ერთი მხრივ, შპს „ტელეკომპანია კავკასიასა“ და, მეორე მხრივ, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“, ააიპ „არასამეწარმეო მედია–კავშირ ობიექტივსა“ და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2015 15:26
მიღების თარიღი ივლისი 21, 2015
ერთი მხრივ, შპს „ტელეკომპანია კავკასიასა“ და, მეორე მხრივ, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“, ააიპ „არასამეწარმეო მედია–კავშირ ობიექტივსა“ და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (10.07.2015 Nშ-6/4676-15) მიმართა შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ კომისიის 2014 წლის 25 დეკემბერის N716/13 გადაწყვეტილების შესრულების პირობების შესწავლისა და თბილისის მულტიპლექსში მაუწყებლის ჩართვის ყოველთვიური ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის დადგენის მიზნით.
შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, კომისიამ შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ 2014 წლის 25 დეკემბერს N716/13 გადაწყვეტილებით, თბილისის სხვა მაუწყებლებთან ერთობლივად მიანიჭა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიამ“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203844723), შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203842823), ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი 404385465) და შპს „ტელეკომპანია თბილისმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი 202063818) სავალდებულო პირობების შესრულების მიზნით განახორციელეს ყველა საჭირო ტექნიკური და ფინანსური ოპერაცია და დროულად ააგეს თბილისის მულტიპლექსი, თანაბრად გაიღეს ხარჯები და შეიძინეს შესაბამისი ტექნიკა ცალ–ცალკე, რომელიც შემდგომში ფიზიკურად გაერთიანდა ერთ მულტიპლექსად და განთავსებულია საქართველოს ტელერადიოცენტრში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მულტიპლექსის მფლობელემბა ასევე დროულად, ხმათა სრული უმრავლესობით დაადგინეს მულტიფპექსპლატფორმაში დაშვების ტარიფი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული მაუწყებლებისთვის – 3600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ერთი SD არხისთვის, სიჩქარით 2.5 მგბტ. წმ. მოწვევის ოფერტა წარმოდგენილი იყო კომისიაში და გამოქვეყნებული იყო მათ ვებგვერდზე www.multiplextbilisi.ge. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ამ ტარიფით მათ მულტიპლექსში ჩართვის დაინტერესება გამოთქვეს შემდეგმა მაუწყებლებმა: „ტვ 11“ და „იბერია“.
შპს „ტელეკომპანია კავკასია“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად ქსელის ექსპლუატაციაში გაშვებამდე 4 კვირით ადრე მათ კომისიაში უნდა წარმოედგინათ და საკუთარ ვებ–გვერდზე გამოექვეყნებინათ მოწვევის ოფერტა, სადაც განსაზღვრული იქნებოდა სატელევიზიო კონტენტის ღია ეთერით 1 მგბ/წმ-ით გავრცელების ყოველთვიური ტარიფი (რომელიც უნდა მოიცავდეს 24 საათიანი უწყვეტი მომსახურების მიწოდების (სამაუწყებლო კონტენტის გავრცელების) ყველა ხარჯი ერთი კალენდარული თვის პერიოდში, გარდა მაუწყებლის სტუდიიდან ქსელში დაშვების წერტილამდე (Head-end) სიგნალის მიწოდების ტარიფისა), სატელევიზიო სიგნალის მიწოდების კოორდინატები და სატელევიზიო სიგნალისა და ელექტრონული გზამკვლევისათვის (EPG) გადაცემათა პროგრამის მიწოდების ტექნიკური პარამეტრები; მათ ასევე უნდა უზრუნველეყოთ ქსელის ფარგლებში არსებულ რესურსთან თბილისის ზონაში მოქმედი ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატით (ხოლო დანარჩენ თავისუფალ რესურსთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული/ლიცენზირებული ტელემაუწყებლების) არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებითა და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფით დაშვება და ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურების სახეების შეთავაზება.
