წვდომის მენიუ

შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 383 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2015 10:46

მიღების თარიღი ივლისი 02, 2015

შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2015 წლის 22 ივნისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის  2015 წლის 22 ივნისის №10/4175-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით (შპს ,,მაგთიკომის“  2015 წლის 18 ივნისის №15/109-6  წერილი; შპს ,,ჯეოსელის“ 2015 წლის 4 ივნისის №430-15 განცხადება დანართით; შპს ,,მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი სააბონენტო ხელშეკრულების ასლები; შპს ,,მაგთიკომსა“ და დილერებს შორის 2008 წლის 6 თებერვალს და 2010 წლის 26 იანვარს დადებული ხელშეკრულებების ასლები), საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,ჯეოსელის“ განცხადების (№430-15; 4.06.2015) საფუძველზე, კომისიის მიერ შპს ,,მაგთიკომიდან“ გამოთხოვილ იქნა 29 სააბონენტო ნომერზე (599706409; 599701861; 599905954; 591907685; 599890132; 595452449; 551543071; 551543085; 551541038; 599374046; 551118924; 551143627; 551150376; 591189648; 595547859; 599117954; 599118246; 595541602; 598219704; 599018114; 591176741; 591904837; 591174467; 551542372; 551540891; 595915082; 599230751; 599118453; 595955639) მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები. შპს ,,მაგთიკომმა“ კომისიას წარმოუდგინა მხოლოდ 22 სააბონენტო ნომერზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, საიდანაც 4 ხელშეკრულებაში (სატელეფონო ნომრები: 599890132; 551143627; 551150376; 591189648)  მითითებული აბონენტის პირადი ნომრით, რომელიც გადამოწმდა სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ ვებ გვერდის მეშვეობით (http://rs.ge/5924), ფიზიკური პირი (აბონენტი) არ მოიძებნა. შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, 7 სატელეფონო ნომერი (591174467; 591176741; 591904837; 595955639; 599117954; 599118246; 599118453) შპს ,,მაგთკომის“ მიერ გათიშულ იქნა შპს ,,მაგთიკომის“ შინაგანაწესის თანახმად, ვინაიდან შპს ,,მაგთიკომის“ დილერებმა აღნიშნულ ნომრებზე ვერ წარმოადგინეს ხელშეკრულებები. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტი, ვინაიდან  4 სატელეფონო ნომრის (599890132; 551143627; 551150376; 591189648) მფლობელ მომხმარებლებს მომსახურებას აწვდის წერილობითი ხელშეკრულების დადების გარეშე.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 25 ივნისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მაგთიკომისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის  2 ივლისს,  რის თაობაზეც შპს ,,მაგთიკომს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2015 წლის 2 ივლისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,მაგთიკომის“  გენერალური დირექტორის მოადგილე ა.ზოდელავა და შპს ,,მაგთიკომის“ იურისტები დ.ძიძიგირი და ა.შარაბიძე.

კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დ.ძიძიგურმა განმარტა, რომ შპს ,,მაგთიკომსა“ და დილერს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, დილერი ვალდებულია შპს ,,მაგთიკომს“ წარმოუდგინოს მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებები 2 კვირის ვადაში. ეს ვადა განსაზღვრულია ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. სადილერო ქსელი მოიცავს მთლიანად საქართველოს, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებს, საიდანაც ფიზიკურად შეუძლებელია, რომ დილერმა ყოველდღიურად მოგვაწოდოს ხელშეკრულებები. დილერებს არც ტექნიკური საშუალებები გააჩნიათ, რომ ონლაინ რეჟიმში მოხერხდეს ინფორმაციის გაცვლა. დილერის ქსელის აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას, რომელიც რთული კლიმატური პირობების გამო ზამთარში მოწყვეტილია საქართველოს დანარჩენ რეგიონებს,  არ ექნება სიმ–ბარათების შეძენის საშუალება. შპს ,,მაგთიკომი“ მიმართავს ყველა შესაძლო საშუალებას, რომ არ მოხდეს წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისათვის მომსახურების მიწოდება. მაგ. ბოლო პერიოდში გახშირებული ე.წ. ,,ფროდის“ გამო, შპს ,,მაგთიკომში“ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონტროლს უწევს დილერის მიერ მომხმარებლზე სატელეფონო ნომრის გაცემის დროს დაიდო თუ არა დილერსა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულება საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ. ასეთი კონტროლის შედეგად, მომხმარებლებთან ხელშეკრულებების გაუფორმებულობის გამო,  2015 წლის 30 იანვარს გააქტიურებული 7 სატელეფონო ნომერი (591174467; 591176741; 591904837; 595955639; 599117954; 599118246; 599118453),  შპს ,,მაგთკომის“ მიერ გათიშულ იქნა ჩართვიდან მეორე დღესვე, 2015 წლის 31 იანვარს. ასევე შპს ,,მაგთიკომის“ მიერ გათიშულ იქნა 2015 წლის 24 აპრილს გააქტიურებული 4 სატელეფონო ნომერი (599890132; 551143627; 551150376; 591189648), რისი გადამოწმებაც მარტივია კომისიაში დაცული, კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი CDR-ებით. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებებში მითითებულია მომხმარებლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი. ვინაიდან შპს ,,მაგთიკომს“ არ აქვს წვდომა რაიმე ოფიციალურ ბაზასთან, მას არ აქვს საშუალება მოახდინოს მომხმარებლის იდენტიფიცირება პირადი ნომრის ან სხვა მონაცემების მიხედვით და შეამოწმოს რამდენად რეალურ მონაცემებს შეიცავს დილერების მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №10/4175-15 სამსახურებრივი ბარათი;

2. შპს ,,მაგთიკომის“  2015 წლის 18 ივნისის №15/109-6  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/4038-15; 18.06.2015);

3. შპს ,,ჯეოსელის“ 2015 წლის 4 ივნისის №430-15 განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/3670-15; 5.06.2015) თანდართული შპს ,,მაგთიკომის“ მფლობელობაში არსებული სააბონენტო ნომრებით: 599706409; 599701861; 599905954; 591907685; 599890132; 595452449; 551543071; 551543085; 551541038; 599374046; 551118924; 551143627; 551150376; 591189648; 595547859; 599117954; 599118246; 595541602; 598219704; 599018114; 591176741; 591904837; 591174467; 551542372; 551540891; 595915082; 599230751; 599118453; 595955639;

 4. შპს ,,მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სააბონენტო ხელშეკრულების ასლები;

 5. შპს ,,მაგთიკომსა“ და დილერებს შორის 2008 წლის 6 თებერვალს და 2010 წლის 26 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები;

7. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

8. 2015 წლის 2 ივლისის კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  ,,მაგთიკომი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 18.07.2005. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 01.02..2010. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება);

2. შპს ,,ჯეოსელის“ განცხადების (№430-15;4.06.2015) საფუძველზე, კომისიის მიერ შპს ,,მაგთიკომიდან“ გამოთხოვნილ იქნა 29 სააბონენტო ნომერზე (599706409; 599701861; 599905954; 591907685; 599890132; 595452449; 551543071; 551543085; 551541038; 599374046; 551118924; 551143627; 551150376; 591189648; 595547859; 599117954; 599118246; 595541602; 598219704; 599018114; 591176741; 591904837; 591174467; 551542372; 551540891; 595915082; 599230751; 599118453; 595955639) მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებების ასლები.  შპს ,,მაგთიკომმა“ კომისიას წარმოუდგინა მხოლოდ 22 სააბონენტო ნომერზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, საიდანაც 4 ხელშეკრულებაში (სატელეფონო ნომრები: 599890132; 551143627; 551150376; 591189648)  მითითებული აბონენტის პირადი ნომრით, რომლებიც გადამოწმდა სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ ვებ გვერდის მეშვეობით (http://rs.ge/5924), ფიზიკური პირი (აბონენტი) არ მოიძებნა, ხოლო 7 სატელეფონო ნომერთან (591174467; 591176741; 591904837; 595955639; 599117954; 599118246; 599118453) დაკავშირებით დილერებმა ხელშეკრულებები ვერ წარმოადგინეს;

3. შპს ,,მაგთიკომმა“, დილერების მიერ ხელშეკრულებების წარმოუდგენლობის გამო, 2015 წლის 30 იანვარს გააქტიურებული 7 სატელეფონო ნომერი (591174467; 591176741; 591904837; 595955639; 599117954; 599118246; 599118453) გათიშა გააქტიურებიდან მეორე დღესვე, 2015 წლის 31 იანვარს.  ასევე კომისიაში დაცული, კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი CDR-ებიდან ირკვევა, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ გათიშულ იქნა 4 სატელეფონო ნომერი (599890132; 551143627; 551150376; 591189648), რომლის მფლობელ მომხმარებლებთან დადებულ ხელშეკრულებებში დილერებს უზუსტო მონაცემები ჰქონდათ შეყვანილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შპს ,,მაგთიკომიდან“ გამოთხოვნილ 29 სააბონენტო ნომერთან (599706409; 599701861; 599905954; 591907685; 599890132; 595452449; 551543071; 551543085; 551541038; 599374046; 551118924; 551143627; 551150376; 591189648; 595547859; 599117954; 599118246; 595541602; 598219704; 599018114; 591176741; 591904837; 591174467; 551542372; 551540891; 595915082; 599230751; 599118453; 595955639) დაკავშირებით მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებებიდან, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა 22 სააბონენტო ნომრის მფლობელ მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებები, ხოლო 7 სატელეფონო ნომერზე (591174467; 591176741; 591904837; 595955639; 599117954; 599118246; 599118453) შპს ,,მაგთიკომმა“ ხელშეკრულებები ვერ წარმოადგინა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ნომრები დილერების მიერ მომხმარებლებისთვის ხელშეკრულების გარეშე იყო გადაცემული, რის გამოც შპს ,,მაგთიკომმა“ 2015 წლის 30 იანვარს გააქტიურებული 7 სატელეფონო ნომერი (591174467; 591176741; 591904837; 595955639; 599117954; 599118246; 599118453)  მეორე დღესვე გათიშა.  ასევე შპს ,,მაგთიკომის“ მიერ გათიშულ იქნა 4 სატელეფონო ნომერი (599890132; 551143627; 551150376; 591189648), რომლის მფლობელ მომხმარებლებთან დადებულ ხელშეკრულებებში დილერებს უზუსტო მონაცემები ჰქონდათ შეყვანილი. აქედან გამომდინარე, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ  შესაძლოა ადგილი ჰქონდეს წერილობით გაფორმებულ ხელშეკრულებაში პირადი ნომრის შეყვანისას მექანიკურ შეცდომას, (საუბარია მხოლოდ 4 აბონენტზე, განხსვავებით შპს „ჯეოსელის“ შემთხვევასთან, იხ. კომისიის გადაწვეტილება N342/18-11.06.2015); ასევე, შპს „მაგთიკომი“ მიმართავს ყველა შესაძლო საშუალებას, რომ არ მოხდეს წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისათვის მომსახურების მიწოდება (ამ მიზნით შპს ,,მაგთიკომში“ შექმნილია სპეციალური ჯგუფიც დილერების გაკონტროლების მიზნით), კომისიას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს შპს ,,მაგთიკომის“ მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას. შესაბამისად, არ არსებობს შპს ,,მაგთიკომის“ სანქცირების საფუძველი.

კომისია განმარტავს, რომ კომისიის 2015 წლის 11 ივნისის №341/18 და №342/18 გადაწყვეტილებები შპს ,,მობიტელისთვის“ და შპს ,,ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მიღებულია ამ საქმისაგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. კერძოდ, შპს ,,მობიტელმა“ კომისიას ვერ წარმოუდგინა კომისიის მიერ მისგან გამოთხოვილი ვერც ერთი ხელშეკრულება, იმის გამო, რომ კომპანიის განმარტებით დილერებს, რომლებმაც განახორციელეს ნომრების რეალიზაცია, შპს ,,მობიტელისთვის“ სააბონენტო ხელშეკრულებები არ მიუწოდებიათ. რაც შეეხება შპს ,,ჯეოსელს“, მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ 56 სააბონენტო ნომრის მფლობელ აბონენტებთან დადებულ ხელშეკრულებებში მითითებული პირების პირადი ნომრებით, რომლებიც გადამოწმდა სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ ვებ გვერდის მეშვეობით (http://rs.ge/5924), ფიზიკური პირები (აბონენტები) არ მოიძებნა, ხოლო 4 სააბონენტო ნომერზე დადებული ხელშეკრულების მოძიება საერთოდ ვერ შესძლო, ვინაიდან, როგორც განმარტა,  სააბონენტო ნომრების რეალიზაცია განხორციელდა მისი დილერის მიერ, რომელმაც ხელშეკრულებები ვერ მოიძია.

კომისიის წევრმა ქალბატონმა ე.ასანიძემ დააფიქსირა განსხვავებული აზრი და აღნიშნა, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მხრიდან ადგილი აქვს წერილობით დადებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას, რითაც მის მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტი,  რაც შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. კომისიის 2015 წლის 11 ივნისის №342/18 გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯეოსელს“ ანალოგიური დარღვევისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისგებლობა, ვინაიდან მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ 56 სააბონენტო ნომრის მფლობელ აბონენტებთან დადებულ ხელშეკრულებებში მითითებული პირების პირადი ნომრით, რომლებიც გადამოწმდა სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ ვებ გვერდის მეშვეობით (http://rs.ge/5924), ფიზიკური პირები (აბონენტები) არ მოიძებნა (კომისიას ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია 56 შემთხვევაში მექანიკური შეცდომების დაშვება დილერების მიერ ხელშეკრულების გაფორმებისას), ხოლო 4 სააბონენტო ნომერზე დადებული ხელშეკრულები შპს „ჯეოსელმა“  კომისიაში საერთოდ ვერ წარმოადგინა, ვინაიდან  როგორც კომპანიამ განმარტა,  სააბონენტო ნომრების რეალიზაცია განხორციელდა მისი დილერის მიერ, რომელმაც ხელშეკრულებები ვერ მოიძია.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე  მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება. შესაბამისად, შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-17 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, უმრავლესობით (სამი ერთის წინააღმდეგ. კომისიის წევრმა ე. ასანიძემ მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას)

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მაგთიკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაგთიკომისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

               კომისიის წევრი                                                                        მერაბ ქათამაძე 

               კომისიის წევრი                                                                        კახი ბექაური

                კომისიის წევრი                                                                         გიორგი ფრუიძე

               

           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები