წვდომის მენიუ

შპს „ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ

ნომერი: 540 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2015 12:40

მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2015

შპს „ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. 

 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 10 აგვისტოს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს №შ-10/5715-15 მოხსენებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ნოვუსი“  პერმანენტულად არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს და მიუხედავად გამაფრთხილებელი წერილობითი შეტყობინებისა (კომისიის წერილი №05/1481-15), კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 14 აგვისტოს №10/5844-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 17 აგვისტოს  №შ-10/5892-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „ნოვუსს“ 2012 წლის ივლისის თვის შემდეგ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები კომისიაში არ წარმოუდგენია, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს №შ-10/5716-15  მოხსენებითი ბარათისა და საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 17 აგვისტოს №შ-10/5892-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის პირველ სექტემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 8 სექტემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს „ნოვუსს“ ეცნობა შეტყობინებით (№03/1851-15; 01.09.2015), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შეტყობინება 2015 წლის პირველ სექტემბერს ჩაიბარა შპს „ნოვუს“-ის  კანცელარიის თანამშრომელმა მ. კაკაშვილმა, რაც დასტურდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040026753041).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ნოვუსის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი.

კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა კომისიას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №B14067549/3 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულ იქნა შპს „ნოვუსის“ (ს/ნ 205290282) დირექტორის თამარ ლალაზაშვილის განცხადება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე, ხოლო  2014 წლის პირველი ივლისის №B14068002/3 გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ნოვუსს“ დაუდგინა ხარვეზი შპს „ნოვუსის“ სარეგისტრაციო მონაცემების მეწარმე სუბიექტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, კერძოდ, ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების თაობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად განუსაზღვრა 30 დღიანი ვადა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2015 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „ნოვუსს“ არ წარმოუდგენია მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გამოუცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „ნოვუსის“ იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ. ამასთან, 2015 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „ნოვუსის“ მიმართ სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრი არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას შპს „ნოვუსის“ წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეჩერდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს „ნოვუს“-ის, როგორც მეწარმე სუბიექტის სტატუსის საბოლოო გარკვევამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 96-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შეჩერდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს „ნოვუსის“, როგორც მეწარმე სუბიექტის სტატუსის საბოლოო გარკვევამდე;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წერილის გაგზავნის უზრუნველყოფა შპს „ნოვუსის“, როგორც მეწარმე სუბიექტის სტატუსის გარკვევის მიზნით;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ნოვუსისთვის“   დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის  შპს „ნოვუსისთვის“  ჩაბარების დღიდან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ნოვუსისთვის“   ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                 გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                 მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები