შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2015 18:12
მიღების თარიღი იანვარი 22, 2015
შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№6/46-14; 08.01.2015) მიმართა შპს ,,ლაგმა“ სს ,,სილქნეტთან“ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისა და აღნიშნულ კომპანიებს შორის ურთიერთჩართვის სასწრაფოდ აღდგენის მოთხოვნით.
შპს ,,ლაგის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,ლაგის“ მიერ 2014 წლის ნოემბრის თვეში სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით საერთაშორისო ზარების გარკვეული რაოდენობა (6215 წუთი) განხორციელდა ადგილობრივი ზარებისათვის გამოყოფილი არხის გამოყენებით. ამავე განცხადების თანახმად, საერთაშორისო ზარების გატარება ადგილობრივი ტრაფიკისათვის გამოყოფილ არხში ტექნიკურად განხორციელდა იმ მიზეზით, რომ საერთაშორისო ზარებისათვის გამოყოფილ არხში ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ხერხდებოდა ზარების დასრულება, რაც შპს ,,ლაგის“ განცხადებით, თვალნათლივ ჩანს კომპანიის მიერ წამროდგენილ CD-R-ში. შპს ,,ლაგის“ განცხადების თანახმად, აღნიშნული ზარები განხორციელდა ჯერ საერთაშორისო არხში, ხოლო ზარის დაუსრულებლობის შემდეგ გადამისამართებული იქნა ადგილობრივი ზარებისათვის გამოყოფილ არხში. აღნიშნული ზარების განხორციელება სხვა ადგილობრივი ზარებისგან განსხვავებისათვის მოხდა შპს ,,ლაგის“ ქოლ-ცენტრის 242-50-50 A-ნომრის გამოყენებით, რაც შპს ,,ლაგის“ განცხადებით, მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიას სს ,,სილქნეტისათვის“ აღნიშნული ტრაფიკი არ დაუფარავს. შპს ,,ლაგის“ განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ სს ,,სილქნეტის“ ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან მიღებულ შესათანხმებელ შედარების აქტში არ იყო გათვალისწინებული ზემოაღნიშნული წუთები და შესაბამისი დაანგარიშება. აღნიშნული წუთების და შესაბამისი თანხის (0.09 ცენტის) გათვალისწინება მოხდა შპს ,,ლაგის“ მოთხოვნით, რაც შპს ,,ლაგის” განცხადებით, მიუთითებს ზარების საერთაშორისო ზარებად აღიარებაზე. შპს ,,ლაგის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნოემბრის თვის ტრაფიკების შედარების და საბოლოო ანგარიშსწორების მომენტისათვის შპს ,,ლაგს“ სს ,,სილქნეტის“ ანგარიშზე დეპოზიტისა და ავანსის სახით ჰქონდა გარკვეული თანხა და სს ,,სილქნეტისთვის“ არანაირი ფინანსური ზიანი არ მიუყენებია. შპს ,,ლაგის“ განცხადებით, სს ,,სილქნეტმა“ 2014 წლის 15 დეკემბრიდან შეუწყვიტა ურთიერთჩართვა, რაც ეწინააღმდეგება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტს. შპს ,,ლაგის“ განცხადებით, ურთიერთჩართვის შეწყვეტამ დაარღვია მომხმარებელთა უფლებები, ხოლო შპს ,,ლაგს“ მიაყენა მძიმე ზიანი.
მოთხოვნა:
კომისიის მიერ შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის არსებული დავის განხილვა და აღნიშნულ კომპანიებს შორის ურთიერთჩართვის სასწრაფოდ აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ლაგის” განცხადების საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვაზე. შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე არსებული დავის განხილვასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 22 იანვარს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით (№03/33-15, 15.01.2015; №03/34-15, 15.01.2015) ეცნობათ შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“. შპს ,,ლაგს“ და სს ,,სილქნეტს“ ასევე ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები და მტკიცებულებები წარმოედგინათ კომისიაში 2015 წლის 22 იანვრამდე. შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.
2015 წლის 21 იანვარს კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის“ წერილი (№6/328-15, 21.01.2015), რომელსაც თან ერთვის სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,ლაგს“ შორის 2011 წლის პირველ დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიებს შორის ურთიერთჩართვის შესახებ. სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის 21 იანვრის წერილში აღნიშნულია, რომ სს ,,სილქნეტის“ მიერ შპს ,,ლაგს“ ურთიერთჩართვის მომსახურება მიეწოდებოდა, როგორც წერილზე თანდართული ხელშეკრულების, ისე 2014 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული სს ,,სილქნეტის“ საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) პირობათა შესაბამისად.
2015 წლის 22 იანვარს კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის“ წერილი (№6/340-15, 22.01.2015), რომლითაც კომპანიამ წარმოადგინა შპს ,,ლაგთან“ დაკავშირებით სს ,,სილქნეტის“ მიერ სატესტოდ განხორციელებული ზარების შესახებ სს ,,მედიაფონის“ წერილობითი დასკვნა.
2015 წლის 22 იანვარს, კომისიის მოსამზადებელ სხდომას ეწრებოდნენ შპს ,,ლაგის“ დირექტორი ნ. ჭელიძე და სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლები მ. გონაშვილი და მ. ქოქიაშვილი.
კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე შპს ,,ლაგის“ დირექტორმა ნ. ჭელიძემ დაადასტურა 2015 წლის 8 იანვრის №6/46-14 განცხადებაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნა. ამასთან, მან დაადასტურა, რომ კომპანია არ არის წინააღმდეგი დავა მორიგებით დაასრულოს.
კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა მ. გონაშვილმა დაადასტურა, რომ სადავო საკითხის განხილვა განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას და არ არის წინააღმდეგი კომისიამ დაიწყოს აღნიშნულ საკითხზე დავის განხილვა. ამასთან, სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კომპანია მზად არის დავა მორიგებით დაასრულოს.
შპს ,,ლაგის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადების, მხარეთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,ლაგი“ და სს ,,სილქნეტი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში და შესაბამისად, კომისიაში უნდა დაიწყოს დავის განხილვა შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეთანხმდნენ სადავო საკითხზე და დავა მორიგებით დაასრულონ. კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვის დღე უნდა დაინიშნოს მხარეებს შორის მორიგებისთვის გონივრული პერიოდის აღებით, რათა მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სადავო საკითხთან დაკავშირებით მორიგების პირობების შესათანხმებლად. აქედან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვის დღედ და დროდ უნდა განისაზღვროს 2015 წლის 29 იანვარი, 16:00 საათი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლის, 42-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ მოსარიგებლად განესაზღვროთ ვადა 2015 წლის 29 იანვრამდე;
2. შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით არსებული დავის განხილვა დაინიშნოს 2015 წლის 29 იანვარს, 16:00 საათზე;
3. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ შპს ,,ლაგი“ და სს ,,სილქნეტი“ გაფრთხილდნენ 2015 წლის 22 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
