სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2015 12:10
მიღების თარიღი ივნისი 11, 2015
სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია“) სს ,,სილქნეტმა“ საჩივრით (№1407/05-8; 27.03.2015. კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1507-15; 27.03.2015) მიმართა. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 12 მარტიდან სს ,,სილქნეტი“ შპს ,,ახალ ქსელებს“ უწყვეტად უწევს ურთიერთჩართვის მომსახურებას. 2014 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2015 წლის იანვრის თვეებში, სს ,,სილქნეტის“ მიერ საერთაშორისო სატესტო ზარების განხორციელების შედეგად, შპს ,,ახალი ქსელებიდან“ შემომავალ ტრაფიკზე დაფიქსირდა სს ,,სილქნეტის“ საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 9.10 და 9.11 პუნქტების მოთხოვნებთან შეუსაბამო ქმედებები. კერძოდ, შპს ,,ახალი ქსელებიდან“ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით საერთაშორისო ზარები შევიდა ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხის მეშვეობით შეცვლილი ,,A“ ნომრით. აღნიშნულის შესახებ, კონკრეტული მაგალითის მითითებით, წერილობით (№476/05-8; 03.02.2015) ეცნობათ კომისიას და შპს ,,ახალ ქსელებს“, რასაც სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. საკითხის ყოველმხრივ და დეტალურად შესწავლის ნაცვლად, შპს ,,ახალი ქსელების“ საპასუხო წერილით (№2/2/95; 11.02.2015) მიწოდებულია ზოგადი ინფორმაცია, რომ სს ,,სილქნეტის“ წერილში მაგალითის სახით მოყვანილი ზარი წარმოადგენდა შპს ,,ახალ ქსელებში“ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შემოსულ ზარს, რომელიც შპს ,,ახალმა ქსელებმა“ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით გაატარა ტრანზიტის სახით. სს ,,სილქნეტის“ განმარტებით, შპს ,,ახალი ქსელების“ მხრიდან გატარებულ/დასრულებულ ტრაფიკზე კვლავ შეინიშნება ლოკალური არხით საერთაშორისო ზარების გატარება/დასრულება და ,,A“ ნომრის შეცვლა, რომლის საერთო რაოდენობა 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით შეადგენს 947 241 ზარს, ხოლო წუთობრივად - 6273834 წუთს, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს აყენებს როგორც სს ,,სილქნეტს“, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს. აქედან გამომდინარე, სს ,,სილქნეტი“ ითხოვს კომისიის მიერ საკითხის შესწავლას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების მიღებას შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის მიმართ. სს ,,სილქნეტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერება. სს ,,სილქნეტის“ საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 9.10 და 9.11 პუნქტების თანახმად, ყველა აქცეპტანტი (ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი), რომელიც სარგებლობს საერთაშორისო ზარის ოფერენტის ქსელში დასრულების (ტერმინაციის) მომსახურებით, ოფერენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გამოყოს და მოახდინოს არხის იდენტიფიცირება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო ზარების ოფერენტის ქსელში დასასრულებლად, ასევე არ განახორციელოს საერთაშორისო ზარი ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი ეროვნული ფორმატით ან/და ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი არხებით.
სს ,,სილქნეტი“ მოითხოვს: 1. შესწავლილ იქნას შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით ლოკალური არხით გატარებული საერთაშორისო ზარები, რომლებზეც, სს ,,სილქნეტის“ მიერ განხორციელებულ სატესტო ზარებზე დაკვირვების შედეგად დაფიქსირდა ,,A“ ნომრის შეცვლის ფაქტი; 2. დაევალოს შპს ,,ახალი ქსელებს“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს წარმოადგინონ საბილინგო მონაცემები შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შპს ახალი ქსელების“ გავლით სს ,,სილქნეტში“ დასრულებულ, საჩივარში მითითებულ ზარებთან დაკავშირებით (6273834 წუთზე შესაბამისი თვეების მიხედვით) დარიცხვის და მიღებული შემოსავლების თაობაზე. შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის ურთიერთჩართვის საფუძველზე, ასევე საცალო ტარიფის დარიცხვის შედეგად მიღებული შემოსავლების შესახებ მონაცემები თვეების მიხედვით (წუთების რაოდენობა და წუთზე დარიცხული თანხა); 3. საჩივარზე დართულ ციფრული ჩანაწერის სახით - CD წარმოდგენილ სატელეფონო ნომრებზე 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით წარმოდგენილ იქნა აქტიური ნომრების სია, ასევე ინფორმაცია ასეთ აქტიურ ნომრებზე აბონენტების პირველადი რეგისტრაციის თარიღისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე; 4. დაევალოს შპს ,,ახალი ქსელებს“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს წარმოადგინონ ინფორმაცია, რის საფუძველზე ხდებოდა ზემოაღნიშნული ტრაფიკის გატარება/დასრულება და რა სახის მომსახურების გაწევა მოხდა სს ,,სილქნეტის“ საჩივარში მითითებული ტრაფიკის ფარგლებში; 5. კომისიის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად, შესაბამისი გადაწყვეტილებით, დადგინდეს, რომელი კატეგორიის ზარებს მიეკუთვნება შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით ლოკალურ არხში გატარებული/დასრულებული სადავო ზარები ადგილობრივს თუ საერთაშორისოს; 6. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდება სადაო ტრაფიკზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების ფაქტი, დაევალოს შპს ,,ახალ ქსელებს“ შეზღუდოს შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შემომავალი ტრაფიკის სს ,,სილქნეტის“ ქსელში დასრულება. 2015 წლის 3 აპრილს, სს ,,სილქნეტმა“ თავის საჩივართან (№1407/05-8; 27.03.2015) დაკავშირებით კომისიას წარმოუდგინა დამატებითი ინფორმაცია (CD) 2015 წლის 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით შპს ,,ახალი ქსელებიდან“ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით შესული ტრაფიკის შესახებ.
სს ,,სილქნეტის“ საჩივარი თანდართული მასალებით, შესაბამისი ახსნა-განმარტებებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით, გადაეგზავნათ შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს და შპს ,,ახალ ქსელებს“, რომლებსაც დაევალათ 3 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინათ: 1. შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შპს ,,ახალი ქსელების“ გავლით სს ,,სილქნეტში“ დასრულებულ, სს ,,სილქნეტის“ საჩივარში მითითებულ ზარებთან დაკავშირებით (6273834 წუთზე შესაბამისი თვეების მიხედვით) დარიცხვის და მიღებული შემოსავლების თაობაზე საბილინგო მონაცემები; 2. შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის ურთიერთჩართვის საფუძველზე, ასევე საცალო ტარიფის დარიცხვის შედეგად მიღებული შემოსავლების შესახებ მონაცემები თვეების მიხედვით (წუთების რაოდენობა და წუთზე დარიცხული თანხა); 3. სს ,,სილქნეტის“ საჩივარზე დართულ ციფრული ჩანაწერის სახით - CD წარმოდგენილ სატელეფონო ნომრებზე 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით აქტიური ნომრების სია, ასევე ინფორმაცია ასეთ აქტიურ ნომრებზე აბონენტების პირველადი რეგისტრაციის თარიღისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე. სს ,,სილქნეტის“ საჩივარი (№1407/05-8; 27.03.2015) თანდართული მასალებით, საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლისა და შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ, კონკურენციის ხელშეწყობისა და ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტებს.
სს ,,სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი საჩივრის თანდართული მასალებით (№1407/05-8; 27.03.15), მხარეთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებების (სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის 3 თებერვლის №476/05-8, 25 მარტის №1360/05-8, 3 აპრილის №1590/05-8 და 22 აპრილის №1768/05-8 წერილები; შპს ,,ახალი ქსელების“ 2015 წლის 11 თებერვლის №2/2/95/ზ.ხ., 30 მარტის №2/2/199.ხ.ი და 27 აპრილის №2/2/247/ლ.ა. წერილები; შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის 2015 წლის 19 თებერვლის №01/06-15, 14 აპრილის №01/18-15 და 24 აპრილის №01/13-15 წერილები; კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №03/431-15 და 23 აპრილის №03/574-15 წერილები), კომისიის აპარატის დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი დასკვნების (კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (შ-10/1729-15; 7.04.2015 და შ-10/2329; 24.04.2015); კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (შ-10/1692; 6.04.2015 და შ-10/1521-15; 30.03.2015); კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/2200-15; 21.04.15) და მხარეთა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან სს ,,სილქნეტი“, შპს ,,ახალი ქსელები“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა, საერთაშორისო ზარების, როგორც ლოკალური ზარების სს ,,სილქნეტის“ ქსელში დასრულებიდან გამომდინარე ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხის განხილვა შედიოდა კომისიის კომპეტენციაში. აქედან გამომდინარე, კომისიის 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვა დანიშნა 2015 წლის 13 მაისს, 16:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ სს ,,სილქნეტი“, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ და შპს ,,ახალი ქსელები“ გაფრთხილდნენ 2015 წლის 28 აპრილის კომისიის სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
კომისიის 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, ვინაიდან: ზარის დასრულება ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხის მეშვეობით, სავარაუდოდ შეცვლილი ,,A” ნომრით, ასევე ხდებოდა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის ორი აბონენტის - შპს ,,ჯეო ლაინისა“ და შპს ,,ტბკომ“-ის მფლობელობაში არსებული ნომრების გამოყენებით, რასაც ამყარებდა სს ,,სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ,,A” ნომრის შეცვლის თაობაზე; შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის დირექტორი განმარტავდა, რომ 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით ლოკალური ტრაფიკის გაზრდა გამოწვეული იყო ახალი აბონენტების - შპს ,,ჯეო ლაინისა“ და შპს ,,ტბკომ“-ის აყვანით; მის მიერ კომისიაში წარმოდგენილი (01/13-15; 24.04.15) ხელშეკრულებებიდან დგინდებოდა, რომ 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით, შპს ,,სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის აბონენტებს წარმოადგენდნენ შპს ,,ჯეო ლაინი“ (2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე) და შპს ,,ტბკომ“-ი (2014 წლის 30 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 დეკემბრამდე); მიუხედავად მცდელობისა, კომისიამ ინტერნეტ სივრცეში (გამოყენებული იყო google-სა და yahoo-ს საძიებო სისტემები) აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშირებით ვერ მოიპოვა რაიმე სახის ინფორმაცია, მოწმის სტატუსით ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებულ იქნა შპს ,,ჯეო ლაინის“ და შპს ,,ტბკომ“-ის დირექტორები, რის შესახებ შესაბამისი შეტყობინებები ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად გაეგზავნათ მათ და განემარტათ კომისიის სხდომის დღის, დროისა და ადგილის თაობაზე
2015 წლის 13 მაისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სს ,,სილქნეტის“ გენერალური დირექტორი ლ.ბუჩუკური, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის დირექტორი დ.ჯიქია და შპს ,,ახალი ქსელების“ დირექტორი ნ.შარაშენიძე. მოწვევის ჩაბარების მიუხედავად, არ გამოცხადდნენ შპს ,,ჯეო ლაინის“ და შპს ,,ტბკომ“-ის დირექტორები და არც რაიმე სახის ახსნა-განმარტება წარმოადგინეს კომისიაში. შესაბამისად, კომისიას შესაძლებლობა არ მიეცა გამოეკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ: რა საქმიანობას ეწევიან კომპანიები; სად იყო განთავსებული ან ვის ჰქონდა გადაცემული 500 – 500 სააბონენტო ნომერი; რატომ ხორციელდებოდა ზარები ძირითადად მხოლოდ სს ,,სილქნეტის“ აბონენტების მიმართულებით; როგორ მოხდა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-სა და შპს ,,ჯეო ლაინს“ შორის საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადება 2014 წლის 1 ნოემბერს, მაშინ როდესაც შპს ,,ჯეო ლაინი“, როგორც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან ირკვევა, დარეგისტრირდა 2014 წლის 19 ნოემბერს და ა.შ.
კომისიამ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ლოკალური ტრაფიკის მკვეთრი ზრდა, საერთაშორისო ტრაფიკის შემცირების პარალელურად, ფიქსირდება 2014 წლის 1 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილება, რომლითაც საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით, დადგინდა ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაციის ტარიფი - 0,09 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 1 წუთზე, ხოლო ადგილობრივი (ლოკალური) სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე დადგენილია ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით (კომისიის 2010 წლის 9 სექტემბრის №428/9 გადაწყვეტილება), ადგილობრივი ზარის დასრულებისათვის გამოყოფილი არხის მეშვეობით საერთაშორისო ზარის დასრულების შემთხვევაში, რაც თავისთავად წარმოადგენს კანონდარღვევას, კომპანიას შეუძლია მიიღოს შემოსავალი საერთაშორისო ზარის დასრულებისათვის დადგენილი თანხისა და ლოკალური ზარის დასრულებისათვის დადგენილი თანხის სხვაობის ოდენობით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო ზარის საქართველოში ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებისათვის აქციზის გადასახადი შეადგენს ერთ წუთზე 8 თეთრს, კომისიამ მიიჩნია, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საერთაშორისო ზარების ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხის მეშვეობით დასრულებას, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და კომპანიისთვის ქონებრივი ზარალის მიყენებას. აქედან გამომდინარე, კომისიის 2015 წლის 13 მაისის №256/16 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მასალები გადაუგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში. ამასთან ერთად, შპს ,,ახალმა ქსელებს“ ხელმეორედ დაევალა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შპს ,,ახალი ქსელების“ გავლით სს ,,სილქნეტში“ დასრულებულ, სს ,,სილქნეტის“ საჩივარში მითითებულ ზარებთან დაკავშირებით დარიცხული და მიღებული შემოსავლების თაობაზე საბილინგო მონაცემების კომისიაში წარმოდგენა; სს ,,სილქნეტს“ დაევალა ტესტირების სრული მონაცემებისა და დოკუმენტების, ასევე ტესტირების განმახორციელებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების, ხოლო შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს კიდევ ერთხელ დაევალა სს ,,სილქნეტის“ საჩივარზე დართულ ციფრული ჩანაწერის სახით - CD წარმოდგენილ სატელეფონო ნომრების მფლობელ მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებებისა და ინფორმაციის (მოხდა თუ არა სს ,,სილქნეტის“ საჩივარში აღნიშნული ნომრების ერთი აბონენტიდან მეორესთვის გადაცემა; როდის შეწყდა აბონენტთან ხელშეკრულება და როდის გადაეცა ნომერი სხვა აბონენტს; გაფორმდა თუ არა ხელშეკრულება აბონენტთან და როდის) კომისიაში წარმოდგენა. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით, სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვის გაგრძელების დღედ და დროდ განისაზღვრა 2015 წლის 28 მაისი, 16:00 საათი, რის შესახებ სს ,,სილქნეტი“, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ და შპს ,,ახალი ქსელები“ გაფრთხილდნენ 2015 წლის 13 მაისის კომისიის სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2015 წლის 21 მაისს, შპს ,,ახალმა ქსელებმა“ კომისიას წარმოუდგინა წერილობითი (№2/2/314/ხ.ი.; 21.05.2015. კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/3269-15; 21.05.15) ახსნა-განმარტება თანდართული მასალებით, სადაც მითითებულია, რომ დაზუსტების შემდეგ კომისიას წარმოუდგენს: ა) შპს ,,ახალ ქსელებსა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს შორის გაფორმებულ ურთიერთშედარების აქტს 2014 წლის ნოემბრისა და დეკემბრის, 2015 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის მომსახურების გაწევის თაობაზე; ბ) შესაბამის თვეებში კომისიისთვის საინტერესო მომსახურების (ტრაფიკის) გაწევაზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს; გ) შესაბამის თვეებში კომისიისთვის საინტერესო მომსახურების (ტრაფიკის) გაწევაზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურების გადახდის დავალებებს.
2015 წლის 22 მაისს, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-მა (№01/30-15; 22.05.15. კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/3312-15; 22.05.15), მისივე განმარტებით, კომისიას წარმოუდგინა 2015 წლის 13 მაისის კომისიის სხდომაზე მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია. კერძოდ, შპს ,,ჯეო ლაინის“ 2015 წლის 31 მარტისა და შპს ,,ტბკომ“-ის 2014 წლის 29 დეკემბრის განცხადებები შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-თან დადებული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე და ითხოვა სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვის მიზნით 2015 წლის 28 მაისს ჩანიშნული კომისიის სხდომის გადადება, ვინაიდან საქმიანი აუცილობლობიდან გამომდინარე ამ დროს არ იქნებოდა საქართველოში და ვერ დაესწრებოდა საკითხის განხილვას, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილებული იქნა და სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვის გაგრძელების დღედ და დროდ განისაზღვრა 2015 წლის 4 ივნისი, 16:00 საათი.
2015 წლის 4 ივნისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელი მ.გონაშვილი, გამოცხადდა და საკითხის განხილვას არ დასწრებია შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის დირექტორი დ.ჯიქია, ხოლო არ გამოცხადდა შპს ,,ახალი ქსელების“ წარმომადგენელი.
