წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმისა და განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 413 / 12

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2015 17:40

მიღების თარიღი ივლისი 16, 2015

შპს „მაგთიკომისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმისა და განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

           საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ  შპს „მაგთიკომმა” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/4309-15, 25.06.15) და მოითხოვა  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდის (1-0-5-0) ნუმერაციის რესურსზე.

          კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

           კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდის თავისუფალ ნუმერაციის რესურსზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა 1 კოდზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდის თავისუფალ ნუმერაციის რესურსზე  შეადგენს  - 5 000 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;

,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისიამ შეისწავლა შპს „მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შპს „მაგთიკომს”, როგორც ავტორიზებულ პირს,  2015 წლის 30 ივნისის  №01/1206-15 წერილით (ჩაბარების თარიღი 20.07.2015), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა, რათა  წარმოედგინა სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 5000 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი. კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უარს ეტყვის ნებართვის მაძიებელს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე, თუ ნებართვის მაძიებელმა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა სანებართვო მოსაკრებლისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის დ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   უარი ეთქვას შპს „მაგთიკომს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე და განუხილველად დარჩეს შპს „მაგთიკომის” განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-7/4309-15, 25.06.15);

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს  „მაგთიკომისთვის” ჩაბარებისთანავე; 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                             ვახტანგ აბაშიძე                           

 კომისიის წევრები:                                                                   

კახიბექაური                                                                                               

გიორგი ფრუიძე

მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები