წვდომის მენიუ

შპს „რ.ბ.ჯ”-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 496 / 2

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2015 18:25

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2015

შპს „რ.ბ.ჯ”-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „რ.ბ.ჯ”-იმ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5695-15 10/08/2015) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1244, 05.03.2015) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული მაუწყებლობის განხორციელება. შპს „რ.ბ.ჯ”-იმ 2015 წლის 18 აგვისტოს წერილობით დააზუსტა მოთხოვნა და გვაცნობა, რომ სპეციალიზებული მაუწყებლობის თემატიკა იქნება კინო-სერიალები/გასართობი გადაცემები, ხოლო მაუწყებლობის ენა - ქართული.

             კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რ.ბ.ჯ” მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-1244, 05.03.2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

1. მაუწყებლობის სახე:ტელემაუწყებლობა;

2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

4. მაუწყებლობის ენა: ქართული, რუსული;

5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 24 საათი;

6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო  გეოგრაფიული არეალი:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს ”სტერეო+”-ის მულტიპლექსი, DVBT2);

ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

7. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „რ.ბ.ჯ”-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1244, 05.03.2015) მოდიფიცირება, მაუწყებლობის ქვესახეობად სპეციალიზებული მაუწყებლობის, ხოლო მაუწყებლობის ენად ქართულის განსაზღვრა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „რ.ბ.ჯ”-ის მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-1244, 05.03.2015) და მაუწყებლობის ქვესახეობად განისაზღვროს სპეციალიზებული (კინო-სერიალები/გასართობი გადაცემები) ტელემაუწყებლობა, ხოლო მაუწყებლობის ენად - ქართული;

2. შპს „რ.ბ.ჯ” ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რ.ბ.ჯ”-ისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება  (ნ. ჯანელიძე).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                              გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                               მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები