შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2015 18:13
მიღების თარიღი იანვარი 29, 2015
შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№6/46-14; 08.01.2015) მიმართა შპს ,,ლაგმა“ სს ,,სილქნეტთან“ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისა და აღნიშნულ კომპანიებს შორის ურთიერთჩართვის სასწრაფოდ აღდგენის მოთხოვნით.
შპს ,,ლაგის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,ლაგის“ მიერ 2014 წლის ნოემბრის თვეში სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით საერთაშორისო ზარების გარკვეული რაოდენობა (6215 წუთი) განხორციელდა ადგილობრივი ზარებისათვის გამოყოფილი არხის გამოყენებით. ამავე განცხადების თანახმად, საერთაშორისო ზარების გატარება ადგილობრივი ტრაფიკისათვის გამოყოფილ არხში ტექნიკურად განხორციელდა იმ მიზეზით, რომ საერთაშორისო ზარებისათვის გამოყოფილ არხში ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ხერხდებოდა ზარების დასრულება, რაც შპს ,,ლაგის“ განცხადებით, თვალნათლივ ჩანს კომპანიის მიერ წამროდგენილ CD-R-ში. შპს ,,ლაგის“ განცხადების თანახმად, აღნიშნული ზარები განხორციელდა ჯერ საერთაშორისო არხში, ხოლო ზარის დაუსრულებლობის შემდეგ გადამისამართებული იქნა ადგილობრივი ზარებისათვის გამოყოფილ არხში. აღნიშნული ზარების განხორციელება სხვა ადგილობრივი ზარებისგან განსხვავებისათვის მოხდა შპს ,,ლაგის“ ქოლ-ცენტრის 242-50-50 A-ნომრის გამოყენებით, რაც შპს ,,ლაგის“ განცხადებით, მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიას სს ,,სილქნეტისათვის“ აღნიშნული ტრაფიკი არ დაუფარავს. შპს ,,ლაგის“ განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ სს ,,სილქნეტის“ ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან მიღებულ შესათანხმებელ შედარების აქტში არ იყო გათვალისწინებული ზემოაღნიშნული წუთები და შესაბამისი დაანგარიშება. აღნიშნული წუთების და შესაბამისი თანხის (0.09 ცენტის) გათვალისწინება მოხდა შპს ,,ლაგის“ მოთხოვნით, რაც შპს ,,ლაგის” განცხადებით, მიუთითებს ზარების საერთაშორისო ზარებად აღიარებაზე. შპს ,,ლაგის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნოემბრის თვის ტრაფიკების შედარების და საბოლოო ანგარიშსწორების მომენტისათვის შპს ,,ლაგს“ სს ,,სილქნეტის“ ანგარიშზე დეპოზიტისა და ავანსის სახით ჰქონდა გარკვეული თანხა და სს ,,სილქნეტისთვის“ არანაირი ფინანსური ზიანი არ მიუყენებია. შპს ,,ლაგის“ განცხადებით, სს ,,სილქნეტმა“ 2014 წლის 15 დეკემბრიდან შეუწყვიტა ურთიერთჩართვა, რაც ეწინააღმდეგება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტს. შპს ,,ლაგის“ განცხადებით, ურთიერთჩართვის შეწყვეტამ დაარღვია მომხმარებელთა უფლებები, ხოლო შპს ,,ლაგს“ მიაყენა მძიმე ზიანი.
მოთხოვნა:
კომისიის მიერ შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის არსებული დავის განხილვა და აღნიშნულ კომპანიებს შორის ურთიერთჩართვის სასწრაფოდ აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ლაგის” განცხადების საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვაზე. შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე არსებული დავის განხილვასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 22 იანვარს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით (№03/33-15, 15.01.2015; №03/34-15, 15.01.2015) ეცნობათ შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“. შპს ,,ლაგს“ და სს ,,სილქნეტს“ ასევე ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები და მტკიცებულებები წარმოედგინათ კომისიაში 2015 წლის 22 იანვრამდე. შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.
2015 წლის 21 იანვარს კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის“ წერილი (№6/328-15, 21.01.2015), რომელსაც თან ერთვის სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,ლაგს“ შორის 2011 წლის პირველ დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიებს შორის ურთიერთჩართვის შესახებ. სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის 21 იანვრის წერილში აღნიშნულია, რომ სს ,,სილქნეტის“ მიერ შპს ,,ლაგს“ ურთიერთჩართვის მომსახურება მიეწოდებოდა, როგორც წერილზე თანდართული ხელშეკრულების, ისე 2014 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული სს ,,სილქნეტის“ საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) პირობათა შესაბამისად.
2015 წლის 22 იანვარს კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის“ წერილი (№6/340-15, 22.01.2015), რომლითაც კომპანიამ წარმოადგინა შპს ,,ლაგთან“ დაკავშირებით სს ,,სილქნეტის“ მიერ სატესტოდ განხორციელებული ზარების შესახებ სს ,,მედიაფონის“ წერილობითი დასკვნა.
2015 წლის 22 იანვარს, კომისიის მოსამზადებელ სხდომას ეწრებოდნენ შპს ,,ლაგის“ დირექტორი ნ. ჭელიძე და სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლები მ. გონაშვილი და მ. ქოქიაშვილი.
კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე შპს ,,ლაგის“ დირექტორმა ნ. ჭელიძემ დაადასტურა 2015 წლის 8 იანვრის №6/46-14 განცხადებაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნა. ამასთან, მან დაადასტურა, რომ კომპანია არ იყო წინააღმდეგი დავა მორიგებით დაესრულებინა.
კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა მ. გონაშვილმა დაადასტურა, რომ სადავო საკითხის განხილვა განეკუთვნებოდა კომისიის კომპეტენციას და არ იყო წინააღმდეგი კომისიას დაეწყო აღნიშნულ საკითხზე დავის განხილვა. ამასთან, სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კომპანია მზად იყო დავა მორიგებით დაესრულებინა.
შპს ,,ლაგის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადების, მხარეთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ წინამდებარე სადავო საკითხის განხილვა შედიოდა კომისიის კომპეტენციაში და შესაბამისად, კომისიაში უნდა დაწყებულიყო დავის განხილვა შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის შემდეგი გარემოებების გამო:
1. შპს ,,ლაგი“ და სს ,,სილქნეტი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;
6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.
კომისიამ დამატებით აღნიშნა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ მხარეებს უნდა მისცემოდათ შესაძლებლობა შეთანხმებულიყვნენ სადავო საკითხზე და დავა მორიგებით დაესრულებინათ. კომისიამ აღნიშნა, რომ დავის განხილვის დღე უნდა დანიშნულიყო მხარეებს შორის მორიგებისთვის გონივრული პერიოდის აღებით, რათა მხარეებს ჰქონოდათ შესაძლებლობა სადავო საკითხთან დაკავშირებით მორიგების პირობების შესათანხმებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, რომლითაც დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 29 იანვარი, 16:00 საათი, რის შესახებაც მოდავე მხარეები გაფრთხილდნენ მოსამზადებელ სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 29 იანვარს, კომისიის სხდომას ესწრებოდა სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელი მ. ქოქიაშვილი. ამავე დროს, კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის“ წერილი (29.01.2015, №394/05-8), რომლითაც კომპანიამ წარმოადგინა მოდავე მხარეთა მიერ 2015 წლის 29 იანვარს ხელმოწერილი მორიგების აქტი. წარმოდგენილი მორიგების აქტის თანახმად, მხარეები ადასტურებენ თანხმობას შეწყდეს შპს ,,ლაგის“ საჩივრის საფუძველზე სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ კომისიაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო სს ,,სილქნეტი“ იღებს ვალდებულებას წინამდებარე მორიგების აქტის ორმხრივად ხელმოწერის დღიდან აღუდგინოს შპს ,,ლაგს“ ურთიერთჩართვის მომსახურება. ამავე მორიგების აქტის 1.3 პუნქტში აღნიშნულია, რომ შპს ,,ლაგის“ მიერ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით განხორციელებული ტრაფიკის მიხედვით, სს ,,სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების 2014 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინადადების (მოწვევის ოფერტის) პირობების შესაბამისად, სს ,,სილქნეტი“ უფლებამოსილია დაარიცხოს შპს ,,ლაგს“ ჯარიმის სახით 11,349.21 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მორიგების აქტის 1.4 პუნქტის თანახმად, სს ,,სილქნეტი“ ,,ოფერტისა“ და წინამდებარე მორიგების აქტის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების ფარგლებში, შპს ,,ლაგს“ ჯარიმის სახით არიცხავს 5,674.60 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო 1.5 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ლაგი“ იღებს ვალდებულებას ჯარიმის სახით გადაიხადოს 5,674.60 აშშ დოლარის ექვ. ლარში, ორ ეტაპად:
- 2,837.3 აშშ დოლარის ექვ. ლარში - არაუგვიანეს 2015 წლის 25 თებერვლისა;
- 2,837.3 აშშ დოლარის ექვ. ლარში - არაუგვიანეს 2015 წლის 25 მარტისა.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ლაგის“ 2015 წლის 8 იანვრის №6/46-14 განცხადების საფუძველზე სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტს“ უნდა განემარტოს, რომ სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,ლაგს“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის მომსახურების ხელშეკრულების ან/და სს ,,სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების 2014 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინადადების (მოწვევის ოფერტის) პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სს ,,სილქნეტი“ უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს ურთიერთჩართვის მომსახურება მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ლაგსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
