შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2015 11:27
მიღების თარიღი ივნისი 04, 2015
შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (19.12.14. N6/7369-14) მიმართა შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს მიერ სალიცენზიო პირობებისა და კანონმდებლობის დარღვევის გამო დავის განხილვისა და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით.
საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ რეგისტრირებულია ქ. ხონში. რეგისტრაციის მომენტისათვის კომპანიის სამაუწყებლო არეალი იყო ხონი და მიმდებარე ტერიტორია (მე-2 მეტრული არხი, ათი ვატის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით); მალე მას ჯერ 100 (ასი) ვატამდე გაუზარდეს სიმძლავრე, შემდეგ კი 500-მდე. ლიცენზიაში გაჩნდა ჩანაწერი - სამაუწყებლო არეალი ხონი და მიმდებარე რაიონები. განისაზღვრა საკონტროლო წერტილები, მათ შორის ქუთაისში 35 დეციბელი, რაც ნიშნავს, რომ ამ ტელეკომპანიას ქუთაისში მაუწყებლობის უფლება არ აქვს, რადგან სამაუწყებლო სიგნალი იწყება 42 დეციბელიდან.
შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი, რეკლამის დამკვეთი და იღებს რეკლამებს ქუთაისის ტელევიზიის სახელით, თანაც მიზერულ ფასებში, რითაც ბაზარზე ქმნის არათანაბარ და უკანონო კონკურენციას და ყველგან უთითებს მისამართს ქუთაისი, რუსთაველის ქ. N37. ipg-ის, NDI-ისა და სხვათა კვლევებშიც აღნიშნული ტელეკომპანია მითითებულია, როგორც ქუთაისის მაუწყებელი, რასაც საჩივრის ავტორი, მისივე განცხადებით, მუდმივად აპროტესტებს, თუმცა უშედეგოდ.
შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ განცხადებით, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ ყველგან ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუთაისის მაუწყებელია, რაზედაც ნათლად მიუთითებს მისი გადაცემა - „შუადღე ქუთაისში“. საჩივრის ავტორის განმარტებით, ქუთაისზე აპელირება გვიჩვენებს, რომ სახეზეა სატელევიზიო თაღლითობის ფაქტები, რაც გამოიხატება იმაშიც, რომ კომპანიას დარღვეული აქვს სალიცენზიო პირობები - შეცვლილი აქვს სამაუწყებლო არეალი.
შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივარში სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები, რომელთა თანახმად, საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს ტერიტორია იყოფა სამაუწყებლო ზონებად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე ან რადიო სიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მომსახურების ზონაში არანაკლებ 90%-სათვის. აგრეთვე, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე ან რადიო სამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა ორბიტალური სადგურების, ან სამაუწყებლო გადაცემების მეშვეობით სიხშირული სპექტრის გამოყენებით. რადგან, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ აღარ მაუწყებლობს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით, ხოლო საკაბელო ქსელებით სიგნალის გავრცელება არ ითვლება ამა თუ იმ ზონის დაფარვად, ეს ტელეკომპანია ამ მხრივადაც ვერ ჩაითვლება ქუთაისის მაუწყებლად. შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ საჩივრის თანახმად მოითხოვა: 1. გაფრთხილდეს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის უხეში დარღვევისათვის, არაეთიკური ქმედებისათვის; დაუბრუნდეს ლიცენზიით გათვალისწინებულ სამაუწყებლო არიალსა და იურიდიულ მისამართს, რაც შესაბამისობაში იქნება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან. 2. კომისიამ შეასრულოს თავისი უფლება-მოვალეობები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად; 3. კომისიამ გადახედოს ციფრული სიმძლავრეებისა და სიხშირეების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას და მოიყვანოს იგი შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის სამაუწყებლო არეალთან შესაბამისობაში. 4. ამხილოს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“, როგორც სამაუწყებლო თაღლითი, რომელიც გავრცელებული ცრუ ინფორმაციით ატყუებს მაყურებელსა და რეკლამის დამკვეთებს. 5. კომისიამ დაავალოს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს შეცვალოს ინფორმაციები ქართულ ვიკიპედიაში, media.ge-სა და საკუთარ ვებ. გვერდზე, აგრეთვე ფეისბუქის გვერდზე. 6. კომისიის შესაბამისმა სამსახურმა გაარკვიოს ქუთაისში წმ. ლუკას ქუჩაზე დამონტაჟებული მიმღებ-გადამცემი აპარატურის წარმომავლობა და კანონიერება.
შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივარს თანდართული აქვს შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს ოფიციალური ვებგვერდიდან ამობეჭდილი სარეკლამო ხასიათის განცხადება: „ტელეკომპანია მეგა-ტვ“ დაფუძნდა 1991 წელს, რომლის მფლობელი არის მერაბ კიკაბიძე, მაუწყებლობს მე-2 სატელევიზიო მეტრულ არხზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემით. მაუწყებლობის არეალი დასავლეთ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. იგი მოიცავს წყალტუბოს, ხონის, მარტვილის, სამტრედიის, აბაშის, ფრაგმენტულად ქუთაისის, ვანის, ტყიბულის, ასევე სამეგრელოსა და გურიის რაიონებს“; სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მიაჩნია საჩივრის ავტორს რეკლამის დამკვეთთა და მოსახლების შეცდომაში შემყვანად; საჩივარს ასევე დართული აქვს სხვადასხვა ვებგვერდებიდან ამობეჭდილი ინფორმაციები შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს შესახებ, აღნიშნული კომპანიის ანტენების განთავსების ამსახველი ფოტომასალა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. შპს „ტელერადიოკომპანია რიონსა“ და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს შორის არსებული დავის განხილვასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 17 თებერვალს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით ეცნობათ შპს „ტელერადიოკომპანია რიონისა“ და შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს და ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები და მტკიცებულებები წარმოედგინათ კომისიაში. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.
დავაში ჩართულ კომპანიებს ასევე გაეგზავნათ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 27 იანვრის N10/152-15 სამსახურებრივი ბარათი შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს მიერ მისი სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებით.
2015 წლის 16 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს დირექტორის მერაბ კიკაბიძის შესაგებელი (კომისიაში რეგისტრაციის N7-6/173-15). შესაგებელში აღნიშნულია, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ არ ეთანხმება შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივარს, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს, ორგანიზაციას ჰქონდეს იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული ფაქტიური მისამართი და შესაბამისად, ფაქტიურ მისამართზე განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. შესაგებელში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ ყოველთვის ამბობს, რომ ფრაგმენტულად ვრცელდება იქ სადაც მე-2 სატელევიზიო მეტრული ტალღა შემოვლითი ან ანარეკლით მიაღწევს, თუნდაც გურიის ან სამეგრელოს მაღალმთიან სოფლებში ან თავად ქუთაისში, ან იმ შემთხვევაში თუ მაყურებელი გამოიყენებს გამაძლიერებელ მიმღებს, ან მაუწყებლობას მიიღებს რომელიმე საკაბელო ოპერატორის საშუალებით. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს განცხადებით, წმ. ლუკას ქუჩაზე შუალედური სადგურის დადგმა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქ. ქუთაისში ზ. გამსახურდიას ქუჩიდან 2011 წელს კომპანია იძულებული გახდა ოფისი რუსთაველის ქუჩაზე გადაეტანა და მისამართის შეცვლის გამო, ეკონომიკური საქმიანობისათვის რადიოსარელეო სიხშირე განმეორებით, ხელახლა შეიძინა, რასაც 1 წელი დასჭირდა.
2015 წლის 17 თებერვალს კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორი თამარ ღვინიანიძე, შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს დირექტორი მერაბ კიკაბიძე და კომპანიის მენეჯერი ნანა თოშხუა.
შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორმა თამარ ღვინიანიძემ წარმოადგინა 1 CD, რომელზედაც მისი განმარტებით დატანილია შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს ეთერში გასული გადაცემა, სადაც გაჟღერებულია თამარ ღვინიანიძის შეურაცხმყოფელი წინადადებები; თ. ღვინიანიძემ დამატებით დააყენა ორი მოთხოვნა: შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-მ თავისსავე გადაცემაში ბოდიში მოუხადოს შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ კოლექტივს მის ეთერში გასული გადაცემით მიყენებული შეურაცხყოფისათვის, ხოლო საზოგადოებას - ცრუ ინფორმაციების გავრცელებით შეცდომაში შეყვანისათვის.
კომისიამ განუმარტა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წარმომადგენელს, რომ საჩივარში დაყენებული მოთხოვნების ნაწილზე კომისია ვერ იმსჯელებს, ვინაიდან სცდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს, შესაბამისად, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორმა თ. ღვინიანიძემ დააზუსტა მოთხოვნები შემდეგი სახით:
1. გაფრთხილდეს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის და დაუბრუნდეს კომპანია ლიცენზიით გათვალისწინებულ სამაუწყებლო არეალს;
2. შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა–ტვ“-ს აეკრძალოს ისეთი არასათანადო რეკლამის გავრცელება, სადაც მითითებულია, რომ მათ სამაუწყებლო არეალში შედის ქ. ქუთაისი, რასაც შეცდომაში შეყავს და რაც ზიანს აყენებს რეკლამის დამკვეთს, მაყურებელსა და კონკურენტ კომპანიას.
3. დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს, მის მიერ არასათანადო, არაკეთილსინდისიერი და არასარწმუნო რეკლამის დამზადებისა და განთავსებისათვის.
შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონსა“ და შპს ,,დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს შორის დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 26 თებერვალი, თუმცა მოგვიანებით, კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული თარიღი შეიცვალა 2 მარტით და დავის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 2 მარტის სხდომაზე.
2015 წლის 2 მარტის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორი თამარ ღვინიანიძე, შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს დირექტორი მერაბ კიკაბიძე, წარმომადგენელი ნანა თოშხუა და ჟურნალისტი ალეკო გვეტაძე, როგორც დაინტერესებული პირი.
შპს „ტელეკომპანია რიონის“ დირექტორ თამარ ღვინიანიძის მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იქნა CD-ზე ჩაწერილი გადაცემა „შუადღე ქუთაისში“. თ. ღვინიანიძის განმარტებით, გადაცემა ჩაწერილია კომისიის მოსამზადებელი სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს, მისი განმარტებით ჩანაწერში არის „გადაცემის ქუდი“ და რეკლამა, სადაც, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ წარწერას - „ქუთაისიდან ჩვენ ვმაუწყებლობთ“.
შპს „ტელეკომპანია რიონის“ დირექტორმა თამარ ღვინიანიძემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ საჩივარს და დააფიქსირა შემდეგი მოთხოვნები: 1) შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ის მიერ სამაუწყებლო არეალის დარღვევისათვის კომისიამ მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. 2) შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ის მიერ არასათანადო, არაკეთილსინდისიერი და არასარწმუნო რეკლამის დამზადებისა და თავისივე ეთერში განთავსებისათვის კომისიამ ასევე მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს დირექტორმა მერაბ კიკაბიძემ და წარმომადგენელმა ნანა თოშხუამ უარყვეს მათი კომპანიის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი. ნანა თოშხუას განმარტებით, ქუთაისი წარმოადგენს ხონის მიმდებარე ტერიტორიას და მათ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში მითითებულია ის ინფორმაცია, თუ სად აღწევს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სამაუწყებლო სიგნალი.
2015 წლის 2 მარტის სხდომაზე კომისიამ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს დაავალა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მაუწყებლობის სამოქმედო არეალის მონიტორინგი, კერძოდ კომისიის 2015 წლის 2 მარტის №12 საოქმო გადაწყვეტილების პირველი პუნქტით კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს დაევალა: ა) ერთი მხრივ, შპს „ტელეკომპანია რიონსა“ და მეორე მხრივ, შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს შორის დავის განხილვის ფარგლებში, შპს „ტელეკომპანია რიონის“ მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე, სპეციალური კვალიფიკაცის და ნდობის მაღალი ხარისხის მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევა 5 სამუშაო დღის განმავლობაში; ბ) შპს „ტელეკომპანია რიონისა“ და შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა–ტვ“-სთვის დამოუკიდებელ ექსპერტთა კანდიდატების ვინაობის შესათანხმებლად წარდგენა; გ) შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის ფარგლებში მოქმედი სატელევიზიო სამაუწყებლო გადამცემის და საანტენო მეურნეობის ტექნიკური შემოწმება; ამავე პუნქტის დ) ქვეპუნქტით დაევალა კომისიის №822/6, 30.12.2011 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკონტროლო წერტილებში შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სამაუწყებლო გადამცემის მიერ შექმნილი ველის დაძაბულობების მნიშვნელობების შესაბამისობის დადგენა; ხოლო ე) ქვეპუნქტით „შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ვებ გვერდზე განთავსებულ სარეკლამო განცხადებაში აღნიშნული კონკრეტული დასახლებული პუნქტების მაუწყებლობის არეალის გარკვევის მიზნით, პროგრამული უზურნველყოფის (ICS Telecom) მეშვეობით მაუწყებლობის მოდელირებული ფარგლებით მოცულ პუნქტებში (დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად შერჩეული სახასიათო წერტილებში), სიგნალით შექმნილი ველის დაძაბულობების გაზომვა და მოდელირებული სამაუწყებლო ზონის თეორიული მომვლების, ასევე რეალურად არსებული მომვლების დადგენა“, ხოლო საჩივრის არსებითი განხილვა გადაიდო ზემოაღნიშნული დასკვნის წარმოდგენის შემდგომ.
2015 წლის 2 აპრილს კომისიაში შემოვიდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს (კომისიაში რეგისტრირებული №შ-6/1622-15) წერილი, 29-30 მარტის ძლიერი ქარის შედეგად, მისი კუთვნილი საანტენო მეურნეობის მნიშვნელოვანი დაზიანების შესახებ, რაც დასტურდება წარმოდგენილი ფოტო მასალით. ამ წერილში შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“ აღნიშნავს, რომ უმოკლეს ვადებში შეძლებს წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას. წერილში მოყვანილი ფაქტი შემოწმებული და დადასტურებული იქნა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის სისტემის მობილური ჯგუფის მიერ. ამის შემდეგ შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს გაეგზავნა წერილი №06/510-15 16.04.2015, სადაც კომისიამ განუსაზღვრა 5 სამუშაო დღე რათა კომპანიას მოეყვანა საანტენო სისტემა პირვანდელ მდგომარეობაში, რის შემდგომაც კომისია ერთობლივად (შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონთან“ და შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-სთან ერთად) შეასრულებდა კომპლექსურ ტექნიკურ შემოწმებას. მიმდინარე წლის 21 აპრილს, კომისიაში შემოვიდა (კომისიაში რეგისტრირებული №შ-6/2255-15, 21.04.15) შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 5 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
გამომდინარე იქედან, რომ 2015 წლის 2 მარტის №12 საოქმო გადაწყვეტილების შესრულება (რეალურად არსებული მომვლების დადგენის ნაწილში) კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შეუძლებელი გახდა შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ანტენების დაზიანების გამო, კომისიის აპარატის 2015 წლის 27 აპრილის N15 თათბირზე რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს დაევალა შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მაუწყებლობის №B74 ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით, მე-2 სატელევიზიო არხზე მაუწყებლობის განხორციელების შემთხვევისთვის, ქ. ხონში მდებარე ანტენაზე განთავსებული გადამცემიდან გავრცელებული მაუწყებლობის სიგნალით ტერიტორიის დაფარვის თეორიული მოდელირება (თეორიული გათვლა), შედეგობრივი სურათის წარმოდგენით;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მაუწყებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით, მე-2 სატელევიზიო არხზე, მაუწყებლობის განხორციელების შემთხვევისთვის, ქ. ხონში მდებარე ანტენიდან გავრცელებული სამაუწყებლო სიგნალით ტერიტორიის დაფარვის თეორიული მოდელირება (თეორიული გათვლა) და დასკვნა მოხსენებითი ბარათის სახით წარედგინა კომისიას. 2015 წლის 04 მაისის Nშ-10/2659-15 მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ გეოგრაფიულ რუკაზე დატანილი (თან ერთვის) მაუწყებლობის სიგნალით დაფარული ტერიტორიის მოდელირებული და თეორიულად გათვლილი სურათი - საწყისი პირობებისა და პარამეტრების სავარაუდო მნიშვნელობების შედეგია და ამდენად, რეალურად მოსალოდნელთან შედარებით, მხოლოდ მიახლოებით შეიძლება განიხილებოდეს. თვალსაჩინო მაგალითისთვის დანართის სახით წარმოდგენილია 48 დბ. მკვ/მ-ს ველის დაძაბულობის შესაბამისი თეორიული დაფარვის ფენა, როგორც მცირე მასშტაბის, ასევე სხვადასხვა დასახლებული პუნქტების გაზრდილი მასშტაბის რუკებზე. ITU-ს რეკომენდაციის თანახმად ამ სიხშირულ დიაპაზონში მინიმალური ველის დაძაბულობა, რომლის დროსაც შესაძლებელია მდგრადი მიღების დონის შენარჩუნება ანალოგური მაუწყებლობისთვის, შეადგენს 48 დბ. მკვ/მ-ს მიწის ზედაპირიდან 10 მ სიმაღლეზე. გარდა ამისა სამაუწყებლო ზონის თეორიული მომვლების რეალურად მოსალოდნელთან განსხვავებას განაპირობებს საბაზო ციფრული მონაცემების (ციფრული რუკის) მიახლოებითი (50 მ გარჩევადობის) ტოპოგრაფიული მაჩვენებლები და იმიტაციური მათემატიკური მოდელირება (თეორიული გათვლა) პროგრამით „ICS Telecom“, რომელიც ამ ტოპოგრაფიული მონაცემების გარსის გამოყენებით ხორციელდება. მიღებული თეორიული შედეგების რეალურად მოსალოდნელთან შედარების დროს ასევე გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლობის სიგნალით ტერიტორიის დაფარვის პრაქტიკული სურათი დამოკიდებულია ჰორიზონტალურ სიბრტყეში ანტენის კონსტრუქციის გეოგრაფიულ ორიენტაციაზე. ყოველივე აღნიშნულის შესაბამისად, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტი დაასკვნის, რომ თეორიული გათვლებით მიღებული რაოდენობრივი მაჩვენებლები პრაქტიკული გაზომვების (რეალური ანტენიდან რეალურად გასხივებული სიმძლავრის შემთხვევაში) შედეგებთან შედარების გარეშე, მხოლოდ მიახლოებით განსაზღვრავს მაუწყებლობით მოცული კონკრეტული ტერიტორიის, ტერიტორიის ნაწილის ან მიწის ზედაპირზე წერტილებში სიგნალის გავრცელების დონეების შესაბამის მომვლებს.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2015 წლის 04 მაისის Nშ-10/2659-15 მოხსენებით ბარათზე დართულ გეოგრაფიულ რუკებზე მითითებულია შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მაუწყებლობის გავრცელების არეალი, რომლის თანახმად დგინდება შემდეგი:
ა) ქ. წყალტუბო იფარება მთლიანად, თუმცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილს საერთოდ არ მიეწოდება კომპანიის მაუწყებლობა;
ბ) ქ. ხონი იფარება მთლიანად, თუმცა ხონის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით რიგი სოფლები საერთოდ არ იფარება;
გ) ქ. მარტვილი თითქმის სრულად იფარება, თუმცა მარტვილის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილს არ მიეწოდება კომპანიის მაუწყებლობა;
დ) ქ. სამტრედია იფარება, თუმცა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამხრეთით სოფლები არ იფარება;
ე) ქ. აბაშა იფარება, აბაშის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები იფარება ყველაზე კარგად, დაუსახლებელი არ იფარება;
ვ) რაც შეეხება სამეგრელოს, საერთოდ არ იფარება ზუგდიდისა და ხობის რაიონები, იფარება ქალაქები აბაშა, სენაკი, მარტვილი;
ზ) გურია პრაქტიკულად არ იფარება, სიგნალი აღწევს მხოლოდ ჩოხატაურის მთებში;
თ) ქუთაისი იფარება ფრაგმენტულად, როგორც ეს სარეკლამო განცხადებაშია მითითებული;
ი) ქ. ვანი იფარება ფრაგმენტულად;
კ) ქ. ტყიბული არ იფარება, მათ შორის არც ფრაგმენტულად.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2015 წლის 04 მაისის Nშ-10/2659-15 მოხსენებითი ბარათი გაეგზავნათ მხარეებს და დაინიშნა დავის განხილვის დღე - 2015 წლის 21 მაისი, თუმცა აღნიშნული სხდომა ვერ შედგა კომისიის წევრთა ქვორუმის არარსებობის გამო და საკითხის განხილვა გადაიდო 2015 წლის 28 მაისისათვის. გამომდინარე იქედან, რომ 2015 წლის 28 მაისის სხდომაზე უნდა განხილულიყო სხვა დავა აღნიშნულ კომპანიებს შორის, ხოლო ამ დავასთან დაკავშირებით კომისია ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას ქვორუმის არარსებობის გამო (ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ზეპირ მოსმენაში მონაწილე კომისიის წევრთა სხდომაზე დაუსწრებლობის გამო), კომისიამ გაითვალისწინა, რომ კომპანიათა წარმომადგენლები საკითხების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდიან დასავლეთ საქართველოდან და მიიღო გადაწყვეტილება ორივე დავის განხილვა დაენიშნა ერთსა და იმავე დროს და საკითხის განხლვა გადაიდო 2015 წლის 4 ივნისისს 13:00 საათისათვის.
სხდომათა გადადების, ასევე სხდომის დღისა და დროის განსაზღვრის თაობაზე შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონსა“ და შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ეცნობათ დაზღვეული საფოსტო გზავნილებით გაგზავნილი შეტყობინებებით, ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები და დამატებითი მტკიცებულებები წარმოედგინათ კომისიაში. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.
2015 წლის 20 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს დირექტორის მერაბ კიკაბიძის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3174-15), რომლის თანახმად, კომპანიის დირექტორს მიაჩნია, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ვებგვერდზე, არც ძველ და არც განახლებულ ვერსიაში შეცდომაში შემყვანი რეკლამა არ არის განთავსებული, ვინაიდან შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სიგნალის ხონისა და მიმდებარე რაიონების გარდა, მეზობელ რაიონებში ფრაგმენტული გავრცელება თეორიული გათვლებითაც დასტურდება. დირექტორის განცხადებით, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სამაუწყებლო ზონა დასავლეთ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული რეგიონია, რასაც სატელევიზიო სადგურის განთავსების გეოგრაფიული მდებარეობა უწყობს ხელს; რაც შეეხება სატელევიზიო სიგნალის პრაქტიკულ გავრცელებას, კომპანიას ჰქონდა 8 ელემენტიანი გადამცემი ანტენა, რომელიც სტიქიამ გამოიყვანა მწყობრიდან; წერილში ასევე აღნიშნულია, რომ პრეტენზია რეკლამის არასათანადოობასთან დაკავშირებით რეკლამის დამკვეთის ან სხვა პირთა მხრიდან ერთხელაც არ დაფიქსირებულა.
2015 წლის 4 ივნისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორი თამარ ღვინიანიძე და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს წარმომადგენელი ნანა თოშხუა. მათ მხარი დაუჭირეს თავიანთ დაზუსტებულ საჩივარსა და შესაგებელს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მათ მიერ წინა სხდომებზე გამოთქმული მოსაზრებები.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ 19.12.2014 N6/7369-14 საჩივარი თანდართული დოკუმენტებით;
- შპს ,,დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს 16.-2.2015. Nშ-6/173-15 შესაგებელი;
- კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 27.01.2015 N10/152-15 მოხსენებითი ბარათი;
- შპს ,,დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს 02.03.2015 N05-15 წერილი;
- შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ 02.03.2015 N18-15 წერილი თანდართული დოკუმენტებით;
- შპს ,,დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს 02.04.15 №შ-6/1622-15 წერილი;
- კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 04.05. 15 Nშ- 10/2659-15 მოხსენებითი ბარათი;
- კომისიის 2015 წლის 17 თებერვლის, 2 მარტის და 4 ივნისის სხდომებზე შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონისა“ და შპს ,,დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
- კომისიის 23.03.2001 N110/2 გადაწყვეტილება „შპს „მეგა-TV“-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ“; კომისიის 12.09.2003 N436/6 გადაწყვეტილება „შპს „მეგა TV“-ის N213 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ“; კომისიის 02.09.2005 N584/2 გადაწყვეტილება „შპს „მეგა TV“-ის N213 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ“; კომისიის 03.02.2006 N43/2 გადაწყვეტილება „საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე“; კომისიის 15.06.2012 N422/1 გადაწყვეტილება „შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“; კომისიის 05.10.12 N646/2 გადაწყვეტილება „შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ის კერძო მაუწყებლობის B74 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N822/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
- კომისიის 20.04.2001 N250/2 გადაწყვეტილება „შპს „რიონი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ“; კომისიის 27.06.2003 N309/9 გადაწყვეტილება „შპს “რიონი”-ს N 251 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ“; კომისიის 14.05.2004 N224/6 გადაწყვეტილება „შპს „რიონი”-ს N251 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“; კომისიის 21.10.2005 N662/2 გადაწყვეტილება „შპს ტელერადიოკომპანია „რიონის“ N251 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ“; კომისიის 03.02.2006 N43/2 გადაწყვეტილება „საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე“; კომისიის 30.12.2011 N828/6 გადაწყვეტილება „შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მაუწყებლობის №B73 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“; კომისიის 10.08.2012 N528/2 გადაწყვეტილება „შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №828/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“ ფლობს მაუწყებლობის №B74 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №822/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი და ტექნიკური პარამეტრები:
ა) ტელემაუწყებლობა მე-2 სატელევიზიო არხზე 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ხონში და მიმდებარე რაიონებში;
ბ) გამოსახულების სიგნალის შესაძლო მაქსიმალური დონეები მეტრული დიაპაზონის მე-2 სატელევიზიო არხზე საკონტროლო გაზომვის წერტილტებში შემდეგი ჩამონათვალის მიხედვით:
ბ.ა) ქ.წყალტუბო (სავაჭრო ცენტრის ტერიტორია) – 42 დბ (მკვ/მტ);
ბ.ბ) ს.ქვიტირი – 39 დბ (მკვ/მტ);
ბ.გ) ქ.სამტრედია (ცენტრი) – 32დბ (მკვ/მტ);
ბ.დ) ქ.ქუთაისი (რკინიგზის ძველი სადგური) – 35 დბ (მკვ/მტ);
ბ.ე) ქ.ჩოხატაური (გამგეობის შენობა) – 17 დბ (მკვ/მტ);
ბ.ვ) ქ.ოზურგეთი (სატელევიზიო ანძა) – 35 დბ (მკვ/მტ);
2. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის ვებგვერდზე საჩივრის კომისიაში წარმოდგენის დროისათვის განთავსებული იყო სარეკლამო ხასიათის შემდეგი ინფორმაცია: „ტელეკომპანია მეგა-ტვ“ დაფუძნდა 1991 წელს, რომლის მფლობელი არის მერაბ კიკაბიძე, მაუწყებლობს მე-2 სატელევიზიო მეტრულ არხზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემით. მაუწყებლობის არეალი დასავლეთ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. იგი მოიცავს წყალტუბოს, ხონის, მარტვილის, სამტრედიის, აბაშის, ფრაგმენტულად ქუთაისის, ვანის, ტყიბულის, ასევე სამეგრელოსა და გურიის რაიონებს“;
3. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში (01.05.2015) გადამოწმებული იქნა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ის ვებგვერდი და ინფორმაცია დაკორექტირებულია შემდეგნაერად: „მაუწყებლობის არეალი დასავლეთ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული რეგიონია“.
4. შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ეთერში გადის გადაცემა „შუადღე ქუთაისში“ და სარეკლამო რგოლები, სადაც ჟღერს სიტყვები „ქუთაისიდან ჩვენ ვმაუწყებლობთ“.
5. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შესაბამისად (2015 წლის 04 მაისის Nშ-10/2659-15 სამსახურებრივი ბარათი):
ა) ქ. წყალტუბო იფარება მთლიანად, თუმცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილს საერთოდ არ მიეწოდება კომპანიის მაუწყებლობა;
ბ) ქ. ხონი იფარება მთლიანად, თუმცა ხონის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით რიგი სოფლები საერთოდ არ იფარება;
გ) ქ. მარტვილი თითქმის სრულად იფარება, თუმცა მარტვილის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილს არ მიეწოდება კომპანიის მაუწყებლობა;
დ) ქ. სამტრედია იფარება, თუმცა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამხრეთით სოფლები არ იფარება;
ე) ქ. აბაშა იფარება, აბაშის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები იფარება ყველაზე კარგად, დაუსახლებელი არ იფარება;
ვ) რაც შეეხება სამეგრელოს, საერთოდ არ იფარება ზუგდიდისა და ხობის რაიონები, იფარება ქალაქები აბაშა, სენაკი, მარტვილი;
ზ) გურია პრაქტიკულად არ იფარება, სიგნალი აღწევს მხოლოდ ჩოხატაურის მთებში;
თ) ქუთაისი იფარება ფრაგმენტულად, როგორც ეს სარეკლამო განცხადებაშია მითითებული;
ი) ქ. ვანი იფარება ფრაგმენტულად;
კ) ქ. ტყიბული არ იფარება, მათ შორის არც ფრაგმენტულად.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
- 2. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შეცდომაში შემყვანი რეკლამა არის რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, რეკლამის გამავრცელებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განათავსებს და/ან ავრცელებს რეკლამას ქონების (მათ შორის, რადიო- და ტელემაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის არხების, საეთერო დროის და სხვა საშუალებების) გამოყენებით;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, რეკლამის მომხმარებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საყურადღებოდ და/ან რომელზე შესაბამისი ზეგავლენის მოსახდენადაც ვრცელდება სარეკლამო ინფორმაცია.
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ საკუთარ ვებგვერდზე სამაუწყებლო არეალთან დაკავშირებით განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს სარეკლამო განცხადებას (არა სამაუწყებლო რეკლამას), მაუწყებლის საქმიანობისა და მისი სამაუწყებლო არეალის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დასტურდება, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“ წარმოადგენს ამ სარეკლამო განცხადების, როგორც დამკვეთს (ავტორს), ისე გამავრცელებელს, ვინაიდან აღნიშნული განთავსდა სწორედ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“ წარმოადგენს რეკლამის დამკვეთსა და გამავრცელებელს, რადგანაც სწორედ ისაა სარეკლამო ინფორმაციის წყარო და სწორედ მან განათავსა რეკლამა საკუთარ ვებგვერდზე. საგულისხმოა აგრეთვე ისიც, რომ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო განცხადების შესაბამისად, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სამაუწყებლო ბადეში ხორციელდებოდა შემდეგი შინაარსის სამაუწყებლო-საინფორმაციო განცხადების გავრცელება: „ქუთაისიდან ჩვენ ვმაუწყებლობთ“.
