შპს ,,ახალნეტ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2015 12:36
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2015
შპს ,,ახალნეტ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 26 ივნისს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 26 ივნისის №შ-10/4327-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზიდან ამონაბეჭდი (ფორმა 1.1), „შპს „ახალნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №240/18 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ახალნეტ“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომლის თანახმად ირკვევა, რომ ამავე დეპარტამენტს დაევალა „შპს „ახალნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №240/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულების, კერძოდ, შპს „ახალნეტ“-ის“ მიერ გადაწვეტილებაში მითითებულ ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების კონტროლი. ამავე სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ახალნეტ“-ს კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №240/18 გადაწყვეტილება ჩაბარდა 2015 წლის 13 ივნისს, ხოლო 2015 წლის 23 ივნისის მდგომარეობით შპს „ახალნეტ“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №240/18 გადაწყვეტილებაში მითითებული სტატისტიკური ანგარიშგების შევსებული ფორმები.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს 2015 წლის 4 აგვისტოს №10/5538-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 6 აგვისტოს №10/5600-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ 2013 წლის მარტის თვიდან 2015 წლის 6 აგვისტომდე შპს ,,ახალნეტ“-ს კომისიაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები წარმოდგენილი არ ჰქონდა და ასევე, კომისიის ანგარიშზე არ ჰქონდა ჩარიცხული რეგულირების საფასური, რის გამოც 2015 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, კომისიის მიმართ შპს „ახალნეტ“-ის დავალიანება ვერ დგინდებოდა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 26 ივნისის №10/5327-15 მოხსენებითი ბარათისა და საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 6 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 7 აგვისტოს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ახალნეტ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 13 აგვისტოს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ახალნეტ“-ს ეცნობა შეტყობინებით (№03/1626-15; 07.08.2015), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შპს „ახალნეტ“-ს ჩაბარდა 2015 წლის 8 აგვისტოს (გზავნილის კოდი: 040026755746; ჩაბარების თარიღი: 08.08.2015; ჩაიბარა: კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა რობერტ მანველიანმა).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ახალნეტ“-ის დირექტორი რობერტ მანველიანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის 2015 წლის 7 აგვისტოს №03/1626-15 შეტყობინება ჩაიბარა შპს „ახალნეტ“-ის დირექტორმა რ. მანველიანმა, რაც დასტუდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040026755746), რომელსაც ხელს აწერს შპს „ახალნეტ“-ის დირექტორი რ. მანველიანი. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ახალნეტ“-ის დაუსწრებლად.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 26 ივნისის №შ-10/4327-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით, მათ შორის, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზიდან ამონაბეჭდით (ფორმა 1.1);
- 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის 13 აგვისტომდე პერიოდის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარმოდგენის სტატისტიკა კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით;
- „შპს „ახალნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №240/18 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ახალნეტ“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 6 აგვისტოს №შ-10/5600-15 სამსახურებრივი ბარათი;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ახალნეტ“-ის შესახებ მონაცემები.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „ახალნეტ“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 19.09.2012; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება);
- შპს „ახალნეტ“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „შპს „ახალნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №240/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ახალნეტ“-ს 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები N1.1; 4.1; 5.4, 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით შპს„ახალნეტ“-ს არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები N1.2 და N1.3, ხოლო 2014 წლის მეორე კვარტლიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშების ფორმა N4.2;
- „შპს „ახალნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №240/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ახალნეტ“-ს 2015 წლის 23 მარტს გაეგზავნა №05/361-15 წერილი, რომლის თანახმადაც, კომპანიას მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგაიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ხოლო 2013 წლის 2 ოქტომბერს გაეგზავნა კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილება;
- „შპს „ახალნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №240/18 გადაწყვეტილებით შპს „ახალნეტ“-ს მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და „კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო და დაევალა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის უზრუნველყოფა 10 სამუშაო დღის ვადაში;
- შპს ,,ახალნეტ“-ს 2015 წლის 23 ივნისის მდგომარეობით და ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კომისიაში არ წარმოუდგენია „შპს „ახალნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №240/18 გადაწყვეტილებაში მითითებული სტატისტიკური ანგარიშგების შევსებული ფორმები, კერძოდ, №1.1, №1.2, №1.3, №4.1, №4.2 და №5.4 ფორმები;
- 2013 წლის მარტის თვიდან ამ გადაწვეტილების მიღების მომენტისთვის შპს ,,ახალნეტ“-ს კომისიაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები წარმოდგენილი არ აქვს და ასევე, კომისიის ანგარიშზე არ აქვს ჩარიცხული რეგულირების საფასური, რის გამოც ზემოაღნიშნულ პერიოდზე კომისიის მიმართ შპს „ახალნეტ“ის დავალიანება ვერ დგინდება;
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ახალნეტ“-ის მიმართ გამოყენებულ არ ყოფილა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო, ხოლო „შპს „ახალნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №240/18 გადაწყვეტილებით შპს „ახალნეტ“-ს მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური.
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
- ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომსიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „შპს „ახალნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №240/18 გადაწყვეტილებით შპს „ახალნეტ“-ს დაევალა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის უზრუნველყოფა 10 სამუშაო დღის ვადაში;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შეუსრულებლობით, რასაც დენადი ხასიათი აქვს, შპს ,,ახალნეტ“-ის მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, „კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება და ასევე, „შპს „ახალნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №240/18 გადაწყვეტილება, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობით, შპს „ახალნეტ“-ის მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი მე-4 პუნქტი და ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ახალნეტ“-ის მიმართ გამოყენებულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე, კერძოდ, კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №240/18 გადაწყვეტილებით შპს „ახალნეტ“-ს მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და „კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს მიღებულ იქნა განჩინება (საქმე №ბს-177-170 (კ-13), სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლში მითითებული ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად მხოლოდ განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მიიჩნევა (ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი). აქედან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობისა და კომისიაში წარმოუდგენლობისთვის შპს „ახალნეტ“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, ვინაიდან რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება შპს „ახალნეტ“-ის ბოლო თორმეტი კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობისთვის შპს „ახალნეტ“-ს ადმინისტრაციული პასუხსმგებლობის სახით უნდა დაეკისროს გაფრთხილება. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული დარღვევების აღფმოსაფხვრელად, შპს „ახალნეტ“-ს უნდა დაევალოს 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის 13 აგვისტომდე შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების №1.1, №1.2, №1.3, №4.1, №4.2 და №5.4 შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში და ამავე ვადაში უნდა დაევალოს 2013 წლის მარტიდან 2015 წლის 13 აგვისტომდე პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „ახალნეტ“-ს დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომსიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებისა და „შპს „ახალნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №240/18 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
- შპს „ახალნეტ“-ს მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი მე-4 პუნქტი და ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო;
- უზრუნველყოს შპს „ახალნეტ“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300213251;
4. უზრუნველყოს შპს ,,ახალნეტ”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
5. უზრუნველყოს შპს „ახალნეტ“-მა 10 სამუშაო დღის ვადაში 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის 13 აგვისტომდე პერიოდის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების №1.1, №1.2, №1.3, №4.1, №4.2 და №5.4 შევსება და კომისიაში წარმოდგენა;
6. უზრუნველყოს შპს „ახალნეტ“-მა 10 სამუშაო დღის ვადაში 2013 წლის მარტიდან 2015 წლის 13 აგვისტომდე პერიოდის შესაბამისი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ახალნეტ“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
8. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „ახალნეტ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ახალნეტ“-ისთვის ჩაბარების დღიდან;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ახალნეტ“-ისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-11 და მე-12 პუნქტების გარდა) კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
