წვდომის მენიუ

“Cadena SER”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 438 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2015 12:43

მიღების თარიღი ივლისი 30, 2015

 “Cadena SER”-სთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია") განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/4486-15, 02.07.15) მომართა “Cadena SER”-მა, 2015 წლის 11 აგვისტოს ქ. თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილი UEFA-ს სუპერ თასის ფინალის საფეხბურთო მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით,  ოპერატიული რადიოკავშირისთვის ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას. ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირეების მინიჭებას მხოლოდ  10-11 აგვისტოს, საქართველოში  UEFA-ს სუპერ თასის ფინალის საფეხბურთო მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს ნებართვა ხუთი დღის ვადით.

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ “Cadena SER”-ს გადახდილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლი (373.66 ევროს ოდენობით)  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისიის მიერ ნებართვით გაცემული სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის  და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ “Cadena SER”-ის მიერ საფეხბურთო მატჩის უზრუნველყოფის მიზნით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ  უნდა  გადაეცეს  სხვა პირს.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს “Cadena SER”-ს  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა F 1105  და მიენიჭოს  181.250 MHz  და  410.000 MHz სიხშირეები ქ. თბილისში, ხუთი  დღის ვადით 9 აგვისტოდან 13 აგვისტოს ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. აღირიცხოს “Cadena SER”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში
(რ. ქურდაძე);

3. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;   

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                  ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                   ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                   კ. ბექაური

კომისიის წევრი                                   გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                   მ. ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები