შპს „GLOBAL+”-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2015 11:18
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2015
შპს „GLOBAL+”-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
2015 წლის 10 აგვისტოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს N10/5719-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით ( 1. შპს „GLOBAL+“-ის ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; 2. კომისიის 2015 წლის 20 ივლისის წერილი და მისი ჩაბარების დამადასტურებელი), რომელთა თანახმად ირკვევა, რომ შპს „GLOBAL+“ კომისიაში არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს. ამასთან, მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა (20.07.2015; N05/1483-15), კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედება.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 21 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათი N10/6170-15, რომლის შესაბამისად, შპს „GLOBAL+”-ს ავტორიზაციის მიღების დღიდან კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად არც გადახდები განუხორციელებია.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (10.08.2015; N10/5719-15) და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (21.08.2015; N10/6170-15) საფუძველზე, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 21 აგვისტოს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „GLOBAL+”-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 27 აგვისტოს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს ,,GLOBAL+”-ს ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი:040026753463) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2015 წლის 24 აგვისტოს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტირკური დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათი N10/6238-15, რომლის თანახმად, შპს „GLOBAL+” 2013 წლის აპრილის თვიდან დღემდე სტატისტიკური ანგარიშგების არც ერთი ფორმა არ აქვს შევსებული და წარმოდგენილი კომისიაში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 27 აგვისტოს კომისიის სხდომას არ ესწრებოდა შპს „GLOBAL+“ -ის უფლებამოსილი წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 2015 წლის 22 აგვისტოს ჩაბარდა შეტყობინება (გზავნილის კოდი: 040026753463). კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „GLOBAL+“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის ინფომრაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათი N10/5719-15;
- 2015 წლის 20 ივლისს შპს „GLOBAL+“-თვის გაგზავნილი გამაფრთხილებელი წერილი N05/1483-15;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 21 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათი N10/6170-15;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათი N10/6238-15;
- სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თაობაზე კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (30.01.2013; N05/256-13);
- შპს „GLOBAL+“-ის თაობაზე ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საჯარო რეესტრებიდან;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „GLOBAL+“-ი არის ავტორიზებული პირი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (ავტორიზაციის თარიღი 07.12.2012, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნვეყოფა);
- შპს „GLOBAL+“-ი, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- შპს „GLOBAL+“-ს 2013 წლის 30 იანვარს გაეგზავნა N05/256-13 წერილი, რომლის თანახმადაც, კომპანიას ეცნობა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარმოდგენის წესის თაობაზე, კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად;
- შპს „GLOBAL+“-ს 2015 წლის 20 ივლისს გაეგზავნა N05/1483-15 გამაფრხილებელი წერილი, რომლის თანახმადაც, კომპანიას განემარტა, რომ 10 სამუშაო დღეში კომისიაში უნდა წარმოედგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ამასთან, შპს „GLOBAL+“-ს განემარტა, რომ „ელექრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, ხოლო ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; კომპანიას ასევე განემარტა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს სანქცირების საფუძველს. ამავე წერილით შპს „GLOBAL+“-ს ასევე ეცნობა ინფორმაციის დაზუსტებისა და კონსულტაციის გაწევის მიზნით კომისიაში საკონტაქტო პირის შესახებ;
- შპს „GLOBAL+“-ს 2013 წლის აპრილიდან დღემდე კომისიაში არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების შევსებული არც ერთი ფორმა;
- შპს „GLOBAL+“-ს ავტორიზაციის გავლის დღიდან (2012 წლის 7 დეკემბერი) დღემდე კომისიაში არც წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და არც რეგურირების საფასური ჩაურიცხავს კომისიის ანგარიშზე;
- შპს „GLOBAL+”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა;
გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამსიად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ16) პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასური არის, ამ კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
- „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისა და მაუწყებლების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირები და მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ ავტორიზებულ პირ შპს „GLOBAL+”-ს 2013 წლის აპრილიდან 2015 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით კომისიაში არც წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ხოლო ავტორიზაციის გავლის დღიდან - რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები და არც რეგულირების საფასურის ჩარიცხვა არ განუხორციელებია კომისიის ანგარიშზე; ყოველივე ზემოაღნიშნული, კომისიის აზრით მიუთითებს იმაზე, რომ შპს „GLOBAL+“-ის მიერ ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების და კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობას; ზემოაღნიშნული კი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის საფუძველზე ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს. კერძოდ, „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „GLOBAL+“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს; ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს სატატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება/წარმოდგენა, რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოდგენა და ამ უკანასკნელის საფუძველზე რეგულირების საფასურის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ასევე, „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1 მიეცეს გაფთხილება შპს „GLOBAL+”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2 უზრუნველყოს შპს „GLOBAL+“-მა 2013 წლის აპრილის თვიდან სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;
3 უზრუნველყოს შპს „GLOBAL+“-მა 2012 წლის 7 დეკემბრიდან რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში და მათ შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა;
4 დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „GLOBAL“-თვის ჩაბარება;
5 დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ავტორიზებული პირების სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
7 გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირისთვის ჩაბარების დღიდან;
8 კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
9 კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძეს);
10 კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4, მე-8 და მე-9 პუნქტებისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
