საქართველოს მოქალაქეების ნინო ელიზბარაშვილისა და ზვიად ამირიძისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2015 11:26
მიღების თარიღი აგვისტო 04, 2015
საქართველოს მოქალაქეების ნინო ელიზბარაშვილისა და ზვიად ამირიძისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 21 ივლისის N415/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე) დაევალა მოქალაქე ნინო ელიზბარაშვილის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ამ უკანასკნელის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე ინტერნეტ მომსახურების მესამე პირზე გადაცემის გამო. 2015 წლის 27 ივლისს, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის (ც.უჯმაჯურიძე) მიერ ქ.თბილისში შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი №000267, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირი ნინო ელიზბარაშვილი, მცხოვრები ქ.თბილისი ბაგების 3 (კრ 3), სადარბაზო 5, სართ. 8, ბ.88, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე ახორციელებს სს „სილქნეტისგან“ მიღებული ინტერნეტ მომსახურების მესამე პირებზე გადაცემას. სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ციალა უჯმაჯურიძე და ფიზიკური პირი ნინო ელიზბარაშვილი, რომელიც ოქმში გაკეთებული ჩანაწერის შესაბამისად არ ეთანხმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკური პირი ნინო ელიზბარაშვილისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2015 წლის 27 ივლისს, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 4 აგვისტოს 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2015 წლის 31 ივლისს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა ფიზიკურ პირ ნინო ელიზბარაშვილს (31.07.2015 N03/1592-15). ნინო ელიზბარაშვილს გაეგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, აგრეთვე ის, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. შეტყობინება 2015 წლის 31 ივლისს ხელზე ჩაიბარა ნინო ელიზბარაშვილის მეუღლემ, ზვიად ამირიძემ.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 4 აგვისტოს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ნინო ელიზბარაშვილის მეუღლე ზვიად ამირიძე, რომელმაც კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეო“, რომლის დირექტორსაც წარმოადგენს თავად ზვიად ამირიძე, ინტერნეტ მომსახურებას იღებს ნინო ელიზბარაშვილისგან, უსასყიდლოდ, რომელიც თავის მხრივ, ამ სახის მომსახურებას იღებს სს „სილქნეტისგან“, როგორც სს „სილქნეტის“ აბონენტი, ამ უკანასკნელთან გაფორმებული ”ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ (სამმაგი შემოთავაზება)” ხელშეკრულების საფუძველზე. ზვიად ამირიძემ ასევე განაცხადა, რომ ქ.თბილისი ბაგების 3 (კრ 3), სადარბაზო 5, სართ. 8, ბ.88, წარმოადგენს მისი სახლის მისამართს და სწორედ ამ მისამართიდან ხდება VPN - ვირტუალური პირადი ქსელის გამოყენებით ინტერნეტ მომსახურების მიწოდება ქ.ქუთაისში და ქ.სენაკში. მან ასევე დაადასტურა, რომ სს „სილქნეტსა“ და ნინო ელიზბარაშვილს, როგორც სს „სილქნეტის“ აბონენტს შორის გაფორმებული ”ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ (სამმაგი შემოთავაზება)” ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინტერნეტ მომსახურების მიწოდება ქ.ქუთაისსა და ქ.სენაკში ხორციელდება 2015 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობითაც.
კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000267 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების, ასევე კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
კომისიაში შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის სს „სილქნეტისთვის“ ნაწილობრივ გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში, შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ დირექტორის ბატონი ზვიად ამირიძის მიერ 2015 წლის 8 აპრილის ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა სს „სილქნეტსა“ და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” შორის 2013 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება VPN (ვირტუალური პირადი ქსელის) მოწყობის მომსახურების მიწოდების თაობაზე. ასევე ფიზიკურ პირ ნინო ელიზბარაშვილსა (მცხოვრები მისამართზე: ბაგების 3 (კრ 3), სადარბაზო 5, სართ. 8, ბ.88) და სს „სილქნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ (სამმაგი შემოთავაზება). როგორც წარმოდგენილი მასალებიდან ირკვეოდა, სს „სილქნეტსა“ და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” შორის 2013 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების „სპეციალური პირობების“ 1.2 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში (2015 წლის 31 მარტი) შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში სს „სილქნეტი“ მოახდენს VPN -ვირტუალური პირადი ქსელის მოწყობა მიწოდებას შემდეგი მიმართულებებით:
- თბილისი, ბაგები, კორპუსი №3, ბინა 88-დან - ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის №88 და
- თბილისი, ბაგები, კორპუსი №3, ბინა 88-დან - სენაკი, სს ”სილქნეტის” რადიო სარელეო სატელეკომუნიკაციო კვანძი.
ზვიად ამირიძის განმარტებით შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” ინტერნეტს უსასყიდლოდ აწვდის ფიზიკური პირი ნინო ელიზბარაშვილი (მცხოვრები ქ. თბილისი, ბაგების 3 (კრ 3), სადარბაზო 5, სართ. 8, ბ.88), რომელსაც გაფორმებული აქვს სს „სილქნეტთან“ ხელშეკრულება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ (სამმაგი შემოთავაზება). მან ასევე განმარტა, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა” და სს „სილქნეტს“ შორის ინტერნეტის საბითუმო შესყიდვაზე არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს. შპს „ტელეკომპანია I სტერეოს” სტატისტიკურ ფორმებში მითითებული იყო საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა სს „სილქნეტისგან“ იმის გამო, რომ ფიზიკური პირი ნინო ელიზბარაშვილი ინტერნეტს იძენს სს ”სილქნეტისგან”.
კომისია აღნიშნავს, რომ ანალოგიური განმარტება ზვიად ამირიძემ ასევე გააკეთა კომისიის 2015 წლის 21 აპრილის N199/22 გადაწყვეტილებით დაწყებული შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF65 ლიცენზიის გაუქმების მიზნით კომისიაში მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას და აღნიშნული ზვიად ამირიძემ ასევე დაადასტურა კომისიის 2015 წლის 4 აგვისტოს სხდომაზეც სადაც დამატებით აღნიშნა, რომ ინტერნეტის მიწოდება ქ.ქუთაისსა და ქ.სენაკში განხორციელდა მისი ინიციატივითა და ხელშეწყობით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე, ადმინისტრაციული წარმოების მასალებისა და სხდომაზე დამსწრე ზვიად ამირიძის მიერ კომისიისთვის მიცემული ახსნა-განმარტებების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობას ახორციელებდნენ ნინო ელიზბარაშვილი და ზვიად ამირიძე ერთობლივად, ამ უკანასკნელის ინიციატივით, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, კერძოდ სამართალდარღვევის ჩადენას პირთა ჯგუფის მიერ.
საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლით.
კომისია, ადმინისტრაციული წარმოების პროცეში გამოკვლეული ფაქტობრივი გარმოებების შეფასების შედეგად აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ საქმიანობის ავტორიზაციის საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ე) პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია არის კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით, ხოლო ვ) პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი არის კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი);
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა) პუნქტის შესაბამისად, აბონენტი არის ბოლო მომხმარებელი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან წინასწარ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარრვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ფიზიკური პირები ნინო ელიზბარაშვილი (არის რა სს „სილქნეტის“ აბონენტი) და ზვიად ამირიძე (რომლის უშუალო მონაწილეობითა და ხელშეწყობით განხორციელდა ქ.თბილისიდან მისი საცხოვრებელი სახლიდან მისამარტი ბაგები, კორპუსი №3, ბინა 88, ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის №88-მდე და ქ.სენაკში, სს ”სილქნეტის” რადიო სარელეო სატელეკომუნიკაციო კვანძამდე VPN – ვირტუალური პირადი ქსელის გამოყენებით ინტერნეტ მომსახურების მიწოდება), ახორციელებენ ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას შპს „ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის გარეშე და აღნიშნული ხორციელდება იმ პირობებში, რომ ნინო ელიზბარაშვილსა და სს „სილქნეტს“ შორის გაფორმებულია სააბონენტო ხელშეკრულება ინტერნეტ მომსახურების მიწოდების თაობაზე (სამმაგი შეთავაზება) და აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, სს „სილქნეტის“ მომსახურების მიმღებ ბოლო მომხმარებლად განსაზღვრულია ფიზიკური პირი ნინო ელიზბარაშვილი, რომელიც ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე არ არის უფლებამოსილი განახორციელოს ინტერნეტ მომსახურების გადაცემა მესამე პირებზე. ზემოღნიშნულის გათვალისწინებით, ფიზიკური პირების ნინო ელიზბარაშვილისა და ზვიად ამირიძის მიერ ჩადენილი ქმედება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით 5000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ნინო ელიზბარაშვილსა და ზვიად ამირიძეს ერთობლივად უნდა დაეკისროთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის - 5000 ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა. ამავე დროს, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს მოქალაქეებს ნინო ელიზბარაშვილსა და ზვიად ამირიძეს უნდა აეკრძალოთ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე ინტერნეტ მომსახურების მიწოდება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის, 228-ე მუხლის და 1441 მუხლის პირველი ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები“ 36-ე მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტების და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაეკისროთ ჯარიმა საქართველოს მოქალაქეებს ზვიად ამირიძეს (პირადი ნომერი 01025011313) და ნინო ელიზბარაშვილს (პირადი ნომერი 01008015095) ერთობლივად 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის;
2. უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეებმა ზვიად ამირიძემ (პირადი ნომერი 01025011313) და ნინო ელიზბარაშვილმა (პირადი ნომერი 01008015095) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300063251;
3. უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეებმა ზვიად ამირიძეს (პირადი ნომერი 01025011313) და ნინო ელიზბარაშვილს (პირადი ნომერი 01008015095) ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეებმა ზვიად ამირიძემ (პირადი ნომერი 01025011313) და ნინო ელიზბარაშვილმა (პირადი ნომერი 01008015095) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს მოქალაქეების ზვიად ამირიძესა (პირადი ნომერი 01025011313) და ნინო ელიზბარაშვილისთვის (პირადი ნომერი 01008015095) დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის ზვიად ამირიძესა (პირადი ნომერი 01025011313) და ნინო ელიზბარაშვილსთვის (პირადი ნომერი 01008015095) ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-8 და მე-9 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
