წვდომის მენიუ

ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 489 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2015 11:49

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2015

ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2015 წლის 23 ივნისს საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ–6/4241-15) მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის თაობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ქალთა და არასრულწლოვანთა საპატიმროების მონიტორინგი საქართველოში“, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხორციელდება ქალთა და არასრუწლოვანთა საპატიმროებში განთავსებულ მსჯავრდებულთა და მსჯავრდებულთა ოჯახებისათვის მათი უფლებების განმარტება და ცნობიერების ამაღლება.

  არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ ვინაიდან პროექტი სოციალურად სასარგებლო აქტივობას წარმოადგენს, ფონდმა დაამზადა სოციალური რეკლამა და მიმართა მაუწყებლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი შეღავათებით სოციალური რეკლამის  ეთერში განთავსების მოთხოვნით. იმ მაუწყებელთა უმრავლესობამ, რომელსაც ფონდმა მიმართა რეკლამა უსასყიდლოდ განათავსა. მათ შორის იყვნენ: შპს „ტელეიმედი“, შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, სსიპ  „საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო 1“, შპს „ქართული რადიო“ (რადიო „მაესტრო“).

2015 წლის 14 ივნისს ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ  არასამთავრობო ორგანიზაცია  „ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ გაგზავნილი საპასუხო წერილიდან ირკვევა, რომ ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ უარს აცხადებს სოციალური რეკლამის სტატუსით განათავსოს მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მასალა, რადგანაც აღნიშნული ვიდეო რგოლში  აშკარად ხდება მომსახურების რეკლამირება, რომელსაც ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირი და ის არ აკმაყოფილებს „სოციალური რეკლამის“ კრიტერიუმებს, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით არის დადგენილი. ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ გამოთქვამს მზადყოფნას, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად და სრულად შესრულებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიაწოდებს კანონმდებლობასთან შესაბამის აუდიო-ვიზუალურ მასალას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განმარტებით წარმოდგენილი აუდიო-ვიზუალური მასალა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და სასაზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენაა მიმართული, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. არასამთვრობო ორგანიზაცია  „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არ ახორციელებს მომსახურების რეკლამირებას, აღნიშნული პროექტი საზოგადოებრივი სიკეთის მიღებისკენაა მიმართული და საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განმარტებით, იგივე მოთხოვნით მიმართეს  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, თუმცა აღნიშნულ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა მომართა კომისიას 2015 წლის 3 ივლისს  წერილით N1045-15 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4492-15) და აცნობა, რომ კომპანია არ არის ინფორმირებული წერილში ხსენებულ აუდიო-ვიზუალური სარეკლამო რგოლთან დაკავშირებით და გამოთქვა მზადყოფნა, მას შემდეგ რაც დაინტერესებული პირი მიაწოდებს აღნიშნულ მასალას, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტის დეფინიციასთან შესაბამისობის შემთხვევაში აცნობებს „ადამიანთა უფლებათა ცენტრს“  კომპანიის პოზიციას სოციალური რეკლამის სტატუსის მინიჭება არ მინიჭების თაობაზე.  შპს სამაწუყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა არასამთვრობო ორგანიზაცია „ადამიანთა უფლებათა ცენტრს“ 2015 წლის 2 ივლისს  მიმართა მსგავსი შინაარსის შეტყობინებით  N10476-15.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 20105 წლის 17 ივლისს მომართა კომისიას წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/4910-15), რომლითაც კომისიას აცნობა, რომ შპს „სამაწუყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა განათავსა აღნიშნული რეკლამა სოციალური რეკლამის სტატუსით და შესაბამისად „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

მოთხოვნა:

1. შესწავლილ იქნას ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი და კომისიამ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

2. დაევალოს ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ ეთერში გაუშვან ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი სოციალური რეკლამა;

  კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 30 ივლისს.  სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით (N04/1572-15, 28.07.2015; N04/1573-15, 28.07.2015, ეცნობათ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრს“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ს და ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ გადაეგზავნათ ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების  კომისიაში წარმოდგენა.  არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრს“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–სა და ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.

ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ 2015 წლის 1 ივლისს კომისიას მომართა წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4458-15) და წარმოუდგინა აღნიშნული აუდიო-ვიზუალური მასალის  სოციალური რეკლამის სტატუსით საკუთარ სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე უარის თქმის საფუძველი. როგორც ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ განცხადებაშია აღნიშნული, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი ვერ ჩაითვლება სოციალურ რეკლამად, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰპუნქტით განსაზღვრულ სოციალური რეკლამის კრიტერიუმებს;

ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური რეკლამა არის  საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე–8 მუხლის თანახმად, კერძო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ განცხადებით, ამავე კანონის 1509 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს განეკუთვნება: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი“, აქედან გამომდინარე ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ მიაჩნია, რომ  არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არის კერძო სამართლის იურიდიული პირი და შესაბამისად, აღნიშნული ვიდეო რგოლი  შეიცავს იურიდიული პირის (ადამიანის უფლებათა ცენტრი) მიერ განხორციელებული მომსახურების (კონსულტაცია) რეკლამას. მისი განცხადებით, სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ამისთვის იღებს თუ არა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“  საზღაურს.

კომისია  აღნიშნავს, რომ 2015 წლის 30 ივლისს კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“  წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებში ჩამოყალიბებულ პოზიციებს. ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდიმა გამოთქვა მზადყოფნა, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად და სრულად შესრულებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიაწოდებს კანონმდებლობასთან შესაბამის აუდიო-ვიზუალურ მასალას.

კომისია აღნიშნავს, რომ:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.

6. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

7. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;

ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია;

8. “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

9. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სადაოდ ხდის არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“  მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების თაობაზე  უარის თქმის საკითხს, „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან გამომდინარე სწორედ კომისიას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება და ამავე დროს, დაკისრებული  ვალდებულება მიიღოს წარმოებაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი და შესაბამისად დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით.ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მხარეებს განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამთ.

  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე–4 პუნქტების, 70-ე მუხლის და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 და 21-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (450/23; 30.07.2015) არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“  საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და ზეპირი მოსმენა დანიშნა 2015 წლის 13 აგვისტოს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფრთხილდნენ.

  კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 13 აგვისტოს კომისიის სხდომაზე  გამოქვეყნდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5824-15), რომლითაც მომჩივანმა აცნობა კომისიას,  რომ მხარეებს შორის შედგა მორიგება, რომლის თანახმად ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ თანახმაა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებული სარეკლამო რგოლი განათავსოს სამაუწყებლო ბადეში.  არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ აღნიშნა რომ უარს აცხადებდა თავის საჩივარზე და მოითხოვა ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ წინააღმდეგ მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

  კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის კ) და ო) ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეწყდეს ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“  წინააღმდეგ  არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარზე დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება.

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“  წინააღმდეგ  არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

            ა)   წინამდებარე გადაწყვეტლების კომისიის ვებ-გვერზე განთავსება (ნ.ჯანელიძე);

            ბ)  წინამდებარე გადაწყვეტილების  დაინტერესებული მხარეებისთვის  გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ   საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ. N6. ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

   კომისიის თავმჯდომარე                             ვახტანგ აბაშიძე              

   კომისიის წევრი                                               კახი ბექაური

   კომისიის წევრი                                               გიორგი ფრუიძე

   კომისიის წევრი                                               მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები