„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2015 17:18
მიღების თარიღი ივნისი 16, 2015
„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიამ 2015 წლის 2 აპრილს მიიღო №179/23 გადაწყვეტილება „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ". საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2015 წლის 16 ივნისის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2014 წლის 6 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N620/9 „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე შემდეგ ავტორიზებულ პირებს: სს „სილქნეტს“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ და შპს „ახალ ქსელებს“ ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში 100 მმ-იანი საკანალიზაციო მილის ერთ არხ კილომეტრზე თვეში იმ გეოგრაფიულ ზონაში სადაც ამავე გადაწყვეტილებით ეს კომპანიები ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურებაზე დაუდგინდათ ზედა ზღვრული ტარიფი 370 ლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში წარმოდგენილი მოწვევის ოფერტით (სს „სილქნეტის“ 2015 წლის 12 იანვრის N145/05-8 წერილი) გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ტარიფები არ არის დადგენილი 100 მმ-იან საკანალიზაციო არხში გასატარებელი სხვადასხვა დიამეტრის კაბელის მიერ ამ არხში დაკავებული ფართობის მიხედვით. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ოფერტის მიხედვით სხვადასხვა დიამეტრის კაბელების საკანალიზაციო არხში გატარების ტარიფების გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული კაბელების მიერ საკანალიზაციო არხის დაკავების შესაბამისი მოცულობები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის თავმჯდომარის კონსულტანტ ანა ნაკაშიძის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი 2015 წლის 23 მარტის მოხსენებითი ბარათის N10/1366-15 მიხედვით, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხში ოპტიკური კაბელის განთავსებისა და ექსპლოატაციის მიზნით საკანალიზაციო არხის გამოყენებადი მოცულობის და ექსპლოატაციის ნორმები უნდა დადგინდეს ოპტიკური კაბელების მწარმოებლების, შესაბამისი პროფესიული ასოციაციისა და ოპერატორების მიერ. ამასთან საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ჩამოყალიბებული საკანალიზაციო არხში კაბელის განთავსებისას საკანალიზაციო არხის შევსების კოეფიციენტის გაანგარიშების წესი ითვალისწინებს საკანალიზაციო არხში გასატარებელი სხვადასხვა დიამეტრის კაბელის მიერ საკანალიზაციო არხში დაკავებული ფართობების მიხედვით ტარიფების დადგენის წესს.
კომისია იზიარებს საერთაშორისო პრაქტიკას და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს კომისიის გადაწყვეტილებით დაუდგინდეს საკანალიზაციო არხში სხვადასხვა დიამეტრის კაბელების გატარების ტარიფების გაანგარიშების წესი ამ არხის გამოყენებადი მოცულობის მიხედვით. კერძოდ საკანალიზაციო არხში კაბელის გატარების ტარიფი უნდა დადგინდეს კაბელის კვეთის ფართობის მიხედვით; საკანალიზაციო არხში სხვადასხვა დიამეტრის კაბელის გატარების ტარიფის გაანგარიშების მიზნებისთვის საკანალიზაციო არხის შევსების კოეფიციენტი ტოლი უნდა იყოს 40%-ის.
კომისიას დამატებით აღნიშნავს, რომ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით მომსახურების მიმღებ ავტორიზებულ პირებს საშუალება უნდა ჰქონდეთ აღნიშნული მომსახურება მიიღონ კონკურენტული პირობებით იმ გეოგრაფიულ საზღვრებშიც, სადაც ბაზარზე წარმოდგენილი არ არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები, შესაბამისად საჭიროა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენისას მოხდეს გეოგრაფიულ საზღვრების დაზუსტება, რაც თავის მხრივ საჭიროებს კვლევის ჩატარებას და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N 620/9 გადაწყვეტილებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N 620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციუი კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური 3 თვიანი ვადის განსაზღვრა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22 -ე მუხლის, V თავის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების 7. 4 -ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ საკანალიზაციო არხში კაბელის გატარების ტარიფი უნდა დადგინდეს კაბელის კვეთის ფართობის მიხედვით; საკანალიზაციო არხში კაბელის გატარების ტარიფის დადგენის მიზნებისათვის საკანალიზაციო არხის შევსების კოეფიციენტი ტოლი უნდა იყოს 40%-ის, შესაბამისად განსათავსებელი კაბელის კვეთის (კაბელის გარე დიამეტრის გათავლისწინებით) ჯამური ფართობის შეფარდება საკანალიზაციო არხის კვეთის ფართობთან (შიდა დიამეტრის გათავლისწინებით) ტოლი უნდა იყოს 0.4-ს. საკანალიზაციო არხში გასატარებელი კაბელის მომსახურების ტარიფი უნდა დადგინდეს შემდეგი ფორმულით:
სადაც,
S -100 მმ-იანი არხის ფართობია ( 7850 მმ2),
S1-გასატარებელი კაბელის ფართობი, რომელიც იანგარიშება შემდეგი ფორმულით S1=π x R2“
2. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაშია 2015 წლის 1 სექტემბრიდან;
3. დაევალოს სს „სილქნეტის“, შპს "ახალი ქსელებს" და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ 2015 წლის 15 აგვისტომდე საჯაროდ გამოაქვეყნოს წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისად განახლებული ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა) და მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადა განსაზღვროს არანაკლებ 2 წლის ვადით;
4. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
5. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 1 სექტემბერს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
6. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს 3 თვიანი ვადა;.
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
8. ამ გადაწყვეტილების მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად; გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“, შპს "ახალი ქსელებისთვის" და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ძალაშია მისი მიღებისთანავე;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
