წვდომის მენიუ

შპს „შონი ოცდამეორეს“ (ს/ნ 202371922) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „საქართველოს ციფრული ქსელების“ (ს/ნ 402013995) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 398 / 11

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2015 17:26

მიღების თარიღი ივლისი 09, 2015

 

შპს „შონი ოცდამეორეს“ (ს/ნ 202371922) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „საქართველოს ციფრული ქსელების“ (ს/ნ 402013995) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2015 წლის 12 ივნისს წერილით მიმართა შპს „შონი ოცდამეორემ“  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3852-15 12.06.2015), შპს „შონი ოცდამეორეს“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (კაბელები, რესივერები, მოდულატორები, სატელიტური ანტენა, კონექტორები, უწყვეტი კვების ბლოკები, სიგნალის გამაძლიერებლები) შპს „საქართველოს ციფრული ქსელების “ მიერ  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „შონი ოცდამეორე“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

                ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

 

შპს „შონი ოცდამეორეს“ ასევე ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:

            B.1

  ტელემაუწყებლობა

     

        სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ 2015 წლის 12 ივნისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3852-15 12.06.2015), ასევე 2015 წლის 19 ივნისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/4095-15 19.06.2015) წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

                - შპს „შონი ოცდამეორეს“ საქმიანობის და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;  

                - შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ;

                - შპს „შონი ოცდამეორეს“  აბონენტთა რაოდენობის შესახებ;

                - შპს „შონი ოცდამეორეს“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შესახებ;

                - შპს „შონი ოცდამეორეს“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შემძენი კომპანიის - შპს „საქართველოს ციფრული ქსელების“ დამფუძნებლის შესახებ;

                - შპს „საქართველოს ციფრული ქსელების“ და მისი დამფუძნებლის  ურთიერთდამოკიდებული / აფილირებული პირების შესახებ;

-შპს „შონი ოცდამეორეს“ წესდება.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „შონი ოცდამეორეს“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია კობა ციმაკურიძე.

 მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „საქართველოს ციფრული ქსელების“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია კობა ციმაკურიძე.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №10/4113-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „საქართველოს ციფრული ქსელების“ წილის 100%-ის მფლობელის და დირექტორის, კობა ციმაკურიძის, აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „საქართველოს ციფრული ქსელები“ არ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 24 ივნისის №10/4281-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „შონი ოცდამეორე“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შესაბამისად, შპს „შონი ოცდამეორეს“  მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან  მიღებულმა  შემოსავლებმა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგინა - 279,334 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2015 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგინა 4010  აბონენტი.

შესაბამისად, ქალაქ თბილისში, ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს „შონი ოცდამეორეს“  აბონენტთა ხვედრითი წილი 2015  წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენდა - 1,48%-ს, ხოლო ქალაქ თბილისში, ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს „შონი ოცდამეორეს“  შემოსავლების ხვედრითი წილი 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგენდა - 1,5%-ს.

შპს „შონი ოცდამეორეს“  მიერ მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავლები 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგენდა 1551 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „შონი ოცდამეორე“ 2015 წლის 19 ივნისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/4095-15 19.06.2015) ადასტურებს, რომ საოპერაციო აქტივების რეალიზაციის შემთხვევაში შპს „შონი ოცდამეორე“ არ აჩერებს და არ წყვეტს ავტორიზებულ საქმიანობას  და უზრუნველყოფს აბონენტების მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას იჯარით აღებული საკომუნიკაციო ქსელებითა და ტექნიკური საშუალებებით.   

                ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „შონი ოცდამეორეს“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „საქართველოს ციფრული ქსელების“ მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „შონი ოცდამეორეს“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „საქართველოს ციფრული ქსელების“ მიერ  შეძენიაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „შონი ოცდამეორეს“,  შპს „შონი ოცდამეორეს“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „საქართველოს ციფრული ქსელების“ მიერ  შეძენაზე.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების შპს „შონი ოცდამეორესათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების შპს „შონი ოცდამეორესათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების „შონი ოცდამეორესათვის“ გაგზავნა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს). 

         კომისიის თავმჯდომარე                           ვახტანგ აბაშიძე

 

       კომისიის წევრი                                      ელისო ასანიძე       

       კომისიის წევრი                                      კახი ბექაური

       კომისიის წევრი                                       გიორგი ფრუიძე

         კომისიის წევრი                                        მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები