შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2015 11:13
მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2015
შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 7 აგვისტოს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5650-15) მიმართა შპს „სტუდია მაესტრომ“ მის მიერ კომისიაში 2015 წლის 29 ივლისს წარმოდგენილ წერილზე თანდართული ინფორმაციის ნაწილის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით. კერძოდ, კომპანია ითხოვს კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებულ პარტნიორთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმაში მითითებული ინფორმაციის სრულად და კომპანიის საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ ფორმაში მითითებული აქტივების ღირებულების, ჩამონათვალის და შეძენის თარიღის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვავაში, იგი ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის ბაზარზე არსებული სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისთვის, რითაც შესაძლოა რეალური ზიანი მიადგეს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2015 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „სტუდია მაესტროს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ნინო ელოშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 17 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ”მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ მაუწყებლებს დაევალათ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში კომისიისთვის წარმოედგინათ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, რომელიც მაუწყებელს კომისიაში მანამდე არ ჰქონდა წარმოდგენილი. სწორედ აღნიშნული დამატებითი ინფორმაციის ფარგლებში წარმოადგინა შპს „სტუდია მაესტრომ“ კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ქონებრივი დეკლარაციის შევსებული ფორმები 2015 წლის 29 ივლისს.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პირი ვალდებულია ინფორმაციის წარმოდგენისას მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით.
მნიშვნელოვანია, რომ იდენტური ინფორმაციის წარმოდგენა ევალებათ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლებსაც ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავი განსაზღვრავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესებს. ამავე კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ, ხოლო 117-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ უნდა იქნას განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე; დასკვნა ან მოსაზრება, რომელიც ამ განცხადებასთან დაკავშირებით იქნა წარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში; იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც არ არის საჯარო გაცნობისთვის წარდგენილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება დაუბრკოლებლად გაეცნოს საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ დოკუმენტებს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელშიც მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო გაცნობისთვის წარდგენილი დოკუმენტების ასლები. შესაბამისად, რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად იგივე შინაარსის ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია.
კომისიას მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამართალში კანონის ანალოგია არ გამოიყენება, შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაშია მისაღები ის, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პირობებში იგივე შინაარსის ინფორმაცია, წარმოდგენილი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის მიერ, ვერ იქნებოდა მიჩნეული კომერციულ საიდუმლოებად.
კომისიას ასევე მიაჩნია, რომ საკითხის შესწავლისას ძალზედ მნიშვნელოვანია თავად საკანონმდებლო მოთხოვნის ტელეოლოგიური არსის გარკვევა. კომისიას მიაჩნია, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტორიზებული/ლიცენზირებული მაუწყებლის მიერ ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების არსი, სრულად იკარგება, თუ ის საჯაროდ ხელმისაწვდომი არ გახდა საზოგადოებისთვის, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია კომისიას არ სჭირდება მასზე დაკისრებული სპეციალური უფლებამოსილებების განხორციელებისას. შესაბამისად კანონმდებელი ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების საკანონმდებლო ფიქსაციისას ვერ ივარაუდებდა კომისიის მიერ მისი შენახვა-გამოყენების აუცილებლობას. ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის არსი სწორედ იმაშია, რომ კომიასიამ უზრუნველყოს მისი ტრანსპარენტულობა, საჯაროობა, რათა საზოგადოებამ იცოდეს მაუწყებლის მესაკუთრეების, მისი კაპიტალისა და აქტივების მესაკუთრეებისა და წარმოშობის შესახებ ინფორმაცია, რაც მედიის ფინანსური გამჭირვალობისა და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის საზოგადოებრივი შეფასების საფუძველია.
კომისიის სხდომაზე შპს „სტუდია მაესტროს“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ნინო ელოშვილმა აღნიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი შესაძლებელია ითვალისწინებდეს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნას აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომაც. შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ კომისიაში წარდგენილი ინფორმაცია არ ყოფილა გამოთხოვილი დაინტერესებული პირის მიერ, შესაბამისად, ეს შესაძლებლობას აძლევდა მათ, რომ მოეთხოვათ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. რაც კომპანიამ განახორციელა და ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობასთან დაკავშირებით განცხადება კომისიაში წარადგინა 2015 წლის 6 აგვისტოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მან ასევე აღნიშნა, რომ პარალელს ვერ გააკეთებს რადიომაუწყებლობის ლიცენზიებთან დაკავშირებით, ვინაიდან ავტორიზაციის და ლიცენზირების პროცედურა არის სრულიად განსხვავებული. ნინო ელოშვილის განმარტებით კომპანია ყოველწლიურად წარმოადგენს და ასაჯაროებს აუდიტის დასკვნას, სადაც მითითებულია ინფორმაცია პასივებისა და აქტივების თაობაზე, მაგრამ ის ინფორმაცია, რომელიც შეეხება პარტნიორის ქონებრივ დეკლარაციას, აქტივების კონკრეტულ ღირებულებას და შეძენის თარიღებს, არის ზედმეტად კონფიდენციალური. კერძოდ კომპანიის დამფუძნებლის ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც რეალურად შემდგომში შეიტანება კომპანიაში წარმოადგენს კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას, აქედან გამომდინარე, ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, შესაძლოა გარკვეული ზიანი მიადგეს შპს „სტუდია მაესტროს“. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კომპანიის მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. კანონმდებლის მიზანი, რომ ყოფილიყო ქონებრივი დეკლარაციებისა და აქტივების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროება და ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომობა, მაშინ კანონში მსგავსი ჩანაწერი იქნებოდა.
კომისიამ შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და სამართლებრივი საფუძვლების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ 2015 წლის 29 ივლისს წარმოდგენილ წერილზე თანდართული ინფორმაცია, კერძოდ: პარტნიორთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, კომპანიის საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ ფორმაში მითითებული აქტივების ღირებულება, ჩამონათვალი და შეძენის თარიღი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და გამომდინარე აქედან, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას წერილში წარმოდგენილი ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ცნოს, ვინაიდან მისი საჯაროობა (ღიაობა) დადგენილია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 116-ე და 117-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის დ2 ქვეპუნქტის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს „სტუდია მაესტროს“ 2015 წლის 7 აგვისტოს განცხადება (№შ-6/5650-15) კომისიისთვის 2015 წლის 29 ივლისს (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5346-15) წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;
2. შპს „სტუდია მაესტროს“ 2015 წლის 29 ივლისის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5346-15) წერილით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს „სტუდია მაესტრომ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყონებლივ უნდა აცნობოს კომისიას;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სტუდია მაესტროსთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) 15 დღის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