როგორც შპს „ტელეკომპნია კავკასია“ განცხადებაში აღნიშნავს, 2015 წლის 30 ივნისს პარტნიორების მორიგ შეკრებაზე მისმა პარტნიორებმა მოულოდნელად, შპს „ტელეკომპანია კავკასიისთვის“ წინასწარი შეთანხმების გარეშე მიიღეს ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება 8 000 აშშ დოლარამდე. შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ დირექტორის, ქალბატონი ნინო ჯანგირაშვილის მიერ მოყვანილი არგუმენტები, რომ ეს ტარიფი არ იყო ხარჯზე ორიენტირებული და არღვევდა კომისიის 2015 წლის 25 დეკემბერის N716/13 გადაწყვეტილებას, რომ ეს ტარიფი იყო არარეალური საბაზრო ფასი მაუწყებლებისთვის დაფარვის ზონიდან გამომდინარე, რომ ამ ტარიფით ისინი დაკარგავდნენ დამკვეთებს, პარტნიორებმა არ გაითვალისწინეს და სამი ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. როგორც ნინო ჯანგირაშვილი განცხადებაში აღნიშნავს, პარტნიორებმა არც ის არგუმენტი გაითვალისწინეს, რომ ამით ირღვეოდა კომისიის გადაწყვეტილება და შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებები. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოულოდნელად გაზრდილი ტარიფი პარტნიორებმა გამოაქვეყნეს მულტიპლექს თბილისის ვებ-გვერდზე, ისე, რომ არ შეატყობინეს კომისიას, რითაც შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ აზრით მათ კიდევ ერთი დარღვევა ჩაიდინეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად აზარალა არა მხოლოდ მულტიპლექს ოპერატორების ინტერესები, არამედ არამართლზომიერად შეუზღუდა ავტორიზებულ მაუწყებლებს სიხშირულ რესურსზე ხელმისაწვდომობა, რითაც დაარღვია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ერთ–ერთი მთავარი პრინციპი და ამოცანა. ტარიფის მოულოდნელი გაზრდის შემდეგ ტელეკომპანიებმა – „იბერია“ და „ტვ 11“ უარი განაცხადეს მათ მულტიპლექსში ჩართვაზე. ნინო ჯანგირაშვილის განცხადებოთ ერთკვირიანი მცდელობა, პარტნიორებისთვის მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის თაობაზე, უშედეგო აღმოჩნდა. შესაბამისად, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული დავის დარეგულირება ამხანაგობის ფარგლებში შეუძლებელია.
განცხადებაში ნინო ჯანგირაშვილი აღნიშნავს, რომ ამხანაგობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა იქნას განხილული შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ მონაწილეობით მიღებულ კოლექტიურ გადაწყვეტილებად და შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა კომისიის გადაწყვეტილების დარღვევისათვის. მისი განცხადებით კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის N716/13 გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული 5 მაუწყებლისგან, ზემოაღნიშნულმა ოთხმა მაუწყებელმა (შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიამ“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203844723), შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203842823), ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი 404385465) და შპს „ტელეკომპანია თბილისმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი 202063818)) ამხანაგობა „მულტიპლექს თბილისი“ შექმეს მხოლოდ მულტიპლექსის აგების და ფუნქციონირების ლოჯისტიკური საკითხების უკეთ წარმართვის მიზნით. როგორც ნინო ჯანგირაშვილი აღნიშნავს, მართალია, მათ მიერ განიხილებოდა სამომავლოდ მათ მიერ ცალ–ცალკე შეძენილი ქონების ამხანაგობისთვის გადაცემის საკითხი, რათა მესამე პირებთან ურთიერთობაში /ანძა, პოტენციური დამკვეთები/ და ტექნიკურ საკითხებში მათი მოქმედებები ყოფილიყო კოორდინირებული და ოპერატიული, თუმცა მას შემდეგ, რაც შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ დირექტორს მისი განცხადებით საფუძვლიანად შეეპარა ეჭვი მისი პარტნიორების კეთილსინდისიერებაში, სურს გაემიჯნოს ამხანაგობას.
მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი:
1. კომისიამ შეისწავლოს კომისიის 2014 წლის 25 დეკემბერს N716/13 გადაწყვეტილების შესრულების პირობები, ამავე გადაწყვეტილებით მე–5 პუნქტის თ) და ი) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების ნაწილში და დაადგინოთ თბილისის მულტიპლექსში მაუწყებლის ჩართვის ყოველთვიური ტარიფის ხარჯებზე ორიენტირებულობა.
2. კომისიამ დაუდასტუროს შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ რომ არის კომისიის 2014 წლის 25 დეკემბერს N716/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სიხშირული რესურსის თანასწორუფლებიანი მფლობელი და მოსარგებლე, რის გამოც მისი ინფორმირების გარეშე ან/და მისგან დამოუკიდებლად ქონების სარგებლობაში/მფლობელობაში გადაცემა დაუშვებელია;
3. კომისიამ განმარტოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს „ტელეკომპანია კავკასია“ სამართლებრივი ფორმით თანამშრომლობს ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ამგებ (ინვესტორ) ზემოაღნიშნულ 3 მაუწყებელთან (ამხანაგობის ფარგლებში), ამ მაუწყებლებისაგან (ამხანაგობის წევრები) უდავოდ აღიარებული შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ მიერ ჩადებული ინვესტიციის (ერთი მეოთხედი) და მათ ბალანსზე არსებული ქონების (მულტიპლექსის მატერიალური ნაწილის) პირდაპირპროპორციულად შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ აქვს უფლება და შესაძლებლობა ამხანაგობისაგან დამოუკიდებლად (მათი ინფორმირების პირობით), მაგრამ საერთო ტარიფის ფარგლებში თავად ისარგებლოს (გაუშვას საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით მომზადებული პროგრამები/არხები) ან მოიზიდოს კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა მაუწყებლები თავისუფალ SD არხებთან, სიჩქარით 2.5 მგბტ. წმ. დასაშვებად.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, დავის განხილვის მიზნით კომისია განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის, მისი ჩატარების დღის, დროისა და ადგილის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივი“ და შპს „ტელეკომპანია თბილისი“ წარმოადენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ერთობლივად აქვთ გავლილი კომისიაში ავტორიზაცია (ავტორიზაციის თარიღი 14.07.2015) შემდეგი სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე:
A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა;
B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი;
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის N716/13 გადაწყვეტილებით შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203844723), შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203842823), ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 404385465) შპს „ტელეკომპანია თბილისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 202063818) და შპს „ტელეკომპანია პიკს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 202395247) მიენიჭათ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით;
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ განცხადების (10.07.2015 Nშ-6/4676-15) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ერთი მხრივ, შპს „ტელეკომპანია კავკასიასა“ და, მეორე მხრივ, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“, ააიპ „არასამეწარმეო მედია–კავშირ ობიექტივს“ და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ შორის დავის განხილვის მიზნით; მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე შპს „ტელეკომპანია კავკასიას“, შპს „ევრიკა ტელეკომპანიას“, ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ ეცნობათ შეტყობინებებით (15.07.2015 N03/1400-15; 15.07.2015 N03/1401-15; 15.07.2016 N03/1402-15; 15.07.2015 N03/1403-15) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „ევრიკა ტელეკომპანიას“, ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ გაეგზავნათ შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ განცხადების ასლი და ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებებით, მათ შორის ამხანაგობა „მულტიპლექტს თბილისის“ წესდების და თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გამართული ამხანაგობის ყველა სხდომის ოქმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომისიაში წარმოდგენა 2015 წლის 20 ივლისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 21 ივლისს 16:00 საათზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ტელეკომპანია კავკასიის“, შპს „ტელეკომპანია თბილისის“, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენლები.
მოსამზადებელ სხდომაზე შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ დირექტორმა, ქალბატონმა ნინო ჯანგირაშვილმა დააზუსტა მესამე მოთხოვნა, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ითხოვს კომისიამ განმარტოს, მიუხედავად იმისა თუ რა სამართლებრივი ფორმით თანამშრომლობს შპს „ტელეკომპანია კავკასია“ ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ამგებ (ინვესტორ) ზემოაღნიშნულ 3 მაუწყებელთან (ამხანაგობის ფარგლებში), ამ მაუწყებლებისაგან (ამხანაგობის წევრები) უდავოდ აღიარებული შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ მიერ ჩადებული ინვესტიციის (ერთი მეოთხედი) და მათ ბალანსზე არსებული ქონების (მულტიპლექსის მატერიალური ნაწილის) პირდაპირპროპორციულად შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ აქვს თუ არა უფლება და შესაძლებლობა ამხანაგობისაგან დამოუკიდებლად (მათი ინფორმირების პირობით), მაგრამ საერთო ტარიფის ფარგლებში თავად ისარგებლოს (გაუშვას საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით მომზადებული პროგრამები/არხები) ან მოიზიდოს კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა მაუწყებლები თავისუფალ SD არხებთან, სიჩქარით 2.5 მგბტ. წმ. დასაშვებად.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში 2015 წლის 17 ივლისს შემოვიდა „ევრიკა ტელერადიოკომპანიისა“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივის“ ერთობლივი განცხადება (Nშ-6/4900-15), სადაც აღნიშნულია, რომ ამხანაგობა „მულტიპლექს თბილისის“ დირექტორის ავადმყოფობის გამო, ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას კომისიას წარმოუდგინონ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, შესაბამისად, ითხოვენ რომ კომისიამ დოკუმენტაციისა და არგუმენტაციის წარმოდგენის მიზნით 7 სამუშაო დღე განსაზღვროს.
კომისიაში 2015 წლის 20 ივლისს ასევე წარმოდგენილ იქნა შპს „ტელეკომპანია თბილისის“ წარმომადგენლის ირაკლი ჩხიკვაძის განცხადება (შ-6/4972-15) თანდართული 2014 წლის 3 დეკემბრის ხელშეკრულებით ერთობლივი საქმიანობის შესახებ.
დავის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას, გათვალისწინებულს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით წარმოადგენს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავების განხილვა და გადაწყვეტა, ხოლო შპს „ტელეკომპანია კავკასია“, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“, ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივი“ და შპს „ტელეკომპანია თბილისი“ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში და აღნიშნულ სუბიექტებს შორის არსებობს დავა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ ერთი მხრივ, შპს „ტელეკომპანია კავკასიასა“ და, მეორე მხრივ, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“, ააიპ „არასამეწარმეო მედია–კავშირ ობიექტივსა“ და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ შორის დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და მიზანშეწონილია დაიწყოს დავის განხილვა, ერთი მხრივ, შპს „ტელეკომპანია კავკასიასა“ და, მეორე მხრივ, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“, ააიპ „არასამეწარმეო მედია–კავშირ ობიექტივსა“ და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ შორის და დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2015 წლის 6 აგვისტოს 16:00 საათი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ითვალისწინებს რა შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიისა“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივის“ შუამდგომობას დოკუმენტაციისა და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი არგუმენტაციის წარმოდგენის მიზნით დამატებით 7 სამუშაო დღის განსაზღვრის თაობაზე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, შპს „ევრიკა ტელერადიოკომანიას“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირ ობიექტივს“ დავის ფარგლებში განსახილველ საკითხთნ დაკავშირებით არგუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცეთ ვადა 2015 წლის 28 ივლისამდე. ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 28 ივლისამდე ამხანაგობა „მულტიპლექს თბილისის“ ან თავად ამხანაგობის წევრების: შპს „ტელეკომპანია კავკასიის“, შპს „ტელეკომპანია თბილისის“, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ და ააიპ „მედია კავშირი ობიექტივის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ უნდა იქნას როგორც ამხანაგობა „მულტიპლექს თბილისის“ ყველა სხდომის ოქმი, დაკავშირებული თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველყოფის საკითხთან, ასევე მათ მიერ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” და კომისიის 2015 წლის 15 ივლისის N08/1411-15, N08/1412-15, N08/1413-15. N08/1414-15 წერილების დანართის მიხედვით უახლოესი მონაცემების საფუძველზე მომზადებული თბილისის ზონაში მოქმედი ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების თავისუფალ რესურსთან დაშვების მომსახურებების ტარიფების გაანგარიშების მოდელი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს როგორც კომისიაში 2015 წლის 18 მაისის Nშ/3013-15 წერილზე თანდართული ოფერტით გათვალისწინებულ ტარიფებს, ასევე კომისიაში 2015 წლის 13 ივლისის Nშ-6/4698-15 წერილით წარმოდგენილი ოფერტით გათვალისწინებულ ტარიფებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- ერთი მხრივ, შპს „ტელეკომპანია კავკასიასა“ და, მეორე მხრივ, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“, ააიპ „არასამეწარმეო მედია–კავშირ ობიექტივსა“ და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2015 წლის 6 აგვისტოს 16:00 საათზე;
- დაევალოს შპს „ტელეკომპანია კავკასიასა“, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“, ააიპ „არასამეწარმეო მედია–კავშირ ობიექტივს“ და შპს „ტელეკომპანია თბილისს“, 2015 წლის 28 ივლისამდე, კომისიაში წარმოადგინონ ამხანაგობა „მულტიპლექს თბილისის“ ყველა სხდომის ოქმი, დაკავშირებული თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველყოფის საკითხთან, ასევე მათ მიერ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” და კომისიის 2015 წლის 15 ივლისის N08/1411-15, N08/1412-15, N08/1413-15. N08/1414-15 წერილების დანართის მიხედვით, უახლოესი მონაცემების საფუძველზე მომზადებული, თბილისის ზონაში მოქმედი ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების თავისუფალ რესურსთან დაშვების მომსახურებების ტარიფების გაანგარიშების მოდელი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს როგორც კომისიაში 2015 წლის 18 მაისის Nშ/3013-15 წერილით წარმოდგენილი (თანდართულ) ოფერტით გათვალისწინებულ ტარიფებს, ასევე 2015 წლის 13 ივლისის Nშ-6/4698-15 წერილით წარმოდგენილი ოფერტით გათვალისწინებულ ტარიფებს.
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
