შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის, შპს „ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანისა და 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენის მიზნით საჯარო
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2015 18:22
მიღების თარიღი ივლისი 21, 2015
შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის, შპს „ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანისა და 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენის მიზნით საჯარო
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის გ) პუნქტის დარღვევის გამო (ლიცენზიის გაუქმება ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო). ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 21 მაისის 16:00 საათი. კომისიის 2015 წლის 28 მაისის №278/19 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2015 წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 18 ივნისი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 18 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” დირექტორი ზვიად ამირიძე და უფლებამოსილი წარმომადგენლები: მიხეილ ჯიქია, ეკატერინე გეწაძე და თამარ მაზმიშვილი. ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლა-გამოკვლევისათვის ესაჭიროება დამატებითი ვადა, შესაბამისად კომისიის 2015 წლის 18 ივნისის N353/19 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2015 წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 7 ივლისი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 7 ივლისს ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” დირექტორი ზვიად ამირიძე, უფლებამოსილი წარმომადგენლები ეკატერინე გეწაძე და თამარ მაზმიშვილი.
ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიას ფლობს კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №360/1, 2007 წლის 7 სექტემბრის №517/22, 2008 წლის 13 ივნისის №334/5 და 14 ივლისის №407/2 გადაწყვეტილებების საფუძველზე, კერძოდ:
1.1. კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №360/1 გადაწყვეტილებით შპს ”სატელიტსერვისზე” გაიცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F29 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2.2გჰც-დან - 2.4 გჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის და სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე მეორადი გამოყენების უფლებით;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
გ) ლიცენზიის მფლობელს სიხშირეები მინიჭებული აქვს მეორადი გამოყენების უფლებით, რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად გულისხმობს: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;
1.2. კომისიის 2007 წლის 7 სექტემბრის №517/22 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F29 ლიცენზია და ამავე გადაწყვეტილებით ლიცენზიის მფლობელი პირდაპირი გადაპირების წესით გახდა შპს ”ტელეკომპანია I სტერეო” და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2.2გჰც-დან - 2.4 გჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის და სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეომ” ქ.ქუთაისში 2340 მჰც ± 14 მჰც სიხშირული ზოლით სარგებლობა მეორადი გამოყენების უფლებით რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, გულისხმობს, რომ: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
დ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეო”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;”
1.3. კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილებით განხორციელდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F29 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირება შპს ”ვაიმაქს ჯორჯიაზე”. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F29 ლიცენზიას მინიჭა №F65 და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეომ” ქ.ქუთაისში 2326 მჰც-დან 2350 მჰც-მდე სიხშირული ზოლით სარგებლობა მეორადი გამოყენების უფლებით, რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, გულისხმობს, რომ: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
დ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეო”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტის ა)და ბ) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
1.4. კომისიის 2008 წლის 14 ივლისის №407/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა შპს ”ტელეკომპანია I სტერეო”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F65 ლიცენზია, შევიდა ცვლილება ”შპს “ტელეკომპანია I სტერეო”-ს და შპს “ვაიმაქს ჯორჯია”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიის პირადპირი და №F29 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ” კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილებაში და სალიცენზიო პირობები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
გ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეო”-მ მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52–ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმინობა დაწყებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსის გამოყენებით საქმიანობისას აკმაყოფილებს სამ პირობას ერთობლივად: I. განხორციელებული აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა და ექსპლუატაცია ლიცენზიით განსაზღვრულ თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში, II. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების გამოყენებით ეწევა ეკონომიკური საქმიანობას და III. ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვებას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ოპერატორისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზია ითვალისწინებს 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონით სარგებლობის უფლებას ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე; ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე, ისევე როგორც თავად ლიცენზიის მფლობელის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებიდან დგინდება, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ არ აქვს განხორციელებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა და ექსპლუატაცია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიით განსაზღვრულ ზემოაღნიშნულ თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში (რაიონში), შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ დირექტორის ახსნა-განმარტებით, კომპანია საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ქ. ქუთაისში და სენაკში.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეულ იქნა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი შევსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და დადგინდა, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იქნა დაზუსტებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაცია. კერძოდ შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ 2010 წლის იანვრიდან 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში შემოსავლებს აფიქსირებდა მხოლოდ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობიდან. კომპანიამ 2014 წლის 16 დეკემბერს, დააკორექტირა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდის მონაცემებში მაუწყებლობის სფეროში საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები შეავსო როგორც ნულოვანი. ხოლო ის შემოსავალი, რომელსაც იგი აჩვენებდა, როგორც მაუწყებლობის სფეროში საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგინა, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (მაუწყებლობის ტრანზიტი - ტექნიკური მომსახურება) საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. 2015 წლის 31 მარტს, შპს „ტელეკომპანია I სტერეომ” 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდის მონაცემებში შეიტანა ცვლილებები და ის შემოსავალი, რომელიც 2014 წლის 16 დეკემბერს დააფიქსირა, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (მაუწყებლობის ტრანზიტი - ტექნიკური მომსახურება) საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გადაიტანა ისევ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებში. ასევე 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდის მონაცემებში საკომუნიკაციო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგინა როგორც ნულოვანი და 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდის მონაცემებში წარმოადგინა „ფიქსირებული უსადენო ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - სააბონენტო გადასახადიდან” მიღებული შემოსავალი. ამავე პერიოდზე ფორმა 5.4-ში (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” მიერ შევსებული ინფორმაციის თანახმად იგი ინტერნეტის შესყიდვას ახორციელებს სს ”სილქნეტისგან”, ხოლო სს ”სილქნეტის” მონაცემებით საბითუმო ინტერნეტის მიყიდვა შპს „ტელეკომპანია I სტერეოზე” მითითებულ პერიოდში არ ფიქსირდება.
კომისიაში შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ წარმოდგენილ იქნა მოქალაქე მზია სირბილაძესა და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” შორის 2014 წლის 31 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება უსადენო ინტერნეტით მომსახურების შესახებ. კომპანიის დირექტორის ზვიად ამირიძის განმარტებით, შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ ჰყავს 4 აბონენტი, რომელსაც უწევს ინტერნეტ მომსახურებას (ორი აბონენტი ქ. სენაკში და ორი აბონენტი ქ. ქუთაისში).
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიაში შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა სს ”სილქნეტსა” და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” შორის 2013 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება VPN (ვირტუალური პირადი ქსელის) მოწყობის მომსახურების მიწოდების თაობაზე. ასევე ფიზიკურ პირ ნინო ელიზბარაშვილსა (მის. ბაგების 3 (კრ 3), სადარბაზო 5, სართ. 8, ბ.88) და სს ”სილქნეტს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ (სამმაგი შემოთავაზება). როგორც წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, სს ”სილქნეტსა” და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” შორის 2013 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების ”სპეციალური პირობების” 1.2 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში (2015 წლის 31 მარტი) შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში სს ”სილქნეტი” მოახდენს VPN -ვირტუალური პირადი ქსელის მოწყობა მიწოდებას შემდეგი მიმართულებებით:
- თბილისი, ბაგები, კორპუსი №3, ბინა 88-დან - ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის №88 და
- თბილისი, ბაგები, კორპუსი №3, ბინა 88-დან - სენაკი, სს ”სილქნეტის” რადიოსარელეო სატელეკომუნიკაციო კვანძი.
ზვიად ამირიძის განმარტებით შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” ინტერნეტს უსასყიდლოდ აწვდის მისი მეუღლე, ფიზიკური პირი ნინო ელიზბარაშვილი (მცხოვრები ქ. თბილისი, ბაგების 3 (კრ 3), სადარბაზო 5, სართ. 8, ბ.88;), რომელსაც გაფორმებული აქვს სს ”სილქნეტთან” ხელშეკრულება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ (სამმაგი შემოთავაზება). მან ასევე განმარტა, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა” და სს ”სილქნეტს” შორის ინტერნეტის საბითუმო შესყიდვაზე არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს. შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” მიერ შევსებულ სტატისტიკურ ფორმებში მითითებული იყო საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა სს ”სილქნეტისგან” იმის გამო, რომ ფიზიკური პირი ნინო ელიზბარაშვილი ინტერნეტს იძენს სს ”სილქნეტისგან”.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” წარმომადგენლის ეკატერინე გეწაძის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი ”გეოგრაფიული ზონის” დეფინიცია და აღნიშნული არ წარმოადგენს სადავო გარემოებას მხარეთა შორის. ეკატერინე გეწაძის განმატებით დავის საგანს არ წარმოადგენს ისიც, რომ შპს ”ტელეკომპანია I სტერეო” ახორციელებს პრაქტიკულ საქმიანობას ქ.ქუთაისში და ქ. სენაკში, კერძოდ ჰყავს 4 აბონენტი, რომელთაც უწევს ინტერნეტით მომსახურებას. კომპანიის ლიცენზია ითვალისწინებს 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონით სარგებლობის უფლებას - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე; ეკატერინე გეწაძის განმარტებით ტერმინის ”გეოგრაფიული ზონა” დაყვანა კონკრეტულ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებამდე არასწორია და აღნიშნული არ გამომდინარეობს კანონმდებლობის შესაბამისი დანაწესის განმარტებიდან; მისი აზრით აღნიშნული ცნების განმარტება არ უნდა განხორციელდეს ვიწროდ, მოცემულ შემთხვევაში გეოგრაფიული ზონა შეიძლება გაგებულ იქნეს იმდაგვარად, რომ სალიცენზიო პირობების თანახმად, შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” მინიჭებული ჰქონდა ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და ლიცენზიით განსაზღვრული 14 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიდან 2 მათგანში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება სწორედ იმას გულისხმობს, რომ ლიცენზიის მფლობელმა პირმა შეასრულა სალიცენზიო პირობები. ეკატერინე გეწაძის განმარტებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ბოლო წლების განმავლობაში კომისიაში არაერთგზის განხორციელდა შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” ლიცენზიის გადაპირება და მოდიფიცირება. ლიცენზიის გადაპირებასა და მოდიფიცირებასთან დაკავშირებით ჩატარებული არცერთი ადმინისტრაციული წარმოების დროს მარეგულირებელი კომისიის მიერ არ ყოფილა გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ადგილი ჰქონდა შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევას, შესაბამისად, თუ კომისიას მიაჩნდა, რომ გეოგრაფიული ზონის განმარტება უნდა მომხდარიყო იმგვარად ვიწროდ, რომ იგი დაყვანილ უნდა ყოფილიყო კონკრეტულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულამდე, ამის თაობაზე მას უნდა მიეთითებინა დაინტერესებული პირისთვის. ეკატერინე გეწაძის განმარტებით ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლი ითვალისწინებს ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილებას გააფრთხილოს დამრღვევი წერილობით, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა. აღნიშნულიდან გამომდიანრე ეკატერინე გეწაძეს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ კომისია მიიჩნევდა, რომ ”გეოგრაფიული ზონა” განმარტებული უნდა იქნეს, როგორც ლიცენზიაში ჩამოთვლილი თითოეული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, მაშინ კომისიას შეეძლო და ვალდებულიც იყო ერთჯერადი გაფრთხილებით უზრუნველეყო ლიცენზიის მფლობელის ინფორმირება, იმის თაობაზე, რომ მის მიერ ირღვეოდა სალიცენზიო პირობები.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” დირექტორმა ზვიად ამირიძემ აღნიშნა, რომ კომპანიას პრაქტიკული საქმიანობა დაწყებული ჰქონდა სამეგრელოში და იმერეთში, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც კომპანიამ წარმოადგინა კომისიაში; მან ასევე აღნიშნა, რომ 2015 წლის 7 ივლისის მდგომარეობით კომპანიამ ინტერნეტ მომსახურების გაწევა დაიწყო ასევე რაჭა-ლეჩხუმშიც (კონკრეტულად ამბროლაურში).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 7 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომიიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის დასკვნა (07.07.2015 Nშ-10/4601-15), „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით (იხ. საქმის მასალები):
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 7 ივლისის სხდომაზე შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა 2015 წლის 16 ივლისი, 16:00 საათი, ხოლო 2015 წლის 16 ივლისს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა 2015 წლის 21 ივლისის 16:00 საათი. კომისიის 2015 წლის 21 ივლისის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” დირექტორი ზვიად ამირიძე და უფლებამოსილი წარმომადგენელი თამარ მაზმიშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას კომისიის მიერ დეტალურად იქნა გამოკვლეული „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ გადაწყვეტილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიაში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები, წარმოდგენილი დასკვნები, შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ წარმომადგენლის კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გაკეთებული ახსნა–განმარტება და კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნის დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, განსაზღვრული პირობებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კომისია ყურადღებას ამახვილებს იმგარემოებაზე, რომ „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F65 ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსი - 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე და მთლიანად 2300-2400 მჰც დიაპაზონი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების ITU-ს რადიო რეგულაციების მიხედვით ITU-ს სამივე რეგიონისათვის ე.წ. co-primary (სხვა მომსახურებებთან ერთობლივად პირველადი გამოყენების) საფუძველზე უკვე განაწილებულია IMT (International Mobile Telecommunications) მომსახურებისათვის. ევროკავშირის ფარგლებში 2300-2400 მჰც დიაპაზონის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის განკუთვნილი უსადენო მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, ევრიკომისიამ CEPT-ს გადასცა მანდატი 2.3 გჰც დიაპაზონში უსადენო ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური პირობების შემუშავების მოთხოვნით. CEPT -ის მიერ ევროკომისიისთვის წარდგენილ იქნა ანგარიშები №55 და №58, ხოლო CEPT -ის ელექტრონული კომუნიკაციების კომიტეტმა (ECC) 2014 წლის 27 ივნისს მიიღო ECC/DEC/(14)02 გადაწყვეტილება „2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ჰარმონიზებული ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების შესახებ“. ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარეობს საჯარო კონსულტაციები ზემოხსენებულ საკითხზე და უახლოეს მომავალში ევროკომისია გამოსცემს გადაწყვეტილებას 2.3 გჰც დიაპაზონის უსადენო-ფართოზოლოვანი სისტემებისათვის ჰარმონიზაციის შესახებ.
2. „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის მოქმდების ვადაა – 2016 წლის 11 აგვისტომდე; შესაბამისად 2016 წლის 11 აგვისტომდე დადგება ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 422 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად მართვისა და გამოყენების მიზნით კომისია უზრუნველყოფს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციას „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანისა და ამავე რადიოსიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების გზით
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 422 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში ევროკომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად დანაწილებული გეგმის თანახმად გაცემული ლიცენზია ექვემდებარება მოდიფიცირებას ისე, რომ ლიცენზიის მფლობელმა შეძლოს ამოწურვადი რესურსის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, ევროკომისიის გადაწყვეტილებებით ან/და დირექტივებით განსაზღვრული ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პირობების დაცვით ელექტრონული საკომუნიკაციო ავტორიზებული საქმიანობისათვის ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად გამოყენება; ლიცენზიის მოქმედების ვადად უნდა განისაზღვროს კომისიის მიერ ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 წელი, ხოლო ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური ექვემდებარება გადაანგარიშებას კომისიის დადგენილებით განსაზღვრული წესით, ამავე კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად;
5. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ცალსახაა რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზია, 2016 წლის 11 აგვისტომდე, ანუ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის განხილვისას, ან უფრო ადრეც, თანახმად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მე–8 პუნქტისა, დაექვემდებარება სავალდებულო მოდიფიცირებას ლიცენზიის გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის დანიშნულების, ლიცენზიის მოქმედების ვადისა და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის შეცვლით (გადაანგარიშებით);
6. მიუხედავად იმისა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 422 მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს ლიცენზიის მოდიფიცირება ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსის მხოლოდ ნაწილზე (ხოლო დარჩენილი ნაწილი დათმოს) ან სრულად თქვას უარი ლიცენზიის მოდიფიცირებაზე და შეწყვიტოს ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობა, კომისიას მიაჩნია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინვესტიციების მოზიდვისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ასევე მომხარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, ანუ საჯარო და კერძო ინტერესების ერთობლივად გათვალისწინებით, უფრო მიზანშეწონილია „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტოს ლიცენზიის მფლობელისათვის ზემოაღნიშნული საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე ვალდებულებების განსაზღვრის პირობით, შემდეგი დამატებითი გარემოებების გათვალისწინებით:
ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64–ე მუხლის მე–17 პუნქტის თანახმად რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელებს, რომლებსაც პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განსაზღვრული არ ჰქონდათ, პრაქტიკული საქმიანობა 2011 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დაეწყოთ. ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ პრაქტიკული საქმიანობა, ყველაზე გვიან – 2011 წლის 1 სექტებრიდან უნდა დაეწყო. რაც კომპანიას არ განუხორციელებია;
ბ) „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობა ორ თუნდაც 3 დასახლებულ პუნქტში და ოთხი აბონენტების ყოლა, არ წარმოადგენს პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52–ე მუხლის მე–9 პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად უნდა უზრუნველყოს:
– ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა და ექსპლუატაცია ლიცენზიით განსაზღვრულ თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში;
– ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება;
– ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ოპერატორისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდება;
– ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით, შესაბამისი ავტორიზაციის საფუძველზე, განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მომხმარებლებისათვის (მათ შორის, ბოლო მომხმარებლებისათვის) მომსახურების მიწოდება;
გ) კომისია ითავისებს იმასაც, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ სასამართლო დავის წამოწყებისა და მისი პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში გაგრძელების შემთხვევაში, გაუმართლებლად გაჭიანურდება ამ ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მომხმარებლებისათვის ახალი სერვისების შეთავაზების პროცესი, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ სასამართლომ შეაჩერა კომისიის გადაწყვეტილების მოქმედება, ლიცენზიის მფლობელი სასამართლო დავის დასრულებამდე არ განახორციელებს ახალ ინვესტიციებს, ხოლო თუ არ შეაჩერა – ვერ განახორციელებს, ვინაიდან ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობა ექნება აკრძალული, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, ვერც კომისია მოახერხებს ლიცენზიის გაუქმების საფუძველზე გამოთავისუფლებული ამოწურვადი რესურსის აუქციონის წესით გაყიდვასა და ახალი ინვესტორის მოძიებას, ვინაიდან, გაძნელდება ამოწურვად რესურსზე, რომელიც სასამართლო დავის საგანია, სერიოზული ინვესტორის მოძიება. აღნიშნული პერსპექტივა სრულად შეუძლებელი იქნება, თუ სასამართლო შეაჩერებს ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედებას, საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
ზემოაღნიშნული გარემოებებისა და არგუმენტების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად მართვისა და გამოყენების კანონისმიერი ვალდებულების შესრულების, ევროკომისიის გადაწყვეტილებებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ევროპული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინვესტიციების მოზიდვისა და მომხარებელთა ინტერესების უზრუნველყოფის საჯარო და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის კერძო ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია:
ა) შეწყდეს „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ გადაწყვეტილების მიღების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება;
ბ) დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილებების შეტანისა და 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ჰარმონიზებული ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენის მიზნით;
გ) „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ თანხმობის შემთხვევაში, განხორციელდეს „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის მოდიფიცირება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის“ 472 მუხლის საფუძველზე, რა დროსაც მკაფიოდ განისაზღვრება ამ ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურისთ სარგებლობის სალიცენზიო პირობები, მათ შორის ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და მომხმარებლებისათვის ახალი სერვისების შეთავაზების ვადები.
შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ზვიად ამირიძემ, 2015 წლის 21 ივლისის სხდომაზე, თანხმობა განაცხადა ზემოაღნიშნული პირობებით, ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ დირექტორის ახსნა-განმარტების საფუძველზე გამოვლინდა, რომ კომპანია უსადენო ინტერნეტ მომსახურებას 2014 წლის 31 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე უწევს აბონენტ მზია სირბილაძეს, ქ. ქუთაისში, ხოლო თავად შპს „ტელეკომპანია I სტერეო“აღნიშნული სახის მომსახურებას იღებს მოქალაქე ნინო ელიზბარაშვილისგან, უსასყიდლოდ, რომელიც თავის მხრივ, ამ სახის მომსახურებას იღებს სს „სილქნეტისგან“, როგორც სს „სილქნეტის“ აბონენტი, ამ უკანასკნელთან გაფორმებული ”ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ (სამმაგი შემოთავაზება)” ხელშეკრულების საფუძველზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქე ნინო ელიზბარაშვილი არ წარმოადენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირს, რომელიც სწორედ კომისიაში ავტორიზაციის საფუძველზე იქნებოდა უფლებამოსილი განეხორციელებინა სს „სილქნეტისგან“ მიღებული ინტერნეტ მომსახურების მესამე პირებზე გადაცემა (ისიც იმ შემთხვევში, თუ სს „სილქნეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით იქნებოდა გათვალისწინებული ნინო ელიზბარაშვილის მიერ ინტერნეტ მომსახურების მესამე პირებისთვის გაწევის უფლებამოსილება), კომისიის აზრით შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის ფაქტს, ვინაიდან ავტორიზაცია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად არის - კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონით დადგენილი ერთიანი წესით; შესაბამისად, კომისია იზიარებს კომისიის წევრის ბატონი მერაბ ქათამაძის პოზიციას და მიჩნია, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უნდა დაევალოს საკითხის შესწავლა და ნინო ელიზბარაშვილის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა.
ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად დაკისრებული აქვს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება. როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იქნა შეცვლილი სტატისტიკურ ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაცია. კერძოდ შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ 2010 წლის იანვრიდან 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში შემოსავლებს აფიქსირებდა მხოლოდ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობიდან. კომპანიამ 2014 წლის 16 დეკემბერს, დააკორექტირა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდის მონაცემებში მაუწყებლობის სფეროში საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები შეავსო როგორც ნულოვანი, ხოლო ის შემოსავალი, რომელსაც იგი აჩვენებდა, როგორც მაუწყებლობის სფეროში საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს, წარმოადგინა, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (მაუწყებლობის ტრანზიტი - ტექნიკური მომსახურება) საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. 2015 წლის 31 მარტს შპს „ტელეკომპანია I სტერეომ” 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდის მონაცემებში შეიტანა ცვლილებები და ის შემოსავალი, რომელიც 2014 წლის 16 დეკემბერს დააფიქსირა, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (მაუწყებლობის ტრანზიტი - ტექნიკური მომსახურება) საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გადაიტანა ისევ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებში. ასევე 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდის მონაცემებში საკომუნიკაციო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგინა როგორც ნულოვანი და 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდის მონაცემებში წარმოადგინა „ფიქსირებული უსადენო ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - სააბონენტო გადასახადიდან” მიღებული შემოსავალი. კომისიის აზრით, შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში ინფორმაციის სისტემატური ცვლილება მიზნად ისახავდა კომისიის შეცდომაში შეყვანას, ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც კომისიის აზრით წარმოადენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღევას და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ სანქცირების საფუძველს გათვალისწინებულს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით, კერძოდ:
ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
ბ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
გ) ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, 472 მუხლის, 52–ე მუხლის მე–9 პუნქტის, 67–ე მუხლის მე–17 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის, ამავე კოდექსის VI, VII და IX თავებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ გადაწყვეტილების მიღების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით;
2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანისა და 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ჰარმონიზებული ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენის მიზნით;
3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 6 ოქტომბერს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღეში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (თ. ტყეშელაშვილი) დადგენილების პროექტის მომზადება და გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge);
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
6. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისთვის განისაზღვროს 3 თვიანი ვადა;
7. ამ გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კომისიის დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 თვისა, დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის საფუძველზე მოდიფიცირების მიზნით, შემდეგი პირობებით:
ა) „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიით განსაზღვრული 2300 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირული სპექტრი გამოყენებულ იქნას ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისათვის განკუთვნილი მიწისზედა სისტემებისათვის, კერძოდ მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის ECC/DEC(14)02-ის შესაბამისად;
ბ) „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის მოქმედების ვადად განისაზღვროს 15 წელი;
გ) „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური გადაანგარიშდეს კომისიის დადგენილებით განსაზღვრული წესით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მე–3 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, ხოლო გადახდა განხორციელდეს ამავე მუხლის მე–7 პუნქტის საფუძველზე, კომისიის მიერ განსაზღვრული წესითა და გრაფიკით;
დ) „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიაში განისაზღვროს ლიცენზიის მფლობელის მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საინვესტიციო ვალდებულებისა და მომხმარებლებისათვის ახალი სერვისების შეთავაზების (პრაქტიკული საქმიანობის დაწყების) ვადები და გეოგრაფიული დაფარვის გრაფიკი.
8. განემარტოს „შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“, რომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ანუ ლიცენზიის მოდიფიცირებაზე უარის შემთხვევაში, ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის ინიციატივით გაუქმებულად ითვლება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად და ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს მის მიერ გადახდილი, ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება;
9. შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) მოქალაქე ნინო ელიზბარაშვილის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა (ც.უჯმაჯურიძე);
ბ) ამ გადაწყვეტილების კომისიის ვებ–გვერდზე (www.gncc.ge ) გამოქვეყნება და მისი დამოწმებული ასლის „შპს „ტელეკომპანია I სტერეოსათვის“ ჩაბარება (ნ.ჯანელიძე, ნ.ჯავახიძე);
11. გადაწყვეტილებ ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის „შპს „ტელეკომპანია I სტერეოსათვის“ ჩაბარებიდან;
12. გადაწყვეტილების მე–2, მე–3, მე–4, მე–5 და მე-6 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით, ხოლო დანარჩენი პუნქტები გასაჩივრებადია, ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის „შპს „ტელეკომპანია I სტერეოსათვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2, მე–3 და მე–4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოთ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (თ. ტყეშელაშვილი) ერთობლივად, ხოლო დანარჩენ ნაწილზე – ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