კომისიის წევრ, კახი ბექაურის განმარტებით, შესაძლოა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სამაუწყებლო სიგნალი ანარეკლით აღწევდეს ხონის არამიმდებარე რაიონში ან სოფელში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს რაიონი ამ სოფელი აღნიშნული კომპანიის სამაუწყებლო არეალია; ამდენად, სარეკლამო ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“ ჩაითვლება შეცდომაში შემყვან რეკლამად, რადგან სამაუწყებლო არეალის შესახებ სარეკლამო განცხადებაში მოხსენიებულია გურიის რაიონები, ქ. ტყიბული, რომლებიც არ განეკუთვნებიან შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიას - ხონს და ხონის მიმდებარე რაიონებს.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.
კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის №584/2 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებით განისაზღვრა შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სალიცენზიო პირობები, რომლის თანახმად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალია ქ. ხონი და მიმდებარე რაიონები; კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს, როგორც იურიდიული პირის საქმიანობის გეოგრაფიული არეალის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს „მაუწყებლობის არეალი დასავლეთ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. იგი მოიცავს წყალტუბოს, ხონის, მარტვილის, სამტრედიის, აბაშის, ფრაგმენტულად ქუთაისის, ვანის, ტყიბულის, ასევე სამეგრელოსა და გურიის რაიონებს“. სარეკლამო განცხადებაში მითითებული რაიონები არ წარმოადგენს ქ. ხონის მიმდებარე რაიონებს, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რუკის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან ესაზღვრება მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით - სამტრედიის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ხოლო ჩრდილოეთით - ცაგერის მუნიციპალიტეტი; შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული მუნიციპალიტეტები (რაიონები) შეიძლება ჩაითვალოს ხონის მიმდებარე რაიონებად, გეოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის თვალსაზრისით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ გავრცელებული რეკლამის მომხმარებელია პირთა განუსაზღვრელი წრე (მაყურებელი, რეკლამის (მაუწყებლის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო) დამკვეთი, ასევე პოტენციური სპონსორი)); იგი მიზნად ისახავს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიმართ ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას. აღნიშნული ინფორმაციის არასათანადოობა ზიანს აყენებს მის კონკურენტ პირებს (იმავე სამაუწყებლო ზონაში), ვინაიდან პირდაპირ ახდენს გავლენას რეგიონალურ სარეკლამო ბაზარზე, რეკლამის დამკვეთებსა და პოტენციურ სპონსორებს შორის მაუწყებლისადმი ინტერესის ფორმირებაზე.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ კომისიის სხდომებზე გაკეთებულ განმარტებებს, იმის თაობაზე, რომ მის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებულია ის რაიონები, რომლებშიც რეალურად აღწევს აღნიშნული მაუწყებლის სიგნალი; კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (2015 წლის 04 მაისის Nშ-10/2659-15 მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე, დგინდება, რომ შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში კომპანიის სამაუწყებლო არეალად მითითებულია საქართველოს ისეთი რაიონები, რომლებსაც კომპანია ფარავს ნაწილობრივ ან ფარავს მის მცირე ნაწილს, ამდენად ამ თვალსაზრისითაც, სარეკლამო განცხადება შეცდომაში შემყვანად უნდა ჩაითვალოს.
კომისია აღნიშნავს, რომ შესაძლოა მაუწყებლის სიგნალი აღწევდეს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ ეს დაფარვის ადგილები კომპანიის სამაუწყებლო არეალი და მისი სიგნალის მდგრადი მიღების ტერიტორიაა.
ამდენად, არასათანადო რეკლამის განთავსებით შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ ირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს გაფრთხილების საფუძველია, ვინაიდან კომპანიას ანალოგიური დარღვევისათვის უკანასკნელი 1 წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისია მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევაზე, ვინაიდან კომპანიის საანტენო მეურნეობის დაზიანების გამო, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ დადგინდა შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს პრაქტიკულად მაუწყებლობის არეალი და მისი ლიცენზიით განსაზღვრულ სამაუწყებლო არეალთან შესაბამისობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივარი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ;
- მიეცეს გაფრთხილება შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს შეცდომაში შემყვანი რეკლამის განთავსების გამო;
- უზრუნველყოს შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-მ მის მიერ გავრცელებული სარეკლამო ინფორმაციის კორექტირება შემდეგნაერად: „შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სამაუწყებლო არეალია ხონი და მიმდებარე რაიონები“;
- სალიცენზიო პირობების (მაუწყებლობის გავრცელების არეალის პრაქტიკული მომვლების) დარღვევის ნაწილში შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება, დარღვევის ფაქტის უტყუარად დადასტურების შეუძლებლობის გამო;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონისა“ და შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-სათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს ,,დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონისა“ და შპს ,,დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-სათვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეთათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები: კახი ბექაური
ელისო ასანიძე
მერაბ ქათამაძე
გიორგი ფრუიძე
