წვდომის მენიუ

შპს „მაიფონისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და პატიების შესახებ

ნომერი: 486 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2015 10:42

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2015

შპს „მაიფონისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და პატიების  შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შემდგომი რეაგირების მიზნით, 2015 წლის 06 ივლისს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 06.07.15 №შ-10/4540-15 სამსახურებრივი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიაში შემოსულია შპს „მაიფონის“  02.07.2015 №027 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის 02.07.2015 №6/4483-15), რომლის თანახმად  შპს „მაიფონის“ სადამფუძნებლო დოკუმენტებში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, შპს „მაიფონის“ 60%-იანი წილის მფლობელი გახდა სააქციო საზოგადოება „სმარტექსი“, აღნიშნულ ცვლილებამდე შპს „მაიფონის“ წილის მფლობელი იყო ფიზიკური პირი ქეთევან ჩლაიძე.

ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ირკვევა რომ შპს „მაიფონის“  60% წილის შეძენა განხორციელდა კანონდარღვევით, ვინაიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო  შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 06.07.15 №შ-10/4540-15 სამსახურებრივ ბარათს დართული აქვს შპს „მაიფონის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 02.07.2015 №შ-6/4483-15), რომლის შესაბამისად, კომპანია აცნობებს კომისიას, 60%-იანი წილის გასხვისების უკვე დამდგარი ფაქტის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 06.07.15 №შ-10/4540-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 22 ივლისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაიფონისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 30 ივლისს, 16:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „მაიფონს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.  შეტყობინებით, მას ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. აღნიშნული შეტყობინება  2015 წლის 22 ივლისს ჩაიბარა ფიზიკურმა პირმა თ. შურღაიამ.

 2015 წლის 30 ივლისს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მაიფონის“ იურისტი თემურ ხონელია, რომელმაც კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ 2012 წლის 7 მაისს, როდესაც შპს „მაიფონის“ 100%-იანმა წილის მფლობელმა ქეთევან ჩლაიძემ გაასხვისა 60% თავისი წილისა, ისე რომ  არ მიუმართავს კომისიისათვის თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ და შესაბამისად არ მიუღია კომისიისაგან წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით, შპს „მაიფონის“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, თუმცა 2012 და 2013 წლებში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მიღების წერილებთან ერთად შპს „მაიფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა სხვა დოკუმენტაციასთან ერთად ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, კომპანია „მაიფონის“ მეწილეები გადანაწილებული იყო შემდეგნაირად: 60% - სს „სმარტექსი“, ხოლო 40% - ქეთევან ჩლაიძე, შესაბამისად, კომისიისათვის ჯერ კიდევ 2012 წლის 7 მაისს იყო ცნობილი ზემოაღნიშნული ტრანზაქციის თაობაზე და 2012 წელს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, 2015 წელს პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლებელია ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

შპს „მაიფონისათვის“ ადმინისტრაცილი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვა, დამატებითი შესწავლის მიზნით, გადატანილ იქნა 2015 წლის 13 აგვისტოს, 16:00 საათზე ჩანიშნულ კომისიის სხდომაზე.

2015 წლის 12 აგვისტოს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (12.08.2015;N10/5782-15), რომლის შესაბამისადაც, ირკვევა რომ ჯერ კიდევ  2012 წლის 6 ნოემბერს და 2013 წლის 17 სექტემბერს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მიღების წერილებთან ერთად შპს „მაიფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა სხვა დოკუმენტაციებთან ერთად ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის შესაბამისად, შპს „მაიფონის“ 60% წილის მფლობელად  სს „სმარტექსი“ ფიქსირდებოდა.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015  წლის 13 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „მაიფონის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ სხდომის თარიღისა და დროის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით. კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „მაიფონის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

 

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი ( 02.07.15 №შ-10/4540-15);
  2. შპს „მაიფონის“  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 02.07.2015 №6/4483-15);
  3. შპს „მაიფონის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  4.  შპს „მაიფონის“  მონაცემები ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  5. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (2015.12.08; N10/5782-15);
  6. 2012 წლის 6 ნოემბრის შპს „მაიფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  7. 2013 წლის 17 სექტემბრის შპს „მაიფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  8. შპს „მაიფონის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2015 წლის 30 ივლისის კომისიის სხდომაზე.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „მაიფონი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 15.02.2010.); შპს „მაიფონს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ელემენტების გაფართოვებული რესურსებით უზრუნველყოფზე; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე;
  2. შპს „მაიფონი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. 2012 წლის 7 მაისს შპს „მაიფონის“ 100%-იანმა წილის მფლობელმა ფიზიკურმა პირმა ქეთევან ჩლაიძემ,  60%  წილი გაასხვისა სააქციო საზოგადოება „სმარტექსზე“;
  4. 2012 წლის 6 ნოემბერს შპს „მაიფონმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადებასთან ერთად წარმოადგინა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად 60% წილის მფლობელად სააქციო საზოგადოება „სმარტექსი“ ფიქსირდებოდა;
  5. 2013 წლის 17 სექტემბერს შპს „მაიფონომა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადებასთან ერთად წარმოადგინა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის შესაბამისად 60% წილის მფლობელად სააქციო საზოგადოება „სმარტექსი“ ფიქსირდებოდა;
  6. 2015 წლის 2 ივლისს შპს „მაიფონმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილი თანდართული მასალით (2014 წლის 24 დეკემბრის განახლებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან), რომლითაც კომისიას შეატყობინა, რომ  კომპანია მაიფონის მეწილეები იყვნენ: სს „სმარტექსი“ 60%, ქეთევან ჩლაიძე 40%;
  7. შპს „მაიფონს“ თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ არ მიუმართავს კომისიისათვის „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ამავე კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად;
  8. შპს „მაიფონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი:

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;  დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2015 წლის 13 აგვისტოს კომისიის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ  შპს „მაიფონის“ მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, თავისი 60% წილის გასხვისებით დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევა შპს „მაიფონის“ მიერ ჩადენილი იყო 2012 წლის 7 მაისს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შპს „მაიფონის“ მიერ  2015 წლის 2 ივლისის N6/4483-15 წერილით კომისიას პოსტფაქტუმ ეცნობა ზემოაღნიშნული ტრანზაქციის შესახებ, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კანონდარღვევის ფაქტის დადასტურება კომისიას შეეძლო ჯერ კიდევ 2012 წლის 6 ნოემბერს და 2013 წლის 17 სექტემბერს წარმოდგენილი ამონაწერებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლების ტელეოლოგიური არსი მდგომარეობს იმაში, რომ არ მოხდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პირის ხელში, ხოლო ამ ტრანზაქციის შემდეგ შპს „მაიფონს“ რეგულირებადი ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მავნე ზეგავლენა სავარაუდოდ არ მოუხდენია (კომისიაში არ განხილულა 2012-2015 წლებში შპს „მაიფონის“ მიერ ბაზარზე დაბრკოლებების შექმნის შესახებ ან სხვა კონკურენციის დამაბრკოლებელი ქმედების განხორციელების შესახებ არც ერთი საქმე), ანუ 2012 წელს ჩადენილ კანონდარღვევას არ მოჰყოლია მავნე შედეგი, კომისიას მიაჩნია, რომ კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კომისიას შეუძლია იმსჯელოს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებასა (პატიებაზე) და შპს „მაიფონისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.  

ამავ დროულად კომისია მიაჩნია, რომ  შპს „მაიფონს“ უნდა დაევალოს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში  წარმოდგენა, ხოლო კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს „მაიფონის“ მიერ წარმდგენილი ინფომრაციის  შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე,  98-ე,  99-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  43-ე  მუხლის პირველი პუნქტის და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. ეპატიოს შპს „მაიფონს“  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევა  და შეწყდეს შპს „მაიფონისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს შპს „მაიფონს“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შეტყობინების წარმოდგენა კომისიაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; კერძოდ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: შპს „მაიფონის“ წილის შეძენის ფორმა; შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შპს „მაიფონის“ წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:
    ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
    ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან;
    დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში - მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;
    ე) ინფორმაცია წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
  3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე და შპს „მაიფონის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი);
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6 ) შპს „მაიფონისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაიფონისათვის“  ჩაბარების დღიდან;
  6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაიფონისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3 და  მე-6  პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

     კომისიის თავმჯდომარის   

     მოვალეობის შემსრულებელი       მერაბ  ქათამაძე

     კომისიის წევრი                            გიორგი ფრუიძე

     კომისიის წევრი                            კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები