შპს ”სტერეო+”-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის შპს ”სტერეოსთვის” გადაცემაზე უარის თქმისა და კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2015 15:53
მიღების თარიღი იანვარი 29, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 6 ნოემბერს კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/6571-14) მიმართა შპს ”სტერეო+”-მა (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204986408) და შპს ”სტერეომ” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400130229) შპს ”სტერეო+”-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის შპს ”სტერეოსთვის” გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. შპს ”სტერეომ” 2014 წლის 17 ნოემბერს დამატებით წარმოადგინა შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო+“-ის და შპს „სტერეოს“ ზემოაღნიშნული ერთობლივი განცხადების საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გადაცემასთან დაკავშირებით კომისიის თანხმობის მიცემის მიზნით. საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 18 დეკემბერს 16:00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”სტერეო+”-ის დირექტორი მალხაზ კვარაცხელია და კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი გიორგი ხითარიშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შემოწმებულ იქნა შპს „სტერეო +’’-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის შპს „სტერეოსთვის” გადაცემასთან დაკავშირებით კომპანიების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან კერძოდ:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტერეო+” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიას 2023 წლის 31 მაისამდე, კომისიის 2013 წლის 31 მაისის №361/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 31 მაისამდე;
დ) გეოგრაფიული ზონა: ქ. წალკა;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
№ |
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
|
1. |
ქ. წალკა |
105,7 |
FM |
V |
წრიული |
500 |
N 41°38'4" E 44°14'18" |
30 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტერეოს” მიერ კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციიდან და ასევე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან (B14108817, 03.11.2014) ირკვევა, რომ შპს ”სტერეოს” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე თორნიკე მერებაშვილი (პირადი ნომერი: 01002023465). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით თორნიკე მერებაშვილი ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
2. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტერეო” არ ფლობს საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიას. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად (10/1848-14, 12.11.14წ.) შპს ”სტერეო” ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, პოლიტიკურ პარტიასა და ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთან დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა ინფორმაცია კომპანიის 100% წილის მფლობელის (თორნიკე მერებაშვილის) შესახებ. კერძოდ, საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცამების შესაბამისად ირკვევა, რომ თორნიკე მერებაშვილს თანამდებობის პირთა ქონების მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია შევსებული არ აქვს. წარმოდგენილი დასკვნის თანახმად დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს ინფორმაცია კომპანიის 100% წილის მფლობელი (თორნიკე მერებაშვილი) ხომ არ წარმოადგენს პოლიტიკური პარტიისა და ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს. ამავე დროს, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად დგინდება, რომ შპს „სტერეო“, ისევე როგორც მისი დირექტორი და დამფუძნებელი თორნიკე მერებაშვილი (პირადი ნომერი: 01002023465) არ ფლობენ ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში. შესაბამისად, შპს ”სტერეო+”-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის შპს „სტერეოსთვის“ გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტერეო+”-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის შპს „სტერეოსთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვა შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ხოლო ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ასევე გადამოწმებულ იქნა შპს „სტერეო +“-ს მიერ, კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიით გათვალისიწინებული პრაქტიკული საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებულ ვადაში დაწყებისა და შესაბამისად, მაუწყებლობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ განმარტა, რომ კომპანია 2014 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით არ ახორციელებდა მაუწყებლობას, მან ასევე განმარტა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. წალკიდან შპს ”სტერეო+”-ის სიგნალი არ ფიქსირდება.
კომისიის სხდომაზე, შპს „სტერეო +“-ს წარმომადგენელმა, გიორგი ხითარიშვილმა განმარტა, რომ
შპს ”სტერეო+” ქ. წალკაში ამ ეტაპზე ახორციელებდა მაუწყებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციის მოკვლევის მიზნით საკითხის განხილვა გადაიდო 2014 წლის 25 დეკემბრისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 25 დეკემბერის სხდომას ესწრებოდა შპს ”სტერეო+”-ის იურისტი მარიამ გოგოსაშვილი და კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი გიორგი ხითარიშვილი. კომისიის სხდომაზე მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის საფუძველზე წარმოდგენილ იქნა დასკვნა, რომლის თანახმადაც:
1. შპს „სტერეო+“ სამაუწყებლო ბადეს კომისიაში წარმოადგენს მხოლოდ მისი კერძო მაუწყებლობის NB152 ლიცენზიის ფარგლებში (საერთო ტელემაუწყებლობა), ხოლო მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის ფარგლებში (საერთო რადიომაუწყებლობა) კომპანიას სამაუწყებლო ბადე კომისიაში არ წარმოუდგენია;
2. კომპანია კომისიაში წარმოადგენს რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს, თუმცა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესაბამისად, კომპანიას შემოსავლები უფიქსირდება მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან, ხოლო მაუწყებლობის ნაწილში კომპანიას შემოსავალი არ გააჩნია;
3. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის 2014 წლის 23 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ირკვევა, რომ 2014 წლის 22 დეკემბერს კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების მონიტორინგის მიზნით დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ ქ. წალკაში, სადაც თვალყური ადევნეს შპს „სტერეო+“–ის მიერ გადამცემი სადგურისა და ანტენის ინსტალაციას. დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა ინსტალაციის პროცესის და FM გადამცემით გასხივებული სიგნალის სპექტრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც.
4. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ 2014 წლის 22 დეკემბრის წერილით ირკვევა, რომ 2013 წლის 31 მაისიდან 2014 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში შპს „სტერეო+“–ის მიერ წალკაში მდებარე შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის სატელევიზიო ანძიდან რადიომაუწყებლობა №B145 ლიცენზიით განსაზღვრულ სიხშირეზე 105.7 მჰც. არ განხორციელებულა.
5. კომისიამ ასევე მიმართა ყველა იმ კომპანიას, რომლებსაც ქ. წალკაში გააჩნდათ საანძო მეურნეობები. შპს „მაგთიკომის“ 2014 წლის 25 დეკემბრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7526–14), შპს „მობიტელის“ 2014 წლის 25 დეკემბრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7528–14) და შპს „კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 25 დეკემბრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7529–14) თანახმად ირკვევა, რომ მათი საანძო მოწყობილობებიდან შპს „სტერეო+“–ის მიერ რადიომაუწყებლობა არ ხორციელდებოდა, ხოლო შპს „ჯეოსელის“ 2014 წლის 25 დეკემბრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7527–14) თანახმად ირკვევა, რომ შპს „სტერეო+“–ის გადამცემის შპს „ჯეოსელის“ კუთვნილ საბაზო სადგურზე განთავსება განხორციელდა 2014 წლის 22 დეკემბერს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74–ე მუხლის დარღვევა. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74–ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობა, რაც ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
შპს ”სტერეო+”-ის იურისტმა მარიამ გოგოსაშვილმა აღნიშნა, რომ კომისიას არ აქვს დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ შპს ”სტერეო+”–ს არ დაუწყია სალიცენზიო საქმიანობა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში, გარდა იმისა, რომ სხდომაზე წარმოდგენილი იყო პასუხები ანძების მფლობელი კომპანიებიდან, მისი განმარტებით, შპს ”სტერეო+” ნამდვილად ახორციელებდა მაუწყებლობას ქ. წალკაში, თუმცა მაუწყებლობა არ ხორციელდებოდა იმ ობიექტებიდან, რომელიც ჩამოთვლილ იქნა კომისიის სხდომაზე. მარიამ გოგოსაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანია მზად არის წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, შპს „სტერეო +“-სთვის დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით ვადის მიცემა და შესაბამისად საკითხის განხილვის გადადება 2015 წლის 8 იანვრისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 8 იანვარს გამართულ სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს ”სტერეო+”-ის წარმომადგენელი გამოქვეყნებულ იქნა შპს ”სტერეო+”-ის 2015 წლის 5 იანვარის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/17-15), რომლითაც კომპანია ითხოვს საკითხის განხილვის გადადებას 2015 წლის 10 იანვრის შემდგომ. როგორც წერილშია აღნიშნული კომპანია ზემოაღნიშნული თარიღის შემდგომ შეძლებს უზრუნველყოს სხდომაზე კომპანიის იმ წარმომადგენლის დასწრებას, რომელიც პასუხს გასცემს კომისიის ყველა შეკითხვას. აღნიშნულ სხდომაზე ასევე გამოქვეყნდა შპს ”სტერეო+”-ს 2014 წლის 29 დეკემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/7592-14) იმის თაობაზე თუ როგორ ხორციელდებოდა მაუწყებლობა. კერძოდ როგორც წერილშია აღნიშნული შპს ”სტერეო+”-მა მაუწყებლობა წალკაში დაიწყო 2014 წლის 31 მაისიდან. ეთერში გადაიცემოდა შპს ”სტერეო+”-ის ტელევიზიის ხმა, რასაც დღემდე მრავალი კომპანია წარმატებით ახორციელებს. მაუწყებლობა ხორციელდებოდა 500w გადამცემით, კომპანიაში არსებული ერთ-ერთი სააპარატოდან, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ფუნქციონირებს. როგორც წერილშია აღნიშნული, ხშირი ენერგო პრობლემების გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ტექნიკა გადაეტანათ შპს ”ჯეოსელის” სააპარატოში გარანტირებულ უწყვეტ ენერგო მომარაგებაზე. შპს „სტერეო +“-ის განმარტებით კომისიის აპარატის თანამშრომლების მიერ 2014 წლის 18 დეკემბერს ჩატარებული მონიტორინგის დროს, სიგნალი არ დაფიქსირდა სწორედ ენერგო პრობლემების გამო.
შპს ”სტერეო+”-ს წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კანონის თანახმად მტკიცების ტვირთი მაუწყებლობის ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში დაუწყებლობის, ან მაუწყებლობის შეწყვეტის ფაქტის დადასტურებასთან დაკავშირებით აკისრია კომისიას, რომელსაც, როგორც კომპანია აღნიშნავს ორ მონიტორინგზე მეტი (2014 წლის 18 და 22 დეკემბერი) 2014 წლის ივნისიდან ქ. წალკაში არ ჩაუტარებია.
კომისიამ იმსჯელა კომპანიის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით და იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილიყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად დააკმაყოფილა შპს ”სტერეო+”-ის შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით და საკითხის განხილვის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 15 იანვარი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 15 იანვარს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს ”სტერეო+”–ს უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნას. დავით ზილფიმიანმა განაცხადა, რომ შპს ”სტერეო+”–ს პრაქტიკული საქმიანობა დაწყებული აქვს გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში და ამჟამადაც ახორციელებს მაუწყებლობას, როგორც მან განმარტა, სირთულეები იყო მაუწყებლობასთან დაკავშირებით საწყის ეტაპზე, რაზეც განმარტება კომპანიამ გააკეთა 2014 წლის 29 დეკემბრის წერილში. დავით ზილფიმიანის განმარტებით დილით ხელი მოეწერა კონტრაქტს საზოგადოებრივ მაუწყებელთან და შპს ”სტერეო+”–ს კუთვნილ სიხშირეზე წალკაში იმაუწყებლებს ”რადიო 1”. დავით ზილფიმიანის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გამო, რომ წალკის რეგიონი არ დარჩეს რადიოს გარეშე. დავით ზილფიმიანის განმარტებით მაუწყებლის მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ნიშნავს სამაუწყებლო სიგნალის ეთერში გაშვებას, მისივე განმარტებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ უკრძალავს მაუწყებელს სიხშირეების გამოყენებით ტრანზიტის განხორციელებას და აკეთებს დათქმას, რომლის შესაბამისადაც სიხშირეების გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტი დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გადაიდო 2015 წლის 29 იანვრისთვის.
2015 წლის 29 იანვარს გამართულ სხდომას ესწრებოდა შპს ”სტერეო+”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი. კომისიის სხდომაზე გამოქვეყნდა შპს ”სტერეო+”-ის 2015 წლის 28 იანვარის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/455-15), რომელშიც აღნიშნულია, რომ ვინაიდან კომისიის მიერ ვერ მოხერხდა საკითხის განხილვის დასრულება, შპს ”სტერეო”, რომელზედაც იგეგმებოდა ლიცენზიის გადაცემა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გადაცემის პროცესის ლეგალურად დასრულებამდე ვერ უზრუნველყოფს მაუწყებლობის განხორციელებას ქ. წალკაში. შპს ”სტერეო+” აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის განახლების თაობაზე კომპანიას მიმართა წალკის რაიონის მოსახლეობამაც (წერილის ასლები თან ერთვის შპს ”სტერეო+”-ს წერილს). წერილში ასევე აღნიშნულია, რომ თუ კვლავაც ვერ მოხერხდება აღნიშნული საკითხის პოზიტიურად დასრულება შპს ”სტერეო+” მზად არის შემდგომი დროის კარგვის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფოს ჩააბაროს №B145 ლიცენზია და შესაბამისი სიხშირული რესურსი. ხოლო მაუწყებლობის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით წერილის ასლს გადაუგზავნის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს.
კომისიის სხდომაზე შპს ”სტერეო+”-ის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შპს ”სტერეო+”-მა მაუწყებლობა დაიწყო დათქმულ დროზე, მაუწყებლობა ხორციელდებოდა მოძრავი სააპარატოდან. მაუწყებლობას თან სდევდა მუდმივი ხარვეზი, რაც გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ ენერგეტიკული პრობლემებით. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ენერგეტიკულ პრობლემას დაემთხვა კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგი, როდესაც სიგნალი არ დაფიქსირდა. ამის შემდეგ კომპანიამ დაიწყო პრობლემის მოგვარება და ტექნიკა გადაიტანა შპს ”ჯეოსელის” ანძის მიმდებარედ, სადაც არსებობს უწყვეტი ენერგო მომარაგება. კომპანიას ასევე გააჩნია ირიბი მტკიცებულება იმის თაობაზე რომ იგი მაუწყებლობდა, კერძოდ ეს არის ქ. წალკის მოსახლეობის წერილები, რომლითაც ისინი ითხოვენ მაუწყებლობის აღდგენას 105.7 მგჰც სიხშირეზე.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირებისა და რადიოსიხშირეთა მართვის დეპატამენტების მიერ წარმოდგენილი მონიტორინგის შედეგების, შპს „სტერეო+“-ის წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების, ასევე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დოკმენტაციის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს ”სტერეო+”-ის მიერ, მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის შპს „სტერეოსთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლისას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ კომპანიების განზრახვა შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, თუმცა კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი დოკუმენტაციის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ შპს „სტერეო+“-ის მიერ დარღვეულია კომისიის 2013 წლის 31 მაისის №361/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობა, კერძოდ კომპანიის მიერ არ არის დაწყებული ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში.
შპს „სტერეო+“-ს მიერ კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიით განსაზღვრული პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის ფაქტი დასტურდება შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „სტერეო+“, რომელიც კომისიის 2013 წლის 31 მაისის №361/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, სამაუწყებლო ბადეს კომისიაში წარმოადგენს მხოლოდ მისი კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზიის ფარგლებში (საერთო ტელემაუწყებლობა), ხოლო მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის ფარგლებში (საერთო რადიომაუწყებლობა) კომპანიას სამაუწყებლო ბადე კომისიაში არ წარმოუდგენია;
2. კომპანია კომისიაში წარმოადგენს რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს, თუმცა კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესაბამისად, კომპანიას შემოსავლები უფიქსირდება მხოლოდ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან, ხოლო მაუწყებლობის ნაწილში, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შპს „სტერეო+“-ს შემოსავალი არ გააჩნია;
3. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 18 დეკემბერს ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ქ. წალკიდან შპს „სტერეო+“-ის სამაუწყებლო სიგნალი არ დაფიქსირებულა, ამავე დროს, 2014 წლის 22 დეკემბერს როდესაც აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები, იმყოფებოდნენ ქ. წალკაში, შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების მონიტორინგის მიზნით, მათ თვალყური ადევნეს შპს „სტერეო+“–ის მიერ გადამცემი სადგურისა და ანტენის ინსტალაციას. დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა ინსტალაციის პროცესის და FM გადამცემით გასხივებული სიგნალის სპექტრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც.
4. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ 2014 წლის 22 დეკემბრის წერილით ირკვევა, რომ 2013 წლის 31 მაისიდან 2014 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში შპს „სტერეო+“–ის მიერ წალკაში მდებარე შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ სატელევიზიო ანძიდან რადიომაუწყებლობა №B145 ლიცენზიით განსაზღვრულ სიხშირეზე 105.7 მჰც. არ განხორციელებულა.
5. კომისიამ ასევე მიმართა ყველა იმ კომპანიას, რომლებსაც ქ. წალკაში გააჩნდათ საანძო მეურნეობები. შპს „მაგთიკომის“ 2014 წლის 25 დეკემბრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7526–14), შპს „მობიტელის“ 2014 წლის 25 დეკემბრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7528–14) და შპს „კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 25 დეკემბრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7529–14) თანახმად ირკვევა, რომ მათი საანძო მოწყობილობებიდან შპს „სტერეო+“–ის მიერ რადიომაუწყებლობა არ ხორციელდებოდა, ხოლო შპს „ჯეოსელის“ 2014 წლის 25 დეკემბრის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7527–14) თანახმად ირკვევა, რომ შპს „სტერეო+“–ის გადამცემის შპს „ჯეოსელის“ კუთვნილ საბაზო სადგურზე განთავსება განხორციელდა 2014 წლის 22 დეკემბერს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მიუხედავად კომისიის არაერთი მცდელობისა და ასევე შპს „სტერეო+“-ის წარმომადგენლების განცხადებებისა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „სტერეო +“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შპს „სტერეო +“-ს მიერ ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ფაქტს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისია ვერ გაიზიარებს შპს „სტერეო+“-ის არგუმენტაციას ერთის მხრივ იმასთან დაკავშირებით, რომ მაუწყებლის მიერ მაუწყელობის დაწყება ნიშნავს სამაუწყებლო სიგნალის გასხივებას და მეორე მხრივ, რომ მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემა მოიცავს მაუწყებლობის განხორციელებას, შემდეგი გარემოებების გამო:
ა) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჩ) პუნქტის შესაბამისად, პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ნიშნავს მაუწყებლობის დაწყებას;
ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი განმარტებულია როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისთვის/მსმენელებისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომია;
შესაბამისად, ზემოაღნიშნულის საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, მაუწყებელი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას განახორციელოს სამაუწყებლო საქმიანობა სალიცენზიო პირობებით განსაზღვრულ ვადაში, ვალდებულია უზრუნველყოს პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროდუქციის გადაცემა ისე, რომ ეს პროდუქცია სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისთვის/მსმენელებისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომი იყოს;
რაც შეეხება მაუწყებლობის ტრანზიტს, მაუწყებლობის ტრანზიტი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ავტორიზებად საქმიანობას, რომელიც ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად განმარტებულია როგორც ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით.
კომისია განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი უშვებს სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტს, კერძოდ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემა, თუმცა კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემა, მაუწყებლის მიერ უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ დაირღვეს თავად მაუწყებლის მფლობელობაში არსებული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები, მათ შორის თავად მაუწყებლის მიერ დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობის (შპს ”სტერეო+-ის შემთხვევაში 12 საათი) შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის NB145 ლიცენზიის ერთ-ერთ სალიცენზიო პირობას, განსაზღვრულს კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით, წარმოადგენს დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა - 12 საათი. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, შპს „სტერეო+“, როგორც ლიცენზიის მფლობელი და მაუწყებელი ვალდებულია დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 12 საათი უზრუნველყოს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროდუქციის გადაცემა ისე, რომ ეს პროდუქცია სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მსმენელებისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომი იყოს;
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა კომისიის 2013 წლის 31 მაისის №361/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის, კერძოდ ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის ფაქტი ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. კომისიას მიაჩნია, რომ შეუძლებელია აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით შპს ”სტერეო+”-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის შპს ”სტერეოსთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვა შპს „სტერეო+“-ს და შპს „სტერეოს“ შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის შპს „სტერეოსთვის” გადაცემასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემაზე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის 48’-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (მომხრე კომისიის წევრები კახი ბექაური სოფიო ბრიტანჩუკი, წინააღმდეგი კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტან აბაშიძე)
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უარი ეთქვას შპს ”სტერეო+”-ს მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის შპს „სტერეოსთვის“ გადაცემაზე;
2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;
3. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2015 წლის 26 თებერვალს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეოსთვის“ და შპს „სტერეო+”-სთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
5. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს შპს ”სტერეო+“-სა და შპს „სტერეოსთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;
7. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
8. გადაწყვეტილება პირველი პუნქტის გარდა გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
