შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2015 17:03
მიღების თარიღი ივნისი 11, 2015
შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 17 აპრილს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 17 აპრილის Nშ-10/2058-15 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ შპს „სუპერ ტვ“-ს მიმართ 2015 წლის 25 თებერვალს შედგენილი შემოწმების აქტი N4 თანდართული მასალებით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, შპს „სუპერ ტვ“-ს დირექტორის პირადობის მოწმობის ასლი). როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 17 აპრილის Nშ-10/2058-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, 2015 წლის 25 თებერვალს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „სუპერ ტვ“-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №4. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, მარშალ გელოვანის ქ. N2, შპს „სუპერ ტვ“-ს ოფისში, კომპანიის დირექტორის შალვა დოლიძის თანდასწრებით.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 17 აპრილის Nშ-10/2058-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „სუპერ ტვ“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2”, „იმედი“, „მაესტრო“, „GDS“, „TV 11”, „Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „ენკი-ბენკი“, „ქართული არხი“, „კომედი არხი“, „აჭარა“, „TV3”, „მედია-სახლი ობიექტივი”, „პალიტრა TV“, „კავკასია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „პულსი”, „ერთსულოვნება“, „დრო“, „მარაო“, „არტარეა“, „ბასტი ბუბუ“, „Euronews”, „Russia today”, „BBC World”, „CNN”, „Пятница“, „TVЦ“, „ТНТ“, „СТС“, „ТНТ Комеди“, „Eurosport”, „Eurosport 2”, „Eurosport news”, „Setanta sport”, „Extrim sport”, „Viasat sport”, „Русский Экстрим”, „TV 1000”, „TV 1000 action”, „TV 1000 ру.кино”, „TV 1000 комеди”, „TV 1000 мегахит”, „TV 1000 премиум”, „Еврокино”, „Sony Sci-fi”, „Sony entertainment”, „Sony turbo”, „XXI”, „Иллюзион+”, „Русский иллюзион”, „Феникс кино”, „НСТ”, „Zee TV”, „Охота и Рыбалка”, „Animal Planet”, „Discovery”, „Discovery Science”, „Discovery World”, „Дождь“, „Viasat Explorer”, „History”, „C1”, „Nature”, „CBS reality”, „24 Док”, „24 Техно”, „Зоопарк”, „РЕН ТВ”, „НТВ МИР”, „Retro”, „Drive”, „Авто 24”, „Travel Channel”, „TLC”, „FOOD network”, „FINE Living”, „Fashion One”, „E !”, „Оружие”, „Парк развлечений”, „Усадьба”, „Trace urban”, „VH1”, „Шансон ТВ”, „RU TV”, „Brigde TV”, „MEZZO”, „Cartoon Network”, „Детский”, „Jim Jam”, „Boomerang”, „Nickelodeon”, „Da vinchi”, „Россия К”, „TV3” (რუსული), „Интер+”, „Life news”, „iTV”, „Super TV” „DW”, „France 24”, „RAI 1”, „TRT Turk”, „Hustler”, „Daring”, „Blue Hustler”, „РТР планета”, „365”, „Комедия”, „Индия”, „Много ТВ”, „Интересное ТВ”, „Кухня ТВ”, „Боец ТВ”, „Премьера”, „Авто+”, „ТВ Бульвар”, „Киноклуб”, „Киносоюз”, „Киноплюс”, „ОРТ”, „English club”, „Кинохит”, „Наше Новое Кино”, „Наш Футбол”, „Ля минор”, „TVS”, „Перец”, „Здоровое ТВ”, „ID”, „Домашное животное”, „სილქ სპორტი 1”, „სილქ სპორტი 2”, „სილქ სპორტი 3”, „სილქ სპორტი 4”, „სილქ -ჰოლივუდი”, „სილქ-კლასიკა”, „სილქ-კოლექცია”.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 17 აპრილის Nშ-10/2058-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ირკვევა, რომ შპს „სუპერ ტვ”-ს 2015 წლის 17 აპრილის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „TVЦ“, „Eurosport”, „Eurosport 2”, „Eurosport news”, „Sony Sci-fi”, „Sony entertainment”, „Sony turbo”, „CBS reality”, „FINE Living”, „E !”, „iTV”, „RAI 1”.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 და 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილებით, შპს „სუპერ ტვ“-ს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან/და აღნიშნული არხების პაკეტში ჩასმამდე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (17.04.15 Nშ10/2058-15) საფუძველზე, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 14 მაისს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „სუპერ ტვ“-ს ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი: 040023907256; თარიღი: 07.05.2015; შეტყობინების სარეგისტრაციო ნომერი: 03/693-15) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება, კომისიის 2015 წლის 14 მაისის სხდომის თაობაზე, შპს „სუპერ ტვ“-ს ჩაბარდა 2015 წლის 07 მაისს (გზავნილის კოდი: 040023907256; კურიერის ვიზიტის თარიღი: 07.05.2015 ; ჩაიბარა: ნინო ლუაშვილმა ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 13 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „სუპერ ტვ“-ს იურისტის ლიკა გახარიას 2015 წლის 13 მაისის Nშ-6/2885-15 განცხადება, რომლითაც შპს „სუპერ ტვ“-ს იურისტი ითხოვდა 2015 წლის 14 მაისს დანიშნული სხდომის გადატანას ერთი კვირის ვადით - 21 მაისამდე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე კომპანიას ესაჭიროება დამატებითი დრო, მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი და ყოვლის მომცველი პოზიციის კომისიაში წარმოსადგენად.
2015 წლის 14 მაისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენლები ლიკა გახარია და დავით ბერიშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ კიმისიის 2015 წლის 14 მაისის სხდომაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა შპს „სუპერ ტვ“-ს იურისტის ლიკა გახარიას 2015 წლის 13 მაისის შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილდა შპს „სუპერ ტვ“-ს შუამდგომლობა შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადების თაობაზე და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 21 მაისი, 16:00 საათი.
კომისიის 2015 წლის 21 მაისის სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა; 2015 წლის 21 მაისის სხდომას ესწრებოდა მხოლოდ კომისიის 2 წევრი (გ. ფრუიძე და კ. ბექაური). კომისიის 2015 წლის 22 მაისის სხდომაზე, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 28 მაისი 13:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს „სუპერ ტვ“-ს ( ჩაბარების თარიღი: 25.05.2015; ჩაიბარა: ნათია ელბაქიძემ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 22 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 22 მაისის Nშ-6/3300-15 წერილი დანართით (67 ფურც). შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 22 მაისის Nშ-6/3300-15 წერილში აღნიშნულია, რომ არხები „Eurosport”, „Eurosport 2”, „Eurosport news”, „Sony entertainment”, „Sony turbo”, „Sony Sci-fi”, „E!”- საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილებას ფლობს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“ (შემდგომში მოხსენიებული როგორც შპს „მთაწმინდა“), რომელთანაც შპს „სუპერ ტვ“-ს აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. შპს „სუპერ ტვ“-ს წერილში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც კომისიაში უკვე წარმოდგენილია, შპს „სუპერ ტვ“ ახორციელებს შპს „მთაწმინდის“ კუთვნილ რადიოსიხშირულ სპექტრში 11 სატელევიზიო არხის სამაუწყებლო სიგნალის მიღებას და ერთ ნაკადში მის მიწოდებას MMDS-ის მიმღებებში. შპს „სუპერ ტვ“-ს განმარტებით, აღნიშნული ურთიერთობა არ გულისხმობს შპს „მთაწმინდის“ მფლობელობაში არსებული არხების რეტრანსლირების უფლების ან ლიცენზიის პირობების რაიმე ფორმით გადაცემას შპს „სუპერ ტვ“-სთვის და წარმოადგენს მხოლოდ მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაცია-მომსახურებას, ხოლო სამაუწყებლო სიგნალის მიღება, მისი გავრცელების უფლების მოპოვება და სიხშირულ ზოლში მაუწყებლობის ტრანზიტი არის შპს „მთაწმინდის“ სრული პასუხისმგებლობის საგანი. შპს „სუპერ ტვ“-ის წერილის თანახმად, შპს „სუპერ ტვ“-იმ შპს „მთაწმინდისგან“ გამოითხოვა ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დაკუმენტაცია, რომელიც დანართის სახით არის წარმოდგენილი შპს „სუპერ ტვ“-ის 2015 წლის 22 მაისის Nშ-6/3300-15 წერილთან ერთად.
შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 22 მაისის Nშ-6/3300-15 წერილში აღნიშნულია, რომ „TVЦ“, „CBS reality”, „FINE Living”, „iTV”, „RAI 1” სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები კომპანიამ უკვე წარმოადგინა კომისიაში, რაც დასტურდება იმით, რომ შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ კომისიაში ჩაბარებულ წერილში დანართის სახით მითითებულია გვერდების რაოდენობა 315, ხოლო, მაუწყებლობის რეგულირების დეპარატმენტის მიერ გამოგზავნილ სამსახურებრივი ბარათის დანართი 270 ფურცელს შეადგენს. შპს „სუპერ ტვ“-ს წერილში აღნიშნულია, რომ მტკიცებულების სახით კომპანიამ გამოაგზავნა კომისიაში 2015 წლის 2 აპრილს რეგისტრირებული წერილის ასლი და ხელახლა გამოაგზავნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები.
შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 22 მაისის Nშ-6/3300-15 წერილში აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო არხი „Zone reality“ არის სამაუწყებლო არხი „cbs reality“ კერძოდ, 2012 წლის 1 აგვისტოდან, საერთაშორისო მედია და არხების დისტრიბიუტორი კომპანია Cellomedia-ს განცხადებით, განხორციელდა არხის „Zone reality“-ს რებრენდინგი და 2012 წლის 3 დეკემბრიდან ის მაუწყებლობას გააგრძელებდა როგორც „cbs reality“. შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 22 მაისის Nშ-6/3300-15 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სატელევიზიო არხი „E!“ (entertainment) არის სამაუწყებლო არხის „Diva universal“-ის მონაცვლე მისსავე სიხშირეზე. კერძოდ, 2014 წლის 25 აპრილიდან არხის მფლობელმა NBC universal-მა შეწყვიტა „Diva universal“-ის მაუწყებლობა და მის სიხშირეზე მოახდინა სამაუწყებლო არხის „E!“ (entertainment) ტრანსლირება. როგორც წერილშია აღნიშნული, კომპანიის მიერ „Diva universal“-თან დადებული ხელშეკრულების პირობები უცვლელი დარჩა და აღნიშნული არხის უფლებამონაცვლე გახდა არხი „E!“. შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 22 მაისის Nშ-6/3300-15 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ არხი „iTV” არის აზერბაიჯანული არხი incimai, რომლის ტრანსლირებასაც კომპანია ახდენს წერილობითი ნებართვის საფუძველზე. ხოლო „TVЦ“ წარმოადგენს სამაუწყებლო არხ „tvci“-ს, რომლის ტრანსლირების უფლებამოსილებაც კომპანიას მინიჭებული აქვს Niltex holding limited-ისგან.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 28 მაისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სუპერ ტვ“ -ის წარმომადგენლები ლიკა გახარია და დავით ბერიშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 22 მაისს კომისიაში შემოსული შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 22 მაისის Nშ-6/3300-15 წერილისა და თანდართული მტკიცებულებების შესწავლის და წერილში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმების მიზნით კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა 2015 წლის 27 მაისის Nშ-10/3413-15 სამსახურებრივი ბარათით მიმართა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს. ვინაიდან შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე საკითხის განხილვა დანიშნული იყო 2015 წლის 28 მაისს, ხოლო კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს ზემოაღნიშნული მასალები გადაეცა 2015 წლის 27 მაისს, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, მისცემოდა დრო კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და წარმოდგენილი მასალის გაანალიზებისათვის, შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება 2015 წლის 28 მაისს ჩანიშნული სხდომის გადადების თაობაზე და შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 11 ივნისი 16:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 27 მაისის Nშ-10/3413-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპატამენტის 2015 წლის 10 ივნისის Nშ-10/3790-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ კომისიაში 2015 წლის 22 მაისს დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ კომისიაში წარმოდგენილია სამაუწყებლო არხების „ТВЦ“–ს, „iTV“–ს , „CBS Reality“–ს, საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ კომისიაში სამაუწყებლო არხის „Fine Living“–ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 22 მაისს. სამაუწყებლო არხის „Fine Living“–ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ კომისიაში 2015 წლის 22 მაისამდე წარმოდგენილი არ ყოფილა. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 10 ივნისის Nშ10/3790-15 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ ხელშეკრულებას სამაუწყებლო არხის „RAI 1“–ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების თაობაზე, გასული აქვს მოქმედების ვადა; ხოლო, NBC Universal–ის მიერ მისსავე სიხშირეზე სამაუწყებლო არ “Diva Universal”-ის სამაუწყებლო არხით „E!“-ით (Entertainment) ჩანაცვლების თაობაზე შპს „სუპერ ტვ“-ის განმარტებასთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ უფლებამფლობელი კომპანიის მიერ კონკრეტულ სიხშირეებზე არხის ჩანაცვლება ავტომატურად ვერ ჩაითვლება აღნიშნული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დადასტურებად, შესაბამისად, დეპარტამენტის აზრით, შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის სამაუწყებლო არხის „E!“ (Entertainment)–ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 10 ივნისის Nშ10/3790-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო არხების „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „Sony Entertainment“, „Sony Turbo“, „Sony Sci-fi“ და „E!“ (Entertainment)–ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის. როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 10 ივნისის Nშ10/3790-15 სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, შპს „სუპერ ტვ“-ს განმარტებით, აღნიშნულ სამაუწყებლო არხებზე საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლებებს ფლობს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“. კომპანიის განმარტებით, შპს „სუპერ ტვ“ ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს „მთაწმინდის ტელერადიოკომპანიის“ კუთვნილ რადიოსიხშირულ სპექტრში 11 სატელევიზიო არხის სამაუწყებლო სიგნალის მიღებას და ერთ ნაკადში მის მიწოდებას MMDS–ის მიმღებებში. კომპანიის განმარტებით აღნიშნული არის მხოლოდ მოწყობილობების ტექნიკური ექსპლოატაცია–მომსახურება, ხოლო სამაუწყებლო სიგნალის მიღება, მისი გავრცელების უფლების მოპოვება და სიხშირულ ზოლში მაუწყებლობის ტრანზიტი წარმოადგენს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ პასუხისმგებლობის საგანს. შპს „სუპერ ტვ“-ის ზემოაღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას უზრუნველყოფს შპს „სუპერ ტვ“ და შესაბამისად, მომხმარებელს სახელშეკრულებო ურთიერთობები შპს „სუპერ ტვ“–სთან გააჩნია, ხოლო შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მიერ ხორციელდება მხოლოდ ტექნიკური მომსახურების გაწევა, შპს „სუპერ ტვ“ ვალდებულია კომისიაში თავად წარმოადგინოს აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 10 ივნისის Nშ10/3790-15 სამსახურებრივ ბარათის თანახმად, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მიერ კომისიაში 2015 წლის პირველ მაისს წარმოდგენილ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ–6/2602–15) აღნიშნულია, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“ დამოუკიდებლად არ ახორციელებს სამაუწყებლო არხების საჯარო გადაცემას. კომპანია კუთვნილი ლიცენზიის ფარგლებში საქმიანობს შპს „სუპერ ტვ“–სთან, რომელთანაც გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება და შპს „სუპერ ტვ“ სრულად არის პასუხისმგებელი ბადეში განთავსებულ არხებზე, მათში შემავალ გადაცემებსა და იქ დაცულ საავტორო უფლებებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ სამაუწყებლო არხების „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „Sony Entertainment“, „Sony Turbo“, „Sony Sci-fi“ და „E!“ (Entertainment)–ის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 10 ივნისის Nშ10/3790-15 სამსახურებრივი ბარათის დანართით წარმოდგენილია კომისიაში 2015 წლის 9 ივნისს შემოსული ООО „Эс-пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის 2015 წლის 9 ივნისის Nშ-8/3764-15 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ООО „Эс-пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ი არის უფლებამოსილი ხელშეკრულების საფუძველზე მესამე პირებს გადასცეს არხების „Sony Sci-fi“, „Sony Turbo“, „Sony Entertainment Televizion“ მართლზომიერი რეტრანსლირების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე. ООО „Эс-пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ი ადასტურებს, რომ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს „მთაწმინდა ტელერადიკომანიასთან“ ზემოაღნიშნული არხების რეტრანსლირების შესახებ მხოლოდ კომპანიის აბონენტებისათვის გადასაცემად. ООО „Эс-пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის 2015 წლის 9 ივნისის Nშ-8/3764-15 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ არ აქვს უფლება გადასცეს სამაუწყებლო არხების სიგნალი მესამე პირებს და ამასთან ვალდებულია დაუყოვნებლივ აღკვეთოს ამგვარი ქმედებები. ООО „Эс-пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის 2015 წლის 09 ივნისის Nშ-8/3764-15 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ და შპს „სუპერ ტვ“-ს არ მიუმართავთ ООО „Эс-пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ისთვის და არ უცნობებიათ, რომ შპს „სუპერ ტვ“-ი აპირებდა შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ სიხშირეების გამოყენებით ზემოაღნიშნული არხების რეტრანსლირებას, რაც შესაბამისად, იმას ნიშნავს, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიამ“ დაარღვია ООО „Эс-пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-თან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, ხოლო შპს „სუპერ ტვ“-მ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კონონმდებლობა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 10 ივნისის Nშ10/3790-15 სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ 2015 წლის პირველი მაისის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2602-15) წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“ დამოუკიდებლად არ ახორციელებს არხების საჯარო გადაცემას. კომპანია ლიცენზიის ფარგლებში საქმიანობს შპს „სუპერ ტვ“-სთან, რომელთანაც გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება და შპს „სუპერ ტვ“ სრულად არის პასუხისმგებელი ბადეში განთავსებულ არხებზე, მათში შემავალ გადაცემებსა და იქ დაცულ საავტორო უფლებებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 10 ივნისს N03/981-15 შეტყობინებით შპს „სუპერ ტვ“-ის გადაეცა ადმინისტრაციული წარმოების დამატებითი მასალა - კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 10 ივნისის Nშ-10/3790-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით - 6 ფურცელი, რომელიც 2015 წლის 10 ივნისს ხელზე ჩაიბარა შპს „სუპერ ტვ“-ის მდივანმა ნ. ელბაქიძემ.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 11 ივნისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენლები დავით ბერიშვილი და ლიკა გახარია.
კომისიის 2015 წლის 11 ივნისის სხდომაზე შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელმა დავით ბერიშვილმა განაცხადა, რომ არხების: “Eurosport”, “Eurosport2”, “Eurosport news”, “Sony entertainment”, “Sony turbo”, “Sony Sci-fi”, “E!” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილებას ფლობს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“, რომელთანაც შპს „სუპერ ტვ“-ს აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე შპს „სუპერ ტვ“ ახორციელებს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ კუთვნილ რადიოსიხშირულ სპექტრში 11 სატელევიზიო არხის სამაუწყებლო სიგნალის მიღებას და ერთ ნაკადში მის მიწოდებას MMDS-ის მიმღებებში. აღნიშნული ურთიერთობა არ გულისხმობს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მფლობელობაში არსებული არხების რეტრანსლირების უფლებას ან ლიცენზიის პირობების რაიმე ფორმით გადაცემას შპს „სუპერ ტვ“-სთვის, ეს არის მხოლოდდამხოლოდ მოწყობილობების ტექნიკური ექსპლოატაცია-მომსახურება, ხოლო სამაუწყებლო სიგნალის მიღება, მისი გავრცელების უფლების მოპოვება და სიხშირულ ზოლში მაუწყებლობის ტრანზიტი არის შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ სრული პასუხისმგებლობის საგანი. დავით ბერიშვილმა აღნიშნა, რომ უშუალოდ შპს „სუპერ ტვ“-ს არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები ზემოხსენებულ ტელეარხებთან. ამასთან, მისი განმარტებით შპს „სუპერ ტვ“ არ აწვდის თავის აბონენტებს „Eurosport“, „Eurosport2“, „Eurosport news“, „Sony entertainment“, „Sony turbo“ ტელეარხებს. შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენლის განცხადებით, შპს „სუპერ ტვ“-სა და შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს სხვადასხვა დასახელების ტექნიკური საშუალებების იჯარა და მათი ტექნიკური ექსპლოატაცია და მომსახურება, ასევე საბილინგო მომსახურება, რომელსაც უწევს შპს „სუპერ ტვ“ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“. შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენლის განმარტებით საბილინგო მომსახურება გულისხმობს, შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ კუთვნილი 11 სატელევიზიო არხიანი MMDS-ს სისტემის უმავთულო საკაბელო სატელევიზიო მომსახურების შემძენი აბონენტებისგან მომსახურების ყოველთვიური გადასახადის მიღებას ქ.თბილისის მასშტაბით კუთვნილი სალაროების, მომსახურე ბანკების ან ელექტრონული გადახდის სხვა ფორმების მეშვეობით, რაც აღირიცხება საბილინგო ბაზაში. შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელმა დავით ბერიშვილმა აღნიშნა, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ გაფორმებული აქვს ზემოაღნიშნულ ტელეარხებთან ხელშეკრულებები და სამაუწყებლო არხების (მათ შორის ზემოაღნიშნული არხების) მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულებები შპს „სუპერ ტვ“-ს აბონენტებთან ფორმდება შპს „სუპერ ტვ“-ს სახელით.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 17 აპრილის Nშ10/2058-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები) (17.04.15; Nშ10/2058-15);
- შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 25თებერვლის N4 შემოწმების აქტი;
- 2015 წლის 25 თებერვლის შპს „სუპერ ტვ“-ს შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD);
- შპს „სუპერ ტვ“-ს (2015 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით) დირექტორის, დამსწრე მოწმის შალვა დოლიძის პირადობის მოწმობის ასლი;
- კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს „სუპერ ტვ“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: N741 );
- კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „სუპერ ტვ“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - საფოსტო ქვითარი N010003903464;
- კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „სუპერ ტვ“-ს შესახებ;
- შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 22 მაისის Nშ-6/3300-15 წერილი დანართით (შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ სამაუწყებლო არხებთან ან/და არხებზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების ფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულებებისა და სანებართვო წერილების ასლები; შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მიერ სამაუწყებლო არხებთან ან/და არხებზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების ფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები; შპს „სუპერ ტვ“-ის 2015 წლის 2 აპრილის წერილი) - 67 ფურც.;
- კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 27 მაისის Nშ-10/3413-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 10 ივნისის Nშ-10/3790-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (ООО „Эс-пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის 2015 წლის 9 ივნისის Nშ-8/3764-15 წერილი და შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ 2015 წლის 1 მაისის Nშ-6/2602-15 წერილი) – 6 ფურც.;
- შპს „სუპერ ტვ“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები გაკეთებული კომისიის 2015 წლის 11 ივნისის კომისიის სხდომაზე;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „სუპერ ტვ“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 31.01.2011; ავტორიზებული საქმიანობის სახე: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი);
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ პირთა მიერ, 2015 წლის 25 თებერვალს, 13:50 საათზე განხორციელდა შპს „სუპერ ტვ“-ს შემოწმება კომპანიის სათაო ოფისში, მისამართზე ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. N2; აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N4. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზურაბ კვირკველია და იოსებ ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე, (2015 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით კომპანიის დირექტორი) შალვა დოლიძე; შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2”, „იმედი“, „მაესტრო“, „GDS“, „TV 11”, „Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „ენკი-ბენკი“, „ქართული არხი“, „კომედი არხი“, „აჭარა“, „TV3”, „მედია-სახლი ობიექტივი”, „პალიტრა TV“, „კავკასია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „პულსი”, „ერთსულოვნება“, „დრო“, „მარაო“, „არტარეა“, „ბასტი ბუბუ“, „Euronews”, „Russia today”, „BBC World”, „CNN”, „Пятница“, „TVЦ“, „ТНТ“, „СТС“, „ТНТ Комеди“, „Eurosport”, „Eurosport 2”, „Eurosport news”, „Setanta sport”, „Extrim sport”, „Viasat sport”, „Русский Экстрим”, „TV 1000”, „TV 1000 action”, „TV 1000 ру.кино”, „TV 1000 комеди”, „TV 1000 мегахит”, „TV 1000 премиум”, „Еврокино”, „Sony Sci-fi”, „Sony entertainment”, „Sony turbo”, „XXI”, „Иллюзион+”, „Русский иллюзион”, „Феникс кино”, „НСТ”, „Zee TV”, „Охота и Рыбалка”, „Animal Planet”, „Discovery”, „Discovery Science”, „Discovery World”, „Дождь“, „Viasat Explorer”, „History”, „C1”, „Nature”, „CBS reality”, „24 Док”, „24 Техно”, „Зоопарк”, „РЕН ТВ”, „НТВ МИР”, „Retro”, „Drive”, „Авто 24”, „Travel Channel”, „TLC”, „FOOD network”, „FINE Living”, „Fashion One”, „E !”, „Оружие”, „Парк развлечений”, „Усадьба”, „Trace urban”, „VH1”, „Шансон ТВ”, „RU TV”, „Brigde TV”, „MEZZO”, „Cartoon Network”, „Детский”, „Jim Jam”, „Boomerang”, „Nickelodeon”, „Da vinchi”, „Россия К”, „TV3” (რუსული), „Интер+”, „Life news”, „iTV”, „Super TV” „DW”, „France 24”, „RAI 1”, „TRT Turk”, „Hustler”, „Daring”, „Blue Hustler”, „РТР планета”, „365”, „Комедия”, „Индия”, „Много ТВ”, „Интересное ТВ”, „Кухня ТВ”, „Боец ТВ”, „Премьера”, „Авто+”, „ТВ Бульвар”, „Киноклуб”, „Киносоюз”, „Киноплюс”, „ОРТ”, „English club”, „Кинохит”, „Наше Новое Кино”, „Наш Футбол”, „Ля минор”, „TVS”, „Перец”, „Здоровое ТВ”, „ID”, „Домашное животное”, „სილქ სპორტი 1”, „სილქ სპორტი 2”, „სილქ სპორტი 3”, „სილქ სპორტი 4”, „სილქ -ჰოლივუდი”, „სილქ-კლასიკა”, „სილქ-კოლექცია”;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 10 ივნისის Nშ-10/3790-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ 2015 წლის 22 მაისს კომისიაში წარმოდგენილი Nშ-6/3300-15 წერილისა და თანდართული მასალის შესწავლის შედეგად, ირკვევა, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილია სამაუწყებლო არხების „TVЦ“ (tvci), „iTV“ (აზერბაიჯანის საზოგადოებრივი არხი - incimai), „CBS Reality“ (Zone Reality), საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ ხელშეკრულებას სამაუწყებლო არხის „RAI 1“–ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების თაობაზე, გასული აქვს მოქმედების ვადა (ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 2011 წლის 30 მაისი - 2012 წლის 31 დეკემბერი);
- 2015 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით და ასევე ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის სამაუწყებლო არხების „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „Sony Entertainment“, „Sony Turbo“, „Sony Sci-fi“ და „E!“ (Entertainment)–ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის;
- შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ კომისიაში სამაუწყებლო არხის „Fine Living“–ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 22 მაისს. სამაუწყებლო არხის „Fine Living“–ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ კომისიაში 2015 წლის 22 მაისამდე წარმოდგენილი არ ყოფილა;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 10 ივნისის Nშ10/3790-15 სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ 2015 წლის პირველი მაისის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2602-15) წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“ დამოუკიდებლად არ ახორციელებს არხების საჯარო გადაცემას. კომპანია ლიცენზიის ფარგლებში საქმიანობს შპს „სუპერ ტვ“-სთან, რომელთანაც გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება და შპს „სუპერ ტვ“ სრულად არის პასუხისმგებელი ბადეში განთავსებულ არხებზე, მათში შემავალ გადაცემებსა და იქ დაცულ საავტორო უფლებებზე. შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ 2015 წლის 11 ივნისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას“ გაფორმებული აქვს ზემოაღნიშნულ ტელეარხებთან ხელშეკრულებები, ხოლო, სამაუწყებლო არხების (მათ შორის ზემოაღნიშნული არხების) მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულებები შპს „სუპერ ტვ“-ს აბონენტებთან ფორმდება შპს „სუპერ ტვ“-ს სახელით;
- 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით (შპს „სუპერ ტვ“-ს ჩაბარდა 29.02.2012.) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „სუპერ ტვ“-ს ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე;
- ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე შპს „სუპერ ტვ“-ს ასევე ეცნობა კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით, რომელიც, შპს „სუპერ ტვ“-ს 2013 წლის 18 იანვარს ჩაბარდა. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 25 თებერვლის №4 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
- შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2015 წლის 25 თებერვლის №4 შემოწმების აქტით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);
- შპს „სუპერ ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პიველი პუნქტის თანხამად,კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ხოლო, ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შპს „სუპერ ტვ“-ის კანონდარღვევა არ ჩაუდენია. კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport news“, „Sony Sci-fi“, „Sony entertainment“, „Sony turbo“, „E !“, „RAI 1“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ, დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენამდე სამაუწყებლო არხის „FINE Living“-ის სამაუწყებლო ბადეში ჩასმით, შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს ,,სუპერ ტვ“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,სუპერ ტვ“-ს, ამავდროულად, უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „Eurosport”, „Eurosport 2”, „Eurosport news”, „Sony Sci-fi”, „Sony entertainment”, „Sony turbo”, „E !”, „RAI 1”, არამართლზომიერი გადაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „სუპერ ტვ“-ს მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
- შპს ,,სუპერ ტვ“-მ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: „Eurosport”, „Eurosport 2”, „Eurosport news”, „Sony Sci-fi”, „Sony entertainment”, „Sony turbo”, „E !”, „RAI 1” საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სუპერ ტვ“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სუპერ ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
