თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის (საქმე №3/3516-134) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსზე საკონკურსო სხდომის ჩანიშვნისა და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 11, 2015 12:16
მიღების თარიღი ივლისი 16, 2015
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის (საქმე №3/3516-134) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსზე საკონკურსო სხდომის ჩანიშვნისა და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილების შესაბამისად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ენერჯი გრუპი“. კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილება კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ გაასაჩივრა სასამართლო წესით და მოითხოვა სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მისი მიღების დღიდან და კომისიისთვის კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად 2013 წლის 21 ივნისს გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულად შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ ცნობისა და მისთვის შესაბამისი მაუწყებლობის ლიცენზიის გადაცემის დავალება.
2014 წლის 15 იანვარს კომისიამ მიიღო №15/4 გადაწყვეტილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „ენერჯი გრუპის“ კერძო მაუწყებლობის №B150 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე”. კომისიის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შპს „შპს ენერჯი გრუპის“ დირექტორი და პარტნიორი კ. ბაინდურაშვილი იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, პალატა არის ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მისი პრეზიდენტი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37.2 მუხლის შესაბამისად არ შეიძლება იყოს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთე. აღნიშნული გარემოება კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილების მიღების დროს კომისიისათვის აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი არ იყო, რაც გახდა კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სარჩელი, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილება „ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ და კომისიას დაევალა კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტის გამოცემა. კომისიას ასევე დაეკისრა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სასარგებლოდ მის მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ. 2014 წლის 13 მაისს კომისიამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის შეჩერების შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს „ენერჯი გრუპის“ სარჩელი 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კომისიის 2014 წლის 15 იანვრის ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით დააკმაყოფილა კომისიის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“, რომელმაც განჩინების გაუქმება მოითხოვა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 5 მარტის განჩინებით დააკმაყოფილა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კერძო საჩივარი, გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განჩინება და საქმე არსებითი განხილვისთვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
2015 წლის 29 მაისს კომისიამ მიიღო №295/22 გადაწყვეტილება ”თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილების გაუქმებისა და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ”, ხოლო 2015 წლის 9 ივნისს მიმართა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით და ითხოვა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №330310013324102 (3ბ/359-14) შეტანილ კომისიის სააპელაციო საჩივარზე შეწყვიტა წარმოება და შესაბამისად, უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის №3516-13 გადაწყვეტილება.
კომისია აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოკვლეულ იქნა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
გ) ამოწურვადი რესურსის სარგებლობის საფასურის 10%–ს გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ე) შესაბამისობის დეკლარაცია;
ვ) სამაუწყებლო კონცეფცია;
ზ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;
თ) ცნობა პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადის შესახებ;
ი) ცნობა დაფინანსების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციის თანახმად, კომპანიის დირექტორი იყო თამაზ სამხარაძე (პ/ნ 01003006300), ხოლო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი რამაზ სამხარაძე (პ/ნ 01003000985). დღეის მდგომარეობით კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის რამაზ სამხარაძე (პ/ნ 01003000985). კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია, რომლის შესაბამისადაც კომპანიის დირექტორი საკუთარი პასუხისმგებლობით ადასტურებს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), გ), დ) ე) და ვ) ქვეპუნქტებით და 371–ე მუხლით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც ეკრძალებათ სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელის რამაზ სამხარაძის მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ფიზიკური პირი რამაზ სამხარაძე (პ/ნ 01003000985) ზემოაღნიშნულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე საძიებო სისტემა www.google.ge-ს გამოყენებით გადამოწმდა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე ხომ არ წარმოადგენს
ა) ადმინისტრაციული ორგანოს;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირს;
დ) პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;
ვ) იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ზ) პირს, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული არ დადასტურდა.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.
შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B95 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საერთო რადიომაუწყებლობის განხორციელებას ქ. ლაგოდეხში სიხშირეზე 102.8 მგჰც.
კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად არ დგინდება შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” და რამაზ სამხარაძის აფილირება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს სხვა კომპანიებთან. შესაბამისად, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (№10/1035-13, 22.08.2013) თანახმად, საძიებელი ლიცენზიის სახეობიდან (საერთო რადიომაუწყებლობა) გამომდინარე კონცეფციის შეფასება/ანალიზი განხორციელდა პროგრამული მრავალფეროვნების გათვალისწინებით. შესაბამისად, სამაუწყებლო კონცეფციის შეფასებისას გამოკვლეულ იქნა ლიცენზიის მაძიებელის მიერ შეთავაზებული თემატიკისა და ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი
შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ წარმოადგენილი სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, კომპანია მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
- ახალი ამბები;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა;
– ანალიტიკური პროგრამა;
- საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა;
- ახალგაზრდული პროგრამა;
- საბავშვო პროგრამა;
- მუსიკალურ-გასართობი პროგრამა;
- სპორტული პროგრამა;
წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიზანია დამოუკიდებელი, თავისუფალი და პროფესიული მასმედიის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება, დამოუკიდებელი მედია ბიზნესის განვითარება. საზოგადოებისათვის სანდო, ობიექტური და მიუკერძოებული ინფორმაციის მიწოდება. „ჰერეთი თბილისი“ მიზნად ისახავს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, აქედან გამომდინარე გადაცემებში და რუბრიკებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტსა და ახალგაზრდების სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს. მომზადდება და ეთერში გავა სოციალური ხასიათის არაერთი სარეკლამო რგოლი;
შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:
საინფორმაციო გამოშვება – „ჰერეთი თბილისის“ ახალი ამბები მსმენელს დღის განმავლობაში, სრულ საათზე საინფორმაციო გამოშვებას შესთავაზებს. დღეში ორჯერ (დილას და შუაღამეს) ახალი ამბების გამოშვება ინგლისურ ენაზე მომზადდება. გაშუქდება ყველა ის საკითხი, რაც დედაქალაქში, ქვეყანაში და მსოფლიოში ხდება. აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად „ჰერეთი თბილისი“ ოპერატიულობის და მაღალი ხარისხის თვალსაზრისით, საინფორმაციო სამსახურში აქტიურად გამოიყენებს პარტნიორი საერთაშორისო მედიაორგანიზაციების და რადიოსადგურების (რადიო „თავისუფლება“, „გერმანული ტალღა“, „ამერიკის ხმა“) მედია რესურსსაც. ექსკლუზიურ ხმებს და რადიოსინქრონებს, სტრინგერებს. ამასთანავე, პარტნიორი რეგიონალური რადიოსადგურების საინფორმაციო და ჟურნალისტურ რესურსს.
საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:
- „შუაგულში“ – ყოველ სამუშაო დღეს, დღის მიწურულს ახალი ამბების შოუ. ყოველდღიური 1 საათიანი თოქ–შოუ. დღის მთავარი მოვლენები სტუმრებთან ერთად. მოსაზრებები, შეფასებები, კომენტარები, პირდაპირი ჩართვები მოვლენების შუაგულიდან;
- „ხმა“ – ყოველკვირეული 1 საათიანი საზოგადოებრივ–პოლიტიკური თოქ–შოუ, რომელიც სტუმრებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვან თემას მიმოიხილავს დებატების და მსმენელთან ინტერაქციის ფორმატში;
- „მთელი კვირა“ – ყოველ კვირას, 1 საათიანი საინფორმაციო–ანალიტიკური რადიოჟურნალი. „მთელი კვირა“ მსმენელს კვირის მოვლენების ანალიზს შესთავაზებს (მიმდინარე მოვლენები თბილისში, საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ). პირველი რადიოჟურნალი საქართველოში, რომელიც სპეციალურად „გერმანული ტალღისა“ და „ბი ბი სის“ კონსულტანტების დახმარებით იქმნება;
- „ხიდი“ – ყოველკვირეული 1 საათიანი პროგრამა, ერთგვარი რადიო ხიდი თბილისის სტუდიასა და რეგიონალურ სტუდიებს შორის. საზოგადოებრივ–პოლიტიკური თოქ–შოუ, რომელიც საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და სპორტულ მოვლენებზეა ორიენტირებული. გადაცემაში ქვეყნის ოთხი რადიოსადგური მიიღებს მონაწილეობას („ჰერეთი“, „ძველი ქალაქი“, „ჰარმონია“, „ათინათი“);
- „ქსელი“ – 30 წუთიანი თოქ–შოუ, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს გავა ეთერში. ქართულ სოციალურ ქსელებში და ბლოგებზე გამოქვეყნებული აქტუალური თემები, მიმოხილვა და კომენტარები. გადაცემის მსვლელობისას, მსმენელი მიიღებს ინფორმაციას წინა დღეს ქართულ ინტერნეტ სივრცეში გააქტიურებული თემების შესახებ. გადაცემას ეყოლება სტუმარი, აქტუალური და საინტერესო ბლოგის ავტორი, რომელიც წამყვანთან ერთად მისი ბლოგის და ასევე სხვა ბლოგების მაგალითზე ანალიზს გაუკეთებს სოციალურ მედიაში არსებულ ტენდენცეიებს და იმას თუ რომელ მოვლენაზე ან რომელ პერსონაზე გავრცელდა უფრო მეტი ინფორმაცია, ვინ იყო ჩრდილში, რაზე დაიწერა პოსტები, რა თემებზე აკეთებენ აქცენტებს ნაცნობი სახეები, ხოლო გამომდინარე იქიდან რომ აღნიშნულ თემებს თბილისურ რადიო სადგურებში ცალკე გადაცემის სახით დრო არ ეთმობა, „ჰერეთი“ იქნება პირველი რადიო კომპანია, რომელიც მსგავსი ტიპის გადაცემას შექმნის;
- „პრეს–რევიუ“ – 10 წუთიანი გადაცემა ეთერში გავა დღეში ხუთჯერ, ყოველდღე კვირის გარდა. თბილისის, ქვეყნის და საერთაშორისო პრესის მთავარი სტატიების მიმოხილვა. ახალი და ტრადიციული მედიის სინთეზი, პარალელები და შედარებები.
ანალიტიკური თემატიკის ფარგლებში:
- „ბიზნეს–რევიუ“ – 10 წუთიანი გადაცემა საქმიანი ადამიანებისათვის, ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეების შესახებ, ეთერში გავა დღეში სამჯერ, ყოველ სამუშაო დღეს. გადაცემაში მოხდება მთავარი თემების მიმოხილვა სტუმართან ერთად. ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური ეკონომიკური პროცესები, ბიზნესკომპანიების ნოვაციები, პრობლემები, მიღწევები. მსოფლიო ბიზნესის სიახლეები. ახალი ბიზნესი, პირდაპირი ჩართვები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. ვალუტის კურსი, ოქროს ფასი, ნავთობის ფასი ქართულ და მსოფლიო ბაზარზე;
საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:
- „თბილისის დროით“ – 30 წუთიანი გადაცემა ყოველ სამუშაო დღეს გავა პირდაპირ ეთერში. გადაცემა სამ სეგმენტად იქნება დაყოფილი. პირველ ნაწილში წამყვანი მსმენელს თბილისში მიმდინარე კულტურულ, სპორტულ, სამეცნიერო, მედიცინასთან, მოდასთან, ახალგაზრდობასთან, რეკრეაციასთან და სხვა არა პოლიტიკურ, საინტერესო საკითხებთან დაკავშირებულ სიახლეებს გააცნობს. გადაცემის მეორე ნაწილში მოწვეული იქნება სტუმარი, ცნობილი თბილისელი კოლორიტი ან საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, რომელთანაც 10 წუთამდე დროის განმავლობაში შედგება საუბარი სხვადასხხვა, თბილისთან დაკავშირებულ თემაზე (მაგ: არქიტექტურული ტენდეციები თბილისში; თბილისი როგორც კულტურული ცენტრი; რა მდგომარეობაა თბილისის რეკრეაციულ ზონებში; თბილისელი ახალგაზრდობა; თბილისი ტურისტების თვალით, თბილისი მრავალეთნიკური, რელიგიური ქალაქი და ა.შ). გადაცემის მესამე ბლოკი თბილისურ კულტურულ, გასართობი ღონისძიებების მიმოხილვას და დაანონსებას შესთავაზებს მსმენელს;
- „განათლება დღეს“ – ყოველკვირეული, 30 წუთიანი გადაცემა განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენების, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, არსებული და დასრულებული რეფორმების შესახებ. მოწვეული სტუმრები, სტუდენტები, ლექტორები, მასწავლებლები, განათლების ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები ღია ეთერში ანალიზს გაუკეთებენ სფეროში არსებულ მდგომარეობას. ექსპერტები და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები გადაცემაში ინტერაქციის რეჟიმში: ფეისბუქის, სკაიპისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით ჩართული მოსახლეობის კითხვებსა და მოსაზრებებს უპასუხებენ;
- „გიდი“ – ყოველდღიური გადაცემა, ეთერში განთავსდება დღეში ოთხჯერ. გადაცემა საქართველოს ღირშესანიშნაობების, კულტურული ძეგლების შესახებ. ძირითადი აქცენტი საქართველოს ტურისტულ რეგიონებზე გაკეთდება;
- „საქართველო ოდესღაც“ – ეთერში განთავსდება დღეში ორჯერ, ყოველ სამუშაო დღეს. გადაცემა საქართველოს ისტორიის, წინა საუკუნეებში მომხდარი საინტერესო ფაქტებისა და მოვლენების შესახებ;
- „მსოფლიოს გარშემო“ – ყოველდღიური გადაცემა, ეთერში განთავსდება დღეში სამჯერ. გადაცემა მსოფლიო სანახაობების შესახებ;
- „მედეა“ – გადაცემა, ეთერში განთავსდება დღეში ორჯერ. საგანმანათლებლო გადაცემა მედიცინის შესახებ. სიახლეები, ინოვაციები, პრაქტიკა, ახალი ტენდენციები, ჯანსაღი ცხოვრების წესი;
- გადაცემა რელიგიის შესახებ – ყოველკვირეულად, მოწვეულ სტუმრებთან ერთად 30 წუთიან პროგრამაში საუბარი შეეხება სხვადასხვა რელიგიურ საკითხებს, წეს–ჩვეულებებს. რელიგიური უმცირესობების მდგომარეობის, მათი პრობლემების, ტრადიციების შესახებ. რელიგიისა და სახელმწიფოს, რელიგიისა და საზოგადოების, რელიგიისა და კულტურის ურთიერთქმედებათა საკითხები;
- საავტორო გადაცემა „კინო–მანია“ – 30 წუთიანი საავტორო პროგრამა ეთერში განთავსდება კვირაში ორჯერ. პროგრამა სამ 10 წუთიან სეგმენტად დაიყოფა. პირველი ნაწილი მიეძღვნება კინო სიახლეებს – რა ხდება ქართულ და მსოფლიო კინოში, რომელი ფილმი გამოჩნდა მსოფლიოს კინოეკრანებზე, რომელი ფილმის გადაღება იგეგმება საქართველოსა და მსოფლიოში. მეორე ნაწილში საუბარი იქნება ქართულ კინოზე, მსახიობებსა და რეჟისორებზე. სტუდენტურ და ახალ კინოზე. გადაცემაში გაშუქდება კინოსთან დაკავშირებული ღონისძიებები. აქცენტები ყველასთვის კარგად ნაცნობ ქართულ ფილმებზეც გაკეთდება. ამ შემთხვევაში მსმენელი გაეცნობა ამა თუ იმ ცნობილი ფილმის გადაღების დროს მომხდარ უცნობ დეტალებს და კურიოზებს. გადაცემის სეგმენტი აგრეთვე იქნება ქართული და საერთაშორისო კინოფესტივალები, კინოინდუსტრიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორები და მსახიობები. მესამე ბლოკი შედევრებს, კინო კლასიკას დაეთმობა. წამყვანი მსმენელს ერთი კლასიკური კინოფილმის გადაღების, მასში მონაწილე მსახიობების ფილმთან დაკავშირებულ ისტორიებს და პირად ცხოვრებას დაუთმობს. გადაცემა ერთგვარი მეგზური იქნება ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ახალგაზრდა პროფესიონალებს;
- „რადიო–თეატრი“ – 30 წუთიანი საავტორო პროგრამა ეთერში განთავსდება კვირაში ერთხელ. გადაცემაში განხორციელდება ნოველების რადიოინსცინირება ცნობილი მსახიობების ხმებით. გადაცემა გაფორმებული იქნება მუსიკალური და ხმის ეფექტებით, რაც მეტ დადებით ემოციას გამოიწვევს მსმენელში;
მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში ცალკე გამოყოფილია რამოდენიმე რუბრიკა, კერძოდ:
- „აღმაფრენის 3 წუთი“ – ყოველდღიური, რუბრიკა ლიტერატურისა და პოეზიის, პროზის შესახებ, ეთერში განთავსდება დღეში სამჯერ. ძველი და თანამედროვე ლექსები, ჩანახატები, მოთხრობები ცნობილი და ახალგაზრდა მსახიობების ხმებით;
- „ცოცხალი ბუნება“ – ყოველდღიური, 2–3 წუთიანი რუბრიკა ბუნების შესახებ. ეთერში განთავსდება დღეში ორჯერ.
- „ნოუ–ჰაუ“ – ყოველდღიური, 5 წუთიანი შემეცნებით–საინფორმაციო ტიპის რუბრიკა მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული ახალი ტექნოლოგიების შესახებ. „ჰერეთი თბილისის“ მსმეენელი გადაცემაში ასევე მოისმენს სიახლეებს საქართველოში შემოსული უახლესი ტექნოლოგიური ინოვაციების, მათი ფუნქციებისა და საბაზრო ღირებულებების შესახებ;
- „ამინდის პროგნოზი“ – დღის ეთერში, ყოველ საათში თბილისის, ქვეყნის და მსოფლიო ამინდის შესახებ ინფორმაცია;
ახალგაზრდული თემატიკის ფარგლებში:
- „ღია დიალოგი“ – გადაცემის 2 საათიანი დრო დაეთმობა იმ თემებს, რაზეც ხშირად არ ან ვერ საუბრობენ. თოქ–შოუ შემეცნებით საგანმანათლებლო ხასიათისაა და ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. გადაცემაში სტუმრებთან ერთად განხილული იქნება სხვადასხვა სენსიტიური თემა. ძირითადად ახალგაზრდულ საკითხებს მიეძღვნება. გადაცემას სტუმრად მუდმივად ეყოლება ფსიქოლოგები, სოციოლოგები, მედიცინის და სხვა დარგის სპეციალისტები; წინასწარ მომზადდება რეპორტაჟები იმ საკითხებზე, რაც გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში განიხილება. ნებისმიერ მსმენელს საშუალება ექნება წამყვანს და სტუმრებს ეკონტაქტოს, გაესაუბროს, მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო კითხვაზე. გადაცემის მიზანია მოზარდებისათვის სწორი რჩევა/რეკომენდაციების მიცემა, პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით, ჯანსაღი აზროვნების დანერგვა. ტაბუს მოხსნა იმ თემებზე, რაზეც საჭიროა და აუცილებელია „ღია დიალოგი“. სოციალურ ვებ–გვერდებსა და ბლოგებზე ზემოთ აღნიშნული თემატიკის სტატიებზე ხშირად ვაწყდებით მოზარდების მიერ გაკეთებულ არატოლერანტულ კომენტარებს. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მცდარი სტერეოტიპები;
მუსიკალურ-გასართობი თემატიკის ფარგლებში:
- „საშაქრე“ – დილის 2 საათიანი გამამხნევებელი თოქ–შოუ. გადაცემას რამდენიმე წამყვანი ეყოლება. იქნება როგორც გართობა და იუმორი ასევე მუსიკა, ინფორმაცია და შემეცნებითი ხასიათის რუბრიკები. გადაცემის მთავარ ხიბლს წარმოადგენს ის, რომ „საშაქრეს“ ყოველდღიუად ესტუმრება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ადამიანი, რომელიც მისთვის უჩვეულო ამპლუაში წარსდგება მსმენელის წინაშე. (მაგ. პოლიტიკოსი ფეხბურთის შესახებ, მსახიობი ასტროლოგიაზე) გადაცემის მიზანია ახალგაღვიძებული და სამსახურისკენ მიმავალი ადამიანებისათვის დილის საუკეთესო, მხიარული განწყობის შექმნა და საჭირო ინფორმაციის მიღება. თბილისის რადიოსადგურების ბაზარს აკლია დილის გამახნევებელი და გასართობი გადაცემები, რადიოსადგურების უმეტესობა დილას კრიმინალური ამბებით გაჯერებული საინფორმაციო გამოშვებებით იწყებს. ეს ფაქტორი თბილისის მედია ბაზარზე რადიო ჰერეთის კონკურენტულ უპირატესობას გააძლიერებს;
- „თანამედროვე კლასიკის 1 საათი“ – ყოველდღიური გადაცემა;
- „ჯაზომანია“ – ყოველკვირეული 20 წუთიანი გადაცემა ჯაზის მოყვარულთათვის;
- „Night Club“ – საავტორო პროგრამა. ღამის ყოველკვირეული ელექტრონული მუსიკის 4 საათიანი მონაკვეთი;
- „სოლო“ – ყოველკვირეული საავტორო პროგრამა. 2 საათიანი გადაცემის პირდაპირი ეთერი მსმენელს ქართველი ან უცხოელი მუსიკალური ჯგუფების და მომღერლების მიერ ცოცხლად შესრულებულ ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ჰიტებს შესთავაზებს.
- „Fresh” – 1 საათიანი მუსიკალური გადაცემა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმ ქართულ ჯგუფებსა და შემსრულებლებზე, რომლებიც თანამედროვე მუსიკალურ ამინდს ქმნიან (ახალგაზრდა როკ და ჯაზ ბენდები, დამწყები მომღერლები). გადაცემაში დიდი დრო დაეთმობა ყველა მუსიკალურ მიმდინარეობას მათ შორის ეთნო–ჯაზსაც, რომელიც დედაქალაქში ბოლო წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გადაცემის სამუშაო ჯგუფი წინასწარ მოამზადებს ინფორმაციას კონკრეტული ბენდისა თუ შემსრულებლის შესახებ, მოიწვევს მას პირდაპირ ეთერში და წარადგენს ფართო საზოგადოების წინაშე. გადაცემის მიზანია, ერთის მხრივ ახალგაზრდა, ნიჭიერი, პერსპექტიული მუსიკოსებისა და მომღერლების პოპულარიზაცია, მხარდაჭერა და გამხნევება, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი შემოქმედი ადამიანების გაცნობა და ხელოვნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში;
- იუმორი ჰერეთზე – იუმორისტული გადაცემები ორიენტირებული იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი იუმორის პოპულარიზაციაზე. საათში ერთხელ, ეთერში გაჟღერდება 1–2 წუთიანი „ცოცხალი ანეგდოტები“. ანეგდოტებს და მხიარული ისტორიებს საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები და საქართველოს მოქალაქეები მოყვებიან;
- „Orange Show“ – 2 საათიანი ღამის მუსიკალურ–გასართობი გადაცემა, რომლის მსვლელობისას მსმენელს საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში დარეკოს, გააგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება, ესაუბროს წამყვანს და მის სტუმარს თემაზე, რომელიც კონკრეტული დღისთვის იქნება შერჩეული. თემაზე საუბარი მსმენელს შეუზღუდავათ, ჩარჩოების გარეშე შეეძლება. გადაცემის მიზანი გართობა და საზოგადოებაში ღია დიალოგის გააქტიურებაა.
საბავშვო თემატიკის ფარგლებში:
- „ფერადი ამბები“ – 30 წუთიანი საინფორმაციო გამოშვება, რომელსაც ბავშვები თავად გააკეთებენ. გადაცემაში მოხდება იმ ამბების გაშუქება, რაც პატარებს დააინტერესებთ. სიახლეები საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან და სხვადასხვა ივენთი სადაც ბავშვებს დააინტერესებთ წასვლა. გადაცემაში ინტენსიურად იქნება შემეცნებითი რუბრიკები, გამოკითხვები. წამყვანები და კორესპონდენტები კი თავად ბავშვები იქნებიან, რომლებიც განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი. მათი შერჩევა სპეციალური კონკურსის და ჟიურის საშუალებით მოხდება. ეს იქნება ერთგვარი სტუდია, რომლის ფაგლებშიც 13 წლამდე ბავშვები შეისწავლიან რადიოს სპეციფიკას და თავად მოამზადებენ სხვადასხვა რუბრიკას. პროექტი ხელს შეუწყობს ბავშვების საგანმანათლებლო, მედია პროექტში ჩართვას. მათგან გავრცელებული სახალისო, შემეცნებითი ინფორმაცია პოზიტიურ განწყობას შეუქმნის ყველა ასაკის ადამიანს. პროექტში მონაწილე ბავშვები გაიუმჯობესებენ მეტყველების კულტურას და გამოიმუშავებენ ბევრ, მათთვის მნიშვნელოვან და ცხოვრებაში გამოსადეგ უნარებს. გახდებიან ცნობილი ხმები, მონაწილეობას მიიღებენ რადიოში გამართულ კონკურსებში.
სპორტული თემატიკის ფარგლებში:
- „სპორტ News” – ყოველდღიური გადაცემა, ეთერში განთავსდება დღეში ოთხჯერ. თითო გადაცემას დაეთმობა 5 წუთი, სადაც მსმენელი საქართველოს და მსოფლიო სპორტის სამყაროდან უახლეს სიახლეებს შეიტყობს;
- „სპორტის კვირა“ – ყოველკვირეული 1 საათიანი თოქ–შოუ სტუმრებთან ერთად კვირის სიახლეებს შეაჯამებს. ეს არის გადაცემა საქართველოში და მსოფლიოში მომხარი სპორტული ამბების, სიახლეების და ცვლილებების შესახებ’
მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად ლიცენზიის მაძიებლის მიერ შეთავაზებული თემატიკა (საერთო რადიომაუწყებლობა), ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი უზრუნველყოფილია შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ რადიომაუწყებლობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 16 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს სამაუწყებლო კომპანია ”ჰერეთის” უფლებამოსილი წარმომადგენელი რამაზ სამხარაძე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილების და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“;
2. უზრუნველყოს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“, ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20% - ს - 2138.40 (ორი ათას ასოცდათვრამეტი და 40) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300573062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 7,484.40 (შვიდი ათას ოთხასოთხმოცდაოთხი და 40) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეთათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლების გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ ჩაბარების დღიდან.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
