შპს „რიმას“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2015 14:39
მიღების თარიღი აგვისტო 25, 2015
შპს „რიმას“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუქნტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუქნციაა მაუწყებლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
2015 წლის 10 აგვისტოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/5717-15; 10.08.2015), საიდანაც ირკვევა, რომ შპს „რიმას“-ი პერმანენტულად არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს და მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა (კომისიის წერილი №05/1502-15; 20.07.2015), კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს 2015 წლის 14 აგვისტოს №10/5544-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 17 აგვისტოს №შ-10/5892-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „რიმას“-ს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები კომისიაში არ წარმოუდგენია ავტორიზაციის მიღების დღიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს №შ-10/5717-15 მოხსენებითი ბარათისა და საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 17 აგვისტოს №შ-10/5892-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 19 აგვისტოს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რიმას“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 25 აგვისტოს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,რიმას“-ს ეცნობა შეტყობინებით (№03/1769-15; 19.08.2015), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შპს „რიმას“-ს ჩაბარდა 2015 წლის 19 აგვისტოს (გზავნილის კოდი: 040026753788; ჩაბარების თარიღი: 19.08.2015; ჩაიბარა: კომპანიის ბუღალტერმა ელენე წიკლაურმა).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „რიმას“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის 2015 წლის 19 აგვისტოს №03/1769-15 შეტყობინება ჩაიბარა შპს „რიმას“-ის ბუღალტერმა ე. წიკლაურმა, რაც დასტუდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040026753788), რომელსაც ხელს აწერს შპს „რიმას“-ის ბუღალტერი ე. წიკლაური. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „რიმას“-ის დაუსწრებლად.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს №შ-10/5717-15 მოხსენებითი ბარათი;
- 2014 წლის 16 აპრილიდან 2015 წლის 25 აგვისტომდე პერიოდის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარმოდგენის სტატისტიკა კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით;
- კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №05/1502-15 წერილი და მისი შპს „რიმას“-თვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040026750312);
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 17 აგვისტოს №შ-10/5892-15 სამსახურებრივი ბარათი;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „რიმას“-ს შესახებ მონაცემები.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „რიმას“-ი არის ავტორიზებული პირი მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი: 16/04/2014; საქმიანობის მოკლე აღწერილობა: გასართობი ტელემაუწყებლობის განხორციელება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საკაბელო ქსელის გამოყენებით);
- შპს „რიმას“-ი როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- შპს „რიმას“-ს ავტორიზაციის დღიდან 2015 წლის 25 აგვისტომდე კომისიაში საერთოდ არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების შევსებული ფორმები (№1.2, №1.3, №1.5, №1.6 ფორმები);
- შპს „რიმას“-ს ავტორიზაციის დღიდან ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები;
- შპს „რიმას“-ს კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №05/1502-15 წერილით ეცნობა, რომ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებს და ავტორიზებულ მაუწყებლებს დაევალათ გადაწყვეტილების დანართ №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი პერიოდულობით. ამავე წერილით შპს „რიმას“-ს დაევალა 10 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ამასთან, შპს „რიმას“-ს განემარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, ხოლო მაუწყებლის მიერ არასწორი და არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. შპს „რიმას“-ს ასევე განემარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თაობაზე, რომლის თანახმად, მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს მაუწყებლის სანქცირების საფუძველს. ამავე წერილით შპს „რიმას“-ს ასევე ეცნობა ინფორმაციის დაზუსტებისა და კონსულტაციის გაწევის მიზნით კომისიაში საკონტაქტო პირის შესახებ. აღნიშნული წერილი შპს „რიმას“-ს დირექტორ მირიან კიკნაძეს ჩაბარდა 2015 წლის 23 ივლისს;
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „რიმას“-ს მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმები, კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები.
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
- ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ავტორიზაციის დღიდან ამ გადაწყვეტილების მიღების დღემდე პერიოდის შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების შეუსრულებლობით, შპს „რიმას“-ის მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ავტორიზაციის დღიდან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოუდგენლობით, შპს „რიმას“-ის მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი და ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „რიმას“-ს მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე. აქედან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „რიმას“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს გაფრთხილება. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „რიმას“-ს უნდა დაევალოს 2014 წლის 16 აპრილიდან (ავტორიზაცის დღიდან) 2015 წლის 25 აგვისტომდე პერიოდის შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (№1.2, №1.3, №1.5, №1.6 ფორმები, გარდა ფორმა 1.6-ის იმ ნაწილისა, რომელიც ეხება თვეების მიხედვით ჩაშლასა და საბაზრო ფასის მითითებას და რომლის მოქმედება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 აპრილის განჩინებით (საქმე №3.1244-14) შეჩერებულია) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში და ამავე ვადაში უნდა დაევალოს 2014 წლის 16 აპრილიდან 2015 წლის 25 აგვისტომდე პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „რიმას“-ს მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
- უზრუნველყოს შპს „რიმას“-მა 10 სამუშაო დღის ვადაში 2014 წლის 16 აპრილიდან (ავტორიზაცის დღიდან) 2015 წლის 25 აგვისტომდე პერიოდის შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (№1.2, №1.3, №1.5, №1.6 ფორმების) შევსება (გარდა ფორმა 1.6-ის იმ ნაწილისა, რომელიც ეხება თვეების მიხედვით ჩაშლასა და საბაზრო ფასის მითითებას) და კომისიაში წარმოდგენა;
- უზრუნველყოს შპს „რიმას“-მა 10 სამუშაო დღის ვადაში 2014 წლის 16 აპრილიდან (ავტორიზაცის დღიდან) 2015 წლის 25 აგვისტომდე პერიოდის შესაბამისი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რიმას“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „რიმას“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „რიმას“-სთვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „რიმას“-სთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4, მე-8 და მე-9 პუნქტების გარდა) კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
