საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მაუწყებლობის ავტორიზაციის განცხადებების ფორმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2015 11:47
მიღების თარიღი ივნისი 16, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მაუწყებლობის ავტორიზაციის განცხადებების ფორმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 17 ივნისს ძალაში შედის საქართველოს კანონი ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”, რომლის შესაბამისად ტელემაუწყებლობისათვის უქმდება ლიცენზირების რეჟიმი. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიას დაეკისრა ვალდებულება ამ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის მიღების მომენტისათვის არსებული მაუწყებლების (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებისა) ავტორიზებულ მაუწყებელთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაცია. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილებათა განხორციელება კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მაუწყებლობის ავტორიზაციის განცხადებების ფორმებში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილებები და დამატებები კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1 და №2):
2. მოდიფიცირდეს კომისიის მიერ წარმოებული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრი და განხორციელდეს მასში შესაბამისი ცვლილებების და დამატებების შეტანა ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 და №2-ის შესაბამისად;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე