შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2015 13:46
მიღების თარიღი ივლისი 03, 2015
შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (30.06.2015 N10/4422-15), შპს „რ.ბ.ჯ“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების თაობაზე; კერძოდ, სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში განხორციელდა მულტიპლექსპლატფორმაში განთავსებული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი და ზემოაღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „რ.ბ.ჯ“-ს სამაუწყებლო სიგნალი განთავსებულია მულტიპლექსპლატფორმაში.
როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე–10 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ კომისიაში ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენს მიაჩნია, რომ მაუწყებლის მხრიდან სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საინფორმაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა.
ვინაიდან 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით შპს „რ.ბ.ჯ“-ს სამაუწყებლო სიგნალი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით, მულტიპლექსპლატფორმით უკვე ვრცელდებოდა, კომისიამ N04/1210-15 წერილით მოსთხოვა შპს „რ.ბ.ჯ“-ს კომისიაში ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ წარმოდგენა; ამავე დროს, კომპანიას ეცნობა, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 30 ივნისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ამ უკანასკნელის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო და საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2015 წლის 3 ივლისს, 16.00 საათზე; შპს „რ.ბ.ჯ“-ს, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 3 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „რ.ბ.ჯ“-ს დირექტორი გია ტოგონიძე.
კომისიის 2015 წლის 3 ივლისის სხდომაზე გამოქვეყნდა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (03.07.2015 N10/4498-15) სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი შპს „რ.ბ.ჯ“–ს მიერ 2015 წლის 30 ივნისს მულტიპლექსპლატფორმის მეშვეობით გავრცელებული სამაუწყებლო კონტენტი, რის საფუძველზეც ირკვევა, რომ მულტიპლექსპლატფორმაში შპს „რ.ბ.ჯ“–ს სიგნალის ჩართვიდან მის გამორთვამდე ვრცელდებოდა სამაუწყებლო არხ „ОРТ“–ს (რუსეთის ფედერაცია) პროგრამები, ამავე არხის სამაუწყებლო ბადის შესაბამისად. კერძოდ, გადაცემები განთავსებული იყო შემდეგი თანმიმდევრობით – „Давай Поженимся“, „Пусть Говорят“ с Андреем Малаховым და „Время“.
როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, სამაუწყებლო არხ „ОРТ“-ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე (http://www.1tv.com) გამოქვეყნებული პროგრამების თანმიმდევრობა შპს „რ.ბ.ჯ“–ს მიერ გავრცელებული სიგნალის იდენტურია. კერძოდ, ვებ–გვერდზე http://www.1tv.com გამოქვეყნებული პროგრამების განრიგის შესაბამისად, 17:00 საათზე განთავსებული იყო გადაცემა „Давай Поженимся“, 18:00 საათზე განთავსებული იყო გადაცემა „Пусть Говорят“ с Андреем Малаховым, ხოლო 19:00 საათზე პროგრამა „Время“.
სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ტ2 პუნქტის შესაბამისად, ტელემაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია. ამასთან, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი.
კომისიის 2015 წლის 3 ივლისის სხდომაზე შპს „რ.ბ.ჯ“-ს დირექტორმა აღნიშნა, რომ მაუწყებლის ეთერით ხორციელდება სამაუწყებლო არხ „ОРТ“–ს (რუსეთის ფედერაცია) პროგრამების გადაცემა, შპს „რ.ბ.ჯ“-სა და დახურულ სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. გია ტოგონიძემ აღიარა ის ფაქტი, რომ მაუწყებელს კომისიისთვის არ ჰქონდა წარმოდგენილი არც მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე და არც ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც შპს „რ.ბ.ჯ“-ს დირექტორის განცხადებით გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ კომპანია მულტიპლექსპლატფორმის მეშვეობით ახორციელდებდა საცდელ მაუწყებლობას. სხდომაზე გია ტოგონიძის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „რ.ბ.ჯ“-სა და დახურულ სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელთან“ გაფორმებული ხელშეკრულება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. შპს „რ.ბ.ჯ“ წარმოადგენს მაუწყებლიბის სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის NBR-1244), რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კომისიაში საერთო ტელემაუწყებლობაზე.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის (მაუწყებლობის ავტორიზაციის ერთიანი წესი) მე–10 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
3. შპს „სტერეო+“-ს ოფიციალური ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.stereoplus.ge) გამოქვეყნებული ინფორმაციის (16.05.2015) შესაბამისად, შპს „რ.ბ.ჯ“ აკმაყოფილდებდა 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრული DVB-T2 სტანდარტის მულტიპლექსით, საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის კრიტერიუმებს და შესაბამისად, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით შპს „რ.ბ.ჯ“-ს სამაუწყებლო სიგნალი ვრცელდებოდა შპს „სტერეო+“-ს მფლობელობაში არსებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით, მულტიპლექსპლატფორმით;
4. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიაში მიმდინარეობდა შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესწავლა/ანალიზი, 2015 წლის 30 ივნისს, კომისიამ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პრევენციულად თავიდან აცილების მიზნით, წერილით (N04/1209-15) მიმართა შპს „სტერეო+“, რათა ამ უკანასკნელს თავი შეეკავებინა შპს „რ.ბ.ჯ“–ს მიერ მოწოდებული სიგნალის გავრცელებისაგან, მანამ სანამ კომისიის მხრიდან არ დასრულდებოდა ზემოაღნიშნული შესწავლა/ანალიზის პროცესი.
5. შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით კომისიაში არ იყო წარმოდგენილი არც მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით და არც ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამატასტურებელი დოკუმენტაცია, როგორც ამას ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტები.
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს საცდელი მაუწყებლობის განხორციელებას, კანონი, კერძოდ 451 მუხლის მე-10 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტები ცალსახად განსაზღვრავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით და კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ 2015 წლის 30 ივლისს, მულტიპლექსპლატფორმის მეშვეობით ხორციელდებოდა მაუწყებლობა და კომპანიის მიერ მაუწყებლობის დაწყებამდე კომისიაში არ იყო წარმოდგენილი არც მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით და არც ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამატასტურებელი დოკუმენტაცია, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტები, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე წარმოადგენს მაუწყებლის სანქცირების საფუძველს. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი ფორმა, გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რ.ბ.ჯ“-ს უნდა მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო; ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ შესწავლილ უნდა იქნას კომისიაში შპს „რ.ბ.ჯ“-სა და დახურულ სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელთან“ გაფორმებული ხელშეკრულება იმის დასადგენად, ხომ არ ხორციელდება სამაუწყებლო არხ „ОРТ“-ს ტრანტიზი შპს „სტერეო+“-ს მფლობელობაში არსებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით, მულტიპლექსპლატფორმით ღია საეთერო ფორმატში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და მ) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. განემარტოს შპს „რ.ბ.ჯ“-ს, რომ იგი ვალდებულია მაუწყებლობის დაწყებამდე 10 დღით ადრე წარმოუდგინოს კომისიას მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
3. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი, შპს „რ.ბ.ჯ“-სა და დახურულ სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლა და კომისიისთვის დასკვნის წარმოდგენა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე კომისიის უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის და შპს „სტერეო+“-სთვის გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
