წვდომის მენიუ

შპს ”რადიო არტის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 395 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2015 13:49

მიღების თარიღი ივლისი 09, 2015

შპს ”რადიო არტის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის           30 დეკემბრის 834/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/3794-15, 10.06.2015წ.) მიმართა შპს ”რადიო არტმა“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს ზემოაღნიშნული ლიცენზიით ქ. თბილისში მაუწყებლობისთვის განსაზღვრულ სიხშირეზე (97.5 მჰც) საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც წერილშია აღნიშნული მათ არხზე თავსდება მუსიკასთან, ხელოვნებასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისად პოლიტიკური ხასიათის თოქ-შოუები და საინფორმაციო გამოშვებები ასეთი ფორმატის არხისთვის შეუსაბამო და ზედმეტია. აღნიშნულს ადასტურებს სხვადასხვა ფორმატის გამოკითხვები, რომელთა თანახმად მსმენელსაც მიაჩნია, რომ არამიმზიდველია საინფორმაციო გამოშვებისა თუ პოლიტიკური გადაცემების სმენა იმ პროგრამებთან ერთად, რომლებიც განთავსებულია მათ ეთერში. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს მსმენელის დაკარგვა, რაც რეიტინგზე და კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს.   

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო არტი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ა) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე  1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი; 97,5 მგჰც სიხშირეზე  1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;

ბ) რადიო მაუწყებლობა 103,0 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. გორი;

გ) რადიო მაუწყებლობა 104,5 მგჰც სიხშირეზე 0.5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ქუთაისი;

დ) რადიო მაუწყებლობა 101,0 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ბათუმი;

ე) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ზუგდიდი;

ვ) რადიო მაუწყებლობა 105,5 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თელავი;

ზ) რადიო მაუწყებლობა 105,9 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ლაგოდეხი;

თ) რადიო მაუწყებლობა 104,2 მგჰც სიხშირეზე 0.3 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ახალციხე;

დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 12 საათი;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

 კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/4002-15, 18/06/2015) თანახმად, ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისის გეოგრაფიულ ზონაში (ზონა №259) საერთო რადიომაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა, რის გამოც დეპარტამენტს მიაჩნია, ლიცენზიის მოდიფიცირება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არა არის. რაც შეეხება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხს დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება შეიცავს დასაბუთებულ მოთხოვნას და შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ”რადიო არტის“ მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე და სახეობა აღარ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად მაუწყებლობის სახეებია, ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობებია კერძო მაუწყებლობა და სათემო მაუწყებლობა, ხოლო ქვესახეობებია საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა. გარდა ამისა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით დასაზუსტებელია მაუწყებლობის ენა/ენები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს ”რადიო არტის“ კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის მოდიფიცირება, რათა სალიცენზიო პირობები მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”რადიო არტის“ კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2015 წლის 6 აგვისტოს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე                           (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”რადიო არტისთვის“ გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით          (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                              ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                              გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                               მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები