წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ წინააღმდეგ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 346 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2015 14:00

მიღების თარიღი ივნისი 16, 2015

შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“  წინააღმდეგ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (23.04.2015 Nშ-6/2294-15) მიმართა შპს „გაზეთი ბათუმელებმა“ შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ (შემდგომში „ერთსულოვნება“) მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთსულოვნების ეთერში, 2014 წლის 19 დეკემბერს, გავიდა გადაცემა „სიმართლე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონზე“, ავტორები: ია ბედოიძე და დავით ფიფია. გადაცემა შეეხებოდა „გაზეთ ბათუმელების“ მიერ 2014 წლის 8-14 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის მომხდარ უთანხმოების თაობაზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში გავიდა შპს „გაზეთი ბათუმელების“ მიერ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ და იგი რამოდენიმეჯერ განმეორდა. შპს „გაზეთი ბათუმელები“ მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაცემა საპასუხო მასალას წარმოადგენს მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თუმცა, როგორც საჩივრის ავტორს მიაჩნია, გადაცემაში არ იყო დაცული ჯეროვანი სიზუსტე, უარყოფითად იყო წარმოჩენილი გაზეთის საქმიანობა და დარღვეული იყო „მაუწყებეთლა ქცევის კოდექსის“ მნიშვნელოვანი პრინციპები.

საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „გაზეთი ბათუმელებმა“, როგორც დაინტერესებულმა პირმა, 2014 წლის 29 დეკემბერს საჩივრით მიმართა ტელეკომპანია „ერთსულოვნებას“ საჩივრის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განხილვის მოთხოვნით. თუმცა, როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, ერთსულოვნების მიერ უპასუხოდ იქნა დატოვებული შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივარი, რითიც, როგორც განმცხადებელს მიაჩნია, „ერთსულოვნების“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი.

მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი:

ა) კომისიამ განიხილოს შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივარი;

ბ) კომისიამ დაადასტუროს „ერთსულოვნების“ მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის ფაქტი;

გ) კომისიამ მოახდინოს სათანადო რეაგირება გამოვლენილ დარღვევაზე;

კომისია აღნიშნავს, რომ „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 1 მაისის სხდომაზე და კომისიის 2015 წლის 1 მაისის N243/23 გადაწყვეტილებით დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივარის განხილვის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 21 მაისის 16:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 მაისს დანიშნული ზეპირი მოსმენა ვერ ჩატარდა კომისიაში კვორუმის არ არსებობის გამო და აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2015 წლის 28 მაისის N280/19 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2015 წლის 1 მაისის N243/23 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 9 ივნისის 13:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 9 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „გაზეთი ბათუმელებისა“ და „ერთსულოვნების“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე ერთსულოვნების წარმომადგენელმა ედიშერ ქარჩავამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურ იურიდიული თვალსაზრისით „ერთსულოვნების“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული საჩივრის განხილვის ვადები და პროცედურები, „ერთსულოვნებამ“ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის მიღების შემდეგ შესთავაზა შპს „გაზეთი ბათუმელების“ წარმომადგენლებს ტელევიზიაში პირდაპირი ეთერის დათმობა, სადაც მათ მიეცემოდათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია. როგორც ედიშერ ქარჩავამ აღნიშნა, ამ საკითხზე შპს „გაზეთი ბათუმელებისგან“ მიიღეს პასუხი, რომ დაფიქრდებოდნენ ტელევიზიის წინადადებაზე და შეატყობინებდნენ. ედიშერ ქარჩავამ ასევე აღნიშნა, რომ „ერთსულოვნება“ დღესაც გამოთქვამს მზადყოფნას საკუთარი პოზიციის დაფიქსირების მიზნით დაუთმოს ეთერი შპს „გაზეთი ბათუმელების“ წარმომადგენლებს იმ ფორმატით, რა ფორმატიც მათთვის იქნება მისაღები.

შპს „გაზეთი ბათუმელების“ წარმომადგენელმა ნათია კაპანაძემ აღნიშნა, რომ შპს „გაზეთი ბათუმელების“ მიზანს წარმოადგენს მაყურებლისთვის ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით მიწოდება და ამავე დროს ის, რომ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმი იყოს ეფექტიანი და უზრუნვლყოფდეს დაინტერესებული პირების საჩივრების დროულ და სამართლიან განხილვას, რაც „ერთსულოვნების“ მიერ არ განხორციელებულა; რაც შეეხება ერთსულოვნების წინადადებას შპს „გაზეთი ბათუმელებისთვის“ „ერთსულოვნების“ პირდაპირი ეთერის დათმობის თაობაზე, ნათია კაპანაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებდა მარწმულებელთან შეთანხმებას და დაზუსტებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზე შესვენების გამოცხადება და ზეპირი მოსმენის სხდომის გაგრძელება 2015 წლის 15 ივნისს 16:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 13-14 ივნისს ქ.თბილისში განვითარებული სტიქიური მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივნისის განკარგულებით, 2015 წლის 15 ივნისი გამოცხადდა უქმე დღედ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენა „ერთსულოვნებას“  წინააღმდეგ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის განხილვის მიზნით კომისიაში გაგრძელდა მომდევნო სამუშაო დღეს 2015 წლის 16 ივნისს 16:00 საათზე, ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (http://gncc.ge/ge/news/press-releases/gancxadeba.page); ამავე დროს, საკითხის განხილვის თაობაზე სატელეფონო შეტყობინებებით ეცნობათ „ერთსულოვნებისა“ და შპს“გაზეთი ბათუმელების“ წარმომადგენლებს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 16 ივნისს, კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „გაზეთი ბათუმელების“ განცხადება (16.06.2015 Nშ-6/3855-15) სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 13 ივნისს „ერთსულოვნების“ ინიციატივით შედგა შპს „გაზეთი ბათუმელების“ 2014 წლის 29 დეკემბრის საჩივრის განხილვა. განხილვისას დაზუსტდა შპს „გაზეთი ბათუმელების“ მიერ წარდგენილი მოთხოვნა, რის შემდეგაც  დაკმაყოფილდა ყველა პუნქტი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „გაზეთი ბათუმელები“ მიესალმება იმ ფაქტს, რომ ტელევიზიამ გამოთქვა მზაობა სადაო თემის სრულად გაშუქებისათვის დაუთმოს საკუთარი ეთერი გაზეთის წარმომადგენელს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული „გაზეთი ბათუმელების“ უპირველეს მიზანს მაყურებლებისათვის ჯეროვანი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს, შესაბამისად, მიუხედავად დაგვიანებული განხილვისა,  მაუწყებლის თვითრეგულირების ფარგლებში 2015 წლის 13 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება შპს „გაზეთ ბათუმელებს“ აძლევს იმის აღნიშვნის საშუალებას, რომ შესაძლებელი გახდა  „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი რეგულაციების შესრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული შპს „გაზეთი ბათუმელები“ უარს აცხადებს კომისიაში „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ წარმოდგენილ საჩივარზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2015 წლის 16 ივნისს კომისიაში ასევე წარმოდგენილ იქნა „ერთსულოვნების“ განცხადება (16.06.2015 Nშ-6/3874-15) თანდართული „ერთსულოვნების“ „თვითრეგულირების მექანიზმის - კომისიის“ 2015 წლის 13 ივნისის N1/2 გადაწყვეტილებით, რომლის შესაბამისადაც დაკმაყოფილდა შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივარი, მისი წარმომადგენლის მიერ 2015 წლის 13 ივნისის სხდომაზე წერილობით დაზუსტებული პოზიციის ფარგლებში.

კომისია ითვალისწინებს რა შპს „გაზეთი ბათუმელების“ მიერ 2015 წლის 16 ივნისს კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას (16.06.2015 Nშ-6/3855-15) „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ კომისიაში წარმოდგენილ საჩივარზე უარის თქმის თაობაზე, მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის განხილვის მიზნით.

                „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის კ) და ო) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება „ერთსულოვნებას“  წინააღმდეგ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის (23.04.2015 Nშ-6/2294-15) განხილვასთან დაკავშირებით  შპს „გაზეთი ბათუმელების“ მიერ საჩივარზე უარის თქმის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების „ერთსულოვნებისა“ და შპს „გაზეთი ბათუმელებისთვის“ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასელის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                  ვ.აბაშიძე

კომისიის წევრები                                                                                                                                                        ე.ასანიძე

კ.ბექაური

გ.ფრუიძე

მ.ქათამაძე

                                                                                                                              

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები