სს “სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმის გამოკვლევის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2015 11:23
მიღების თარიღი აგვისტო 11, 2015
სს “სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმის გამოკვლევის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (№3182/01-8 24.07.2015.) მიმართეს სს „სილქნეტმა“ და შპს „კავკასუს ონლაინმა“, სს „სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შერწყმის ან შეძენის გამოკვლევა აუცილებელია შემდეგი გარემოებების არსებობისას:
ა) თუ შერწყმის ან შეძენის შემდეგ საცალო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბდება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტების სტრუქტურები, რომლებიც ურთიერთკონტროლის განხორციელების საშუალებით შეძლებენ ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვებას, შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას;
ბ) თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას როგორც საცალო ბაზრის, ისე მასთან
მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე;
გ) თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ინიციატორი ეკონომიკური აგენტი ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას საცალო (საბითუმო) მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და სავარაუდო შერწყმა ხდება იმ ეკონომიკურ აგენტთან ან მნიშვნელოვანი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენა ხდება იმ ეკონომიკური აგენტისგან, რომელიც აღმავალი (დამავალი) მიმართულებით მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო (საცალო) ბაზრის სეგმენტზე ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას.
კომისია აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ და შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, როგორც ინტერნეტ ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ასევე ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება სს “სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმის განზრახვიდან გამომდინარე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, კერძოდ, ინტერნეტ ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კვლევის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კვლევისათვის გათვალისწინებულ იქნას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური სამ თვიანი ვადა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს “სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმის განზრახვიდან გამომდინარე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით;
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს სამ თვიანი ვადა;
3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 28 ოქტომბერს 16.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოტანისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
|
|
კომისიის წევრი კახი ბექაური კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე |
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