2015 წლის 11 ივნისის კომისიის სხდომაზე სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა მ.გონაშვილმა განმარტა, რომ არ ჰქონდა სს ,,სილქნეტსა“ და სატესტო ზარების განმახორციელებელ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების ასლი და სატესტო ზარებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით ითხოვა რამდენიმე დღე, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილებული იქნა.
კომისიის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შპს ,,ქართულმა სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-მა კომისიაში სრულად არ წარმოადგინა სს ,,სილქნეტის“ საჩივარზე დართულ ციფრული ჩანაწერის სახით - CD წარმოდგენილ სატელეფონო ნომრების მფლობელ მომხმარებელთან გაფორმებული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებები და მათთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტაცია (საბილინგო მონაცემები, ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, საბანკო ამონაწერი და ა.შ.). კერძოდ, მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს ,,ჯეო ლაინთან“ და შპს ,,ტბკომ“-თან დადებული ხელშეკრულებები საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე (1000 სააბონენტო ნომერზე), ამ ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ კომპანიების 2015 წლის 31 მარტისა და 2014 წლის 29 დეკემბრის განცხადებები და აღნიშნული მომხმარებლების მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტაცია, ხოლო არ არის წარმოდგენილი გეოგრაფიულ თბილისის ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ნომრების მფლობელ მომხმარებელთან (215 XXXX და 245 XXXX ინდექსები. სულ 367 მომხმარებელი) გაფორმებული ხელშეკრულების ასლები და ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტაცია (საბილინგო მონაცემები, ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, საბანკო ამონაწერი და ა.შ.). იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის წარმომადგენელი არ ესწრება 2015 წლის 11 ივნისის კომისიის სხდომას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ მისგან ვერ მიიღო ახსნა-განმარტება, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კომისიამ დააკმაყოფილა სს ,,სილქნეტის“ მოთხოვნა დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის მიცემის თაობაზე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ კიდევ ერთხელ უნდა მიეცეს ვადა გეოგრაფიულ თბილისის ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ნომრების მფლობელ მომხმარებელთან (215 XXXX და 245 XXXX ინდექსებზე, სულ 367 მომხმარებელზე) გაფორმებული ხელშეკრულების ასლებისა და მათთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტაციის (საბილინგო მონაცემები, ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, საბანკო ამონაწერი და ა.შ.) კომისიაში წარმოდგენისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვის დღე უნდა დაინიშნოს გონივრული პერიოდის აღებით, რათა კომპანიებს მიეცეთ შესაძლებლობა კომისიაში წარმოადგინონ დოკუმენტაცია სრულად. აქედან გამომდინარე, კომისია სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვის დღედ და დროდ განსაზღვრავს 2015 წლის 25 ივნისს, 16:00 საათს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- დაევალოს სს ,,სილქნეტს“ ტესტირების სრული მონაცემებისა და დოკუმენტების, ასევე მასსა და ტესტირების განმახორციელებელ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების 2015 წლის 25 ივნისამდე კომისიაში წარმოდგენა;
- დაევალოს შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს, სს ,,სილქნეტის“ საჩივარზე დართულ ციფრული ჩანაწერის სახით - CD წარმოდგენილ სატელეფონო ნომრების, კონკრეტულად, თბილისის ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ნომრების მფლობელ მომხმარებელთან (215 XXXX და 245 XXXX ინდექსებზე. სულ 367 მომხმარებელზე) გაფორმებული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების ასლების, მათთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტაციისა (საბილინგო მონაცემები, ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, საბანკო ამონაწერი და ა.შ.) და ინფორმაციის (მოხდა თუ არა სს ,,სილქნეტის“ საჩივარში აღნიშნული ნომრების ერთი აბონენტიდან მეორესთვის გადაცემა; როდის შეწყდა აბონენტთან ხელშეკრულება და როდის გადაეცა ნომერი სხვა აბონენტს; გაფორმდა თუ არა ხელშეკრულება აბონენტთან და როდის) 2015 წლის 25 ივნისამდე კომისიაში წარმოდგენა;
- სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვის დღედ დაინიშნოს 2015 წლის 25 ივნისი, 16:00 საათი;
- დაევალოს კომისის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,სილქნეტისთვის“, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-თვის, შპს ,,ახალი ქსელებისთვის“ გაგზავნა;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილს).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
