“Cadena COPE”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2015 12:45
მიღების თარიღი ივლისი 30, 2015
“Cadena COPE”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური
დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია") განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/4354-15, 26.06.15) მომართა “Cadena COPE”-მა, 2015 წლის 11 აგვისტოს ქ. თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილი UEFA-ს სუპერ თასის ფინალის საფეხბურთო მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას. ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირეების მინიჭებას მხოლოდ 10-11 აგვისტოს, საქართველოში UEFA-ს სუპერ თასის ფინალის საფეხბურთო მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს ნებართვა ხუთი დღის ვადით.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ “Cadena COPE”-ს წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (399 ევროს ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისიის მიერ ნებართვით გაცემული სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ “Cadena COPE”-ის მიერ საფეხბურთო მატჩის უზრუნველყოფის მიზნით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა გადაეცეს სხვა პირს.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს “Cadena COPE”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა F 1100 და მიენიჭოს 174.100 MHz და 441.125 MHz სიხშირეები ქ. თბილისში, ხუთი დღის ვადით 9 აგვისტოდან 13 აგვისტოს ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს “Cadena COPE”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
