ბაინდურაშვილი ამავდროულად იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი - ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით, ხოლო ამავე კოდექსის 601 მუხლის მუხლის პირველი ნაწილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებით დარღვევას და ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიამ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებული პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებეზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ხოლო ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმიასთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლომ მიუთითა, რომ დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ მართალია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველ პირს განცადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს დადასტურება, მასზედ, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები, თუმცა, აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებისაგან, თავადაც გამოიკვლიოს აღნიშნული გარემოება და ხსენებული საკანონმდებლო აქტის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გარემოების დადასტურების შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც კომისიას განსახილველ შემთხვევაში არ განუხორციელებია. ამდენად, სასამართლოს აზრით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ სწორედ ამ საფუძვლების დადასტურების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის პირველი ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობისა და შპს „ენერჯი გრუპის“ კერძო მაუწყებლობის №B150 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე, სახეზეა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მუხლის თანახმად, სადავო აქტის ბათილად ცნობის უდავო საფუძველს წარმოადგენს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების პრინციპი, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონის საფუძველზე ბოჭვას. ამ პრინციპიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ფარგლებს ქმნის ნორმატიული აქტი კონკრეტული ნორმატიული რეგულირებით, თუმცა, აღნიშნული რეგულირება ერთ შემთხვევაში, ხისტი და იმპერატიულია, მაშინ, როცა მეორე შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს რჩება შესაძლებლობა მანევრირება მოახდინოს კანონით მისი ამ საქმიანობისათვის დადგენილ ფარგლებში. სასამართლომ განმარტა, რომ ამ უკანასკნელს დისკრეციული უფლებამოსილება ეწოდება, რაც შეიძლება გულისხმობდეს: 1. ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას არჩევანზე - გამოიყენოს თუ არა ესა თუ ის ღონისძიება და 2. ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას აირჩიოს ნორმატიულად დადგენილი სამართლებრივი შედეგებიდან ერთ-ერთი. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო ეყრდნობა 3 ძირითად პრინციპს, კერძოდ, კანონიერების, თანაზომიერებისა და მიზანშეწონილობის პრინციპებს. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, ის, რომ კონკრეტული ღონისძიება კანონიერი და თანაზომიერია, სულაც არ უსპობს ორგანოს შესაძლებლობას არჩევანი შეაჩეროს სხვა ღონისძიებაზე, რომელიც ასევე კანონიერი და თანაზომიერია, თუმცა, უფრო მიზანშეწონილი, ვიდრე პირველი. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მსჯელობისას, მას შეუძლია მხოლოდ დაადგინოს, ხომ არ იყო სახეზე შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და მიუთითოს ადმინისტრაციულ ორგანოს იმოქმედოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, გამოიყენოს იგი ან გაითვალისწინოს ნორმით დასახული მიზნები.
სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა ასევე კომისიის მიერ გადაწყვეტილების პროგრამული მრავალფეროვნების კრიტერიუმით მიღების სავალდებულობის შესახებ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღინიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა; ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა. სასამართლომ ასევე მიუთითა ამავე კანონის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით. სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ გამარჯვებულად გამოვლენის იგივე კრიტერიუმები იქნა დადგენილი კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილებით და ასევე, ყურადღება გაამახვილა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 22 აგვისტოს დასკვნაზე, წარდგენილი კონცეფციების შეფასება/ანალიზის პროგრამული მრავალფეროვნების გათვალისწინებით განხორციელების მიზანშეწონილობასა და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ წარდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში თემათა მრავალფეროვნების ყველაზე მეტად წარმოჩენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყევტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
კომისიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და 2014 წლის 13 მაისს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის შეჩერების შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს „ენერჯი გრუპის“ სარჩელი 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კომისიის 2014 წლის 15 იანვრის ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით დააკმაყოფილა კომისიის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“, რომელმაც განჩინების გაუქმება მოითხოვა. საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 5 მარტის განჩინებით დააკმაყოფილა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კერძო საჩივარი, გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განჩინება და საქმე არსებითი განხილვისთვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არ გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს „ენერჯი გრუპის“ მიერ აღძრულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სარჩელზე მიმდინარე საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო წინაპირობაა. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ და შპს „ენერჯი გრუპი“ მოითხოვენ კომისიის სხვადასხვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას. ამასთანავე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ დამატებით მოითხოვს კომისიისთვის აქტის გამოცემის დავალებას და შესაბამისად, ერთ შემთხვევაში სახეზეა მავალებელი სარჩელი, ხოლო შპს „ენერჯი გრუპის“ სარჩელის შემთხვევაში შეცილებითი სარჩელი. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა ერთი სარჩელის გადაწყვეტამდე მეორე სარჩელის განხილვის შეუძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2015 წლის 5 მარტის განჩინებაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კომისიის 2014 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილება ცნობილ იქნა არა ბათილად მისი გამოცხადების დღიდან, როგორც ამას მოითხოვს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“, არამედ ძალადაკარგულად. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ძალადაკარგულობა სამართლებრივ შედეგს იწვევს მომავალში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილი ხაზს უსვამს ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გაუქმებას ახალი აქტის გამოცემიდან, სამომავლოდ და არა მანამდე. საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 5 მარტის განჩინებაში ასევე მიუთითა, რომ კომისიის მიერ თავისი 2013 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო აღმჭურველი აქტის გაუქმება გამოიწვევს არა ჩატარებული კონკურსის შედეგების ხელახალ შეფასებას, არამედ ახალი კონკურსის ჩატარებას მაშინ, როდესაც მოსარჩელე - შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“, ითხოვს დარღვევების გამო კონკურსის შედეგების გაუქმებას ანუ კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ბათილად ცნობას აქტის უკანონობის გამო, კონკურსანტების მონაცემების შეფასებას და ახალი აქტის გამოცემით ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულად მის გამოცხადებას, შესაბამისი მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემას. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკურსის შედეგის ძალადაკარგულად გამოცხადებით კონკურსი დაიწყება საერთო საფუძვლით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43.1 მუხლის შესაბამისად. საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელე შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სასარჩელო მიზანი არის არა ახალი კონკურსის ჩატარება, არამედ უკვე ჩატარებული კონკურსის ფარგლებში ახალი აქტის გამოცემა და ახალი კონკურსის ჩატარება მას უცვლის სასტარტო პირობებს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნას საფუძვლად უდევს ჩატარებულ კონკურსში მოსარჩელის გამარჯვებულად გამოცხადების ინტერესი, რაც სადავო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ვერ მიიღწევა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2015 წლის 5 მარტის განჩინებაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების ტექსტი არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონკურსის ძირითადი კრიტერიუმის - პროგრამულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოსაზრებები უარყოფილ იქნა, რის გამოც საკასაციო პალატამ გაიზიარა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი არ ყოფილა მხოლოდ ლიცენზიის მაძიებლის სტატუსი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 28 თებერვლის სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა დანიშნულია 2015 წლის 16 ივნისს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის განჩინების საფუძველზე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია უარი თქვას სააპელაციო საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილების გაუქმებისა და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების დასაბუთებითი ნაწილის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- უარი თქვას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილების გაუქმებისა და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ 2014 წლის 28 თებერვლის სააპელაციო საჩივარზე;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) წინამდებარე გადაწყვეტილების თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთსა“ და კომისიას შორის დავის განხილვის მიზნით 2015 წლის 16 ივნისს, 15:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომამდე;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- წინამდებარე გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
