ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2015 18:10
მიღების თარიღი ივლისი 30, 2015
ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2015 წლის 18 ივნისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 18 ივნისის №შ-10/4024-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალითა და 1 CD-დისკით, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ კომისიაში 2015 წლის 19 მაისს შემოვიდა ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ განცხადება (კომისიაში რეგისტაციის N შ-6/3109-15), რომელშიც აღნიშნულია, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში 2015 წლის 22 მარტს და 03 მაისს განთავსდა დოკუმენტური ფილმები (რუსულ ენაზე): ვლადიმერ სოლოვიოვის „პრეზიდენტი“ და ანდრეი კონდრაშოვის „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“. ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ მოთხოვნილია კომისიამ შეისწავლოს ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების დარღვევის ფაქტი და მაუწყებლის მიერ ზემოაღნიშნული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების მართლზომიერება.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 18 ივნისის №შ-10/4024-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კომისიამ 2015 წლის 22 მაისს N04/787-15 წერილით მიმართა ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“. კომისიამ 2015 წლის 22 მაისის N04/787-15 წერილით ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისაგან“ მოითხოვა ფილმების („პრეზიდენტი“ და „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“) საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა.
ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ 2015 წლის 9 ივნისს, კომისიის 2015 წლის 22 მაისის N04/787-15 წერილის პასუხად, წარმოდგენილ იქნა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3763-15), რომელშიც აღნიშნულია, რომ „ობიექტივში“ 100-ზე მეტი მოწვეული წამყვანია, რომლებიც არ არიან „ობიექტივის“ წევრები. კომპანიის დირექცია არ განსაზღვრავს მათი გადაცემების შინაარსს და არ ერევა მათ სარედაქციო საქმიანობაში. როგორც წერილშია აღნიშნული, „ობიექტივის“ წამყვანთა შორის მხოლოდ ერთი - ვალერი კვარაცხელია აშუქებს თავის გადაცემებში რუსეთთან დაკავშირებულ თემატიკას. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ 2015 წლის 9 ივნისის Nშ-6/3763-15 წერილში აღნიშნულია, რომ „ობიექტივი“ 24 საათიან რეჟიმში მაუწყებლობს, რაც თვეში 720 სამაუწყებლო საათს შეადგენს, ხოლო, ბატონი ვალერი კვარაცხელიას გადაცემების მოცულობა თვეში 8 ან 9 საათია, ანუ საერთო მაუწყებლობის 1,25%. შესაბამისად, კომპანია აღნიშნავს, რომ არანაირ დარღვევას ადგილი არ აქვს. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ 2015 წლის 9 ივნისის Nშ-6/3763-15 წერილში აღნიშნულია, რომ „ობიექტივის“ დირექციამ განუმარტა გადაცემის წამყვანს, რომ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმები ეთერში საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული უნდა განთავსდეს.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 18 ივნისის №შ-10/4024-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ დოკუმეტური ფილმების - „პრეზიდენტი“ და „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული დოკუმეტური ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენება განხორციელდა არამართლზომიერად და ამასთან სახეზეა კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 18 ივნისის №შ-10/4024-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 10 ივლისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 16 ივლისს, რის შესახებ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ გაეგზავნა დაზღვეული წერილობითი შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება, კომისიის 2015 წლის 16 ივლისის სხდომის თაობაზე, ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ ჩაბარდა 2015 წლის 10 ივლისს (გზავნილის კოდი:040026412164; კურიერის ვიზიტის თარიღი: 10.07.2015; ჩაიბარა: ილია ჩაჩიბაიამ). კომისიის 2015 წლის 16 ივლისის სხდომაზე ასევე მოწვეულ იქნა ააიპ „მედიის განვითარების ფონდი“. შეტყობინება კომისიის 2015 წლის 16 ივლისის სხდომის თაობაზე, ააიპ „მედიის განვითარების ფონდს“ ჩაბარდა 2015 წლის 10 ივლისს (გზავნილის კოდი: 040016412153; კურიერის ვიზიტის თარიღი: 10.07.2015; ჩაიბარა: გელა ბოჩიკაშვილმა).
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად კომისიის მიერ შეტყობინების დროულად გაგზავნისა და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ შეტყობინების ჩაბარების ფაქტისა, 2015 წლის 16 ივლისის სხდომაზე ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა, რის გამოც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიის 2015 წლის 16 ივლისს დანიშნული სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2015 წლის 23 ივლისს, რის შესახებ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით. შეტყობინება, კომისიის 2015 წლის 23 ივლისის სხდომის თაობაზე, ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ ჩაბარდა 2015 წლის 17 ივლისს (გზავნილის კოდი: 040026758348; კურიერის ვიზიტის თარიღი: 17.07.2015; ჩაიბარა: მიხეილ უპერმა). კომისიის 2015 წლის 23 ივლისის სხდომაზე ასევე მოწვეულ იქნა ააიპ „მედიის განვითარების ფონდი“. შეტყობინება კომისიის 2015 წლის 23 ივლისის სხდომის თაობაზე, ააიპ „მედიის განვითარების ფონდს“ ჩაბარდა 2015 წლის 17 ივლისს (გზავნილის კოდი: 040026758332; კურიერის ვიზიტის თარიღი:17.07.2015; ჩაიბარა: გელა ბოჩიკაშვილმა).
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 23 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი ცილიკიშვილი, პროდიუსერი ცირა გახოკიძე, გადაცემის წამყვანი ვალერი კვარაცხელია. კომისიის 2015 წლსი 23 ივლისის სხდომას ასევე ესწრებოდა ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ ხორბალაძე და იურისტი მარიამ ლორთქიფანიძე.
კომისიის 2015 წლის 23 ივლისის სხდომაზე ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ პროდიუსერმა ცირა გახოკიძემ განაცხადა, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სარედაქციო პოლიტიკა არის ღია მიდგომის და საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა გადაცემებში (იქნება ეს სატელეფონო ჩართვის სახით თუ სხვა). ცირა გახოკიძემ ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი ფორმატის გადაცემა ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივში“ არის თავისუფალი და მხოლოდ წამყვანზეა დამოკიდებული. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივის“ პროდიუსერმა განაცხადა, რომ ორგანიზაციაში განსაკუთრებული მიდგომაა მაშინ, როდესაც კეთდება საავტორო გადაცემები და ამ შემთხვევაში სარედაქციო პასუხისმგებლობა ეკისრება თავად ამ გადაცემის ავტორს. როგორც ცირა გახოკიძემ განაცხადა, მიუხედავად გადაცემების სიმრავლისა ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ცდილობს, რომ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იყოს აღნიშნული გადაცემები.
კომისიის 2015 წლის 23 ივლისის სხდომაზე ასევე გააკეთა განმარტება ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ გადაცემის წამყვანმა ვალერი კვარაცხელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ აქ ლაპარაკია არა ფილმების ჩვენებაზე არამედ ფილმის ფრაგმენტების გამოყენებაზე, ვინაიდან მას ზემოაღნიშნული ფილმები არ გაუშვია სრული მოცულობით. ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ შესაბამისად, კანონდარღვევას ადილი არ ქონია, ვინაიდან ფილმის ფრაგმენტებად გაშვებას კანონმდებლობა არ კრძალავს და აღნიშნული ფილმების ფრაგმენტები ვერ იქნება აღქმული როგორც სრულყოფილი ფილმი. ასევე, ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ფილმების ფრაგმენტების თარგმნის ვალდებულება კანონმდებლობით გაწერილი არაა. ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ შესაძლებელი იყო ამ ფორმატით (ფრაგმენტულად) ფილმების („პრეზიდენტი“ და „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“) გავრცელება. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წამყვანმა აღნიშნა, რომ მისი გადაცემის მაყურებელს პრეტენზია არ გამოუთქვამს ფილმის ფრაგმენტების თარგმნასთან დაკავშირებით, ხოლო, რაც შეეხება საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არც ფილმის ავტორისაგან არ გამოთქმულა პრეტენზია. ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ თუ კომისია კანონს იმგვარად განმარტავს, რომ ფილმის ფრაგმენტების ჩვენებაც აკრძალულია, ამ შემთხვევაში ის აღარ განათავსებს საკუთარ გადაცემაში ფილმების ფრაგმენტებს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 23 ივლისის სხდომაზე ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ, კომისიამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება საკითხის დამატებითი მოკვლევის მიზნით კომისიის სხდომის გადადების თაობაზე და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განსაზღვრა 2015 წლის 30 ივლისი, 16 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 29 ივლისს საქმეში გასათვალისწინებლად გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 28 ივლისის Nშ-10/5277-15 და 29 ივლისის Nშ-10/5324-15 (დანართი 1CD დისკი) სამსახურებრივი ბარათები, რომელშიც აღნიშნულია, რომ დამატებითი მოკვლევის ჩატარების შემდგომ, მონიტორინგის შედეგად დაზუსტდა შემდეგი: ვალერი კვარაცხელიამ, ორივე ფილმი („პრეზიდენტი“ და „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“) თავის შეხედულებისამებრ შეამოკლა (ვინაიდან მისი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო უფრო ნაკლებია ვიდრე ამ ფილმების ქრონომეტრაჟი, რასაც თვითონვე ადასტურებს ორივე გადაცემის დასაწყისში), მან შეამცირა 2:25:50 საათიანი ფილმი „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“ 95 წუთამდე და 10 წუთიანი რეკლამით გაჭრა ის 47 და 48 წუთიან ნაწილად; ასევე შეამცირა 2:31:49 სთ. ქრონომეტრაჟის ფილმი „პრეზიდენტი“ 93 წუთამდე და ამ შემთხვევაშიც 48 და 45 წუთიანი მონაკვეთები გაჭრა 10 წუთიანი რეკლამით. ორივე ფილმები საეთერო ბადეში განთავსდა პირველადი წარმოების (რუსულ) ენაზე საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 28 ივლისის Nშ-10/5277-15 სამსახურებრივ ბარათში, ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმეტური ფილმების ჩვენებამდე, ორივე გადაცემაში, ვალერი კვარაცხელია თავად ადასტურებს, რომ ის მაყურებელს სთავაზობს ფილმს და არა ნაწყვეტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივის“ მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტური ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენება განხორციელდა არამართლზომიერად და ამასთან სახეზეა კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევაც.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 29 ივლისს N03/1587-15 შეტყობინებით ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ გადაეცა ადმინისტრაციული წარმოების დამატებითი მასალა - კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 28 ივლისის Nშ-10/5277-15 და 29 ივლისის Nშ10/5324-15 სამსახურებრივი ბარათები თანდართული მასალით - 3 ფურცელი და 1 CD დისკი, რომელიც 2015 წლის 29 ივლისს ხელზე ჩაიბარა ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სისტემურმა ადმინისტრატორმა (ჩაბარებას ადასტურებს ხელმოწერით). კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 29 ივლისს N03/1586-15 შეტყობინებით ააიპ „მედიის განვითარების ფონდს“ გადაეცა ადმინისტრაციული წარმოების დამატებითი მასალა - კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 28 ივლისის Nშ-10/5277-15 და 29 ივლისის Nშ10/5324-15 სამსახურებრივი ბარათები თანდართული მასალით - 3 ფურცელი და 1 CD დისკი, რომელიც 2015 წლის 30 ივლისს ხელზე ჩაიბარა ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ თანამშრომელმა ზურაბ გუნცაძემ.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 30 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი ცილიკიშვილი. კომისიის 2015 წლის 30 ივლისის სხდომას ასევე ესწრებოდა ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ მედია მკვლევარი გელა ბოჩიკაშვილი და იურისტი მარიამ ლორთქიფანიძე.
კომისიის 2015 წლის 30 ივლისის სხდომაზე ააიპ „არაკომერციული მედია-კავშირი ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარემ ირაკლი ცილიკიშვილმა განაცხადა, რომ კომისიის მიერ დამატებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგიდანაც აშკარად ჩანს, რომ ფილმები („პრეზიდენტი“ და „ყირიმი-გზა-სამშობლოსკენ“) სრულყოფილად არაა ნაჩვენები, რაც კომისიის 2015 წლის 23 ივლისის სხდომაზე თავად ვალერი კვარაცხელიამაც განაცხადა. ირაკლი ცილიკიშვილმა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ ფილმების თარგმნის ვალდებულება არ ჰქონდა. ასევე, ირაკლი ცილიკიშვილმა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული ფილმების ფრაგმენტულად ჩვენებას ჰქონდა საინფორმაციო მიზანი და შესაბამისად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ უფლება ჰქონდა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე განეთავსებინა ზემოაღნიშნული ფილმები სამაუწყებლო ბადეში.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 18 ივნისის №შ-10/4024-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი ჩანაწერი – 1 CD);
2. ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ 2015 წლის 19 მაისის განცხადება (კომისიაში რეგისტაციის N შ-6/3109-15);
3. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ გაგზავნილი კომისიის 2015 წლის 22 მაისის №04/787-15 წერილი;
4. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ 2015 წლის 9 ივნისის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3763-15; 9.06.2015);
5. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
6. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ პროდიუსერის ცირა გახოკიძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება 2015 წლის 23 ივლისის კომისიის სხდომაზე.
7. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ გადაცემის წამყვანის ვალერი კვარაცხელიას მიერ მიცემული ახსნა-განმარტება 2015 წლის 23 ივლისის კომისიის სხდომაზე.
8. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 28 ივლისის №შ-10/5277-15 სამსახურებრივი ბარათი;
9. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივლისის №შ-10/5324-15 სამსახურებრივი ბარათი დანართით – 1 CD (სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი ჩანაწერი);
10. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარის ირაკლი ცილიკიშვილის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება 2015 წლის 30 ივლისის კომისიის სხდომაზე.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ დარღვევის ჩადენის მომენტისათვის, ფლობდა კერძო მაუწყებლობის NB114 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო მაუწყებლობა; ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 28 ოქტომბერი), ხოლო, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (მიღების თარიღი:12.06.2015; დოკუმენტის ნომერი: 3691-IIს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს საერთო ტელემაუწყებლობაზე (ავტორიზაციის ნომერი: BR-873; ავტორიზაციის თარიღი: 15/07/2015);
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ 2015 წლის 19 მაისის Nშ-6/3109-15 განცხადების საფუძველზე განახორციელა განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის შემოწმება;
3. კომისიამ, 2015 წლის 22 მაისს, N04/787-15 წერილით მიმართა ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ და მოსთხოვა, 5 სამუშაო დღის ვადაში, დოკუმენტური ფილმების „პრეზიდენტი“ და „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოედგინა;
4. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ დოკუმენტური ფილმების „პრეზიდენტი“ და „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილი და სხვ.);
5. 2015 წლის 22 მარტის და 3 მაისის მდგომარეობით ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივმა“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსა არასახელმწიფო ენაზე წარმოებული დოკუმეტური ფილმები „პრეზიდენტი“ და „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“, შემოკლებული ქრონომეტრაჟით; დამატებითი მოკვლევის ჩატარების შემდგომ, მონიტორინგის შედეგად, დაზუსტდა, რომ ვალერი კვარაცხელიამ, ორივე ფილმი („პრეზიდენტი“ და „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“) თავის შეხედულებისამებრ შეამოკლა. მან შეამცირა 2:25:50 საათიანი ფილმი „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“ 95 წუთამდე და 10 წუთიანი რეკლამით გაჭრა ის 47 და 48 წუთიან ნაწილად; ასევე, შეამცირა 2:31:49 საათიანი ფილმი „პრეზიდენტის“ ქრონომეტრაჟი 93 წუთამდე და ამ შემთხვევაშიც 48 და 45 წუთიანი მონაკვეთები გაჭრა 10 წუთიანი რეკლამით. ზემოაღნიშნული სამაუწყებლო პროდუქცია საეთერო ბადეში განთავსდა პირველადი წარმოების (რუსულ) ენაზე;
6. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი;
- კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით დამტკიცებული „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პიველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის“ პირველი მუხლის ა) პუნქტის შესაბამისად, საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს, ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისის შემთხვევისა;
- კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით დამტკიცებული „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის“ პირველი მუხლის ბ) პუნქტი ადგენს ერთადერთ გამონაკლისს, რომლის შესაბამისად, საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და სიხშირით; შესაბამისად, საგამონაკლისო ნორმა მოქმედებს მხოლოდ დასავლური წარმოების მხატვრული ფილმების მიმართ და ისიც იმ შემთხვევაში თუ მხატვრული ფილმი სრულად და არა ფრაგმენტულად გადაიცემა;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და „საავტორო უფლებების შესახებ“ 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების“ მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით;
- ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, ნაწარმოების გამოყენება ავტორის თანხმობის და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე დაშვებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით შემდეგ შემთხვევებში: ა) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან ციტირება სამეცნიერო, კვლევითი პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე ნაწყვეტების ბეჭდვითი მიმოხილვისათვის რეპროდუცირების ჩათვლით; ბ) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან მოკლე ნაწყვეტების გამოყენება ილუსტრაციის სახით, გამოცემებში, რადიო- და ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფონო- და ვიდეოჩანაწერებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით; გ) მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ საკითხებზე პერიოდული გამოცემების მეშვეობით მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი სტატიების ან საჯაროდ გადაცემული მსგავსი შინაარსის ნაწარმოებების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა სპეციალურად არ არის აკრძალული ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთი ნაწარმოების კრებულში გამოცემის უფლება; დ) მიმდინარე მოვლენების პროცესში დანახული ან მოსმენილი ნაწარმოების რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში ფოტოგრაფირების, ეთერში ან კაბელით გადაცემის გზით, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით; ე) საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის, ქადაგების და მსგავსი ნაწარმოებების, მათ შორის, სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა პერიოდული გამოცემების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთ ნაწარმოებთა ცალკე კრებულად ან წიგნად გამოცემის განსაკუთრებული უფლება; ვ) მართლზომიერად გამოქვეყნებული, რელიეფური წერტილოვანი შრიფტით ან სხვა სპეციალური საშუალებით უსინათლოთათვის შექმნილი ნაწარმოების რეპროდუცირება მოგების მიღების მიზნის გარეშე, გარდა იმ ნაწარმოებებისა, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი გამოყენების ასეთი საშუალებებისათვის;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
- „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსდა ზემოაღნიშნული ფილმების ხანგრძლივ ქრონომეტრაჟიანი ისეთი ფრაგმენტები („ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“ - 47 და 48 წუთიანი ფრაგმენტი; „პრეზიდენტი“ - 48 და 45 წუთიანი ფრაგმენტი), რომლებზეც არ ვრცელდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული საგამონაკლისო ნორმები, რომლებიც საშუალებას აძლევს მაუწყებელს ნაწარმოების ნაწყვეტი გამოიყენოს ავტორის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე. კომისია აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარის ირაკლი ცილიკიშვილის არგუმენტს, რომ აღნიშნული ფრაგმენტების გავრცელება საინფორმაციო მიზნით მოხდა და რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ა) ქვეპუნქტი ითვალისწინებს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე გამოყენების შესაძლებლობას ასეთ შემთხვევაში; კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ავტორის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე ნაწარმოების ნაწყვეტის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან ციტირება ხდება სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე ნაწყვეტების ბეჭდვითი მიმოხილვისათვის რეპროდუცირების ჩათვლით („საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ა) ქვეპუნქტი); კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფილმების ხანგრძლივ ქრონომეტრაჟიანი ფრაგმენტების გავრცელება ვერ ჩაითვლება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევად. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ყველა პუნქტში მითითებულია ნაწარმოების მოკლე ფრაგმენტებზე (ნაწყვეტებზე) ან იმ მოცულობაზე, რომელიც გამართლებულია საკანონმდებლო ნორმით განსაზღვრულ შემთხვევაში, ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ფილმების ქრონომეტრაჟი ფილმ, „პრეზიდენტის“ შემთხვევაში არის 48 და 45 წუთიანი და ფილმ „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“ - 47 და 48 წუთიანი, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ფრაგმენტების განთავსებას ცალსახად ესაჭიროებოდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნაწარმოების ავტორის სანებართვო წერილობითი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება ან სხვ.), რაც ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ არ მოუპოვებია. შესაბამისად, ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ დარღვეულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით დამტკიცებული „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის“ პირველი მუხლის ა) პუნქტის შესაბამისად, საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს, ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა, რომელიც ეხება მხოლოდ დასავლური წარმოების მხატვრულ ფილმებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმების საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების ვალდებულება ვრცელდება არა ყველა სამაუწყებლო პროდუქციაზე, არამედ კანონით ზუსტად განსაზღვრულ პროდუქციაზე (მაგ.: დოკუმენტური ფილმი, მხატვრული ფილმი და სხვ.). კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ არ განხორციელებულა დოკუმენტური ფილმების სამაუწყებლო ბადესა და ეთერში სრულყოფილად განთავსება, ამ შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლისა და კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N 3 დადგენილების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ ფილმების „პრეზიდენტი“ და „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“ ხანგრძლივი ქრონომეტრაჟით ნაწყვეტების ჩვენების მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (შესაბამისი ხელშეკრულებების) მოპოვების გარეშე სამაუწყებლო ბადეში განთავსებით, ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები.
ვინაიდან, ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისათვის“ და ააიპ „მედიის განვითარების ფონდისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივისათვის“ და ააიპ „მედიის განვითარების ფონდისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
