შპს „GOLDNET”-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2015 14:56
მიღების თარიღი ივლისი 09, 2015
შპს „GOLDNET”-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
2015 წლის 22 მაისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 22 მაისის N10/3284-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის 2015 წლის 16 აპრილის N196/18 გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2015 წლის 21 მაისის მდგომარეობით, შპს „GOLDENET“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, კერძოდ ავტორიზებულ პირს 2014 წლის ივლისიდან კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი ფორმები: N1.1; N1.2; N1.3; N4.1; N4.2, ასევე 2015 წლის მარტის ფორმა N5.4.
2015 წლის 16 ივნისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის N10/3859-15 სამსახურებრივი ბარათი შპს „GOLDNET”-ის მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობის თაობაზე დაზუსტებული ინფორმაციის შესახებ.
2015 წლის 16 ივნისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის N10/3860-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ შპს „GOLDNET“-ს კომისიაში წარმოდგენილი აქვს 2014 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების ფორმები და იმავე პერიოდისათვის გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება 460.32 ლარი. ზემოაღნიშნული ბარათის შესაბამისად, კომპანიას წარმოსადგენი აქვს 2015 წლის იანვარი-აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც შპს „GOLDNET“-ის რეგულირების საფასურის საბოლოო დავალიანება ვერ დგინდება.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური და საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (22.05.2015; N10/3284-15; 16.06.2015; N10/3860-15) საფუძველზე, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 17 ივნისს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „GOLDNET”-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 23 ივნისს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს ,,GOLDNET”-ს ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი: 040025084098) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 23 ივნისს კომისიის სხდომას არ ესწრებოდა შპს „GOLDNET“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა შეტყობინება გაიგზავნა კომპანიის იმ იურიდიულ მისამართზე, რომელიც რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. საფოსტო გზავნილი (N03/1010-15) 2015 წლის 17 ივნისს ჩაიბარა ფიზიკურმა პირმა პაპუნა ყალიჩავამ, რაც მისი ხელისმოწერით დასტურდება. 2015 წლის 23 ივნისს, დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობის გამო, კომისიამ მიიღო საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,GOLDNET”-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის გადადებისა და სხდომის 2015 წლის 2 ივლისს, 16:00 საათზე გამართვის თაობაზე. აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის თაობაზე შპს ,,GOLDNET”-ს ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით (03/1189-15).
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 2 ივლისს, კომისიის აპარატის ინფომრაციულ-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა, სხდომის დაწყების წინ, წარმოადგინა 2015 წლის 2 ივლისის N10/4465-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ შპს „GOLDNET“-ს 2015 წლის 2 მარტის N05/185-15 წერილში მითითებული ფორმები სრულად აქვს წარმოდგენილი. 2015 წლის 2 ივლისის კომისიის სხდომას არ ესწრებოდა კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლი. კომისიამ მიიღო საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,GOLDNET”-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის გადადებისა და სხდომის 2015 წლის 9 ივლისს, 16:00 საათზე გამართვის თაობაზე. აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით სხდომის გამართვის თარიღის, დროისა, ადგილის და დარღვევის (რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების ფორმების წარმოუდგენლობა და რეგულირების საფასურის დავალიანების არსებობა) თაობაზე შპს ,,GOLDNET”-ს ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას 2015 წლის 3 ივლისს გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით (03/1229-15). აღნიშნული შეტყობინება 2015 წლის 4 ივლისს ჩაიბარა ფიზიკურმა პირმა პაპუნა ყალიჩავამ, რაც მისი ხელისმოწერით დასტურდება.
კომისიის 2015 წლის 9 ივლისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „GOLDNET“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა შეტყობინება გაიგზავნა კომპანიის იმ იურიდიულ მისამართზე, რომელიც რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (საფოსტო გზავნილი: N03/1229-15). კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „GOLODNET“-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის 2015 წლის 9 ივლისის სხდომაზე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამეტნის უფროსმა წარმოადგინა N10/4651-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად, შპს „GOLDNET“-ს, კომისიაში წარმოდგენილი აქვს 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება - 1.168.66 ლარი.
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 22 მაისის სასმახურებრივი ბარათი N10/3284-15;
- კომისიის 2015 წლის 16 აპრილის N196/18 გადაწყვეტილება შპს „GOLDNET“-ისათვის ადმინისტრაცილი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
- კომისიის 2015 წლის 16 აპრილის N196/18 გადაწყვეტილების შპს „GOLDNET“-თვის ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი (გზავნილის კოდი:040023907892; თარიღი:30.04.2015);
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის N10/3859-15 სამსახურებრივი ბარათი შპს „GOLDNET“-ის სტატისტიკური ფორმების შევსების თაობაზე;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპატამენტის 2015 წლის 2 ივლისის N10/4465-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის N3860-15 სამსახურებრივი ბარათი რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და შესაბამისი ჩარიცხვების შესახებ;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 19 ივნისის N10/4098-15 სამსახურებრივი ბარათი შპს „GOLDNET“-ის 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავალის თაობაზე, ასევე შპს „GOLDNET“-ის დაზუსტებული ჯამური შემოსავლები 9 ივლისის სხდომისათვის;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 9 ივლისის N10/4651-15 სამსახურებრივი ბარათი;
- შპს „GOLDNET“-ის ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
10. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რ. სხირტლაძის განმარტებები, მიცემული კომისიის 2015 წლის 2 ივლისის სხდომაზე;
11. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი. აბულაძის განმარტებები მიცემული კომისიის 2015 წლის 2 და 9 ივლისის სხდომებზე.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „GOLDNET“-ი არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 06.11.2012, ავტორიზებული საქმიანობის სახე - ინტერნეტ მომსახურება; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნვეყოფა და სხვა;);
- შპს „GOLDNET“-ი, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- შპს „GOLDNET“-ს 2015 წლის 29 აპრილს გაეგზავნა კომისიის 2015 წლის 16 აპრილის N196/18 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კომპანიას აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღეში კომისიაში უნდა წარმოედგინა სტატისტიკური ანგარიშგების შევსებული ფორმები და რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები, აგრეთვე შპს „GOLDNET“-ს უნდა განეხორციელებინა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის ჩარიცხვა;
- 2015 წლის 2 ივლისის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის N10/4465-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „GOLNDET“-ს კომისიაში სრულად აქვს წარმოდგენლი 2015 წლის 2 მარტის N05/185-15 წერილში მითითებული ფორმები, კერძოდ: ფორმა N1.1 (შემოსავლები); ფორმა N1.2 (თანამშრომლები); ფორმა N1.3 (ინვესტიციები); ფორმა N4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი); ფორმა N4.2 (აბონენტები კვარტალში) და ფორმა N5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა);
- შპს „GOLDNET“-ს კომისიაში წარმოდგენილი აქვს 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების ფორმები;
- შპს „GOLDNET“-ს კომისიის ანგარიშზე არ ჩაურიცხავს რეგულირების საფასურის 2015 წლის იანვარი - მაისის თვეების დავალიანება, რომელიც, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 9 ივლისის N10/4651-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შეადგენს 1,168.66 ლარს;
- შპს „GOLDNET”-ის მიმართ იმავე დარღვევისათვის გამოყენებული იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ერთი-ერთი სახე, კერძოდ, 2015 წლის 16 აპრილის N196/18 გადაწყვეტილებით, შპს „GOLDNET“-ი გაფრხილდა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების და კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.
გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამსიად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ16) პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასური არის, ამ კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
- „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 9 ივლისის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ ავტორიზებულ პირ შპს „GOLDNET”-ს კომისიის ანგარიშზე არ განუხორციელებია 2015 წლის იანვარი-მაისის თვეების დავალიანების (1,168.66 ლარი) ჩარიცხვა, რაც კომისიის აზრით მიუთითებს იმაზე, რომ შპს „GOLDNET“-ის მიერ ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების და კომისიის 2015 წლის 16 აპრილის N196/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას; აღსანიშნავია, რომ შპს „GOLDNET“-ის მიმართ იმავე დარღვევებისათვის, 2015 წლის 16 აპრილის N196/18 გადაწყვეტილებით, გამოყენებული იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, კერძოდ, გაფრთხილება.
კომისია აღნიშნავს, რომ „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „GOLDNET“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იქნა იდენტური დარღვევისათვის - გაფრთხილება და სახეზეა დენადი ხასიათი დარღვევა, კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფორმებიდან გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ჯარიმა;
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების თანახმად (N10/4098-15; N10/4715-15), შპს „GOLDNET“-ის ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამურმა შემოსავალმა კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით შეადგინა 228,443.75 ლარი, ხოლო 0,5 % შეადგენს - 1,142.22 ლარს, შესაბამისად, შპს „GOLDNET“-ს უნდა დაეკისროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს რეგულირების საფასურის დავალიანების კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, კომისიის 2015 წლის 16 აპრილის N196/18 გადაწყვეტილების, ასევე, „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1 დაეკისროს ჯარიმა შპს „GOLDNET”-ს 3000 ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, კომისიის 2015 წლის 16 აპრილის N196/18 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;
2 უზრუნველყოს შპს „GOLDNET“-მა 10 სამუშაო დღეში 2015 წლის იანვრის თვიდან მაისის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის დავალიანების გადახდა, კომისიის ანგარიშზე;
3 უზრულნველყოს შპს „GOLDNET“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300713251;
4 უზრუნველყოს შპს „GOLDNET“-მა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
5 დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „GOLDNET“-თვის ჩაბარება;
6 დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ავტორიზებული პირების სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
8 გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირისთვის ჩაბარების დღიდან;
9 კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძეს);
10 კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
