ქ. ბოლნისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2015 12:10
მიღების თარიღი ივნისი 09, 2015
ქ. ბოლნისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 მარტის №161/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ.ბოლნისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 107,3მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2015 წლის 26 მარტის №161/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 27 აპრილის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2015 წლის 30 აპრილის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2015 წლის 2 ივნისის 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2015 წლის 9 ივნისის 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის 2015 წლის 26 მარტის №161/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №შ-11/2316-15, 23.04.2015წ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 30 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2015 წლის 26 მარტის №161/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ წარმოდგენილ განაცხადში არ იყო მითითებული: კომპანიის საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს, ლიცენზიის სახე და სახეობა, მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა, მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. შპს ”სამაუწყებლო კომპანია ბოლნელის” მიერ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო წარმოდგენილი ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, არასრულყოფილად იყო შევსებული შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა (არ იყო მითითებული ავტორიზაციის ნომერი) და მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №225/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელს” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2015 წლის 7 მაისის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2015 წლის 5 მაისს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (წერილი №შ-6/2658-15).
ზეპირი მოსმენა ქ. ბოლნისში (სიხშირე 107,3 მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2015 წლის 2 ივნისს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელის” დირექტორი ოლეგ უგრეხელიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
ზეპირ მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”. შესაბამისად, თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული ახალი ამბებისა ან/და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია. წარმოდგენილი დასკვნის თანახმად შპს „სამაუწყებლო კომპანია ბოლნელის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში შემოთავაზებული არ არის კონკრეტული პროგრამებისა თუ გადაცემების ჩამონათვალი და მოკლე ანოტაცია, თუმცა კონცეფციაში ზოგადად ასახულია ის თემატიკა, რომლის შესაბამისადაც, შპს „სამაუწყებლო კომპანია ბოლნელის“ მიერ მაუწყებლობის განხორციელების შემთხვევაში დაგეგმილია საკუთარ სამაუწყებლო ბადეში პროგრამების განთავსება. კერძოდ, კომპანია გეგმავს ისეთი გადაცემების განთავსებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მხარის მოსახლეობისათვის როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას. ასევე კომპანია გეგმავს ქვემო–ქართლის რეგიონის, როგორც ქართულენოვანი ისე ეთნიკური უმცირესობების ყოფითი და სოციალური პრობლემების შესწავლა–ანალიზს და მათი გადაჭრის გზების ძიებას ადგილობრივი მოქალაქეების ჩართულობით, საზოგადოებრივი დიალოგის დისკუსიის გამართვასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რიგითი მოქალაქეების მონაწილეობის გაუმჯობესებას, საჯარო მომსახურეთა ცნობიერების ამაღლებას, მათი ანგარიშვალდებულებების გააქტიურებას და მოქალაქეებთან სისტემატური და ინტენსიური დიალოგის დანერგვის ხელშეწყობას.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. ბოლნისში (სიხშირე 107,3 მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2015 წლის 9 ივნისს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელის” დირექტორი ოლეგ უგრეხელიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამასახურებრივი ბარათი №10/3077-15, 19.05.2015წ.) საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.
კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელის” დირექტორმა ოლეგ უგრეხელიძემ სალიცენზიო გადასახდელის - 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და კომისიის 2015 წლის 26 მარტის №161/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ქ. ბოლნისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელი”;
2. უზრუნველყოს შპს სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელმა” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 1215.00 (ერთი ათას ორასთხუთმეტი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300063062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 4252.50 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი და 50) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს შპს სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელსისთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელსისთვის” ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
