წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია მაესტროს” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ

ნომერი: 501 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 31, 2015 13:28

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2015

შპს „ტელეკომპანია მაესტროს” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელეკომპანია მაესტრომ” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/5769-15 11/08/2015) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია მაესტრო” ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

1. მაუწყებლობის სახე:ტელემაუწყებლობა;

2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

3.მაუწყებლობის  ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;  

4. მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

5. მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო  გეოგრაფიული არეალი:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (თბილისის მულტიპლექსი);

ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

გ) ინტერნეტი (საქართველო);         

დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო)

7. მაუწყებლობის დაწყების ვადა: 11.08.2016;

8. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;

ბ) ინტერნეტი - უფასო;

გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია მაესტროს” მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მოთხოვნებს;

2. შპს „ტელეკომპანია მაესტროს” ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

6. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

7. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

8. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული:

ა) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „ტელეკომპანია მაესტროს” მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხიმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა  დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „ტელეკომპანია მაესტროს” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ილია კიკაბიძე. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ილია კიკაბიძე ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „ტელეკომპანია მაესტროს” დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელის ილია კიკაბიძის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ფიზიკური პირის ილია კიკაბიძის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „ტელეკომპანია მაესტროს” და ფიზიკური პირი ილია კიკაბიძის აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად ილია კიკაბიძე წარმოადგენს შპს ”ევროპა პლუს-თბილისის” 100%-იანი წილის მფლობელს და დირექტორს.    შპს ”ევროპა პლუს-თბილისი” ფლობს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის შემდეგ ლიცენზიებს: №№ B54, B157, B158, B159, B163, B164, B165, B166. ავტორიზაციას ტელემაუწყებლობაზე შპს ”ევროპა პლუს-თბილისი” არ ფლობს. კომისიაში დაცული დოკუმენტაციის თანახმად ილია კიკაბიძე ასევე წარმოადგენს შპს ”სტუდია მაესტროს” დირექტორის მოადგილეს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 20 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია მაესტროს” დირექტორი ილია კიკაბიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ შპს „ტელეკომპანია მაესტრო”, მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს, მან ასევე აღნიშნა, რომ იგი 2015 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით აღარ წარმოადგენს შპს ”სტუდია მაესტროს” თანამდებობის პირს.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ტელეკომპანია მაესტროს” მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „ტელეკომპანია მაესტრო” შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა;

გ)მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები - ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 6 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო  გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (თბილისის მულტიპლექსი);

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);         

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო)

ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 11.08.2016;

თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

თ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

თ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები- უფასო;

თ.გ) ინტერნეტი - უფასო;

თ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

2. შპს „ტელეკომპანია მაესტრო” ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია მაესტროსთვის” გაგზავნა  (ნ. ჯავახიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე        ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                        გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                        მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები