წვდომის მენიუ

შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 483 / 12

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2015 11:26

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2015

შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/3538-15, 01.06.15) ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.

შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი” წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს 2006 წლის 14 მარტიდან, ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

   

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

B.M.1  მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას ითხოვს თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხოს რეგულირების საფასური. კომპანიას 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით წარმოდგენილი აქვს ცალკეული თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო 2006, 2011, 2012, 2013, 2014 და 2015 წლების გაანგარიშებები საერთოდ არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს” რეგულირების საფასურის დავალიანება.

ამავე დროს, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა. შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს” კომისიაში არ წარმოუდგენია 2013 და 2014 წლების წლიური ფორმები, ასევე 2010 წლის თებერვლიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით (გარდა 2012 წლის მარტისა) სტატისტიკური ფორმები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი №01/1217-15, 01.07.2015წ., რომელიც              შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს” ჩაბარდა 2015 წლის 9 ივლისს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    განუხილველად დარჩეს შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/3538-15, 01.06.15)  ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისთვის” შეტყობინების გაგზავნა სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; 

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა). 

კომისიის წევრი                                                                                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                             გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                              მერაბ ქათამაძე

               

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები