სს ,,სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2015 12:56
მიღების თარიღი აგვისტო 06, 2015
სს ,,სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუქნტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუქნციაა მაუწყებლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
2015 წლის 6 ივლისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 6 ივლისის №10/4543-15 სამსახურებრივი ბარათი რომლის თანახმად ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში 2015 წლის 6 ივლისს განხორციელდა მულტიპლექსპლატფორმაში განთავსებული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოირკვა, რომ სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის“ მიერ ხორციელდება სიგნალის მულტიფლექსპლატფორმის ფარგლებში გავრცელება.
როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიო პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
გამომდინარე იქიდან, რომ სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის“ მიერ კომისიაში ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა კომპანიის მიერ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 6 ივლისის №10/4543-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 31 ივლისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 6 აგვისტოს, რის შესახებ სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიას“ გაეგზავნა დაზღვეული წერილობითი შეტყობინება (ჩაბარდა ხელზე კომპანიის დირექტორს დ. კვარაცხელიას) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის“ დირექტორი ქალბატონი დარეჯან კვარაცხელია, რომელიც დაეთანხმა კომისიას და სხდომაზე აღნიშნა, რომ სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის“ მიერ ავტორიზებული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე არ იყო კომისიაში წარმოდგენილი მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არც სამაუწყებლო ბადე არ იყო კომისიაში გადმოგზავნილი, თუმცა სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის“ მიერ დღეის მდგომარეობით ორივე ვალდებულება შესრულებულია. 2015 წლის 28 ივლისს კომპანიის მიერ კომისიაში წარმოუდგენილ იქნა სამაუწყებლო ბადე, ხოლო სხდომის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის“ მიერ წარმოდგენილ იქნა ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 6 ივლისის №10/4543 -15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის უწყებრივი რეესტრიდან სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის“ შესახებ მონაცემები;
- სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება და ამ შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კომისიის მიერ 2015 წლის 13 ივლისს სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიისათვის“ მიწერილი წერილი N01/1355-15;
- 2015 წლის 28 ივლისის სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის: 28.07.2015; N6/5270-15);
- სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება 2015 წლის 6 აგვისტოს კომისიის სხდომაზე;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზია“ წარმოადგენს მაუწებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის NBR-1275; ავტირიზაციის თარიღი: 11/05/2015), რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კომისიაში საერთო ტელემაუწყებლობაზე;
2. 2015 წლის 1 ივლისიდან სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის“ მიერ ხორციელდება სამაუწყებლო სიგნალის მულტიპლექსპლატფორმის ფარგლებში გავრცელება, რაც კომპანიის მიერ 2015 წლის 28 ივლისს კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის: 28.07.2015; N6/5270-15) და შპს „სტერეო+“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www. stereoplus.ge) 2015 წლის 16 მაისს განთავსებული ინფორმაციით დასტურდება;
3. სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიას“ არც ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, არც 2015 წლის 6 ივლისის მდგომარეობით (მონიტორინგის ჩატარების მომენტისათვის), არ ჰქონდა კომისიაში წარმოდგენილი მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიას“ კომისიაში არ წარმოუდგენია მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებით და მოკლე ანოტაციით, რისი წარმოდგენაც, მას, როგორც ავტორიზებულ მაუწყებელს ევალება ყოველკვირეულად;
5. სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის“ მიმართ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- 2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ხოლო ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა; ამავე მუხლის მე-10 პუნქტის დ) ქვეპუნატის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დარღვევა არ არის აღმოფხვრილი, განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ 451 მუხლის მე-10 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტები ცალსახად განსაზღვრავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით და კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. იმის გათვალისწინებით, რომ სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის“ მიერ 2015 წლის 1 ივლისიდან, მულტიპლექსპლატფორმის მეშვეობით ხორციელდებოდა მაუწყებლობა და კომპანიის მიერ მაუწყებლობის დაწყებამდე კომისიაში არ იყო წარმოდგენილი არც მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით და არც ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამატასტურებელი დოკუმენტაცია, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტები, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე წარმოადგენს მაუწყებლის სანქცირების საფუძველს. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი ფორმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიას“ უნდა მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და მ) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ვ) და დ) ქვეპუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-5, მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიას“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ვ) და დ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. განემარტოს სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიას“, რომ იგი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიისათვის“ ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
