წვდომის მენიუ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივრის განხილვის შესახებ

ნომერი: 320 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2015 18:00

მიღების თარიღი ივნისი 04, 2015

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიევრაზიის თანამშრომლობის ფონდის   საჩივრის განხილვის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2015 წლის 16 აპრილს საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ–6/1978) მიმართა ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის და შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის თაობაზე.

ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივარიში აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, რომლის მხარდამჭერებიც არაინ აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვა სახელმწიფო და კერძო დონორები, არის ევრაზიის ფონდის ქსელის წევრი, რომელშიც შედის სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი ხუთი ადგილობრივი ფონდი რუსეთში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და აშშ–ში. სამხრეთ კავკასიაში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მოქმედებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისიაა პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით საშუალება მისცეს მოქალაქეებს ეფექტურად განახორციელონ ცვლილებები სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობის კუთხით. ა(ა)იპ “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი” ახორციელებს პროექტს „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“. ამ პროექტის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების  ამაღლება მომხმარებელთა უფლებების შესახებ, ძირითადად საკვები პროდუქტების სფეროში. კამპანია „გაიგე რას ჭამ“ მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისაკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ და რაც მთავარია არის მესამე პირებისთვის უსასყიდლო.

ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივარიში აღნიშნულია, რომ ვინაიდან პროექტი სოციალურად სასარგებლო აქტივობას წარმოადგენს, ფონდმა დაამზადა სოციალური რეკლამა და მიმართა მაუწყებლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი შეღავათებით სოციალური რეკლამის ეთერში განთავსების მოთხოვნით. იმ მაუწყებელთა უმრავლესობამ, რომელსაც ფონდმა მიმართა რეკლამა უსასყიდლოდ განათავსა. მათ შორის იყო: შპს „ტელეიმედი“, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრი მაუწყებლები, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ტელერადიოკომპანია  რიონი“, შპს „იმპერია“ (მეცხრე არხი), სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, შპს „პალიტრა TV“ და რადიოებმა – შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ (ფორტუნა +), შპს „რადიო იმედი“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. სოციალური რეკალმის განთავსებაზე უარი თქვეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–მა და შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთმა“, იმ დასაბუთებით, რომ წარმოდგენილი რეკლამა არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას, შესაბამისად, მათი განმარტებით, მასზე არ ვრცელდება “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ აღნიშნულ დასაბუთებას არ იზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ არ შეიძლება შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“– ს ან რომელიმე სხვა ტელევიზიას ჰქონდეს საკუთარი სტანდარტი რეკლამის შინააარსის შეფასებისას, როდესაც კანონით დადგენილია თუ რა შემთხვევაში ითვლება რეკლამა სოციალურად. კერძოდ: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ7 პუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკალმა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას; განმცხადებლის განმარტებით, ფონდის მიერ დამზადებული რეკალამა სრულად ექცევა ამ განმარტების ქვეშ და აკმაყოფილებს მის ყველა პირობას, ასევე არ წარმოადგენს კომერციული საქმიანობის რეკლამირებას (ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი არასამეწარმეო იურიდიული პირია). „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65–ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოცილაურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათი ჯამში არანაკლებ 90 წამისა. აღნიშნული ვალდებულება თანაბრად ვრცელდება ყველა მაუწყებელზე მათ შორის ტელეკომპანია თრიალეთსა და რუსთავი 2 – ზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს“ მიაჩნია, რომ მაუწყებლები არღვევენ კანონით მათზე დაკისრებულ ვალდებულებას.

მოთხოვნები:

1. ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ საჩივრის განხილვის პროცესში ჩაერთოს როგორც მხარე;

2. შესწავლილ იქნას ზემოაღნიშნული ფაქტები და კომისიამ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

3. დაევალოს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ს და შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთს“, ეთერში განათავსონ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ წარმოდგენილი სოციალური რეკლამა;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ 2015 წლის 24 აპრილის სხდომაზე იმსჯელა ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, 70-ე მუხლის და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და 21-ე მუხლების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება N220/23, რომლის შესაბამისად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივარი და დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 24 აპრილს მოსამზადებელ სხდომაზე გამოქვეყნდა შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2“-ის განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ:

“ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივარი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65–ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც, დაინტერესებულ პირს (ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს“) უარი უნდა ეთქვას საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის განმარტებით საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი ვერ ჩაითვლება სოციალურ რეკლამად, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰპუნქტით განსაზღვრულ სოციალური რეკლამის დეფინიციას;

სოციალური რეკლამა განმარტებულია, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე–8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია თუ ვინ არიან კერძო სამართლის სუბიექტები, კერძოდ:

1. კერძო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო , ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ.

შესაბამისად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ს მიაჩნია, რომ ვინაიდან საჩივრის ავტორი, ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომეციულ) იურიდიულ პირს, ის არის კერძო სამართლის სუბიექტი, რომლის საქმიანობის რეკლამირების ამსახველი ვიდეო მასალაც ვერ ჩაითვლება სოციალურ რეკლამად. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის განმარტებით, მსგავსი სამართლებრივი მსჯელობა ვრცელდება ვიდეო რგოლში იდენტიფიცირებულ სხვა სუბიექტებზეც, რომლებიც ასევე, წარმოადგენენ კერძო სამართლის სუბიექტებს: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი,  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები – საქართველო, საზოგადოება ბილიკი, სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია; აღნიშნული სუბიექტების სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი მტკიცებულების სახით თან ერთვის წინამდებარე წერილს.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის განმარტებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებრივი მოძრაობა „გაიგე რას ჭამ“ წარმოადგენს უშუალოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საქმიანობას, მათ პროექტს და ამ პროექტის ფარგლებში უკვე გაწეულ, მიმდინარე მომსახურებას და სამომავლო აქტივობებს. ვიდეო რგოლში იდენტიფიცირებული სუბიექტებიც, რომლებიც ფუნქციონირებენ სერვის ცენტრების სახით, ეწევიან კონკრეტული სახის მომსახურებას/საქმიანობას. შესაბამისად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის განმარტებით, ვიდეო მასალა მთლიანად ემსახურება მითითებული ორგანიზაციების საქმიანობის რეკლამირებას და სადავო ვიდეო რგოლ, წარმოდგენილი რედაქციით, ჯდება არა „სოციალური რეკლამის“, არამედ რეკლამის დეფინიციის ფარგლებში.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „რეკლამა არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში – საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, არგეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას“.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის განმარტებით, წარმოდგენილი ვიდეო რგოლი შეიცავს მაგარ სპირტიანი სასმელის, არყის რეკლამას, კერძოდ წარმოდგენილია ბოთლის ვიზუალაური გამოსახულება წარწერით „არაყი“ „40%“. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე–3 მუხლის მე–14 პუნქტი განსაზღვრავს თუ რა ითვლება „მაგარი სპირტიანი სასამელის“ რეკლამად – „ალკოჰოლიანი სასამელის რეკლამა, რომლის შემაგდენლობაში „სპირტის შემცველობა აღემატება 14 პროცენტს“,  ხოლო თავად „ალკოჰოლიანი  სასმელის რეკლამა“ ამავე მუხლის მე–13 პუნქტით განმარტებულია როგორც „რეკლამა, რომელიც შეიცავს ალკოჰოლიანი სასმელის ან ალკოჰოლიანი  სასამელის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშანს, ლოგოტიპს, ალკოჰოლიანი სასმელის მისი ტარის, მოხმარების პროცესის ან მასთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირებას. შესაბამისად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის აზრით საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ვიდეო რგოლში მაგარი სპირტიანი სასმელის დემონსტრირებით სახეზეა  მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამა, რომლის მაუწყებლის ეთერში განთავსებასაც კრძალავს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე– 8 მუხლის მე– 7 პუნქტი:  „აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასამელებიას და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებზე, ჟურნალების გარეკანზე“.

როგორც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის განმარტებაშია აღნიშნული, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის წარმომადგენლის, ბატონ კონსტანტინე ბათმანიდის მიერ საჩივრის ავტორს განემარტა ის გარემოებები, რომლებიც აფერხებდა მაუწყებელს წარმოდგენილი ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში გაშვებაზე. კერძოდ, ბატონი კონსტანტინე ბათმანიდი მოითხოვდა ვიდეო რგოლის დაკორექტირებას იმგვარად, რომ უზრუნველყოფილიყო ვიდეო მასალის სოციალური რეკლამის სახით რედაქტირება (ააიპ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ლოგოტიპისა და მითითებული სუბიექტების დასახელებების მოხსნას, აგრეთვე არყის ნაწილის ამოღებას). აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრამდე მაუწყებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა დაინტერესებული პირის მოთხოვნა ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სახით ეთერში გაშვებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ს მიაჩნია, რომ ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივარში მითითებულ დარღვევაზე არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები. საჩივარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით დაუსაბუთებელია. შპს სამაუწყებლო კომპანი „რუსთავი 2“ განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის შემდეგ მაუწყებელი მზად არის სადავო რგოლს მიანიჭოს სოციალური რეკლამის სტატუსი და დაუთმოს მას კანონით განსაზღვრული დრო.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 24 აპრილს, კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის და შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთის“ უფლებამოსლი წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებში ჩამოყალიბებულ პოზიციებს. შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთის“ წარმომადგენლის განცხადებით კი, კომპანია მზადაა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მიერ წარმოდგენილი სოციალური რეკლამა, იმ შემთხვევაში თუ კომპანიაში აღნიშნული მოთხოვნა ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მიერ გაიგზავნება ოფიციალური წერილით.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 14 მაისს,  კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ და  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის უფლებამოსლი წარმომადგენლები.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოქვეყნდა ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ შეპასუხება  (კომისიაში რეგისტრაციის N(შ-6/2876-15) „რუსთავი 2“-ს მიერ წარმოდგენილ განმარტებაზე,სადაც აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის განმარტების მიხედვით არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ გასაწევი უსასყიდლო, არაკომერციული მომსახურების რეკლამა ვერ ჩაითვლება სოციალურ რაკლამად, ასეთი განმარტება ძირითადად კანონის სიტვა-სიტყვით განმარტებას ეფუძნება და არა სამართალში დამკვიდრებულ გონივრული განსჯის მეთოდს. კანონის ტექსტის ზედმიწევნით წაკითხვის შემთხვევაში  არცერთი კერძო სამართლის იურიდიული პირის (მათ შორის ა(ა)იპ) მიერ გაწეული მომსახურების რეკლამა არ ჩაითვლება სოციალურ რეკლამად. ამგვარი განმარტება, მოკლებულია ლოგიკურობის ელემენტს და წარმოადგენს კანონის ხისტ ანალიზს, შეფასებისა და განსჯის გარეშე. შეუძლებელია კანონმდებლის მიზანი ყოფილიყო საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისაკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევის, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისაკენ ან/და ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლისაკენ მიმართული იდეები და მოსაზრებები ჩაეთვალა სოციალურად უფრო სასარგებლოდ, ვიდრე ამ მიმართულებით გადადგმული რეალური ნაბიჯები და მომსახურება. სოციალური რეკლამისათვის შეღავათების დაწესება მისი მაღალი სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარეობს და მაუწყებლის ერთგვარ სოციალურ ვალდებულებას წარმოადგენს. რეკლამისთვის უფასოდ ეთერის დათმობის ვალდებულება სოციალურად სასარგებლო მოვლენაა, შესაბამისად კანონმდებელს ამგვარი რეგულაციის ჩამოყალიბებისას საგოგადოებრივი ინტერესის დაცვა ჰქონდა გამიზნული.

ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“-სთვის მიუღებელია ის მოსაზრება, რომ   სოციალური რეკლამის ვიდეო რგოლიდან არ შეიძლება, რომელიმე სუბიექტის ინდეტიფიცირება ხდებოდეს, პირიქით, საზოგადოების სოციალურ მიზანს ემსახურება იცოდეს თუ ვინ დგას იმის უკან, რასაც მას სოციალურად სასარგებლო და მისაღებ მოდელად სთავაზობენ. გარდა იმისა, რომ ეს მაყურებლის/საზოგადოების ინფორმირებას და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას ემსხურება, ზრდის ნდობას სოციალურ რეკლამაში გაჟღერებული მესიჯებისადმი და ეხმიანება სოციალური რეკლამის მიზნებს.

რაც შეეხება მითითებას, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი არის რეკლამა და არა სოციალური რეკალმა, ასეთი განმარტება არ იქნება სწორი, რადგან სოციალური რეკლამა რეკლამის ერთ-ერთი სახეა.

მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამასთან დაკავშირებით სამაუწყებლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განმარტებას, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი შეიცავს მაგარი სპირტიანი სასმელის, არყის რეკლამას, კერძოდ წარმოდგენილი ბოთლის ვიზუალური გამოსახულება წარწერით „არაყი“, „40%“, ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ“ პუნქტის მიხედვით  რეკლამა განმარტებულია, როგორც კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთნ დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკური ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. ხოლო ვიდეო რგოლში სპირტიანი სასმელის ილუსტარცია არ ემსახურება მისი  რეალიზების ხელშეწყობას და ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, უფრო მეტიც, მოხსენიებულია უაროფით კონტექსტში და მიზნად  არ ისახავს მის რეკლამირებას.

ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს“ მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პირობას და არ არსებობს მისი რედაქტირების საჭიროება და სამაუწყებლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ვალდებულია სხვა მაუწყებლის მსგავსად ვიდეო რგოლი ეთერში განათავსოს სოციალური რეკლამის სტატუსით.

ხოლო რაც შეეხება შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთს“, ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“  წარმომადგენლის განცხადებით, მათსა და  შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთს“ შორის მოხდა შეთანხმება და  ტელეკომპანიამ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აღნიშნული რეკლამა  განათავსა, როგორც სოციალური რეკლამა.

კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის 2015 წლის 14 მაისის სხდომაზე  გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 4 ივნისი 16:00 საათი.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.

6. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

7. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;

ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია;

8. “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ7 პუნქტისა და “რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკალმა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

10. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

                კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მიერ წარმოდგენილი ვიდეო რგოლის შესწავლის, ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ვიდეო რგოლში წარმოდგენილი მაგარი სპირტიანი სასმელის ბოთლის ვიზუალური გამოსახულებით „არაყი 40%“ ეწინააღმდეგება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე– 8 მუხლის მე–7 პუნქტით დადგენილი ნორმას, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო რგოლში სპირტიანი სასმელის ილუსტარცია არ ემსახურება მისი  რეალიზების ხელშეწყობას და ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, უფრო მეტიც, მოხსენიებულია უარყოფით კონტექსტში და მიზნად  არ ისახავს მის რეკლამირებას, ვიდეო რგოლში მაგარი სპირტიანი სასმელის დემონსტრირება შეიძლება აღქმული იყოს მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამად და ეწინააღმდეგებოდეს „რეკლამის შესახებ“  საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–7 პუნქტი, შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ამ ნაწილში ვიდეო რგოლის კორექტირება.

                ამასთან კომისიას აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტის შესაბამისად სოციალური რეკლმა - არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას; ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიას მიაჩნია, რომ სოციალური რეკლამის ფარგლებში ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრების გამოჩენა და ორგანიზაციების დასახელებების მითითება, ისევე როგორც ორგანიზაციების ლოგოების სოციალური ამონათება, რომლებიც ამა თუ იმ საზოგადოებრივი სიკეთის ხელშემწყობი კამპანიის მხარდამჭერები არიან არ უნდა შეფასდეს, როგორც ამ ორგანიზაციების რეკლამირება. არამედ პირიქით, კომისიის აზრით მომხმარებელს ცხელ ხაზზე დარეკვისას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა ორგანიზაციაში ახორციელებს ზარს და ამასთანავე უნდა ფლობდეს ინფორმაციას თუ ვისი მხარდაჭერით ხორციელდება ესა თუ ის პროგრამა.

ამასთან კომისიას მიაჩნია,

კომისიას აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ვალდებულია საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მიერ დაკორექტირებული ვიდეო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ვიდეო რგოლი  განათავსოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-4 პუნქტისა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად კომისიამ  კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივარი და დაევალოს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მიერ დაკორექტირებული ვიდეო რგოლის წარდგენის შემთხვევაში აღნიშნული ვიდეო რგოლი სამაუწყებლო ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება.
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

     ა)  აღნიშნული გადაწყვეტილების  დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნა(ნ.ჯავახიძე);

 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ        საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ. ერთი თვის ვადაში;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი  2“-სა და ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“-თვის ჩაბარებისთანავე;

 5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                გიორგი ფრუიძე    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები