წვდომის მენიუ

სს ,,ჯი ენ ენ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 370 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2015 18:40

მიღების თარიღი ივნისი 25, 2015

სს ,,ჯი ენ ენ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 7 მაისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის  07 მაისის №შ-10/2755-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით (2015  წლის 6 აპრილის №9 შემოწმების აქტი; შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო მასალა),  საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის 6 აპრილს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა სს „ჯი ენ ენ“-ის  შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი  №9.

შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, წინამძღვრიშვილი ქ. N57. სს „ჯი ენ ენ“-ის  ოფისში, შემოწმებას ესწრებოდნენ კომპანიის თანამშრომლები, ხოლო შემოწმების აქტს ხელს აწერს  შპს „ნიუკომის“ დირექტორი ზაზა აგლაძე (სს „ჯი ენ ენ“-ის 28% წილის მფლობელია ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“, რომელიც თავის მხრივ არის შპს „ნიუკომის“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი).

შემოწმების აქტის თანახმად,  სს „ჯი ენ ენი“  საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „მაესტრო“, „კავკასია“, “TV 11”, „კომედი არხი“, „My Video“, „აჭარა“, “TV3”, “ობიექტივი”, „პალიტრა TV“, „ერთსულოვნება“, „ტაბულა“, „ტელეარხი 25“, „GDS“, ”TVS” „დრო“, НТВ МИР”, “ОРТ”, “РТР планета”, „RTV”, “МИР”, “Дождь”, “РЕН ТВ”, “Интер+”, „ТНТ“, “Украина”, „СТС“, “Россия К”, “Премьера”,“Киноклуб”, “Кинохит”, “Наше Новое Кино”,“Киносоюз”, “Киноплюс”, “TV1000 action”, “Много ТВ”, “Комедия”, “Индия”, “Наше Кино”,“Sony Sci-fi”, ”Fox Life”, “Sony turbo”,“Sony entertainment”, “Мир Серияла”, “CBS Drama” (zone Romantica), “ენკი-ბენკი”,“Детский Мир”, “Cartoon Network”, “Baby Tv”, ”English Club”, ”Animal Planet”, “Discovery”, “National Geographic”, “Nat Geo Wild”, “TLC”, “Наука”, “Travel Channel”, “Eurosport”, “Eurosport 2”, “Eurosport news”, ”Setanta sport”, ”Setanta sport+”, “Наш Футбол”, “Боец ТВ”, “Охота и Рыбалка”, „Пятница“, “Авто+”, “Кухня ТВ”, “365”, ”STV”, “Интересное ТВ”, “Explorer”, ”Ностальгия”, ”Просвешение”, “Феникс кино”, „მარაო“, “Chatbox”, “MTV”, “Шансон ТВ”, “Mezzo”, ”TMB”, “TV 8”, “Fashion Tv”, “Euronews”, “BBC World”, “CNN”, “Al jazzera , “ახალი საქართველო”, “TV 5 Monde”, “Шант ТВ”, “AZ TV”, “TRT Turk”, “პულსი”, “Перец”, ”HD Life”, “VIP TV”, “THT комеди”, “НТВ+3D”, „არტარეა“, “Ля минор”, ”Music Box”, “History”, “24 Док”, “МАМА”, “DW”, “HCT”, “Парк развлечений”, “TRO”, “24 Техно”,”Espresso”, “NHK World”, “Nature”, “აფხაზეთის ხმა”, “NN-NewsNetwork”, “Int az”, “TV1000”, “Kurd sat”, “Rojhelat”, „Стиль и Мода“.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის  07 მაისის №შ-10/2755-15  სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სს „ჯი ენ ენ“-ს  შემოწმების დღისათვის კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “ტვ 11”, „ტვ 3“, „ობიექტივი“, „პალიტრა ტვ“, „ტაბულა“, „ტელეარხი 25“, „GDS“, “TVS”, “დრო”, „МИР“, „THT“, „Украина“, “CTC”, „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „STV“, „Ностальгия“, “Феникс кино”, „მარაო“, “MTV”, „Пятница“, “Explorer”, “TV 8”, “ახალი საქართველო”, “პულსი”, “Перец”, „არტარეა“, “NN-NewsNetwork”. შესაბამისად, სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  სს „ჯი ენ ენ“-ის  მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.              

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 04 ივნისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „ჯი ენ ენ”-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  მის მიერ  სატელევიზიო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის  18 ივნისს 16:00 სთ-ზე. აღნიშნულის შესახებ სს ,,ჯი ენ ენ”-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის სხდომა გაიმართა 2015 წლის 18 ივნისს. სხდომაზე არ გამოცხადდა  სს „ჯი ენ ენ“-ის წარმომადგენელი. კომისიამ 2015 წლის 18 ივნისის სხდომაზე განიხილა სს „ჯი ენ ენ“-ის 17.06.2015 N 17 /06 (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი/ნომერი 18.06.15 Nშ-6/4018-16) განცხადება, რომლის თანახმად კომპანია ითხოვს:

1) ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესეულ მხარედ ჩართულ და მოწვეულ იქნას ყველა ის მაუწყებელი, რომლის რეტრანსლაციის მართლზომიერებას  სადაოდ ხდის კომისია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ;

2) კომისიის 2015 წლის 18 ივნისის სხდომის გადადებას, ვინაიდან სს „ჯი ენ ენ“ მოკლებულია შესაძლებლობას 2015 წლის 18 ივნისის სხდომაზე წარმომადგენლის მეშვეობით მოახდინოს ინტერესების დაცვა.

კომისიის 2015 წლის 18 ივნისის სხდომაზე, სს „ჯი ენ ენ“-ის შუამდგომლობა იმ მაუწყებელთა ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის თაობაზე, რომელთა არხებსაც არამართლზომიერად გადასცემს სს „ჯი ენ ენ“ არ დაკმაყოფილდა. კომისია განმარტავს, რომ კომისია არ არის ვალდებული და უფლებამოსილი იმსჯელოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირსა და მაუწყებელს შორის დადებული ხელშეკრულების ცალკეულ პირობებზე და შინაარსზე (განიხილოს დავა), კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ამოწმებს, ხორციელდება თუ არა ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხების ტრანზიტის მართლზომიერად განხორციელება („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) ქვეპუნქტი).  შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში იმ პირთა ჩართვა, რომელთა კუთვნილი სამაუწყებლო არხები გადაიცემა არამართლზომიერად, კომისიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ისინი არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირებს.

სს „ჯი ენ ენ“-ის მეორე შუამდგომლობა, კომისიის სხდომის სხვა დროისათვის გადადებასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდა კომისიის მიერ და  სს „ჯი ენ ენ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 25 ივნისს 16:00 საათზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს „ჯი ენ ენ“-ს ეცნობა კომისიის 22.06.15 N03/1075-15 წერილით, რომელიც  ჩაბარდა სს „ჯი ენ ენ“-ის დირექტორს მირიან კიკნაძეს 2015 წლის 23 ივნისს (გზავნილის კოდი: 040026093803).

2015 წლის 25 ივნისის სხდომაზე სს „ჯი ენ ენ“-ის წარმომადგენელი კვლავ არ გამოცხადდა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ჯი ენ ენ“-ის შუამდგომლობის საფუძველზე 2015 წლის 18 ივნისის კომისიის სხდომა გადაიდო და შპს „ჯი ენ ენ“-ს 2015 წლის 25 ივნისის სხდომის ჩატარების თარიღისა და დროის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით, სს „ჯი ენ ენ“-ს შუამდგომლობით არ მიუმართავს კომისიისათვის 2015 წლის 25 ივნისის სხდომის გადადების თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა შპს „ჯი ენ ენ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან სს ,,ჯი ენ ენ”-ის შესახებ მონაცემები;
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 07 მაისის №შ-10/2755-15 სამსახურებრივი ბარათი;
  3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015  წლის 06 აპრილის N9 შემოწმების აქტი;
  4. 2015 წლის 06 აპრილს  ჩატარებული შემოწმების პროცესის ამსახველი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი (CD);
  5. სს ,,ჯი ენ ენ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების გადაცემის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებები/ სანებართვო წერილები;
  6. კომისიის 22.06.15 N03/1075-15 წერილი და აღნიშნული წერილის სს ,,ჯი ენ ენ“-ის მიერ ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი, გზავნილის კოდი:040026093803.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. სს  „ჯი ენ ენ“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი - 21.06.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახე - ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება);
  2. სს  ,,ჯი ენ ენ”-ს საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილის  საფუძველზე;
  3. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, წინამძღვრიშვილი ქ. N57-ში სს „ჯი ენ ენ“-ის  ოფისში, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №9. შემოწმებას ესწრებოდნენ კომპანიის თანამშრომლები, ხოლო შემოწმების აქტს ხელს აწერს  შპს „ნიუკომის“ დირექტორი ზაზა  აგლაძე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტები: ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი;
  4. სს ,,ჯი ენ ენ“-ის 2015  წლის 06 აპრილის N9 შემოწმების აქტის, სს ,,ჯი ენ ენ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი, სამაუწყებლო არხების გადაცემის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების/ სანებართვო წერილების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ  სს ,,ჯი ენ ენ” საკუთარი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „ტვ 11”, „ტვ 3“, „ობიექტივი“, „პალიტრა ტვ“, „ტაბულა“, „ტელეარხი 25“, „GDS“, „TVS”, „დრო”, „МИР“, „THT“, „Украина“, „CTC”, „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „STV“, „Феникс кино”, „მარაო“, „MTV“, „Пятница“, „Explorer”, „TV 8“, „ახალი საქართველო”, „პულსი”, „Перец”, „არტარეა“, „NN-NewsNetwork”;
  5. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება, როგორც 2015 წლის 06 აპრილის  №9 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით (CD);
  6.  სს „ჯი ენ ენის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი სანქცია.

 

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  3.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  4.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5.  „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  6.  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  7. „ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების“  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს; ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა.

კომისიას მიაჩნია, რომ  2015 წლის 06 აპრილს სამაუწყებლო არხების: „ტვ 11“, „ტვ 3“, „ობიექტივი“, „პალიტრა ტვ“, „ტაბულა“, „ტელეარხი 25“, „GDS“, „TVS“, „დრო”, „МИР“, „THT“, „Украина“, „CTC“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „STV“, „Феникс кино”, „მარაო“, „MTV“, „Пятница“, „Explorer“, „TV 8“, „ახალი საქართველო“, „პულსი“, „Перец“, „არტარეა“, „NN-NewsNetwork“ შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, სს „ჯი ენ ენ“-ის  მიერ დარღვეულია  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის“  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი.  

გამომდინარე იქიდან, რომ სს „ჯი ენ ენ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი სანქცია, კომისიას მიაჩნია, რომ სს „ჯი ენ ენის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება.

კომისია აღნიშნავს, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, სს „ჯი ენ ენ“-ს ამავდროულად უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „ტვ 11“, „ტვ 3“, „ობიექტივი“, „პალიტრა ტვ“, „ტაბულა“, „ტელეარხი 25“, „GDS“, „TVS“, „დრო”, „МИР“, „THT“, „Украина“, „CTC“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „STV“, „Феникс кино“, „მარაო“, „MTV“, „Пятница“, „Explorer“, „TV 8“, „ახალი საქართველო“, „პულსი“, „Перец“, „არტარეა“, „NN-NewsNetwork“ არამართლზომიერი გადაცემა;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე, 58-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის მესამე პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 165-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. მიეცეს გაფრთხილება  სს „ჯი ენ ენ“-ს  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. სს „ჯი ენ ენ“-მა უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: „ტვ 11”, „ტვ 3“, „ობიექტივი“, „პალიტრა ტვ“, „ტაბულა“, „ტელეარხი 25“, „GDS“, „TVS”, „დრო“, „МИР“, „THT“, „Украина“, „CTC“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „Eurosport News“, „STV“, „Феникс кино“, „მარაო“, „MTV“, „Пятница“, „Explorer“, „TV 8“, „ახალი საქართველო“, „პულსი“, „Перец“, „არტარეა“, „NN-NewsNetwork” საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი  გადაცემის  დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „ჯი ენ ენ“- ისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) სს „ჯი ენ ენ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „ჯი ენ ენ“-ისათვის  ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „ჯი ენ ენ“-სათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

 კომისიის თავმჯდომარე                                                                                    ვახტანგ აბაშიძე

  კომისიის წევრები:                                                                                              გიორგი ფრუიძე

                                                                                                                                  ელისო ასანიძე

                                                                                                                                  მერაბ ქათამაძე

 

                                                                                                                                     

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები