წვდომის მენიუ

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 428 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2015 17:26

მიღების თარიღი ივლისი 23, 2015

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს  საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 17 ივნისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 17 ივნისის №10/3979-15 სამსახურებრივი ბარათი თანართული მასალით (შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ განცხადება; შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ წერილი გაგზავნილი შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“; შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წერილი; კომისიის წერილი გაგზავნილი შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის; შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ 2012 წელს სხვადასხვა მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე ავტორიზებულ პირებთან გაგზავნილი წერილები), რომელთა თანახმად ირკვევა, რომ კომისიაში 2015 წლის 18 მიასს შემოსულია შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ განცხადება (კომისიაშია რეგისტრაციის: 18.05.2015; N6/3049), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ანთავსებს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ სამაუწყებლო არხზე გადაცემულ ტელეპროდუქციას, შპს „ჯი-დიე- ეს თი-ვის“ ლოგოთი, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ხელსაყრელ დროს, ისე რომ  შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისგან“ არ მიუღია აღნიშნულის შესახებ თანხმობა, შესაბამისად, კომპანია მიმართავს კომისიას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აუკრძალოს  შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ პროგრამების უკანონო გადაცემა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა 2015 წლის 28 მაისს მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ (N04/828-15) და მოსთხოვა უკანასკნელი 1 თვის არქივის და შესაბამისი ახსნა-განმარტების კომისიაში წარმოდგენა.  

 შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ 2015 წლის 3 ივნისს კომისიაში წარმოდგენილი არქივის და ახსნა-განმარტების საფუძველზე, ირკვევა, რომ კომპანიის მიერ ხორციელდება, როგორც შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ ეთერში განთავსებული დამოუკიდებელი პროგრამების (მხ. ფილმები, სერიალები), ასევე კომპანიის მიერ საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობის ქვეშ დამზადებული პროგრამების სამაუწყებლო ბადეში განთავსება.

 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ პროგრამების საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსება/გავრცელება ხორციელდება არამართლზომიერად, ავტორის თანხმობის გარეშე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენს დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 8 ივლისის N10/4603-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ კომისიაში 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე არ ყოფილა წარმოდგენილი პროგრამების განრიგი.

 კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის სამსახურებრივი ბარათების (№10/3979-15; N10/4603-1) და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 10 ივლისს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 16 ივლისს, რის შესახებ  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ გაეგზავნა დაზღვეული წერილობითი შეტყობინება (გზავნილის კოდი: 040026412195)  და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2015 წლის 15 ივლისს კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ (კომისიაში რეგისტრაციის: 15.07.2015; N6/4779-15)  რომლის შესაბამისად, კომპანია არ უარყოფს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“  დამოუკიდებელი პროგრამების საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსების ფაქტს და აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“,  შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ 2012 წლის 8 აგვისტოს  შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ მიწერილი წერილი მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ფარგლებში განეხორციელებინათ სამაუწყებლო არხის „GDS“-ის გავრცელება, აღიქვა როგორც შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ გადაცემების ეთერში გაშვების თხოვნად, ვინაიდან იმ პერიოდში შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ გაუქმებული ჰქონდა ტრანზიტული მომსახურება, ხოლო რეგიონის სხვადასხვა ტელევიზიებთან, მათ შორის შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთთანაც“ მიმდინარეობდა სატელეფონო მოლაპარაკებები, რათა მომხდარიყო შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ გადაცემების ეთერში გაშვება, ვინაიდან შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ რეგიონში არ ჰქონდა მაუწყებლობა.

შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ კომისიისადმი მოწერილ წერილში დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ გადაცემების ეთერში გაშვება შეწყვიტეს იმ დღიდანვე, რა დღესაც კომპანიისათვის ცნობილი გახდა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“  კომისიისადმი მიმართვის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 16 ივლისის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ სხდომის თარიღისა და დროის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ საკითხის განხილვა გადადო 2015 წლის 23 ივლისისათვის. აღნიშნულის თაობაზე შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ ეცნობა შეტყობინებით (გზავნილი კოდი: 040026749989) და განმეორებით იქნა მოწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

 საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015  წლის 23 ივლისის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა შეტყობინება გაიგზავნა კომპანიის იმ იურიდიულ მისამართზე, რომელიც რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (საფოსტო გზავნილის ნომერი: N03/1531-15). კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტელე-რადიო თრიალეთის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

2015 წლის 23 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ იურისტი ანი გელაშვილი, რომელმაც კომისიის სხდომაზე წარმოადგინა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ 2015 წლის 23 ივლისის N502  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის: 23.07.2015; N6/5129-15) და განმარტა, რომ ტელეკომპანია „GDS TV“-ის პოზიცია და სურვილი მხოლოდ ის არის, რომ დაცული იქნეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და არ დაირღვეს საავტორო და მომიჯნავე უფლებები იმ ნაწარმოებების გამოყენებით, რომელთა შექმნა ტელევიზიისათვის ძალიან ძვირადღირებული პროცესია. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“  კომისიისადმი მიმართვის ერთადერთი მოტივი იმაში მდგომარეობდა, რომ შექმნილიყო პრეცედენტი, რომელიც ინტელექტიუალური საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევაში ტელეკომპანიას აიძულებდა, რომ საკუთარი არამართლზომიერი ქმედება გაეაზრებინა და ეგრძნო პასუხისმგებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიზანი მიღწეულია, რომელიც შპს „ტელე-რადიო-კომპანია თრიალეთის“ კომისიისადმი მოწერილი წერილიდან ჩანს,  რომელშიც კომპანია აღნიშნავს, რომ აღიარებს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ გადაცემების გაშვების ფაქტს და წყვეტს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ გადაცემების ეთერში გაშვებას, ანი გელაშვილის აზრით,  პრეცედენტი დამკვიდრებულია, რაც მომავალში განამტკიცებს სხვისი ინტელექტუალური საკუთრებისადმი პატივისცემას.

კომისიის სხდომაზე, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ უფელებამოსილმა წარმომადგენელმა აღნიშნა,  რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ აცნობიერებს, რომ ადგილი ჰქონდა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ პროგრამების არამართლზომიერ განთავსებას და წყვეტს ასეთი პროგრამების ეთერში გაშვებას, კომპანიის მიზანი მიღწეულია, დარღვევა აღმოფხვრილია, რის გამოც შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“  უკან გააქვს  2015 წლის 18 მაისის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: 18.05.2015; N6/3049-15) და მიმართავს კომისიას თხოვნით შეწყდეს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015  წლის 17 ივნისის  №10/3979 -15 სამსახურებრივი ბარათი;
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 8 ივლისის N10/4603-15 სამსახურებრივი ბარათი;
  3. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ 2015 წლის 18 მაისის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: 18.05.2015; N6/3049-15);
  4. კომისიის 2015 წლის 28 მაისის  №04/828 – 15  წერილი, მისი შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ გაგზავნის და აღნიშნული წერილის კომპანიისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ 2015 წლის 3 ივნისის საპასუხო წერილი (კომისიაში რეგისტრაციის: 3.06.2015; N6/3587-15);
  6. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ 2012 წელის 8 აგვისტოს სხვადასხვა მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე ავტორიზებულ პირებთან გაგზავნილი წერილები;
  7. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ კომისიისადმი მიწერილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის: 15.07.2015; N6/4779-15);
  8. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ 2015 წლის 23 ივლისის კომისიისადმი მიწერილი N502 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის: 23.07.2015; N6/5129-15);
  9. კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ შესახებ მონაცემები;
  10. კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ შესახებ მონაცემები;
  11. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება 2015 წლის 23 ივლისის კომისიის სხდომაზე.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“  წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს, რომელიც 2015 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს საერთო ტელემაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; 

2. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 16/02/2010);

3. 2012 წლის 8 აგვისტოს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ მიმართა წერილებით სხვადასხვა მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთსაც“, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ფარგლებში განეხორციელებინათ სამაუწყებლო არხის „GDS“-ის  საკაბელო ქსელით გავრცელება;

4. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“  2014 წლის სექტემბრის თვის შემდგომ კომისიაში არ წარმოაუდგენია პროგრამების განრიგი (სამაუწყებლო ბადე), რისი წარმოდგენაც, მას, როგორც ავტორიზებულ მაუწყებელს ევალება ყოველკვირეულად;

5.   2015  წლის 28 მაისის  №04/828-15 წერილით, კომისიამ,  შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ მოსთხოვა უკანასკნელი ერთი თვის არქივის და შესაბამისი ახსნა-განმარტების კომისიაში წარმოდგენა;

6. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ 2015 წლის 3 ივნისს კომისიაში წარმოდგენილი არქივის და დოკუმენტაციის შესწავლა;

7. 2015  წლის მაისის თვის მდგომარეობით  შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ ახორციელებდა, როგორც შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ ეთერში განთავსებული, სხვათა მიერ წარმოებული პროდუქციის (მხ.ფილმების, სერიალების), ასევე შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით დამზადებული პროგრამების სამაუწყებლო ბადეში განთავსებას;

8.  შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ ეთერში განთავსებული პროგრამების საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ჩასმა, არ წარმოადგენს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ სამაუწყებლო არხის „GDS“-ის უცვლელი სახით საკაბელო ქსელით გავრცელებას (ტრანზიტს);

9.  2015  წლის მაისის  მდგომარეობით  შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“  არ გააჩნდა და კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ პროგრამების საკუთარ სამაუწყებლო ბადეში მართლზომიერად განთავსების უფლების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.);

10. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ 2015 წლის მაისის თვიდან, მას შემდგომ რაც კომპანიისათვის ცნობილი გახდა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“  კომისიისადმი მიმართვის შესახებ (2015 წესლი 18 მაისის N6/3049-15 განცხადება), შეწყვიტა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ გადაცემების ეთერში გაშვება;

11. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ 2015 წლის 23 ივლისს, დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გამო, უკან გაითხოვა 2015 წლის 18 მაისის შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: 23.07.2015; N6/5129-15);

12.  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ხოლო  ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა; იმავე მუხლის მე-10 პუნქტის დ) ქვეპუნატის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
  3.  „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით)   მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  4. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
  5. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  6. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  7.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან  საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
  8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
  11. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს  საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
  12.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დარღვევა არ არის აღმოფხვრილი, განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 23 ივლისის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის,  ასევე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში  საქართველოს კანონომდებლობის დარღვევის ფაქტი სახეზეა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ  საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელმა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“, რომლის საჩივრის შესაბამისადაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, კომისიის სხდომაზე გაითხოვა საჩივარი და იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული მაუწყებლის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საქართველოს კანონომდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები შესრულებულ იქნა ნებაყოფლობით, კერძოდ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ დაუყვნებლივ შეწყვიტა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ გადაცემების ეთერში გაშვება, რაც მისთვის ცნობილი გახდა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“  კომისიისადმი საჩივრით მომართვის თაობაზე,  კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ განცხადების უკან გახმობის ფაქტის გათვალისწინებით, შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ნაწილში.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოვლინდა რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და დ) ქვეპუნქტების  დარღვევის ფაქტს, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში შპს „ტელე-რადიო თრიალეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  36-ე მუხლის მე-5, მე-13 და მე-14 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

გადაწყვიტა:

 

  1. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ საჩივრის საფუძველზე, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდეს;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ შეტყობინების გაგზავნა, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუქნტის ა) და დ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისათვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისათვის“ ჩაბარების დღიდან;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                 კახი ბექაური

კომისიის წევრი                                 გიორგი ფრუიძე

            კომისიის წევრი                                 მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები