წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ და, მეორე მხრივ შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 340 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2015 10:42

მიღების თარიღი ივნისი 11, 2015

 ერთი მხრივ, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ და, მეორე მხრივ შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (14.05.2015 Nშ-6/2902-15) მიმართა „Premium Net International SRL-ის ფილიალმა საქართველოში“ (შემდგომში „„Premium Net International SRL“) შპს „ახალი ქსელებთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დავის განხილვის მოთხოვნით.

შპს „Premium Net International SRL“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ შპს „ახალ ქსელებს“ წერილობით (28.11.2014) მიმართა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით, რომელიც შპს „ახალ ქსელებს“ ჩაბარდა 2014 წლის 3 დეკემბერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის განაცხადი შეიცავდა შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიის ვებ გვერდზე განთავსებული ოფერტის 3.1 პუნქტით დადგენილ ინფორმაციას და თან ერთვოდა ამავე ოფერტის 3.2. პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „Premium Net International“-მა 2015 წლის 6 იანვრისა და 22 აპრილს შპს ,,ახალი ქსელები“-ს ოფერტაში მითითებულ მისამართზე ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი კორესპოდენციით კიდევ ერთხელ მოსთხოვა კომპანიას განაცხადის განხილვა, თუმცა როგორც განცხადებაშია აღნიშნული არც ამ წერილებს მოჰყოლია რეაგირება.

შპს „Premium Net International SRL“-ის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  ურთიერთჩართვის პროცესის დაჩქარების მიზნით, შპს „Premium Net International“-ის მიერ შპს „ახალი ქსელების“ კომპანიაში განხორციელდა არაერთი სატელეფონო ზარი, თუმცა ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა უფლებამოსილ პირებთან დაკავშირება ან მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება საკითხის გარკვევის                მიზნით. 

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს „Premium Net International SRL“ მიუთითებს „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ „Premium Net International SRL“-ს როგორც ავტორიზებულ პირს, აქვს ურთიერთჩართვის მოთხოვნის უფლება. შპს „ახალი ქსელები“, კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, ჰ6  ქვეპუნქტით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, რომელსაც ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება. როგორ განცხადებაშია აღნიშნული, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დადგენილია განცხადების მიღებიდან 30 დღიანი ვადა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გასაფორმებლად. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, თავად შპს „ ახალი ქსელების“ მიერ კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული ოფერტის 3.8. პუნქტის თანახმად, შპს „ახალი ქსელები“ კისრულობს ვალდებულებას, განაცხადისა და დოკუმენტაციის ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში, მსურველ პირს გადასცეს ან ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი. ოფერტის 3.9. პუნქტი კი მხარეებს აკისრებს ვალდებულებას ზედმიწევნით დაიცვან 3.8. პუნქტით გათვალისწინებული ვადები და განაცხადის წარდგენიდან 20 დღის განმავლობაში გააფორმონ შესაბამისი ხელშეკრულება.

შპს „Premium Net International SRL“-ის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. შპს „Premium Net International SRL“-ს მიაჩნია, შპს „ახალმა ქსელებმა“ არ შეასრულა მისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები, ასევე კომპანიის ოფერტის 3.8 და 3.9. პუნქტები და კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 და 2014 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები. აღნიშნული ვალდებულებების დარღვევა, კი, კომპანიის განცხადებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს ეკრძალება.

მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი:

1. კომისიამ განიხილოს შპს „Premium Net International SRL“-ის განცხადება და შპს „ახალ ქსელები“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე დაავალდებულოს გააფორმოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შპს “Premium Net International“-თან;

2. შპს „ახალი ქსელებს“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისიამ დააკისროთ შპს „ახალ ქსელებს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია;

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, დავის განხილვის მიზნით კომისია განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის, მისი ჩატარების დღის, დროისა და ადგილის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „Premium Net International SRL-ის“  განცხადების (14.05.2015 Nშ-6/2902-15)  საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „Premium Net International SRL-სა“  და შპს „ახალ ქსელებს“ შორის დავის განხილვის მიზნით, მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე შპს „Premium Net International SRL-სა“  და შპს „ახალ ქსელებს“ ეცნობათ შეტყობინებებით (20.05.2015 N03/749-15; 20.05.2015 N03/750-15; 22.05.2015 N03/792-15; 22.05.2015 N03/749-15) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „ახალ ქსელებს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2015 წლის 27 მაისამდე.

მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 28 მაისს 13:00 საათზე, რომელსაც ესწრებოდა  შპს „Premium Net International SRL-ის“  უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი გაფრინდაშვილი. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „ახალი ქსელების“ წარმომადენელი. კომისიის სხდომაზე ირაკლი გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ კომისიაში საჩივრის წარმოდგენის შემდგომ დაუკავშირდნენ შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლები ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. როგორც ირაკლი გაფრინდაშვილმა აღნიშნა, ხელშეკრულების პროექტი შპს „ახალი ქსელებს“ უნდა გადაეგზავნა 2015 წლის 28 მაისს, შესაბამისად, ირაკლი გაფრინდაშვილმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ კომისიამ დანიშნოს დავის განხილვის დღე კომპანიებს შორის და თუ დავის დღის განხილვამდე მხარეები შეთანხმებიან და გააფორმებენ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებას, დავის საგნის არ არსებობის გამო წარმოება შეწყდება, მაგრამ თუ მხარები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, დავა გაგრძელდება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2015 წლის 28 მაისის N270/16 გადაწყვეტილებით ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის შესაბამისად ერთი მხრივ, შპს „Premium Net International SRL“-სა და, მეორე მხრივ, შპს „ახალ ქსელებს“ შორის დავის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 11 ივნისს  16:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 10 ივნისს კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „Premium Net International SRL“ განცხადება (10.06.2015 Nშ-6/3802-15), სადაც აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით და შპს „Premium Net International SRL“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად უარს აცხადებს განცხადებაზე და ითხოვს დავის განხილვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.

2015 წლის 11 ივნისს, კომისიაში ასევე წარმოდგენილ იქნა შპს „ახალი ქსელების“ განცხადება (11.06.2015 Nშ-6/3810-15), რომელსაც თანდართული აქვს ურთიერთჩართვის გაფორმებული ხელშეკრულებები შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „Premium Net International SRL“-ს შორის და შპს „ახტელსა“ და შპს „Premium Net International SRL“-ს შორის.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „Premium Net International SRL“-ს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება სადავო საკითხთან დაკავშირებით,  მხარეებმა გააფორმეს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და შპს „Premium Net International SRL“-მა უარი განაცხადა დავის განხილვასთან დაკავშირებით კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ერთი მხრივ, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ და, მეორე მხრივ შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ დავაზე.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

              გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ერთი მხრივ, შპს „Premium Net International SRL“-სა, მეორე მხრივ შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ დავაზე შპს „Premium Net International SRL“-ის მიერ დავის განხილვასთან დაკავშირებით კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე (14.05.2015 Nშ-6/2902-15) უარის თქმის გამო;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვილების დამოწმებული ასლების შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „Premium Net International SRL-ისთვის გაგზავნა;
  3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასელის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ვ.აბაშიძე

კომისიის წევრები                                                                                           ე.ასანიძე

კ.ბექაური

                                                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                                                                მ.ქათამაძე

                                                                               

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები