წვდომის მენიუ

შპს ”კორტესი გიდაგოს“ კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 471 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2015 11:22

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2015

შპს ”კორტესი გიდაგოს“ კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/4532-15, 06.07.2015წ.) მიმართა შპს ”კორტესი გიდაგომ“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კორტესი გიდაგო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიას 2015 წლის 23 სექტემბრამდე, კომისიის 2005 წლის 23 სექტემბრის №612/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (სპორტული) რადიომაუწყებლობა;

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

ა) სამოქმედო ზონა: სამაუწყებლო ზონა 1, ქ. თბილისი (სამაუწყებლო ზონა განსაზღვრულია კომისიის 2003 წლის 13 ივნისის N267 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით);

ბ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ბ.ა.) ანტენის განთავსების ადგილი – თბილისის ანძა;

ბ.ბ.) ანტენის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები - 44E47; 41N41;

ბ.გ) ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 100 მ;

ბ.დ.) FM რადიო-სიხშირე – 96.3 მგჰც;

ბ.ე.) გადამცემის სიმძლავრე – 1 კვტ;

ბ.ვ.) ანტენის გასხივების დიაგრამა – წრიული;

ბ.ზ.) სამაუწყებლო ზონის საშ.რად – 25 კმ;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს  33 სამუშაო დღისა.  ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ”კორტესი გიდაგოს“ მიმართ ლიცენზიების მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”კორტესი გიდაგოს“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელს უნდა მიეცეს ვადა, რათა ზეპირი მოსმენის სხდომამდე კომისიაში წარმოადგინოს სალიცენზიო მოსაკრებლის – 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

 კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/5602-15, 06.08.2015), რომელმაც შპს ”კორტესი გიდაგოს“ კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 10 692.00 ლარი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ”კორტესი გიდაგოს“ კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე და სახეობა აღარ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად მაუწყებლობის სახეებია, ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობებია კერძო მაუწყებლობა და სათემო მაუწყებლობა, ხოლო ქვესახეობებია საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა. გარდა ამისა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით დასაზუსტებელია მაუწყებლობის ენა/ენები და მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. ასევე №B7 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებული სამაუწყებლო ზონის ნუმერაცია აღარ შეესაბამება კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებას, რომლის თანახმად 87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს ”კორტესი გიდაგოს“ კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოდიფიცირება, რათა სალიცენზიო პირობები მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირება და მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კორტესი გიდაგოს“ კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2015 წლის 9 სექტემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. უზრუნველყოს შპს ”კორტესი გიდაგომ“ სალიცენზიო მოსაკრებლის 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა 2015 წლის 9 სექტემბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”კორტესი გიდაგოსთვის“ გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (მ. ნინუა);

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                             გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                              მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები