წვდომის მენიუ

სს „სილქნეტისთვის“ შპს „სითი ტელეკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 500 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2015 10:59

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2015

სს „სილქნეტისთვის“ შპს „სითი ტელეკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე  სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო  მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.   

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/4896-15; 17.07.2015) მიმართა სს „სილქნეტმა“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა შპს „სითი ტელეკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ სს „სილქნეტის“ მიერ საერთაშორისო სატესტო ზარების განხორციელების შედეგად, შპს „სითი ტელეკომის“ მხრიდან შემომავალ ტრაფიკზე დაფიქსირდა „სს „სილქნეტის“ საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების სს „სილქნეტის“ 2014 წლის პირველი ნოემბრის ოფერტის 9.10 და 9.11 პუნქტების მოთხოვნებთან შეუსაბამო ქმედებები, კერძოდ, 2015 წლის 22 მაისიდან 2 ივლისის ჩათვლით პერიოდზე სს „სილქნეტის“ მიერ განხორციელდა საერთაშორისო სატესტო ზარები, რომელთა გაანაზილების შედეგად დადგინდა, რომ შპს „სითი ტელეკომის“ მხრიდან სს „სილქნეტის“ მიმართულებით აღნიშნული საერთაშორისო ზარები შემოვიდა ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხით. ამასთან, სს „სილქნეტის“ განმარტებით, აღნიშნულ სატესტო ზარებზე შეცვლილი იყო „ა“ ნომერი და კომპანიის განცხადებით, ოპერატორის მიერ მსგავსი სახით განხორციელებული ტრაფიკი შეადგენს 97,819 წუთს.

სს „სილქნეტის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „სს „სილქნეტის“ კუთვნილ საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების სს „სილქნეტის“ 2014 წლის პირველი ნოემბრის ოფერტის 9.10 და 9.11 პუნქტების თანახმად, ყველა აქცეპტანტი (ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი), რომელიც სარგებლობს საერთაშორისო ზარის ოფერენტის ქსელში დასრულების (ტერმინაციის) მომსახურებით, ოფერენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გამოყოს  და დააიდენტიფიციროს არხი (ტრანკი), რომელიც გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო ზარების ოფერენტის ქსელში დასასრულებლად. ამ არხის საშუალებით შემოსული ნებისმიერი ზარი ჩაითვლება საერთაშორისო ზარად და დაერიცხება შესაბამისი საფასური. იმ შემთხვევაში, თუ აქცეპტანტი საერთაშორისო ზარს განახორციელებს ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი ეროვნული ფორმატით ან/და ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი არხებით, ოფერენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ტრაფიკის გატარება და საერთაშორისო ზარისთვის გათვალისწინებული ტარიფის დარიცხვის გარდა, დაარიცხოს აქცეპტანტს ჯარიმა ასეთი ზარის ღირებულების (საერთაშორისო ზარის ტარიფით) ოცმაგი ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, აქცეპტანტი რეგრესის წესით აუნაზღაურებს ოფერენტს ყველა იმ დანახარჯს, საურავს, სანქციას, ჯარიმას, ზარალს, რომლის გადახდაც მოუწევს ოფერენტს სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურებისთვის მის სისიტემაში ასეთი ზარის გატარებისათვის და აღნიშნულის თაობაზე ეცნობება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. სს „სილქნეტის“ განცხადებას თან ერთვის სს „მედიაფონის“ 2015 წლის 17 ივლისის წერილი სატესტო ზარების განხორციელების თაობაზე, სატესტო ზარების სიის ამსახველი დანართით და ასევე, განხორციელებული ტრაფიკის შესახებ მონაცემები (ცხრილი).

2015 წლის 21 ივლისს კომისიაში შემოვიდა შპს „სითი ტელეკომის“ განცხადება (21.07.2015; №შ-6/5034-15), რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ 2015 წლის 17 ივლისის განცხადებაში მითითებული სატელეფონო ზარები განხორციელდა შპს „სითი ტელეკომის“ აბონენტების, კერძოდ, სამი ფიზიკური პირის კუთვნილი VOIP სატელეფონო ნომრებიდან (ჯამში 7 სააბონენტო ნომრიდან), რომელთა საშუალებითაც წამოწყებული ზარების, თუკი ისინი შემოდიოდა კლიენტის მხარეს არსებული სერვერიდან (ასეთი არსებობის შემთხვევაში) დანახვა და „ა“ ნომრის აღმოჩენა შპს „სითი ტელეკომს“ არ შეეძლო, ისევე, როგორც ეს არ შეეძლო სს „სილქნეტს“. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ შპს „სითი ტელეკომსა“ და სს „სილქნეტს“ შორის შემომავალ საერთაშორისო ზარებზე მოქმედებს წინასწარი ანგარიშსწორების წესი და ავანსის ამოწურვის შემთხვევაში, სილქნეტის მხრიდან იკეტება შესაბამისი არხი. შპს „სითი ტელეკომის“ განმარტებით, სს „სილქნეტის“ წერილში მითითებულ პერიოდზე კომპანიებს შორის არსებობს შესაბამისი წუთობრივი შედარების აქტი, სადაც ზემოაღნიშნული ზარები სს „სილქნეტის“ მხრიდან დაფიქსირებულია როგორც ლოკალური ზარები. შპს „სითი ტელეკომის“ განცხადებით, ტექნიკურ ნაწილში არ გაჩენილა რაიმე ეჭვი, ვინაიდან წუთების მითითებული რაოდენობა დაგროვდა 42 დღის განმავლობაში 7 სატელეფონო ნომრიდან, ზარების არცთუ ისე მაღალი ინტენსივობით. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ აბონენტების მხრიდან თავიანთ ნომრებზე ბალანსის წინასწარი შევსება ხდებოდა შპს „სითი ტელეკომის“ ვებ-გევრდზე არსებული ონლაინ გადახდის მეშვეობით, ხოლო კომპანიის ბილინგი აღრიცხვას აწარმოებდა ლოკალური ტარიფით, როგორც ეს ხდება ქალაქის ნუმერაციის მფლობელი აბონენტებისთვის, რაზეც კომპანიის განცხადებით, შესაძლებელი იყო ყველა შესაბამისი ამონაწერის ამოღება. შპს „სითი ტელეკომის“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლის 2 ივლისს, შპს „სითი ტელეკომის“ აბონენტის სოფიო ჩხატარაშვილის მხრიდან საეჭვოდ გაიზარდა ტრაფიკის გადინება, რაც დაფიქსირდა კომპანიის ინჟინრის მიერ და შეჩერებულ იქნა აღნიშნული აბონენტისთვის მომსახურების მიწოდება. შპს „სითი ტელეკომის“ განმარტებით, კომპანიამ მიიღო დამატებითი ტექნიკური და პროგრამული ზომები ანალოგიური ფაქტის თავიდან ასაცილებლად და დაიწყო მოკვლევა ზარების წარმომავლობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის მიზნით, კომისიაში 2015 წლის 28 ივლისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „სილქნეტისთვის“ შპს „სითი ტელეკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 6 აგვისტოს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ სს „სილქნეტს“ და შპს „სითი ტელეკომს“. მათ ასევე, განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებასთან ერთად შპს „სითი ტელეკომს“ ეთხოვა კომისიაში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: 1. შპს „სითი ტელეკომის“ გავლით სს „სილქნეტში“ 2015 წლის 22 მაისიდან 2 ივლისის ჩათვლით პერიოდში დასრულებულ ზარებთან დაკავშირებით (თვეების მიხედვით) დარიცხვის და მიღებული შემოსავლების თაობაზე საბილინგო მონაცემები (წუთების რაოდენობისა და დარიცხული თანხის მითითებით); 2.  ინფორმაცია იმ აბონენტების პირველადი რეგისტრაციის თარიღისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე, რომლებმაც სს „სილქნეტის“ განცხადებაში მითითებული ნომრებიდან 2015 წლის 22 მაისიდან 2 ივლისის პერიოდში განახორციელეს ზარები სს „სილქნეტის“ ქსელის მიმართულებით.

2015  წლის 31 ივლისს კომისიაში შემოვიდა შპს „სითი ტელეკომის“ წერილი (31. 07.2015; შ-5439-15), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიამ ამავე წერილით კომისიაში წარმოადგინა კომისიის 2015 წლის 28 ივლისის №03/1578-15 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ: სს „სილქნეტის“ განცხადებაში აღნიშნული სააბონენტო ნომრების რეგისტრაციის მონაცემები და 2015 წლის 22 მასიდან 2 ივლისის ჩათვლით პერიოდში სს „სილქნეტის“ მიმართულებით გამავალ ზარებზე დარიცხული თანხებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ საბილინგო მონაცემები (შენიშვნა: კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დადასტურებული იყო კომპანიის დირექტორის ხელმოწერით). ვინაიდან წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იყო სრული, კომისიამ ხელმეორედ მოითხოვა: 1. შპს „სითი ტელეკომის“ გავლით სს „სილქნეტში“ 2015 წლის 22 მაისიდან 2 ივლისის ჩათვლით პერიოდში დასრულებულ ზარებთან დაკავშირებით (თვეების მიხედვით) დარიცხვის და მიღებული შემოსავლების თაობაზე საბილინგო მონაცემები (წუთების რაოდენობისა და დარიცხული თანხის მითითებით), კერძოდ, აბონენტებისთვის წარდგენილი გაწეული მომსახურების ანგარიში და ასევე, აბონენტების მიერ შპს „სითი ტელეკომისთვის“ მიღებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერი), 2. იმ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლები, რომლებმაც სს „სილქნეტის“ განცხადებაში მითითებული ნომრებიდან 2015 წლის 22 მაისიდან 2 ივლისის პერიოდში განახორციელეს ზარები სს „სილქნეტის“ ქსელის მიმართულებით.

2015 წლის 4 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა სს „სილქნეტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5516-15, 04.08.2015), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიის სატესტო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოხდა საერთაშორისო ზარების ადგილობრივი ზარებისთვის განკუთვნილი არხით შემოსვლა, რასაც არ უარყოფს თავად შპს „სითი ტელეკომი“, თუმცა, სადაოდ ხდის თავისი ბრალეულობის საკითხს და უთითებს შვიდი სატელეფონო ნომრით მოსარგებლე აბონენტ ფიზიკურ პირებზე. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, სს „სილქნეტის“ საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) 9.10 და 9.11 პუნქტების შესაბამისად, სს „სილქნეტი“ ვალდებულია მიმართოს კომისიას, ასევე, უფლებამოსილია დააკისროს მეორე მხარეს მის მიერ არასწორად გატარებული საერთაშორისო ტრაფიკის ღირებულების (საერთაშორისო ზარის ტარიფის გათვალისწინებით) ოცმაგი ოდენობა და მოახდინოს გატარებული ტრაფიკის ღირებულების გადაანგარიშება საერთაშორისო ზარის ტარიფის შესაბამისად.

2015 წლის 5 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „სითი ტელეკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5560; 05.08.2015), რომელშიც აღნიშნულია, რომ არავითარი საერთაშორისო ზარი კომპანიას არ განუხორციელებია ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი ეროვნული ფორმატით ან/და ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი არხებით სს „სილქნეტის“ მიმართულებით.

2015 წლის 5 აგვისტოს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5593-15) შპს „სითი ტელეკომმა“ კომისიაში წარმოადგინა შემდეგი დოკუმენტაცია: 1. სატელეფონო ნომრების რეგისტრაციის მონაცემები (აბონენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი); 2. ფიზიკურ პირ მურთაზ ვასილიევთან და ფიზიკურ პირ სოფიო ჩხატარაშვილთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებები, 3. CD დისკი. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ სს „ქართუ ბანკში“, რომელიც უწევს მომსახურებას ელექტრონული კომერციის სერვისზე (ვებ-გვერდიდან ონ-ლაინ ტრანზაქციები), გაგზავნილია მოთხოვნა შპს „სითი ტელეკომის“ ბილინგის მონაცემების შესაბამისი ნომრების 5 პლასტიკური საბანკო ბარათიდან განხორციელებული ტრანზაქციების ამონაწერის შესახებ, რომელსაც კომპანიის განცხადებით, მიღებისთანავე გადაუგზავნიდა კომისიას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 6 აგვისტოს სხდომას ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი მ. გონაშვილი და შპს „სითი ტელეკომის“ დირექტორი ნ. ადეიშვილი. კომისიის 2015 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე შპს „სითი ტელეკომის“ დირექტორმა აღნიშნა, რომ შპს „ქართუ ბანკმა“ ვერ მოასწრო მისთვის იმ 5 პლასტიკური საბანკო ბარათიდან განხორციელებული საბანკო ტრანზაქციების თაობაზე ამონაწერების მიწოდება, საიდანაც ახორციელებდნენ კომპანიის აბონენტები ბალანსის წინასწარ შევსებას მათ სარგებლობაში არსებულ ნომრებზე. ნ. ადეიშვილის განმარტებით, სამივე აბონენტი ( ს. ჩხატარაშვილი, მ. ვასილიევი და ა. ლარინი), რომლის სარგებლობაში არსებული ნომრებიდან განხორციელებული ზარები ასახულია შპს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილ სატესტო ზარების ჩამონათვალში, წარმოადგენს ერთ ჯგუფს, რადგან ამ 5 პლასტიკური ბარათიდან ირიცხებოდა სამივე აბონენტთან თანხა და აღნიშნულ ზარებს ახორციელებდნენ მიზანმიმართულად. ნ. ადეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის აბონენტის ს. ჩხატარაშვილის წარმომადგენელმა დაუდასტურა, რომ სურდა ნომერი გაეფორმებინა არა ორგანიზაციაზე, როგორც ამას თავიდან ითხოვდა, არამედ ფიზიკურ პირზე, რის შედეგადაც კომპანიამ გაუფორმა მას ხელშეკრულება და მისცა 10 დამატებითი არხი. შპს „სითი ტელეკომის“ დირექტორის განცხადებით, შპს „სითი ტელეკომმა“ აღნიშნულ პირს მიმართა წერილობით, სადაც განმარტებული იყო, რომ აბონენტი უნდა გამოსულიყო კონტაქტზე, რათა დათვლილიყო ტრაფიკი საერთაშორისო ტარიფით, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გადაეცემოდა სამართალდამცავ ორგანოებს. ამის შემდეგ აღნიშნული პირი გამოვიდა კონტაქტზე, თუმცა, ნ. ადეიშვილის განმარტებით, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს ტრაფიკის დათვლის საკითხთან დაკავშირებით.

კომისიის 2015 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე, შპს „სითი ტელეკომის“ დირექტორმა დაადასტურა, რომ კომპანიას გააჩნია ფროდის სისტემა, მაგრამ, სადაო პერიოდის მანძილზე ტრაფიკი მოდიოდა დაბალი ტემპით, ხოლო ფროდის სისტემა რეაგირებს ზარების სიმრავლეზე. მისი განმარტებით, როცა გააქტიურდა ს. ჩხატარაშვილის სატელეფონო ნომერი, კომპანიამ დაიწყო დაკვირვება აღნიშნულ ნომერზე და ორი დღის შემდეგ გათიშა. ნ. ადეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აბონენტზე ნომრის გაცემა ხდება კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდის www.cityphone.ge –ის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში, ხოლო ოფისში იშვიათად ხდება ხელშეკრულების გაფორმება.  ნ. ადეიშვილის განმარტებით, ის გარემოება, რომ კონკრეტული ნომერი აღნიშნული აბონენტის სარგებლობაშია დასტურდება ბილინგით და აბონენტის ელექტრონული რეგისტრაციის მონაცემებით.

კომისიის 2015 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ც. უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ სს „სილქნეტის“ მიერ სატესტო ზარების განხორციელებისას აღმოჩენილ იქნა 3 ნომრის ცვლილება, მაგრამ სს „სილქნეტმა“ საეჭვოდ მიიჩნია 7 სატელეფონო ნომრიდან განხორციელებული ზარები, რომელთა ჩამონათვალიც წარმოადგინა. აღნიშნული სატელეფონო ნომრებიდან სავარაუდოდ მოხდა საერაშორისო ზარის ნაცვლად ტრაფიკის ლოკალური ზარის სახით დაფიქსირება. ც. უჯმაჯურიძის განმარტებით, შპს „სითი ტელეკომის“ მიერ ერთ-ერთი ნომერი (2110742)  გაფორმებულია სოფიო ჩხატარაშვილზე, რომლიდანაც 2015 წლის 26 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში სს „სილქნეტის“ ქსელში განხორციელდა 28192 წუთის სატელეფონო ზარი, ხოლო 29-30 ივნისში - აღნიშნული ნომრიდან განხორციელდა 13616 წუთის სატელეფონო ზარი სს „სილქნეტის“ ქსელში. ც. უჯმაჯურიძის განცხადებით, ამავე ნომრიდან 29-30 ივნისს  შპს „მობიტელის“ ქსელში განხორციელდა 3723 წუთი. შესაბამისად, სს „სილქნეტის“ და შპს „მობიტელის“ ქსელში აღნიშნული სატელეფონო ნომრიდან მიმდინარე წლის 29-30 ივნისში განხორციელდა 226 საათის ხანგრძლივობის სატელეფონო ზარი. მისი განმარტებით, ზემოაღნიშნული ზარები განხორციელებულია ერთი სატელეფონო ნომრიდან ისეთი ტექნოლოგიით, რომელიც ერთდროულად ბევრი სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. კომისიის 2015 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე ც. უჯმაჯურიძემ ასევე აღნიშნა, რომ 2015 წლის 26-28 ივნისის პერიოდში სატელეფონო ნომრიდან - 2110742  შპს „ახალი ქსელების“ მიმართულებით განხორციელდა 6568 წუთის ხანგრძლივობის სატელეფონო ზარი, ხოლო შპს „ახტელის“ მიმართულებით - 6333 წუთის ხანგრძლივობის ზარი. ც. უჯმაჯურიძის განცხადებით, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მაგთიკომის“ ქსელში ფროდის სისტემის ამოქმედების შედეგად სავარაუდოდ უფრო ადრე გაითიშა აღნიშნული ნომერი. შპს „ჯეოსელის“ ქსელში განხორციელდა 171 წუთის ხანგრძლივობის სატელეფონო ზარი, ხოლო შპს „მაგთიკომის“ ქსელში - 621 წუთის ხანგრძლივობის ზარი.

ც. უჯმაჯურიძის განცხადებით, მიმდინარე წლის მაისის თვეში, კერძოდ, 22 მაისიდან აქტიური იყო 2 სატელეფონო ნომერი - 2110165 და 2110856, რომლებიდანაც განხორციელდა სატელეფონო ზარები. 2015 წლის 22 მაისიდან ორ დღის განმავლობაში ამ ორი ნომრიდან  განხორციელდა 1484 წუთის ხანგრძლივობის სატელეფონო ზარი სს „სილქნეტის“ ქსელში. ც. უჯმაჯურიძის განმარტებით, 2 დღეში სხვადასხვა მიმართულებით გაგზავნილია 22000 წუთის ხანგრძლივობის ზარი. ც. უჯმაჯურიძემ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ნომრებიდან ზარები განხორციელებულია IP ტექნოლოგიის გამოყენებით.

კომისიის 2015 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა მ. გონაშვილმა აღნიშნა, რომ ვინაიდან წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ნომრები იყო გასხვისებული და თავად კომპანიის მხრიდან სავარაუდოდ არ ხორციელდებოდა ეს ზარები და ამასთან, თუკი კომისიაც გაიზიარებს  მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, სს „სილქნეტის“ თვითმიზანი არ არის ურთიერთჩართვის შეჩერება კომპანიისთვის. მისი განცხადებით, კომპანიას სურდა დაეფიქსირებინა ეს ფაქტი სათანადო რეაგირებისთვის,  რათა აღნიშნული გარემოება არ შეფასებულიყო როგორც სს „სილქნეტის“ მიერ გადასახადის დამალვის ფაქტი. ამასთან, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კომპანია არ გამორიცხავდა მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე, შპს „სითი ტელეკომს“ დამატებით მიეცა ვადა კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს სხდომისთვის კომისიის მიერ მოთხოვნილი საბანკო ამონაწერებისა და სადაო ნომრებით მოსარგებლე აბონენტების ონლაინ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოსადგენად, ხოლო საკითხის განხილვა გადაიდო 2015 წლის 13 აგვისტოს 16:00 საათისთვის, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2015 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე.

კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „სითი ტელეკომის“ წერილი თანდართული დოკუმენტაციით (№შ-6/5822-15; 13.08.2015), რომელშიც აღნიშნულია, რომ წინამდებარე წერილით კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა ორი აბონენტის (ს. ჩხატარაშვილი და მ. ვასილიევი) სააბონენტო ნომრების კუთვნილებასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია და სს „ქართუ ბანკიდან“ ოთხი პლასტიკური საბანკო ბარათიდან შპს „სითი ტელეკომის“ სააბონენტო ნომრების მისამართით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ მიღებული დეტალური ამონაწერი.

კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა მხოლოდ შპს „სითი ტელეკომის“ დირექტორი ნ. ადეიშვილი. შპს „სილქნეტის“ წარმომადგენლის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საფუძვლით კომისიის სხდომა სს „სილქნეტის“ 2015 წლის 17 ივლისის №შ-6/4896-15 განცხადების განხილვის მიზნით დაინიშნა 2015 წლის 20 აგვისტოს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „სითი ტელეკომის“ დირექტორი გაფრთხილდა კომისის 2015 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე, ხოლო სს „სილქნეტს“ აღნიშნულის თაობაზე ეცნობა კომისიის 2015 წლის 19 აგვისტოს №03/1772-15 შეტყობინებით.

კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს კომისიის სხდომას ესწრებოდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი მ. გონაშვილი. სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კომისიის  სხდომაზე წარმოადგინა წერილობითი განცხადება (№შ-6/6137-15; 20.08.2015), რომელსაც თავად აწერს ხელს და რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტი“ თანახმაა დავა დასრულდეს მორიგებით და მორიგების ფარგლებში სს „სილქნეტი“ უარს აცხადებს თავის მოთხოვნაზე შპს „სითი ტელეკომის“ ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერების შესახებ. ამასთან, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა სს „სილქნეტის“ გენერალური დირექტორის ლ. ბუჩუკურის მიერ 2015 წლის 20 აგვისტოს გაცემული რწმუნებულება (№3549/05-8; მოქმედების ვადა: 1 წელი), რომლის თანახმად, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელს მ. გონაშვილს ენიჭება უფლებამოსილება წარმოადგინოს კომპანია კომისიაში ნებისმიერ საკითხთან, მათ შორის, სს „სილქნეტსა“ და შპს „სითი ტელეკომს“ შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციულ წარმოებებში, ისარგებლოს მხარის ყველა საპროცესო უფლებით, მათ შორის, ცნოს ან უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე, დაასრულოს საქმე მორიგებით და სხვ.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით,  შპს „სითი ტელეკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე სს „სილქნეტის“ 2015 წლის 17 ივლისის №შ-6/4896-15 განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული  ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „სითი ტელეკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე სს „სილქნეტის“ 2015 წლის 17 ივლისის №შ-6/4896-15 განცხადების განხილვასთან დაკავშირებით;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სილქნეტისა“ და შპს „სითი ტელეკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                  მერაბ ქათამაძე

              

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები