წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 541 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2015 16:56

მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2015

ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 10 აგვისტოს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს №შ-10/5718-15 მოხსენებითი ბარათი საიდანაც ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანი  პერმანენტულად არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს და მიუხედავად გამაფრთხილებელი წერილობითი შეტყობინებისა (კომისიის წერილი №05/1528-15), კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 14 აგვისტოს №10/5844-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 17 აგვისტოს  №შ-10/5892-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანს 2012 წლის აგვისტოს თვის შემდეგ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები კომისიაში არ წარმოუდგენია, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს №შ-10/5718-15  მოხსენებითი ბარათისა და საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 17 აგვისტოს №შ-10/5892-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის პირველ სექტემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 8 სექტემბერს. აღნიშნულის თაობაზე ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანს ეცნობა შეტყობინებით (№03/1852-15; 01.09.2015), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანს  ჩაბარდა 2015 წლის 2 სექტემბერს, მისამართზე: ახალქალაქი, თავისუფლების ქ. 83,  კერძოდ, შეტყობინება ჩაიბარა ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანის ძმამ თ. მანველიანმა (გზავნილის კოდი: 040026753027).

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს 2015 წლის 21 აგვისტოს №10/6181-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, რომლითაც გადამოწმდა მიმდინარე მდგომარეობა ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანის მხრიდან ვალდებულებათა შესრულების თაობაზე, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 აგვისტოს №შ-10/6274-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანს 2012 წლის ივლისიდან 2015 წლის აგვისტომდე არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.1 (შემოსავლები), 2013-2014 წლების წლიური ფორმები - ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და ფორმა 1.3 (ინვესტიციები), ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში) და ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა).

კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შეტყობინებით ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანს ეცნობა 2015 წლის 2 სექტემბერს, რაც დასტურდება შპს „საქართველოს ფორსტის“ მიერ წარმოდგენილი შეტყობინების ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040026753027), რომელსაც ხელს აწერს ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანის ძმა თ. მანველიან. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი  ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანის დაუსწრებლად.

კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა რ. სხირტლაძემ აღნიშნა, რომ ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანმა 2012 წლის ივლისიდან 2015 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები შეავსო და კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის 7 და 8 სექტემბერს. კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა ნ. ჯანელიძემ დაადასტურა, რომ ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანს 2012 წლის სექტემბრის თვიდან 2015 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირებსის საფასურის გაანგარიშებები.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს №შ-10/5718-15  მოხსენებითი ბარათი;
  2. 2012 წლის ივლისიდან დღემდე (08.09.2015) პერიოდის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარმოდგენის სტატისტიკა კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით;
  3. კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №05/1528-15 წერილი და მისი ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040026750669);
  4. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 17 აგვისტოს №შ-10/5892-15 სამსახურებრივი ბარათი;
  5. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 აგვისტოს №შ-10/6274-15  სამსახურებრივი ბარათი;
  6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანის შესახებ მონაცემები;
  7. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რატი სხირტლაძის მიერ კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
  8. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის ნატალია ჯანელიძის მიერ კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანი არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 15.06.2012; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება: Wi Fi);
  2. ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანი, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანს კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №05/1528-15 წერილით განემარტა კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესახებ ამავე გადაწყვეტილების დანართ №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებასა და კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი პერიოდულობით. ამავე წერილით ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანს მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №05/1528-15 წერილი ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანს ჩაბარდა 2015 წლის 24 ივლისს;
  4. ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანს 2012 წლის ივლისიდან 7 სექტემბრამდე კომისიაში საერთოდ არ წარმოუდგენია შევსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (№1.1, 2013-2014 წლების წლიური ფორმა №1.2 და  2013-2014 წლების წლიური ფორმა №1.3, ასევე, №4.3, №4.4 და 4.5 ფორმები). ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანმა აღნიშნული ფორმები კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის 7  და 8 სექტემბერს, კომისიის მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით;
  5. ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანს 2012 წლის სექტემბრის თვიდან ამ გადაწყვეტილების მიღების დღემდე კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება;
  6. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური.
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
  3. ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
  4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  5.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანმა 2012 წლის ივლისიდან დღემდე (08.09.2015) პერიოდის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები შეავსო და კომისიაში წარმოადგინა მისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევით, კერძოდ, 2015 წლის 7 სექტემბერს და 8 სექტემბერს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ 2012 წლის ივლისიდან დღემდე (08.09.2015) პერიოდის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების მისთვის განსაზღვრული 10 სამუშაო დღის ვადაში შეუსრულებლობით, ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანის  მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება, ხოლო 2012 წლის სექტემბრიდან დღემდე (08.09.2015) რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობით, ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანის მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი მე-4 პუნქტი და  ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე. აქედან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს გაფრთხილება. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული დარღვევების აღმოსაფხვრელად, ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანს უნდა დაევალოს 2012 წლის სექტემბრიდან  2015 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდის შესაბამისი  რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 99-ე მუხლების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. მიეცეს გაფრთხილება ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომსიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
  2. უზრუნველყოს ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანმა 10 სამუშაო დღის ვადაში  2012 წლის სექტემბრიდან 2015 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანისათვის   დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია)  ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანისთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე  მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის  ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანისთვის ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ინდ. მეწარმე რობერტ მანველიანისთვის   ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                               ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები