წვდომის მენიუ

სს ,,სილქნეტის“ საჩივრის დაკმაყოფილებისა და ადმინისტრაციული წარმოების დამატებითი მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის თაობაზე

ნომერი: 401 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2015 17:23

მიღების თარიღი ივლისი 09, 2015

სს ,,სილქნეტის“ საჩივრის დაკმაყოფილებისა და  ადმინისტრაციული წარმოების დამატებითი მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის თაობაზე

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა  მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია“) სს ,,სილქნეტმა“ საჩივრით (№1407/05-8; 27.03.2015. კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1507-15; 27.03.2015)  მიმართა. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 12 მარტიდან სს ,,სილქნეტი“ შპს ,,ახალ ქსელებს“ უწყვეტად უწევს ურთიერთჩართვის მომსახურებას.  2014 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2015 წლის იანვრის თვეებში, სს ,,სილქნეტის“ მიერ საერთაშორისო სატესტო ზარების განხორციელების შედეგად, შპს ,,ახალი ქსელებიდან“ შემომავალ ტრაფიკზე დაფიქსირდა  სს ,,სილქნეტის“ საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 9.10 და 9.11 პუნქტების მოთხოვნებთან შეუსაბამო ქმედებები. კერძოდ, შპს ,,ახალი ქსელებიდან“ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით საერთაშორისო ზარები შევიდა ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხის მეშვეობით შეცვლილი ,,A“ ნომრით. აღნიშნულის შესახებ, კონკრეტული მაგალითის მითითებით, წერილობით (№476/05-8; 03.02.2015) ეცნობათ კომისიას და შპს ,,ახალ ქსელებს“, რასაც სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. საკითხის ყოველმხრივ და დეტალურად შესწავლის ნაცვლად, შპს ,,ახალი ქსელების“  საპასუხო წერილით (№2/2/95; 11.02.2015) მიწოდებულია ზოგადი ინფორმაცია, რომ სს ,,სილქნეტის“ წერილში მაგალითის სახით მოყვანილი ზარი წარმოადგენდა შპს ,,ახალ ქსელებში“ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შემოსულ ზარს, რომელიც შპს ,,ახალმა ქსელებმა“ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით გაატარა ტრანზიტის სახით. სს ,,სილქნეტის“ განმარტებით, შპს ,,ახალი ქსელების“ მხრიდან გატარებულ/დასრულებულ ტრაფიკზე კვლავ შეინიშნება ლოკალური არხით საერთაშორისო ზარების გატარება/დასრულება და ,,A“ ნომრის შეცვლა, რომლის საერთო რაოდენობა 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით შეადგენს 947 241 ზარს, ხოლო წუთობრივად - 6273834 წუთს, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს აყენებს როგორც სს ,,სილქნეტს“, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს. აქედან გამომდინარე, სს ,,სილქნეტი“ ითხოვს კომისიის მიერ საკითხის შესწავლას და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი სანქციების გამოყენებას შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის  მიმართ. სს ,,სილქნეტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერება. სს ,,სილქნეტის“ საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 9.10 და 9.11 პუნქტების თანახმად, ყველა აქცეპტანტი (ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი), რომელიც სარგებლობს საერთაშორისო ზარის ოფერენტის ქსელში დასრულების (ტერმინაციის) მომსახურებით, ოფერენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გამოყოს და მოახდინოს არხის იდენტიფიცირება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო ზარების ოფერენტის ქსელში დასასრულებლად, ასევე არ განახორციელოს საერთაშორისო ზარი ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი ეროვნული ფორმატით ან/და ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი არხებით. 

სს ,,სილქნეტი“ მოითხოვს: 1. შესწავლილ იქნას შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით ლოკალური არხით გატარებული საერთაშორისო ზარები, რომლებზეც, სს ,,სილქნეტის“ მიერ განხორციელებულ სატესტო ზარებზე დაკვირვების შედეგად დაფიქსირდა ,,A“ ნომრის შეცვლის ფაქტი; 2. დაევალოს შპს ,,ახალი ქსელებს“ და შპს  ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს  წარმოადგინონ საბილინგო მონაცემები შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შპს ახალი ქსელების“ გავლით სს ,,სილქნეტში“ დასრულებულ, საჩივარში მითითებულ ზარებთან დაკავშირებით (6273834 წუთზე შესაბამისი თვეების მიხედვით) დარიცხვის და მიღებული შემოსავლების თაობაზე.  შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის ურთიერთჩართვის საფუძველზე, ასევე  საცალო ტარიფის დარიცხვის შედეგად მიღებული შემოსავლების შესახებ მონაცემები თვეების მიხედვით (წუთების რაოდენობა და წუთზე დარიცხული თანხა); 3. საჩივარზე დართულ ციფრული ჩანაწერის სახით - CD წარმოდგენილ სატელეფონო ნომრებზე 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით წარმოდგენილ იქნას აქტიური ნომრების სია, ასევე ინფორმაცია ასეთ აქტიურ ნომრებზე აბონენტების პირველადი რეგისტრაციის თარიღისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე; 4. დაევალოს შპს ,,ახალი ქსელებს“ და შპს  ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს  წარმოადგინონ ინფორმაცია, რის საფუძველზე ხდებოდა ზემოაღნიშნული ტრაფიკის გატარება/დასრულება და რა სახის მომსახურების გაწევა მოხდა სს ,,სილქნეტის“ საჩივარში მითითებული ტრაფიკის ფარგლებში; 5. კომისიის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად, შესაბამისი გადაწყვეტილებით, დადგინდეს, რომელი კატეგორიის ზარებს მიეკუთვნება შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით ლოკალურ არხში გატარებული/დასრულებული სადავო ზარები ადგილობრივს თუ საერთაშორისოს; 6. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდება სადაო ტრაფიკზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების ფაქტი, დაევალოს შპს ,,ახალ ქსელებს“  შეზღუდოს  შპს  ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შემომავალი ტრაფიკის სს ,,სილქნეტის“ ქსელში დასრულება.  2015 წლის 3 აპრილს, სს ,,სილქნეტმა“ თავის საჩივართან (№1407/05-8; 27.03.2015) დაკავშირებით კომისიას წარმოუდგინა დამატებითი ინფორმაცია (CD) 2015 წლის 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით შპს ,,ახალი ქსელებიდან“ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით შესული ტრაფიკის შესახებ.

სს ,,სილქნეტის“  საჩივარი (№1407/05-8; 27.03.2015) თანდართული მასალებით,  საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლისა და შესაბამისი ახსნა-განმარტების  წარმოდგენის მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ, კონკურენციის  ხელშეწყობისა და ინფორმაციულ-ანალიტიკურ  დეპარტამენტებს.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (შ-10/1729-15; 7.04.2015) (თან ერთვის ინფორმაცია სატესტო ზარების განხორციელების შესახებ) თანახმად: 1. არ ჩანს სს „სილქნეტის“ მიერ განხორციელებული სატესტო ზარები იყო თუ არა საერთაშორისო ზარი ან ჰქონდა თუ არა ადგილი ,,A“ ნომრის შეცვლას. CDR-დან ჩანს, რომ  შპს „ქართული სატელეფონო კომპანიის ,,ჯტს“-ის“ აბონენტის მიერ დაწყებული ზარი შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის მიერ გაშვებულ იქნა არა სს ,,სილქნეტთან“ პირდაპირი ურთიერთჩართვის წერტილში, არამედ შპს „ახალი ქსელებში“, რომელმაც ეს ზარი ტრანზიტით დაასრულა  სს „სილქნეტში“; 2. შპს „ახალი ქსელების“ მიერ სს „სილქნეტის“  მიმართულებით გატარებულ ზარებს აქვს შპს  „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის „A“ ნომრები.  იგივე ზარები არ არის დაფიქსირებული „ქართული სატელეფონო კომპანიის ,,ჯტს“-ის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში, როგორც საერთაშორისო ზარი, ამიტომ შპს „ახალი ქსელები“ სადაო ზარებს ლოკალურ არხში ატარებდა; 3. 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის „A“ ნომრებით განხორციელებული ზარების ხანგრძლივობა შეადგენს 6 410 565,38 წუთს; 4. სატესტო ზარების განხორციელებით შემოწმებულ იქნა სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი შპს  „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის 1374 სააბონენტო ნომერი, საიდანაც 7 ნომერი: 322455271, 322455554,  322455557, 323455934, 322456222, 322456447 და 322456702 შპს ,,ახტელისაა“. შემოწმების დროს აღნიშნული ნომრები იყო აქტიური.  შემოწმების მიმდინარეობისას (31.03.2015 11:00-დან 16:00-მდე) 1367 სააბონენტო ნომრიდან გამოძახების სიგნალი გავიდა მხოლოდ  თბილისის გეოგრაფიულ სამოქმედო ზონაში არსებულ ნომრებზე 215 XXXX. 245 XXXX, სულ 33 აბონენტზე, ხოლო იგივე სახის მომსახურებაზე დანარჩენი ნომერი გათიშული იყო დავალიანების გამო; ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების არაგეოგრაფიულ ნომრებზე  (706 030 XXX) ჩართული იყო შეტყობინება „ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია, დარეკეთ მოგვიანებით“ ან  საერთოდ არ არსებობდა ნომერი; შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ ფლობს  ნუმერაციის გეოგრაფიულ ზონაში 3 000 სააბონენტო ნომერს, არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში 1 000 სააბონენტო ნომერს; კომისიის ინფორმაციულ ანალიტიკურ დეპარტამენტის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მიხედვით 2015 წლის თებერვლის თვის მონაცემებით, შპს  „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს ჰყავს რეგისტრირებული 1658 აბონენტი, აქედან აქტიურია 1221 აბონენტი.

2015 წლის 24 აპრილს, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა, სს ,,სილქნეტის“ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული დამატებით კვლევის შემდეგ, წარმოადგინა სამსახურებრივი ბარათი (შ-10/2329-15; 24.04.2015)  თანდართული მასალებით,  სადაც აღნიშნულია: 1. სს ,,სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი სადაო ნომრებიდან (სულ 1374 სააბონენტო ნომერი) 7 სააბონენტო ნომერი არის შპს ,,ახტელის“ მფლობელობაში. შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის  წერილში (№01/18-15; 14.04.2015; კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/1884-15; 14.04.2015) აღნიშნულ 10 სააბონენტო ნომერს (322156030; 322156216; 322156231; 322156366; 322156412; 322156516; 322156528; 322156565; 322156174 და 322156513) ფლობს შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №101 ლიცენზიის მოქმედების ვადით. აღნიშნული ნომრები არ არის დაპორტირებული სხვა ავტორიზებული პირის ქსელში (ნუმერაციის რესურსის გადაცემის სხვა სამართლებრივი ფორმა არ არსებობს); 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ, სს ,,სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შესწავლილ იქნა სს ,,სილქნეტიდან“ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის მიმართულებით განხორციელებული სატელეფონო ზარები, რის შედეგად ირკვევა, რომ სს ,,სილქნეტიდან“  შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის მიმართულებით სადაო პერიოდში სატელეფონო ზარები განხორციელდა პირდაპირი ურთიერთჩართვის წერტილიდან. სს ,,სილქნეტის“  აბონენტები პირდაპირი ურთიერთჩართვით  უკავშირდებოდნენ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის იმ აბონენტებს, რომლებმაც განახორციელეს სატელეფონო ზარები სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით შპს ,,ახალი ქსელების“ ტრანზიტით. ასეთი უნიკალური ნომერია 311 (სია თან ერთვის); 3. სს ,,სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის სატელეფონო ნომრებზე განხორციელებული სატელეფონო ზარების შედეგად მიღებული შეტყობინებების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის მფლობელობაში არსებული არაგეოგრაფიული (706 03 XXXX)  სატელეფონო ნომრებიდან 499 (706 030001-დან 706 030499) არ არის რეგისტრირებული, ხოლო 500 (706 030500 – 706 030999) ნომერზე ჩართულია შეტყობინება - ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია, გთხოვთ მოგვიანებით დაგვიკავშირდეთ; 4. 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსიდან (,,A“ ნომერი) შპს ,,ახალი ქსელების“ ტრანზიტით სს ,,სილქნეტის“ ქსელში 6 410 565 წუთის ხანგრძლივობის სატელეფონო ზარი დასრულდა. აქედან,  499 (706 030001-დან 706 030499) არარეგისტრირებული არაგეოგრაფიული სატელეფონო ნომრიდან  დასრულდა 1 627  714 წუთი, ხოლო 500 (706 030500 – 706 030999) ნომრიდან, რომლებზეც ჩართულია შეტყობინება - ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია, გთხოვთ მოგვიანებით დაგვიკავშირდეთ - 3 525 055 წთ.; გეოგრაფიული ნომრებიდან (სამოქმედო ზონა: თბილისი 32215, 32245) დასრულდა - 1 257 796 წუთი (იხ. დანართი). უნდა აღნიშნოს, რომ სადაო პერიოდში არარეგისტრირებულ (შემოწმების დროს) 28 სააბონენტო ნომერზე  განხორციელებულია სატელეფონო ზარები სს ,,სილქნეტიდან“ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის ქსელში. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის განმარტებით, საბოლოო დასკვნისათვის საჭიროა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-იმ წარმოადგინოს 1367 სააბონენტო ნომერზე აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები და აბონენტებთან ანგარიშსწორების შესახებ დოკუმენტაცია.

კომისიის აპარატის კონკურენციის  ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (შ-10/1692; 6.04.2015) (სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის ინფორმაცია შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის აბონენტებისა და ტრაფიკის ოდენობის შესახებ, ასევე სატელეფონო საუბრების საშუალო ხანგრძლივობის შესახებ) თანახმად: სს ,,სილქნეტის“ წერილის (№476/05-8 03.02.2015) მიხედვით, სს ,,სილქნეტის“ მიერ საერთაშორისო სატესტო ზარების განხორციელების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ახალი ქსელების“ მხრიდან სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით აღნიშნული საერთაშორისო ზარი შემოვიდა ლოკალური ტრაფიკისათვის გამოყოფილი არხით. ამასთან, აღნიშნულ სატესტო ზარზე შეცვლილი იყო ,,A“ ნომერი (პირველადი,,A“ ნომერი - 380445946955; ჩანაცვლებული ,,A“ ნომერი - 706030889; ,,B“ ნომერი-995 32 2940074). აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შპს ,,ახალმა ქსელებმა“ (წერილი №2/2/130 18.02.2015) გააკეთა განმარტება, რომ აღნიშნული ზარი ,,A“ ნომერით - 706030889 შპს ,,ახალ ქსელებში“ შემოვიდა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან, როგორც ლოკალური ზარი და შპს ,,ახალ ქსელებმა“ ტრანზიტულად დაასრულა სს ,,სილქნეტში“. კომისიაში გადამოწმებულ იქნა აღნიშნული ინფორმაცია და შესაბამისი კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ზარების დეტალური ინფორმაციიდან დგინდება, რომ სატელეფონო ზარი ,,A“ ნომრით - 706030889 წამოწყებულ იქნა შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან და შპს ,,ახალი ქსელების“ საშუალებით ტრანზიტულად იქნა დასრულებული სს ,,სილქნეტის“ ქსელში, როგორც ადგილობრივი ზარი. სამივე კომპანიის მიერ წარმოდგენილ სატელეფონო ზარების შესახებ დეტალურ ინფორმაციაში ,,A“ ნომერი, ,,B“ ნომერი, თარიღი, ზარის წამოწყების დრო და ზარის ხანგრძლივობა იდენტური იყო. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის განმარტებით (წერილი №01/06-15 12.02.2015) სავარაუდოდ მოხდა შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის ნომერზე (706030889) მესამე პირების არასანქცირებული შეღწევა. სს ,,სილქნეტის“ მიერ წერილობით (№1360/05-08 25.03.2015) დამატებით იქნა წარმოდგენილი ტესტირების სხვა შედეგები, რომლებიდანაც ირკვევა, რომ  შპს ,,ახალი ქსელებიდან“ სს ,,სილქნეტში“ ტრანზიტულად ხორციელდება საერთაშორისო ზარების შესვლა ლოკალური ტრაფიკისათვის გამოყოფილი არხით. საერთაშორისო ზარებზე ამ შემთხვევაშიც ფიქსირდება  შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის ჩანაცვლებული სააბონენტო ნომრები,  კერძოდ: დრო - 2/12/2015. 2:32:36 AM, ხანგრძლივობა - 20.44 წამი, პირველადი ,,A“ ნომერი - 79087961348, ჩანაცვლებული ,,A“ ნომერი - 322152065, ,,B“ ნომერი - 322220359.; დრო - 2/20/2015; 1:47:03 AM, ხანგრძლივობა - 15.24 წამი, პირველადი  ,,A“ ნომერი -  79517132979, ჩანაცვლებული  ,,A“ ნომერი -  322451833, ,,B“ ნომერი - 322230074.; დრო - 3/8/2015. 12:35:49 AM, ხანგრძლივობა - 15.24 წამი, პირველადი ,,A“ ნომერი- 74812218582, ჩანაცვლებული  ,,A“ ნომერი -  322454261,  ,,B“ ნომერი -  322780461.; დრო - 3/9/2015. 3:19:08 AM, ხანგრძლივობა - 11.52 წამი, პირველადი  ,,A“ ნომერი - 37455557755, ჩანაცვლებული ,,A“ ნომერი -  322454404, ,,B“ ნომერი - 350270051 (თელავი). ამასთან ერთად, გადამოწმებულ იქნა შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის სააბონენტო ნომრები: 322152065; 322451833; 322454261; 322454404, რომლებიც შემოწმების დროს არ იყო აქტიური (ირთვება შეტყობინება: ,,გათიშულია დავალიანების გამო“). როგორც სს ,,სილქნეტი“ თავის საჩივარში აღნიშნავს, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა  კვლავ შეინიშნება შპს ,,ახალი ქსელების“ მხრიდან საერთაშორისო ზარების ლოკალურ არხში  გატარება შეცვლილი ,,A“ ნომრით. შედეგად 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით ამ სახის ტრაფიკმა შეადგინა 6,273,834 წუთი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის აბონენტების რაოდენობა 2014 წლის სექტემბრში შეადგენდა 425 აბონენტს, ოქტომბრის თვეში - 505 აბონენტს. შესაბამისად,  სექტემბრის თვეში საუბრის საშუალო ხანგრძლივობა ერთ აბონენტზე დღეში შეადგენდა 5 წუთს, ოქტომბრის თვეში - 7 წუთს. 2014 წლის ნოემბრის თვეში (ცნობისთვის: ახალი რეგულაცია ამოქმედდა 2014 წლის 1 ნოემბრიდან) 1203 აბონენტს, 2014 წლის დეკემბრის თვეში - 1204 აბონენტს, 2015 წლის იანვრის თვეში - 890 აბონენტს, 2015 წლის თებერვლის თვეში 1221 აბონენტს. შესაბამისად, თუ დავუშვებთ, რომ ტრაფიკის ზრდა გამოწვეული იქნა ახალი აბონენტების დამატებით, საუბრის საშუალო ხანგრძლივობამ დღეში ერთ ახალ აბონენტზე შეადგინა: ნოემბრის თვეში - 65 წუთი; დეკემბრის თვეში - 117 წუთი, იანვრის თვეში - 301 წუთი; თებერვლის თვეში - 138 წუთი (დანართი №1). კომისიის აპარატის კონკურენციის  ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ტრაფიკის ასეთი მკვეთრი ზრდა არარეალურია და საჭიროებს დამატებით შესწავლას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია შპს ,,ქართული სატელეფონო ,,ჯტს“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდეს კომისიის მიერ დადგენილი  რეგულაციის  პირობების შესრულებისაგან თავის არიდების მცდელობას, რაც უნდა დადგინდეს საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ, კერძოდ: უნდა დადგინდეს შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის აბონენტთა კატეგორია (განსაკუთრებით ნოემბრის თვიდან დამატებული)  და მიზეზი, რას შეეძლო გამოეწვია ტრაფიკის ასეთი მკვეთრი ზრდა; უნდა შესწავლილ იქნას აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები; შესწავლილ უნდა იქნას შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის მიერ წარმოდგენილი ე.წ ,,CDR“-ები (შესაბამისი პერიოდის გამავალი და შემომავალი სატელეფონო ზარების დეტალური ინფორმაცია), კერძოდ ზემოაღნიშნული აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებში რამდენად ხშირად  მეორდება  ერთი  და  იგივე  ,,B“  ნომერი.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად (შ-10/2200-15; 21.04.15), შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 5.1-ის მიხედვით, 2014 წლის ნოემბრიდან შპს ,,ახალ ქსელებს“ გაეზარდა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-დან  მიღებული ტრანზიტული ტრაფიკის ოდენობა სს “სილქნეტის“ მიმართულებით. თავის მხრივ აღნიშნული ტრანზიტული ტრაფიკი შპს ,,ახალ ქსელებში“ შესულია შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-დან; შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის მიერ  2014 წლის ოქტომბრიდან ფორმა 3.1-ში დეკლარირებულია VOIP აბონენტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა.

2015 წლის 2 აპრილს, სს ,,სილქნეტის“ საჩივარი თანდართული მასალებით, შესაბამისი ახსნა-განმარტებებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით, გადაეგზავნათ შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს და შპს ,,ახალ ქსელებს“, რომლებსაც დაევალათ 3 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინათ: 1. შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შპს ,,ახალი ქსელების“ გავლით სს ,,სილქნეტში“ დასრულებულ,  სს ,,სილქნეტის“ საჩივარში მითითებულ ზარებთან დაკავშირებით (6273834 წუთზე შესაბამისი თვეების მიხედვით) დარიცხვის და მიღებული შემოსავლების თაობაზე საბილინგო მონაცემები; 2. შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის ურთიერთჩართვის საფუძველზე, ასევე  საცალო ტარიფის დარიცხვის შედეგად მიღებული შემოსავლების შესახებ მონაცემები თვეების მიხედვით (წუთების რაოდენობა და წუთზე დარიცხული თანხა); 3. სს ,,სილქნეტის“ საჩივარზე დართული ციფრული ჩანაწერის სახით - CD-ზე წარმოდგენილ სატელეფონო ნომრებზე 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით აქტიური ნომრების სია, ასევე ინფორმაცია ასეთ აქტიურ ნომრებზე აბონენტების პირველადი რეგისტრაციის თარიღისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე.

2015 წლის 14 აპრილს, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-მ კომისიის 2015 წლის 2 აპრილის წერილის №03/431-15 პასუხად, სს ,,სილქნეტის“ საჩივართან დაკავშირებით კომისიაში წარმოადგინა  წერილობითი განმარტება (№01/18-15; 14.04.2015), სადაც მიუთითებს, რომ სს ,,სილქნეტის“ მიერ დანართის სახით წარმოდგენილი სატელეფონო ნომრები (გარდა: 322156030; 322156174; 322156216; 322156231; 322156366; 322156412; 322156513; 322156516; 322456702; 322156528; 322156565; 322455271; 322455554; 322455557; 322455934; 322456222; 322455271; 322456447) ნამდვილად ეკუთვნის შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის აბონენტებს. შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ საჩივარში მითითებული ნომერი დაუყონებლივ იქნა გათიშული, რაც კომისიას წერილობით (№01/06-15; 19.02.15) ეცნობა.  ასეთი ფაქტების განმეორების თაობაზე შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-სთვის ცნობილი გახდა კომისიის წერილის მიღების შემდეგ, რასთან დაკავშირებით კომპანიამ განახორციელა მოკვლევა და მოხდა სს ,,სილქნეტის“ საჩივარში მოყვანილი ნომრების (322152065; 322451833; 322454261; 322154404)  გათიშვა.

2015 წლის 22 აპრილს,  სს ,,სილქნეტმა“ კომისიას განცხადებით (№1768/05-8; 22.04.15; კომისიაში რეგისტრაციის შ-6/2283-15; 22.04.15) მიმართა  და მოითხოვა მისი საჩივრის  (№1407/05-8; 27.03.2015; კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1507-15; 27.03.2015) განხილვის დროებით შეჩერება იმ საფუძვლით, რომ საქმესთან დაკავშირებით კომპანიაში გრძელდება მონაცემთა დაზუსტება და სატესტო ზარების ანალიზის განხორციელება, რის შედეგადაც შესაძლოა საჭირო გახდეს კომისიისთვის დამატებითი  მონაცემების წარმოდგენა.

2015 წლის 23 აპრილს, სს ,,სილქნეტის“ საჩივარში (№1407/05-8; 27.03.2015) მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის მიზნით, კომისიამ განმეორებით მიმართა შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს  კომისიაში 2015 წლის 27 აპრილამდე წარმოედგინა: 1. შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შპს ახალი ქსელების“ გავლით სს ,,სილქნეტში“ დასრულებულ,  სს ,,სილქნეტის“ საჩივარში მითითებულ ზარებთან დაკავშირებით (6273834 წუთზე შესაბამისი თვეების მიხედვით) საბილინგო მონაცემები დარიცხვის და მიღებული შემოსავლების თაობაზე, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციით (გადახდის ქვითრები და სხვ.); 2. შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის ურთიერთჩართვის საფუძველზე, ასევე  საცალო ტარიფის დარიცხვის შედეგად მიღებული შემოსავლების შესახებ მონაცემები თვეების მიხედვით (წუთების რაოდენობა და წუთზე დარიცხული თანხა); 3. სს ,,სილქნეტის“ საჩივარზე დართულ ციფრული ჩანაწერის სახით - CD წარმოდგენილ სატელეფონო ნომრებზე 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში აქტიური ნომრების სია, ამ აქტიურ ნომრებზე აბონენტების პირველადი რეგისტრაციის თარიღისა და ამ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლები; ასევე განემარტა რის საფუძველზე ხდებოდა ზემოაღნიშნული ტრაფიკის გატარება/დასრულება და რა სახის მომსახურების გაწევა მოხდა სს ,,სილქნეტის“ საჩივარში მითითებული ტრაფიკის ფარგლებში.

2015 წლის 24 აპრილს, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-მ კომისიას წარმოუდგინა წერილობითი (01/13-15; 24.04.15. კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/2370-15; 24.04.2015) ახსნა- განმარტება თანდართული მასალებით, სადაც აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 23 აპრილის წერილობითი მოთხოვნის პასუხად კომისიას წარმოუდგენს საბილინგო მონაცემებს; სს ,,სილქნეტის“ მიერ განხორციელებული სატესტო ზარების შედეგად წარმოდგენილი ნომრების მფლობელი აბონენტების, სატელეფონო ნომრის მინიჭებისა და ინტერნეტ ტელეფონით მომსახურების პირველადი რეგისტრაციის ხელშეკრულებებისა და ამ ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ -ის მიერ დარიცხული და გადახდილი თანხების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დავალების ასლებს.

2015 წლის 27 აპრილს, შპს ,,ახალმა ქსელებმა“ კომისიას წარმოუდგინა წერილობითი (2/2/247/ლ.ა.; 27.04.15. კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/2385-15; 27.04.15) ახსნა-განმარტება თანდართული მასალებით (შპს ,,ახალი ქსელების“ 2015 წლის 11 თებერვლის №2/2/95/ზ.ხ და 30 მარტის №2/2/199.ხ.ი წერილები), სადაც აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტის“ საჩივართან და კომისიის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შპს ,,ახალმა ქსელებმა“ მ/წლის 11 თებერვლის (№2/2/95/ზ.ხ) და 30 მარტის (№2/2/199.ხ.ი) წერილებით მოახდინა მყისიერი რეაგირება და წარმოადგინა კომპანიის ამომწურავი პოზიცია. ასევე მათ მიერ დასმულ იქნა საკითხი კომისიას დაეფიქსირებინა და განესაზღვრა თუ კონკრეტულად რა სამართლებრივი ღონისძიებების გატარება უნდა მოხდეს მათი მხრიდან სადავო საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც დღემდე პასუხი არ მიუღიათ. მათი განმარტებით, სს ,,სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს შპს ,,ახალი ქსელების“ ბრალს, ხოლო №1590/05-8 წერილზე თანდართულ დისკს საერთოდ არ აქვს კავშირი სს ,,სილქნეტის“ საჩივართან,  ვინაიდან მასზე ძირითადად ასახულია შპს ,,ახალი ქსელებისა“ და სს ,,სილქნეტის“ ლოკალური ზარები მხარეებს შორის არსებული ურთიერთჩართვის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ახალ ქსელებს“ მიაჩნია, რომ კომპანიის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს სს ,,სილქნეტის“ საჩივრის უსაფუძვლობის გამო.

სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვის მიზნით მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2015 წლის 28 აპრილს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და შეტყობინებით ეცნობათ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს, სს ,,სილქნეტს“ და შპს ,,ახალ ქსელებს“. შეტყობინებასთან ერთად, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს და შპს ,,ახალ ქსელებს“ გადაეგზავნათ დამატებითი მასალები და განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.

2015 წლის 28 აპრილის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სს ,,სილქნეტის“ გენერალური დირექტორი ლ.ბუჩუკური, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის დირექტორი დ.ჯიქია და  შპს  ,,ახალი ქსელების“  დირექტორის მოადგილე  ხ.ინჯია.

კომისიის სხდომაზე, სს ,,სილქნეტის“ გენერალურმა დირექტორმა ლ.ბუჩუკურმა სს ,,სილქნეტის“ განცხადებასთან (№1768/05-8; 22.04.15), რომლითაც  სს ,,სილქნეტი“ ითხოვდა მისი საჩივრის  (№1407/05-8; 27.03.2015) განხილვის დროებით შეჩერებას, აღნიშნა, რომ კომპანია არ ითხოვს საკითხის განხილვის შეჩერებას, არამედ ითხოვს საკითხის განხილვის დროებით გადადებას დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. მან განმარტა, რომ სატესტო ზარების განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის 10 მარტამდე სს ,,სილქნეტის“ ქსელში საერთაშორისო ზარები შემოვიდა ლოკალური არხით, რომლის ოდენობამ შეადგინა 6000000 წუთი. ვინაიდან სს ,,სილქნეტს“ არა აქვს საშუალება ამტკიცოს, რომ 6000000 წუთი მთლიანად არის ლოკალური არხით შემოსული საერთაშორისო ზარი, საკითხის გამოკვლევის მიზნით მიმართა კომისიას.

კომისიის სხდომაზე, შპს ,,ახალი ქსელების” გენერალური დირექტორის მოადგილემ ხ.ინჯიამ გამოაქვეყნა შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარდგენილი წერილები (2015 წლის 11 თებერვლის №2/2/95/ზ.ხ; 11.02.15.; №2/2/199.ხ.ი.; 30.03.15.) და განმარტა, რომ  სს ,,სილქნეტის“ საჩივართან და კომისიის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შპს ,,ახალმა ქსელებმა“  მოახდინა რეაგირება და წარმოადგინა კომპანიის ამომწურავი პოზიცია. სს ,,სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს შპს ,,ახალი ქსელების“ ბრალს, ხოლო №1590/05-8 წერილით წარმოდგენილ დისკს საერთოდ არ აქვს კავშირი სს ,,სილქნეტის“ საჩივართან,  ვინაიდან მასზე ძირითადად ასახულია შპს ,,ახალი ქსელებს“ და სს ,,სილქნეტს“ შორის არსებული ურთიერთჩართვის საფუძველზე განხორციელებული ლოკალური არხები. თუ კომისია შპს ,,ახალ ქსელებს“ დაავალებს არაპირდაპირი ურთიერთჩართვის ჩაკეტვას, კომპანია შეასრულებს ამ მოთხოვნას, თუმცა ამასთან დაკავშირებით კომპანიას კომისიისგან წერილი არ მიუღია. შესაბამისად, შპს ,,ახალი ქსელების“ მოქმედება ჯდება კანონის ფარგლებში და ასრულებს არაპირდაპირ ურთიერთჩართვას.

კომისიის სხდომაზე, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის დირექტორმა დ.ჯიქიამ აღნიშნა, რომ  კომისიის მოთხოვნის საფუძველზე კომისიაში წარმოადგინა სს ,,სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ნომრების მფლობელი აბონენტების, სატელეფონო ნომრის გადაცემისა და ინტერნეტ ტელეფონით მომსახურების პირველადი რეგისტრაციის ხელშეკრულებებისა და ამ ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ -ის მიერ დარიცხული და მათ მიერ გადახდილი თანხების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დავალების ასლები და განმარტა, რომ სს ,,სილქნეტის“ საჩივარი უსაფუძვლოა, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ საერთაშორისო ზარების შესვლა ხდება ლოკალური არხებით, ხოლო  2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით ლოკალური ტრაფიკის გაზრდა გამოწვეული იყო ახალი აბონენტების, კერძოდ, შპს ,,ჯეო ლაინისა“ და შპს ,,ტბკომ“-ის აყვანით.

სს ,,სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი საჩივრის (№1407/05-8; 27.03.15), საჩივარზე თანდართული მასალების,  მხარეთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებების (სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის 3 თებერვლის №476/05-8,  25 მარტის №1360/05-8,  3 აპრილის №1590/05-8  და 22 აპრილის №1768/05-8 წერილები; შპს ,,ახალი ქსელების“ 2015 წლის 11 თებერვლის №2/2/95/ზ.ხ., 30 მარტის №2/2/199.ხ.ი და 27 აპრილის №2/2/247/ლ.ა. წერილები; შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის 2015 წლის 19 თებერვლის №01/06-15, 14 აპრილის №01/18-15 და 24 აპრილის №01/13-15 წერილები; კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №03/431-15 და 23 აპრილის №03/574-15 წერილები) და კომისიის აპარატის დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი დასკვნების (კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (შ-10/1729-15; 7.04.2015 და შ-10/2329; 24.04.2015); კომისიის აპარატის კონკურენციის  ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (შ-10/1692; 6.04.2015 და შ-10/1521-15; 30.03.2015);  კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/2200-15; 21.04.15)  გაცნობის, ასევე მხარეთა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად,  კომისიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან სს ,,სილქნეტი“, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ და შპს ,,ახალი ქსელები“  წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა, საერთაშორისო ზარების, როგორც ლოკალური ზარების სს ,,სილქნეტის“ ქსელში დასრულებიდან გამომდინარე ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხის განხილვა შედიოდა კომისიის კომპეტენციაში. აქედან გამომდინარე, კომისიის 2015 წლის 28 აპრილის №222/16 გადაწყვეტილებით, სს ,,სილქნეტის“  საჩივრის განხილვა დანიშნა 2015 წლის 13  მაისს, 16:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ სს ,,სილქნეტი“, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ და შპს ,,ახალი ქსელები“ გაფრთხილდნენ 2015 წლის 28 აპრილის კომისიის სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

კომისიის ამავე გადაწყვეტილებით, ვინაიდან: 1. ზარის დასრულება ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხის მეშვეობით, სავარაუდოდ შეცვლილი „A“ ნომრით, ძირითადად ხდებოდა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის ორი აბონენტის -  შპს ,,ჯეო ლაინისა“ და შპს ,,ტბკომ“-ის მფლობელობაში არსებული ნომრების გამოყენებით, რასაც ამყარებდა სს ,,სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ,,A” ნომრის შეცვლის თაობაზე; 2. შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის დირექტორი განმარტავდა, რომ 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით ლოკალური ტრაფიკის გაზრდა გამოწვეული იყო ახალი აბონენტების - შპს ,,ჯეო ლაინისა“ და შპს ,,ტბკომ“-ის აყვანით; 3. შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებებიდან  დგინდებოდა, რომ 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით, შპს ,,სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის აბონენტებს  წარმოადგენდნენ შპს ,,ჯეო ლაინი“ (2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე)  და  შპს ,,ტბკომ“-ი (2014 წლის 30 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 დეკემბრამდე); 4. მიუხედავად მცდელობისა, კომისიამ ინტერნეტ სივრცეში (გამოყენებული იყო google-სა და yahoo-ს საძიებო სისტემები) აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშირებით ვერ მოიპოვა რაიმე სახის ინფორმაცია, კომისიის 2015 წლის 28 აპრილის №222/16 გადაწყვეტილებით მოწმის სტატუსით ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებულ იქნა შპს ,,ჯეო ლაინის“ და შპს ,,ტბკომ“-ის დირექტორები, რის შესახებ შესაბამისი  შეტყობინებები ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად გაეგზავნათ მათ და განემარტათ კომისიის სხდომის დღის, დროისა და ადგილის თაობაზე.

2015 წლის 13 მაისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სს ,,სილქნეტის“ გენერალური დირექტორი ლ.ბუჩუკური, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის დირექტორი დ.ჯიქია და  შპს  ,,ახალი ქსელების“  დირექტორი  ნ.შარაშენიძე. მოწვევის ჩაბარების მიუხედავად (გზავნილის კოდი: 040023907706; 040023907717), არ გამოცხადდნენ შპს ,,ჯეო ლაინის“ და შპს ,,ტბკომ“-ის დირექტორები და არც რაიმე სახის ახსნა-განმარტება წარმოადგინეს კომისიაში. შესაბამისად, კომისიას შესაძლებლობა არ მიეცა გამოეკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ: რა საქმიანობას ეწევიან კომპანიები; სად იყო განთავსებული ან ვის ჰქონდა გადაცემული 500 – 500 სააბონენტო ნომერი; რატომ ხორციელდებოდა ზარები ძირითადად მხოლოდ სს ,,სილქნეტის“ აბონენტების მიმართულებით; როგორ მოხდა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-სა და შპს ,,ჯეო ლაინს“ შორის საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადება 2014 წლის 1 ნოემბერს, მაშინ როდესაც შპს ,,ჯეო ლაინი“, როგორც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან  ირკვევა, დარეგისტრირდა 2014 წლის 19 ნოემბერს და ა.შ. 

კომისიამ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ლოკალური ტრაფიკის მკვეთრი ზრდა, საერთაშორისო ტრაფიკის შემცირების პარალელურად ფიქსირდება 2014 წლის 1 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილება, რომლითაც საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით, დადგინდა ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაციის ტარიფი - 0,09 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 1 წუთზე, ხოლო ადგილობრივი (ლოკალური) სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე დადგენილია ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით (კომისიის 2010 წლის 9 სექტემბრის №428/9 გადაწყვეტილება), ადგილობრივი ზარის დასრულებისათვის გამოყოფილი არხის მეშვეობით საერთაშორისო ზარის დასრულების შემთხვევაში, კომპანიას შეუძლია მიიღოს არალეგალური შემოსავალი საერთაშორისო ზარის დასრულებისათვის დადგენილი თანხისა და ლოკალური ზარის დასრულებისათვის დადგენილი თანხის სხვაობის ოდენობით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო ზარის საქართველოში ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებისათვის აქციზის გადასახადი შეადგენს ერთ წუთზე 8 თეთრს, კომისიამ მიიჩნია, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საერთაშორისო ზარების ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხის მეშვეობით დასრულებას, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და კომპანიისთვის ქონებრივი ზარალის მიყენებას. აქედან გამომდინარე, კომისიის  2015 წლის 13 მაისის  №256/16 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი  კომპეტენციის ფარგლებში. ამასთან ერთად, შპს ,,ახალ ქსელებს“ ხელმეორედ დაევალა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან  შპს ,,ახალი ქსელების“ გავლით სს ,,სილქნეტში“ დასრულებულ, სს ,,სილქნეტის“ საჩივარში მითითებულ ზარებთან დაკავშირებით  დარიცხული და მიღებული შემოსავლების თაობაზე საბილინგო მონაცემების კომისიაში წარმოდგენა; სს ,,სილქნეტს“  დაევალა ტესტირების სრული მონაცემებისა და დოკუმენტების, ასევე ტესტირების  განმახორციელებელ  კომპანიასთან  დადებული  ხელშეკრულების, ხოლო  შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს კიდევ ერთხელ დაევალა სს ,,სილქნეტის“ საჩივარზე დართულ ციფრული ჩანაწერის სახით - CD-ზე წარმოდგენილ სატელეფონო ნომრების მფლობელ მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებებისა და  შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით, სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვის დღედ და დროდ განისაზღვრა 2015 წლის 28 მაისი, 16:00 საათი,  რის შესახებ სს ,,სილქნეტი“, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ და შპს ,,ახალი ქსელები“ გაფრთხილდნენ  2015 წლის 13 მაისის კომისიის სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2015 წლის 21 მაისს, შპს ,,ახალმა ქსელებმა“ კომისიას წარმოუდგინა წერილობითი (2/2/314/ხ.ი.; 21.05.2015. კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/3269-15; 21.05.15) ახსნა-განმარტება თანდართული მასალებით,  სადაც აღნიშნულია, რომ  დაზუსტების შემდეგ კომისიას წარმოუდგენს: ა) შპს ,,ახალ ქსელებსა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს შორის გაფორმებულ ურთიერთშედარების აქტს 2014 წლის ნოემბრის და დეკემბრის, 2015 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის მომსახურების გაწევის თაობაზე; ბ) შესაბამის თვეებში კომისიისთვის საინტერესო მომსახურების (ტრაფიკის) გაწევაზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს; გ) შესაბამის თვეებში კომისიისთვის საინტერესო მომსახურების (ტრაფიკის) გაწევაზე გამოწერილ საგადასახადო  ანგარიშფაქტურების  გადახდის  დავალებებს.

2015 წლის 22 მაისს, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-იმ (01/30-15; 22.05.15. კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/3312-15; 22.05.15) კომისიას წარმოუდგინა, მისივე განმარტებით, 2015 წლის 13 მაისის სხდომაზე მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია. კერძოდ, შპს ,,ჯეო ლაინის“ 2015 წლის 31 მარტისა და შპს ,,ტბკომ“-ის 2014 წლის 29 დეკემბრის განცხადებები შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-თან დადებული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე და ითხოვა  სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვის მიზნით 2015 წლის 28 მაისს ჩანიშნული კომისიის სხდომის გადადება, ვინაიდან საქმიანი აუცილობლობიდან გამომდინარე არ იქნებოდა საქართველოში და ვერ დაესწრებოდა საკითხის განხილვას, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილებული იქნა და სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვის დღედ და დროდ განისაზღვრა 2015 წლის 11 ივნისი, 16:00 საათი, რის შესახებ სს ,,სილქნეტი“ და შპს ,,ახალი ქსელები“ გაფრთხილდნენ  2015  წლის  28  მაისის კომისიის სხდომაზე.

2015 წლის 11 ივნისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელი მ.გონაშვილი. საკითხის განხილვას არ დასწრებია შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის დირექტორი დ.ჯიქია და  შპს  ,,ახალი ქსელების“ წარმომადგენელი. სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა  მ.გონაშვილმა განმარტა, რომ არ ჰქონდა სს ,,სილქნეტსა“ და სატესტო ზარების განმახორციელებელ  კომპანიას შორის დადებული  ხელშეკრულების ასლი და სატესტო ზარებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის  მიზნით ითხოვა დრო,  რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილებული იქნა.

კომისიის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შპს ,,ქართულმა სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-იმ კომისიაში სრულად არ წარმოადგინა სს ,,სილქნეტის“ საჩივარზე დართულ ციფრული ჩანაწერის სახით - CD-ზე წარმოდგენილ სატელეფონო ნომრების მფლობელ მომხმარებელთან გაფორმებული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებები და მათთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტაცია (საბილინგო მონაცემები, ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, საბანკო ამონაწერი და ა.შ.). კერძოდ, მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს ,,ჯეო ლაინთან“ და შპს ,,ტბკომ“-თან დადებული ხელშეკრულებები საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე (1000 სააბონენტო ნომერზე), ამ ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ კომპანიების 2015 წლის 31 მარტისა და 2014 წლის 29 დეკემბრის განცხადებები და ამ მომხმარებლების მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტაცია, ხოლო არ წარმოუდგენია  თბილისის გეოგრაფიული ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ნომრების მფლობელ მომხმარებელთან (215 XXXX და 245 XXXX ინდექსები. სულ 368 მომხმარებელი) გაფორმებული ხელშეკრულების ასლები  და ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტაცია (საბილინგო მონაცემები, ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, საბანკო ამონაწერი და ა.შ.). იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის წარმომადგენელი არ ესწრებოდა 2015 წლის 11 ივნისის კომისიის სხდომას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ მისგან ვერ მიიღო ახსნა-განმარტება, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კომისიამ დააკმაყოფილა სს ,,სილქნეტის“ მოთხოვნა დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის მიცემის თაობაზე, კომისიამ გადაწყვიტა, რომ შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-თვის კიდევ ერთხელ მიეცა ვადა თბილისის გეოგრაფიული ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ნომრების მფლობელ მომხმარებელთან (215 XXXX და 245 XXXX ინდექსებზე, სულ 368 მომხმარებელზე) გაფორმებული ხელშეკრულების ასლებისა  და მათთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტაციის (საბილინგო მონაცემები, ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, საბანკო ამონაწერი და ა.შ.) კომისიაში წარმოდგენისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ სს ,,სილქნეტის“ საჩივრის განხილვის დღედ და დროდ განსაზღვრა  2015 წლის 25 ივნისი, 16:00 საათი, რის შესახებ სს ,,სილქნეტი“, შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ და შპს ,,ახალი ქსელები“ გაფთხილდნენ წერილობითი შეტყობინებებით.

2015 წლის 24 ივნისს, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-იმ კომისიაში წარმოადგინა (01/38-15; 24.06.15.; კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/4275-15; 24.06.15) სს ,,სილქნეტის“ საჩივარზე დართულ ციფრული ჩანაწერის სახით - CD-ზე დატანილ  თბილისის გეოგრაფიული ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ნომრების მფლობელ მომხმარებელთან (215 XXXX და 245 XXXX ინდექსები. სულ 368 მომხმარებელი) გაფორმებული ხელშეკრულების ასლები  და ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტაცია (საბილინგო მონაცემები, ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, საბანკო ამონაწერი და ა.შ.).

2015 წლის 25 ივნისს, სს ,,სილქნეტმა“ კომისიაში წარმოადგინა (№01/38-15. კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/4303-15) საერთაშორისო სატესტო ზარებთან დაკავშირებული მონაცემები და სატესტო ზარების განმახორციელებელ კომპანია სს ,,მედიაფონსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (№511-20.03.2014)  პირველი და ბოლო გვერდი მხარეთა ხელმოწერებით და განმარტა, რომ წარმოდგენილი გვერდები ადასტურებენ თავად ხელშეკრულების არსებობის ფაქტს და ვინაიდან ხელშეკრულების პუნქტები შეიცავენ კონფიდენციალურ ინფორმაციას, სს ,,სილქნეტი“ მზად არის წარმოადგინოს ხელშეკრულება კომისიის სხდომაზე.

2015 წლის 25 ივნისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სს ,,სილქნეტის“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის წარმომადგენლები, ხოლო წერილობითი შეტყობინების ჩაბარების (17.06.2015. გზავნილის კოდი 040025084061) მიუხედავად, არ გამოცხადდა შპს ,,ახალი ქსელების“ წარმომადგენელი.

ვინაიდან,  შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის მიერ 2015 წლის 24 ივნისს კომისიაში  წარმოდგენილი დოკუმენტები იყო დიდი მოცულობის (172  გვ.),  ხოლო სს ,,სილქნეტმა“ დოკუმენტები წარმოადგინა 25 ივნისს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია მხარეებს გადაეცათ კომისიის 2015 წლის 25 ივნისის სხდომაზე, აღნიშნული მასალების  შეწავლის  მიზნით  კომისიის  სხდომა  გადაიდო  და  დაინიშნა 2015 წლის  9  ივლისს.

2015 წლის 8 ივლისს, სს ,,სილქნეტმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (№2964/05-8. კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/4627-15), სადაც აღნიშნულია, რომ სს ,,მედიაფონსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (№511-20.03.2014) კომისიაში წარმოდგენისთვის საჭიროებს შპს ,,მედიაფონის“ თანხმობას, რისთვისაც შპს ,,მედიაფონი“ ითხოვს კომისიის წერილობით მოთხოვნას ხელშეკრულების გამოთხოვის თაობაზე. შესაბამისად, სს ,,სილქნეტმა“ მოითხოვა კომისიის წერილობითი მოთხოვნა აღნიშნული ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენის თაობაზე.

2015 წლის 9 ივლისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა სს ,,სილქნეტი“, ხოლო არ გამოცხადდნენ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ და შპს ,,ახალი ქსელები“.

კომისიის სხდომაზე სს ,,სილქნეტის“ იურისტმა  მ.გონაშვილმა აღნიშნა, რომ სს ,,სილქნეტსა“ და სს ,,მედიაფონს“ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების გასაჯაროებისთვის საჭიროა სს ,,მედიაფონის“ წინასწარი წერილობითი თანხმობა, რისთვისაც სს ,,მედიაფონი“  ითხოვს კომისიის წერილობით მოთხოვნას ხელშეკრულების გამოთხოვის თაობაზე.  მიუხედავად იმისა, რომ სს ,,სილქნეტმა“ განუმარტა მათ, რომ ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენის მოთხოვნა მიღებულია კომისიის საჯარო სხდომაზე, რაც ტოლფასია კომისიის წერილობითი მოთხოვნის, სს ,,მედიაფონი“, რომელიც წარმოადგენს ლატვიურ კომპანიას, ითხოვს კომისიის წერილობით მოთხვნას.

კომისია აღნიშნავს, რომ  სს ,,სილქნეტსა“ და სს ,,მედიაფონს“ შორის დადებული ხელშეკრულების წარმოდგენის თაობაზე კომისიას მიღებული აქვს წერილობითი ორი გადაწყვეტილება: 1. 2015 წლის 13 მაისის N256/16 გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნებულია კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია; 2. 2015 წლის 11 ივნისის N339/16 გადაწყვეტილება, რომელიც ასევე გამოქვეყნებულია კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რაც საკმარისია ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენის მიზნით თანხმობის მისაღებად.

კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ც.უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-იმ კომისიაში 2015 წლის 24 ივნისს წარმოადგინა  სს ,,სილქნეტის“ საჩივარზე დართულ ციფრული ჩანაწერის სახით - CD-ზე წარმოდგენილი  თბილისის გეოგრაფიული ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ნომრების მფლობელ მომხმარებლებელთან (215 XXXX და 245 XXXX ინდექსები. სულ 368 მომხმარებელი) დაკავშირებული დოკუმენტაცია. კერძოდ, წარმოდგენილია ფინანსური დოკუმეტაცია ყველა აბონენტზე 4-ის გარდა, საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის თებერვალში  გაწეული მომსახურებისათვის შპს „ჯეო ლაინს“ დაარიცხა 44 500 ლარი, ხოლო მარტში 52  614 ლარი.  თებერვლის დავალიანება შპს „ჯეო ლაინმა“ გადაიხადა მარტის თვეში,  ხოლო მარტის -  აპრილის თვეში. ხელშეკრულებები წარმოდგენილია მხოლოდ ორ მომხმარებელზე, ვინაიდან ხელშეკრულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილშია წარდგენილი. ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ  შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-სა და შპს ,,ჯეო  ლაინს“  შორის ხელშეკრულება დადებულია 2015 წლის 2 თებერვალს, რომელიც შპს ,,ჯეო ლაინის“ განცხადების საფუძველზე შეწყდა 2015 წლის 31 მარტს.

კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ  ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის 27 მარტის №1407/05-8 საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1507-15; 27.03.2015) თანდართული მასალებით;

2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (შ-10/1729-15; 7.04.2015, შ-10/2329; 24.04.2015), თანდართული მასალებით;

3. კომისიის აპარატის კონკურენციის  ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (შ-10/1692; 6.04.2015, შ-10/1521-15; 30.03.2015, შ-10/3439-15; 28.05.2015),  თანდართული მასალებით;

4. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/2200-15;  21.04.15),  თანდართული მასალით;

5. სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის 3 თებერვლის №476/05-8 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/540-15; 4.02.15); 2015 წლის 25 მარტის №1360/05-8 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1449-15; 25.03.2015); 2015 წლის 3 აპრილის №1590/05-8 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1654-15; 3.04.2015); 2015 წლის 22 აპრილის №1768/05-8 განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/2283-15; 22.04.15); 2015 წლის 25 ივნისის №2742/05-8 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/4303-15; 24.04.15), თანდართლი მასალით - (სს ,,მედიაფონსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირველი და ბოლო ფურცელი (№511-20.03.2014); 2015 წლის 8 ივლისის  №2964/05-8 განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/4627-15);

6. შპს ,,ახალი ქსელების“ 2015 წლის 11 თებერვლის №2/2/95/ზ.ხ. წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/149-15; 13.02.2015); 2015 წლის 30 მარტის №2/2/199/ხ.ი.  წერილი (კომისიაში რეგიტრაციის №შ-6/1544-15; 30.03.15); 2015 წლის 27 აპრილის №2/2/247/ლ.ა.  წერილი (კომისიაში რეგიტრაციის №შ-6/2385-15; 27.04.15); 2015 წლის 21 მაისის  №2/2/314/ხ.ი  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/3269-15; 21.05.15);

7. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის 2015 წლის 19 თებერვლის №01/06-15 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/331-15; 19.02.2015); 2015 წლის 14 აპრილის წერილი №01/18-15 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/1884-15; 14.04.2015); 2015 წლის 24 აპრილის №01/13-15 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/2370-15; 24.04.2015); 2015 წლის 22 მაისის №01/30-15 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/3312-15; 22.05.2015); 2015 წლის 24 ივნისის №01/38-15 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/4275-15; 24.06.15);

8. კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №03/431-15 წერილი შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ და შპს ,,ახალ ქსელებს“; კომისიის 2015 წლის 23 აპრილის №03/574-15 წერილი შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“; კომისიის 2015 წლის 4 მაისის №03/642-15 და №03/643-15  შეტყობინებები შპს ,,ტბკომ“-სა და შპს ,,ჯეო ლაინის“ დირექტორებს და მათი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაციები; კომისიის 2015 წლის 12 ივნისის  №03/1002-15 წერილი შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპაბნია ,,ჯტს“;

9. სს ,,სილქნეტის”, შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული  ახსნა-განმარტებები;

10. კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილება ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“; კომისიის 2007 წლის 20 ივნისის №333/1 გადაწყვეტილება ,,შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“; კომისიის 2012 წლის 27 მარტის №226/24 გადაწყვეტილება ,,შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“;

11. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 11.02.2010). ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება;

2. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“  ფლობს გეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში 3 000 სააბონენტო ნომერს, არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში - 1 000 სააბონენტო ნომერს. 2015 წლის თებერვლის თვის მონაცემებით, შპს  „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს ჰყავს რეგისტრირებული 1658  აბონენტი, აქედან  აქტიური არის 1221 აბონენტი;

3. 2015 წლის 26 იანვარს, 12:39:15 საათზე, სს ,,სილქნეტის“ მიერ, საერთაშორისო სატესტო ზარის განხორციელების შედეგად, გამოვლინდა, რომ შპს ,,ახალი ქსელების“ მხრიდან სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით საერთაშორისო ზარი შევიდა ლოკალური ტრაფიკისათვის გამოყოფილი არხით შეცვლილი ,,A“ ნომრით 706030889 (პირველადი ,,A“ ნომერი - 380445946955; ჩანაცვლებული ,,A“ ნომერი - 706030889; ,,B“ ნომერი - 995 32 2940074). აღნიშნული ზარი ,,A“ ნომრით - 706030889 შპს ,,ახალ ქსელებში“ შევიდა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან, როგორც ლოკალური ზარი და შპს ,,ახალ ქსელებმა“ ტრანზიტულად დაასრულა სს ,,სილქნეტში“. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ წერილობით ადასტურებს ზემოაღნიშნული სატელეფონო ზარის განხორციელებას და განმარტავს, რომ სავარაუდოდ მოხდა შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის ნომერზე (706030889)  მესამე პირის არასანქცირებული შეღწევა, რაც შემდგომ კომისიის სხდომაზე მის მიერ უარყოფილ იქნა;

4. 2015 წლის თებერვალში და მარტში, სს ,,სილქნეტის“ მიერ, საერთაშორისო სატესტო ზარების განხორციელების შედეგად, გამოვლინდა, რომ შპს ,,ახალი ქსელების“ მხრიდან სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით საერთაშორისო ზარები შევიდა ლოკალური ტრაფიკისათვის გამოყოფილი არხით შეცვლილი ,,A“ ნომრებით, რომლებიც შპს ,,ახალ ქსელებში“ შევიდა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან, როგორც ლოკალური ზარი და შპს ,,ახალ ქსელებმა“ ტრანზიტულად დაასრულა სს ,,სილქნეტში“. კერძოდ: 1. პირველადი ,,A“ ნომერი - 79087961348, ჩანაცვლებული ,,A“ ნომერი - 322152065, ,,B“ ნომერი - 322220359, დრო - 2/12/2015. 2:32:36 AM, ხანგრძლივობა - 20.44 წამი; 2. პირველადი  ,,A“ ნომერი -  79517132979, ჩანაცვლებული  ,,A“ ნომერი -  322451833, ,,B“ ნომერი - 322230074, დრო - 2/20/2015; 1:47:03 AM, ხანგრძლივობა - 15.24 წამი; 3. პირველადი ,,A“ ნომერი- 74812218582, ჩანაცვლებული  ,,A“ ნომერი -  322454261,  ,,B“ ნომერი -  322780461, დრო - 3/8/2015, 12:35:49 AM, ხანგრძლივობა - 15.24 წამი; 4. პირველადი  ,,A“ ნომერი - 37455557755, ჩანაცვლებული ,,A“ ნომერი -  322154404, ,,B“ ნომერი - 350270051 (თელავი), დრო - 3/9/2015. 3:19:08 AM, ხანგრძლივობა - 11.52 წამი. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის წერილობითი განმარტებით, ასეთი ფაქტების განმეორების თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა კომისიის წერილის მიღების შემდეგ და კომპანიის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად მოხდა სს ,,სილქნეტის“ საჩივარში მოყვანილი ნომრების (322152065; 322451833; 322454261; 322154404)  გათიშვა. თუმცა კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვისას შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის დირექტორმა განაცხდა, რომ ვითარებაში გარკვევის შემდეგ დარწმუნდა, რომ ადგილი არ ჰქონდა საერთაშორისო ზარების ლოკალური არხით დასრულებას და შესაბამისად, ნომრების შეცვლას;

5. სს ,,სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 1367 სააბონენტო ნომრის შემოწმებისას (შემოწმება განხორციელდა 31.03.2015.; 11:00-დან 16:00 საათამდე) გამოირკვა, რომ  ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებისათვის განკუთვნილი გეოგრაფიული ნომრებიდან  გამოძახების სიგნალი გავიდა მხოლოდ 33 აბონენტთან (215 XXXX. 245 XXXX ; თბილისის გეოგრაფიული ზონა), ხოლო ამავე სახის მომსახურებისათვის გათვალისწინებული დანარჩენი ნომერი გათიშული იყო დავალიანების გამო. ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებისთვის განკუთვნილ არაგეოგრაფიული ნომრებზე  (706 030 XXX) ჩართული იყო შეტყობინება - „ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მოგვიანებით“, ან  საერთოდ ნომერი არ იყო რეგისტრირებული.  2015 წლის 27 თებერვალს ჩატარებული შემოწმების დროს შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის  სააბონენტო ნომრები: 322152065; 322451833; 322454261; 322454404  აქტიური არ იყო (ჩართული იყო შეტყობინება: ,,გათიშულია დავალიანების გამო“);

6. შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსიდან (,,A“ ნომერი), 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით,  შპს ,,ახალი ქსელების“ გავლით სს ,,სილქნეტის“ ქსელში 6 410 565 წუთის ხანგრძლივობის სატელეფონო ზარი დასრულდა. აქედან, არარეგისტრირებული არაგეოგრაფიული 499 (706 030001 - 706 030499)  სატელეფონო ნომრებიდან  დასრულდა 1 627  714 წუთი, ხოლო 500 (706 030500 – 706 030999) ნომრიდან, რომლებზეც ჩართული იყო შეტყობინება - ,,ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მოგვიანებით“ - 3 525 055 წთ.  გეოგრაფიული ნომრებიდან (სამოქმედო ზონა: თბილისი 215 XXXX და 245 XXXX ინდექსებით დაწყებული სატელეფონო ნომრები, რომლებიც ასახულია სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილ CD-ში) დასრულდა - 1 257 796 წუთი;

7. 2014 წლის სექტემბერში შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს ჰყავდა 425 აბონენტი, ხოლო ერთი აბონენტის საუბრის საშუალო ხანგრძლივობა დღეში შეადგენდა 5 წუთს;  2014 წლის ოქტომბერში ჰყავდა   505 აბონენტი,  ხოლო  ერთი აბონენტის საუბრის საშუალო ხანგრძლივობა დღეში შეადგენდა  7 წუთს.  2014 წლის ნოემბერში შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ს ჰყავდა 1203 აბონენტი, 2014 წლის დეკემბერში - 1204 აბონენტი, 2015 წლის იანვარში - 890 აბონენტი, 2015 წლის თებერვალში -  1221 აბონენტი.  საუბრის საშუალო ხანგრძლივობამ დღეში ერთ ახალ აბონენტზე შეადგინა: 2014 წლის ნოემბერში - 65 წუთი; 2014 წლის დეკემბერში - 117 წუთი, 2015 წლის იანვარში - 301 წუთი; 2015 წლის თებერვალში - 138 წუთი. არაგეოგრაფიული სატელეფონო ნომრებიდან (სულ: 999 ნომერი),  2014 წლის ნოემბერში, ერთი ნომრის მაქსიმალური დატვირთვა თვის განმავლობაში შეადგენდა   2026 წუთს, ხოლო მინიმალური - 223 წუთს; 2014 წლის  დეკემბრის თვეში  - 2718 წუთს, ხოლო მინიმალური - 739 წუთს. თითოეული არაგეოგრაფიული სატელეფონო ნომრიდან  (სულ: 500 ნომერი) 2015 წლის იანვარში ერთი ნომრის მაქსიმალური დატვირთვა შეადგენდა  4502  წუთს, ხოლო მინიმალური - 2840 წუთს; თებერვლის თვეში, შესაბამისად  - 1673  წუთს  და  739  წუთს;

8. 2014 წლის ნოემბრიდან,  შპს ,,ახალ ქსელებს“ მნიშვნელოვნად გაეზარდა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-დან მიღებული ტრანზიტული ტრაფიკის ოდენობა სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით.  სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“ შორის პირდაპირი ურთიერთჩართვის მიუხედავად, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან  სს ,,სილქნეტში“ ზარების დასრულება მოხდა შპს ,,ახალი ქსელების“ გავლით (ტრანზიტი), რისთვისაც შპს ,,ქართულმა სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-იმ 1 თეთრის ოდენობით დამატებითი ხარჯი  გასწია;

9. ლოკალური ტრაფიკის მკვეთრი ზრდა, საერთაშორისო ტრაფიკის შემცირების პარალელურად, ფიქსირდება 2014 წლის 1 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილება, რომლითაც საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით, დადგინდა ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაციის ტარიფი - 0,09 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 1 წუთზე, ხოლო ადგილობრივი (ლოკალური) სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე დადგენილია ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით (კომისიის 2010 წლის 9 სექტემბრის №428/9 გადაწყვეტილება). შესაბამისად, ადგილობრივი ზარის დასრულებისათვის გამოყოფილი არხის მეშვეობით საერთაშორისო ზარის დასრულების ფაქტის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, რაც თავისთავად წარმოადგენს კანონდარღვევას, კომპანია იღებს არალეგალურ შემოსავალს საერთაშორისო ზარის დასრულებისათვის დადგენილი თანხისა და ლოკალური ზარის დასრულებისათვის დადგენილი თანხის სხვაობის ოდენობით. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო ზარის საქართველოში ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებისათვის აქციზის გადასახადი შეადგენს ერთ წუთზე 8 თეთრს;

10. შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის განმარტებით, 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით ტრაფიკის ზრდა გამოწვეული იყო ახალი აბონენტების შპს ,,ჯეო ლაინის“ და შპს ,,ტბკომ“-ის აყვანით, რომლებიც, მისივე განმარტებით ,,არიან სატელეფონო კვლევების ჩამტარებელი კომპანიები“.  შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი (01/13-15; 24.04.15) ხელშეკრულებებიდან  ირკვევა, რომ 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით, შპს ,,სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის აბონენტებს  წარმოადგენდნენ შპს ,,ჯეო ლაინი“ (2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე)  და  შპს ,,ტბკომ“ (2014 წლის 30 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 დეკემბრამდე).  შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-სა და შპს ,,ჯეო ლაინს“ შორის საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ერთ-ერთი ხელშეკრულება დადებულია 2014 წლის 1 ნოემბერს, ხოლო შპს ,,ჯეო ლაინი“, როგორც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, დარეგისტრირდა 2014 წლის 19 ნოემბერს.  შპს  ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“  შპს  „ჯეო ლაინს“, 2014 წლის 1 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, მომსახურებას უწევდა 2014 წლის 21 ნოემბრიდან. სულ შპს ,,ჯეო ლაინს“ საკომუნიკაციო მომსახურებაში  გადახდილი აქვს  345340  ლარი, ხოლო შპს ,,ტბკომ“-ს  - 116819 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული და შესწავლილი ფაქტობრივი  გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, კომისიას მიაჩნია, რომ 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 10 მარტის ჩათვლით შესაძლოა ადგილი ჰქონოდა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შპს ,,ახალი ქსელების“ გავლით სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით საერთაშორისო ზარების შესვლას ლოკალური ტრაფიკისათვის გამოყოფილი არხით, შეცვლილი ,,A“  ნომრებით, რაც სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების) წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების თაობაზე მოწვევის ოფერტის 9.11 პუნქტის შესაბამისად,  არსებით დარღვევას წარმოადგენს.  

კომისიას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება სახეზე იყოს არა მხოლოდ ზემოაღნიშნული მოწვევის ოფერტით განსაზღვრული არსებითი პირობების დარღვევა, არამედ არალეგალური შემოსავლების მიღება, კერძო მეწარმე სუბიექტისთვის ზარალის მიყენება და რაც მთავარია - სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რომელთა გამოსარიცხადაც მიზანშეწონილია სს ,,სილქნეტს“ მიეცეს თანხმობა შეაჩეროს ურთიერთჩართვა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-თან ნაწილობრივ (არაპირდაპირი ურთიერთაჩართვის ნაწილში) სხვა კომპანიების გავლით (ტრანზიტულად) სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით საერთაშორისო ზარების ლოკალური ტრაფიკისათვის გამოყოფილი არხით შესვლის ფაქტის უტყუარი  მტკიცებულებებით დადასტურების შემთხვევაში. კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტს“ უნდა მიეცეს თანხმობა შეაჩეროს ურთიერთჩართვა ყველა მსგავს შემთხვევაში, მხოლოდ სს „სილქნეტის“ მიერ  მისი ქსელში ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხით, შეცლილი „A“ ნომრებით  საერთაშორისო ზარების დასრულების ფაქტის უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურების შემთხვევაში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული  მასალები, კერძოდ, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-ის მიერ  2015 წლის 24 ივნისს კომისიაში წარმოდგენილი (01/38-15; 24.06.15.; კომისიაში რეგისტრაციის ნომერი: შ-6/4275-15; 24.06.15) სს ,,სილქნეტის“ საჩივარზე დართულ ციფრული ჩანაწერის სახით - CD-ზე წარმოდგენილი  თბილისის გეოგრაფიული ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ნომრების მფლობელ მომხმარებელთან (215 XXXX და 245 XXXX ინდექსები. სულ 368 ნომერი, საიდანაც 330 ნომერი არის შპს ,,ჯეო ლაინის“ მფლობელობაში ხელშეკრულების შესაბამისად) გაფორმებული ხელშეკრულების ასლები  და ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტაცია (საბილინგო მონაცემები, ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, საბანკო ამონაწერი და ა.შ.), უნდა გადაეგზავნოს  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო  სამსახურს, რომელსაც კომისიის 2015 წლის 13 მაისის №256/16 გადაწყვეტილებით უკვე გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები მოკვლევისთვის მისი კომპეტენციის ფარგლებში.

კომისიის წევრნა ე. ასანიძემ აღნიშნა, რომ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე სს „სილქნეტისთვის“ თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან, ამგვარი გადაწყვეტილების მიღებით გრძელდება ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული კანონით განსაზღვრული რეგულაციებისგან განსხავებული რეგულაციების დადგენა, ხოლო მხარს დაუჭერს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული დამატებითი მასალების  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო  სამსახურში გადაგზავნას. ამავე დროს, მას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს სს ,,სილქნეტის“ საჩივარის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება და დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილების, რომლითაც საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით დადგინდა ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაციის ტარიფი, გაუქმების მიზნით. კომისიის წევრ ე.ასანიძის პოზიცია ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემაზე უარის თქმის თაობაზე კომისიის წევრთა უმრავლესობით (ორი ხმა: ე.ასანიძე, სამის წინააღმდეგ: ვ.აბაშიძე, კ.ბექაური, გ.ფრუიძე) არ იქნა გაზიარებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტის   შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, გადაწყვეტილებითი ნაწილის პირველი პუნქტთან დაკავშირებით უმრავლესობით (ოთხი ერთის წინააღმდეგ. კომისიის წევრმა ე. ასანიძემ, მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას), ხოლო მე-2 პუნქტთან დაკავშირებით  ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. მიეცეს სს ,,სილქნეტს“ თანხმობა შეაჩეროს ურთიერთჩართვა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან ან სხვა კომპანიიდან ტრანზიტულად (სხვა კომპანიის გავლით) შემომავალი ტრაფიკის დასრულებაზე შეზღუდვის მიზნით, სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით საერთაშორისო ზარების ლოკალური ტრაფიკისათვის გამოყოფილი არხით შესვლის ფაქტის უტყუარი  მტკიცებულებებით დადასტურების შემთხვევაში; სს ,,სილქნეტს“ დაევალოს აღნიშნულის თაობაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აცნობოს კომისიას;
  2. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მასალები შესაძლო დანაშაულის ნიშნების დადგენის მიზნით გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში;
  3. დაევალოს კომისის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,სილქნეტისთვის“, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-თვის, შპს ,,ახალი ქსელებისთვის“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გაგზავნა;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
 

                კომისიის თავმჯდომარე           ვახტანგ აბაშიძე

                კომისიის წევრი                          ელისო ასანიძე

                კომისიის წევრი                          კახი ბექაური

              კომისიის წევრი                          გიორგი ფრუიძე                                      

              კომისიის წევრი                          მერაბ ქათამაძე

                                                                                                                                                                         

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები