შპს „დანი კომპიუტერსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და პატიების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2015 11:10
მიღების თარიღი ივლისი 09, 2015
შპს „დანი კომპიუტერსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და პატიების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
2015 წლის 22 მაისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 22 მაისის N10/3283-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის 2015 წლის 16 აპრილის N195/18 გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2015 წლის 21 მაისის მდგომარეობით, შპს „დანი კომპიუტერსს“ კომისიაში არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, კერძოდ: N5.4 ფორმა, N1.2 ფორმა და N1.3 ფორმა.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 16 ივნისს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის N10/3859-15 სასმახურებრივი ბარათი შპს „დანი კომპიუტერსის“ მიერ კომისიაში 2015 წლის მაისის ჩათვლით წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების დაზუსტებული ფორმების წარმოდგენის შესახებ.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 16 ივნისს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამეტის 2015 წლის 16 ივნისის N10/3861-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად, შპს „დანი კომპიუტერსს“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს მხოლოდ 2014 წლის იანვარი-დეკემბრის და 2015 წლის იანვარი-აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების ფორმები და განხორციელებული აქვს შესაბამასი თანხის ჩარიცხვები, ხოლო კომისიაში შპს „დანი კომპიუტერსს“ დღემდე წარმოსადგენი რჩება 2011 წლის იანვარი-დეკემბრის, 2012 წლის იანვარი-დეკემბრის და 2013 წლის იანვარი-დეკემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიულრი სფასურის გაანგარიშების ფორმები, რომელთა წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება შპს „დანი კომპიუტერსის“ ზემოაღნიშნული წლების დავალიანება.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური და საფინანსო დეპარტამენტების სამსახურებრივი ბარათების (22.05.2015; N10/3283-15; 17.06.2015; N10/3861-15) საფუძველზე, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 17 ივნისს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დანი კომპიუტერსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 23 ივნისს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს ,,დანი კომპიუტერსს“ ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი: 040025084081) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 23 ივნისს კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „დანი კომპიუტერსის“ დირექტორი - ბატონი დავით კურტანიძე, რომელმაც აღიარა დარღვეები და განმარტა, რომ შპს „დანი კომპიუტერსის“ მიერ განხორციელდა გარკვეული განახლებები კომისიის სტატისტიკურ ბაზაში, მათ მიერ შეძლებისდაგვარად ივსებოდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, თუმცა, როგორც აღმოჩნდა არასწორედ, ისინი კვარტლის მონაცემებს აჯამებნენ და ფორმებში უთითებდნენ დაჯამებული აბონენტების რაოდენობას; კომისიაში კონსულტაციის გავლის შემდგომ, აღნიშული შეცდომა იქნა გამოსწორებული, თუმცა, შპს „დანი კომპიუტერსის“ დირქტორი არ გამორიცხავს მცირედი შეცდომის გაპარვას.
კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „დანი კომპიუტერსისათვის“ ადმინისტრაცილი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვა, დამატებითი მტკიცებულებების შესწავლის მიზნით, გადატანილ იქნა 2015 წლის 2 ივლისს, 16:00 საათზე ჩანიშნულ კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 2 ივლისს კომისიის სხდომამდე, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რატი სხირტლაძის 2015 წლის 2 ივლისის სამსახურებრივი ბარათი N10/4465-15, რომლის თანახმად, შპს „დანი კომპიუტერსს“ 2015 წლის 2 მარტის N05/182-15 წერილში მითითებული ფორმები: N1.2 (თანამშრომლები), N1.3 (ინვესტიციები) და 5.4 (საბითუმო ინტერენტის შესყიდვა/გაყიდვა) სრულად ჰქონდა წარმოდგენილი.
2015 წლის 2 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „დანი კომპიუტერსის“ დირექტორი დავით კურტანიძე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა იოსებ აბულაძემ კომისიის სხდომაზე წარმოადგინა 2015 წლის 16 ივნისის N3861-15 სამსახურებრივი ბარათი და განაცხადა, რომ შპს „დანი კომპიუტერსს“ არ აქვს წარმოდგენილი კომისიაში 2011, 2012 და 2013 წლების იანვარი–დეკემბრის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც შესაბამისი ჩარიცხვები აქვს განხორციელებული.
შპს „დანი კოპოიტერსის“ დირქტორმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ მას კომისიაში წარმოდგენილი აქვს მთელი წლის ინფორმაცია, ხოლო წინა წლების ფორმების წარმოდგენის ვალდებულების შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ვალდებულებასაც აღასრულებდა.
კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „დანი კომპიუტერსისათვის“ ადმინისტრაცილი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვა, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით, გადატანილ იქნა 2015 წლის 9 ივლისის, 16:00 საათზე ჩანიშნულ კომისიის სხდომაზე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 8 ივლისს გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის N10/4635-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად, შპს „დანი კომიუტერსმა“ კომისიაში წარმოადგინა და გადაიხადა 2011, 2012 და 2013 წლების იანვარ-დეკემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასური.
2015 წლის 9 ივლისის კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „დანი კომპიუტერსის“ დირექტორი დავით კურტანიძე, რომელმაც განმარტა, რომ შპს „დანი კომპიუტერსს“ კომისიის წინაშე დღეის მდგომარეობით, აღარ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება.
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის ინფომრაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 22 მაისის სასმახურებრივი ბარათი N10/3283-15;
- კომისიის 2015 წლის 16 აპრილის N195/18 გადაწყვეტილება შპს „დანი კომპიუტერსის“ ადმინისტრაცილი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
- კომისიის 2015 წლის 16 აპრილის N195/18 გადაწყვეტილების შპს „დანი კომპიუტერსისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი (გზავნილის კოდი: 040023907825; თარიღი: 04.05.2015);
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის N10/3859-15 სამსახურებრივი ბარათი შპს „დანი კომპიუტერსის“ მიერ სტატისტიკური ფორმების შევსების თაობაზე;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივლისის N10/4465-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამეტნის 2015 წლის 16 ივნისის N3861-15 სამსახურებრივი ბარათი რეგურიების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობის და შესაბამისი ჩარიცხვების განუხორციელებლობის შესახებ;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის N10/4116-15 სამსახურებრივი ბარათი შპს „დანი კომპიუტერსის“ 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავალის თაობაზე;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 8 ივლისის N10/4635-15 სამსახურებრივი ბარათი;
- შპს „დანი კომპიუტერსის“ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
- 2015 წლის 23 ივნისის, 2 და 9 ივლისის კომისიის სხდომებზე შპს „დანი კომპიუტერსის“ დირექტორის დავით კურტანიძეს მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები;
- 2015 წლის 23 ივნისის და 2 ივლისის კომისიის სხდომებზე ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რატი სხირტლაძის მიერ მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები;
- 2015 წლის 23 ივნისის, 2 ივლისის და 9 ივლისის კომისიის სხდომებზე საფინანსო დეპარტამენტის უფროსის იოსებ აბულაძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „დანი კომპიუტერსი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 21.02.2011, ავტორიზებული საქმიანობის სახე - ინტერნეტ მომსახურება; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნვეყოფა და სხვა;);
- შპს „დანი კომპიპუტერსი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- შპს „დანი კომპიუტერსს“ 2015 წლის 30 აპრილს გაეგზავნა კომისიის 2015 წლის 16 აპრილის N195/18 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კომპანიას აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღეში კომისიაში უნდა წარმოედგინა სტატისტიკური ანგარიშგების შევსების ფორმები და რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, აგრეთვე შპს „დანი კომპიუტერსს“ უნდა განეხორციელებინა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის ჩარიცხვა;
- შპს „დანი კომპიუტერსმა“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ (2015 წელი 17 ივნისი) 2015 წლის 2 ივლისს კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის 2 მარტის N05/182-15 წერილში და კომისიის 2015 წლის 16 აპრილის N195/18 გადაწყვეტილებაში მითითებული შესავსები სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, კერძოდ: ფორმა N1.2, ფორმა N1.3 და ფორმა N5.4;
- შპს „დანი კომპიუტერსს“ კომისიაში წარმოდგენილი და გადახდილი აქვს 2014 წლის იანვარი-დეკემბრის ჩათვლით და 2015 წლის იანვარი - აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები;
- შპს „დანი კომპიუტერსმა“ 2015 წლის 8 ივლისს, ვადის დარღვევით, კომისიაში წარმოადგინა და გადაიხადა 2011, 2012 და 2013 წლების იანვარი-დეკემბრის თვეების და 2015 წლის აპრილი-მაისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასური;
- შპს „დანი კომპიუტერსის“ მიმართ იმავე დარღვევისათვის გამოყენებული იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ერთი-ერთი სახე, კერძოდ, 2015 წლის 16 აპრილის N195/18 გადაწყვეტილებით, შპს „დანი კომპიუტერსი“ გაფრთხილდა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების და კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამსიად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის,საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ16) პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასური არის, ამ კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
- „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 9 ივლისის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ ავტორიზებულ პირ შპს „დანი კომპიუტერსის“ მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების ფორმების წარმოდგენასთან და შესაბამისი თანხების ჩარიცხვასთან, აგრეთვე სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები, შესრულებულ იქნა (დარღვევები აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „დანი კომპიუტერსის“ მიერ 9 ივლისის მდგომარეობით შესრულებულია ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, იმსჯელოს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აპატიოს კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევა შპს „დანი კომპიუპტერსს“ და შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „დანი კომპიუტერსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1 ეპატიოს შპს „დანი კომპიუტერსს“ სტატისტიკური ანგარიშგების შევსებული ფორმების და რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კანონით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა, აგრეთვე რეგულირების საფასურის კომისიის ანგარიშზე კანონით დადგენილ ვადაში ჩაურიცხველობა;
2 შპს „დანი კომპიუტერსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდეს;
3 დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „დანი კომპიუტერსისათვის“ ჩაბარება;
4 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
5 გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირისთვის ჩაბარების დღიდან;
6 კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
