წვდომის მენიუ

შპს „სტერეო+“-ის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიების სალიცენზიო პირობებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ

ნომერი: 543 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2015 17:23

მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2015

შპსსტერეო+“-ის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიების სალიცენზიო პირობებისა და ვალდებულებების  შესრულების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

 კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 19 ივნისს მიღებულ იქნა კომისიის №362/2 გადაწყვეტილება  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე”, რომლის მე-3 პუნქტის მიხედვითაც, შპს ”სტერეო+”-ს დაევალა უზრუნველეყო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიების სალიცენზიო პირობების და ვალდებულებების შესაბამისად აგებული მულტიპლექს პლატფორმის ექსპლუატაციაში გაშვება სრულყოფილად 2015 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათამდე;  შპს ”სტერეო+”-ის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების (მულტიპლექს პლატფორმის ექსპლუატაციაში გაშვების/არ გაშვების) დადასტურება უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ 2015 წლის 10 სექტემბრამდე კომისიის წერილობითი გადაწყვეტილებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში მიმდინარეობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო+“-ის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიების სალიცენზიო პირობებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 9 სექტემბერს. კომისიის 2015 წლის 9 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”სტერეო+”-ის დირექტორი მალხაზ კვარაცხელია და შპს „სტერეო +“-ის წარმომადგენლები: დავით ზილფიმიანი, გიორგი ხითარიშვილი და მარიამ გოგოსაშვილი.  

შპს ”სტერეო+”-ის მიერ კომისიის 2015 წლის 19 ივნისის №362/2 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შემოწმების მიზნით, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის მიერ 2015 წლის 02 ივლისიდან 4 სექტემბრის  ჩათვლით პერიოდში ჩატარებულ იქნა მონიტორინგი (შედგენილია შემოწმების აქტები №92, №93, №94, №95, №96, №97, №98, №99, №100, №101, №102, №103, №104, №105, №106, №107, №108, №109, №110, №111, №112, №113, №114, №115, №116, №117, №118, №119, №120, №121, №122, №123, №124, №125, №126, №127, №128, №129, №130, №131, №132, №133, №134, №135,  №136, № 137, №138, №139, №140, №141, №142, №143, №144, №145, №146, №147, №148, №149) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივნისის №273 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ანალოგური მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის მიხედვით.

კომისია აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს ”სტერეო+”-ის მიერ ჩართულია ციფრული სატელევიზიო გადამცემი სადგურები საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკით განსაზღვრულ  46 პუნქტში; 
  2. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დადგენილია მულტიპლექს პლატფორმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გარკვეული ხარვეზები და ცვლილებები, კერძოდ: ხელშეშლების გამო არ ფუნქციონირებს რადიოსარელეო ხაზები კოჯორი-დმანისის და თბილისი-საგარეჯოს მიმართულებებით; ასევე, ხელშეშლების გამო დუშეთი-გორის მონაკვეთზე შეცვლილია რადიოსარელეო სიხშირეები; არასტაბილური ენერგომომარაგების გამო ჩართულია თითო ძირითადი გადამცემი სადგური ნინოწმინდას, ასპინძასა და აბასთუმანში ნაცვლად კომისიის 2015 წლის 19 ივნისის №362/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ორი ძირითადი გადამცემი სადგურისა; შეცვლილია რადიოსარელეო ხაზის მიმართულება, ნაცვლად ტყიბული-მრავალძალისა, ფუნქციონირებს მიმართულება ტალახა-მრავალძალი; რადიოსარელეო ხაზი მრავალძალი-ამბროლაურის (სოფელ გორის სატელევიზიო ანძა) მიმართულებით, პირდაპირი ხედვის არ არსებობის გამო ორგანიზებულია დამატებითი შუალედური რეტრანსლიატორის მეშვეობით, რომელიც განთავსებულია ქ. ამბროლაურში გეოგრაფიული კოორდინატებზე 42°31'34.80"N  43° 8'46.98"E;  ქალაქებში ნინოწმინდასა და ბოლნისში არ გამოიყენება რადიოსარელეო ხაზები სამაუწყებლო პაკეტების გადამცემებზე მისაწოდებლად და ციფრული სამაუწყებლო პროგრამების გავრცელება ხორციელდება საეთერო რეტრანსლირების პრინციპით, კოჯორი-ბოლნისი და ახალქალაქი-ნინოწმინდა.
  3. რადიოსარელეო ხაზები ორგანიზებულია ცალმხრივად სათაო სადგურიდან ციფრულ სატელევიზიო გადამცემებამდე სამაუწყებლო პაკეტების მიწოდების მიზნით. არ არის ორგანიზებული ციფრულ სატელევიზიო გადამცემებიდან ინფორმაციის სათაო სადგურზე (განთავსებულია ქ. თბილისში) მიღება, რის გამოც გადამცემის მუშაობის რეჟიმი არ კონტროლირდება ავტომატურად და გადამცემების მუშაობის მონიტორინგი წარმოებს სატელეფონო შეტყობინებების მეშვეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგებიდან ირკვევა, რომ შპს „სტერეო +“-ის მიერ ციფრული სამაუწყებლო ქსელის ოპტიმიზაციით გამოწვეული რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცვლილებების გათვალისწინებით, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა ”შპს „სტერეო+“-ისთვის დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ” კომისიის 2015 წლის 28 აპრილის №224/13 გადაწყვეტილებაში. კომისიას მიაჩნია, რომ ამ მიზნით, შპს „სტერეო+”-ს უნდა დაევალოს ციფრული სამაუწყებლო ქსელის ოპტიმიზაციით გამოწვეული რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის კომისიაში წერილობით წარმოდგენა 14 კალენდარული დღის ვადაში.

კომისია აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე შესრულებულად უნდა იქნეს მიჩნეული შპს ”სტერეო+”-ის მიერ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე” კომისიის 2015 წლის 19 ივნისის №362/2 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული  ციფრული სატელევიზიო გადამცემი სადგურების ჩართვა.

კომისიას მიაჩნია, რომ ციფრული სამაუწყებლო ქსელის სალიცენზიო პირობების შესაბამისად ფუნქციონირების კონტროლის მიზნით აუცილებელია შპს „სტერეო +“- მა კომისიას ყოველკვირეულად (2015 წლის 31 დეკემბრამდე) მიაწოდოს ინფორმაცია ციფრული სამაუწყებლო ქსელის შემადგენელი კომპონენტებისა და ტრაფიკის შესახებ. ამავე მიზნით, კომისიას აუცილებლად მიაჩნია, შპს „სტერეო +“-მა  შეიმუშავოს ციფრული სამაუწყებლო ქსელის შემადგენელი კომპონენტებისა და ტრაფიკის ავტომატური კონტროლის სისტემა და ექსპლუატაციაში გაუშვას 2015 წლის 31 დეკემბრამდე.  შპს „სტერეო +“-ის მიერ  აღნიშნული ავტომატური კონტროლის სისტემის 2015 წლის 31 დეკემბრამდე ექსპლუატაციაში გაშვების მზაობა დაადასტურა შპს  „სტერეო+“-ის წარმომადგენელმა დ. ზილფიმიანმა,  კომისიის 2015 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11-ე მუხლის პირველი პუნქტისა და  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე” კომისიის 2015 წლის 19 ივნისის  №362/2 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. მიჩნეულ იქნას შესრულებულად შპს ”სტერეო+”-ის მიერ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე” კომისიის 2015 წლის 19 ივნისის №362/2 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული  ციფრული სატელევიზიო გადამცემი სადგურების ჩართვა.
  2. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე) უზრუნველყოს რადიოსარელეო ხაზებზე ხელშეშლების აღმოფხვრა (მათი არსებობის შემთხვევაში) ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში;
  3. უზრუნველყოს შპს ”სტერეო+”-მა ციფრული სამაუწყებლო ქსელის ოპტიმიზაციით გამოწვეული რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის კომისიისთვის წერილობით წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში;
  4. უზრუნველყოს შპს ”სტერეო+”-მა 2015 წლის 31 დეკემბრამდე (სისტემატიურად, კვირაში ერთხელ და ასევე მოთხოვნისთანავე, ნებისმიერ დროს) კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია ციფრული სამაუწყებლო ქსელის შემადგენელი კომპონენტების და ტრაფიკის შესახებ;
  5. უზრუნველყოს შპს ”სტერეო+”-მა ციფრული სამაუწყებლო ქსელის შემადგენელი კომპონენტების და ტრაფიკის ავტომატური კონტროლის სისტემის ექსპლუატაციაში გაშვება 2015 წლის 31 დეკემბრამდე და კომისიის მიერ ამ სისტემაზე მუდმივი წვდომა;
  6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სტერეო+”-ისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
  7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
  8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                   ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                   ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                   გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                   მ. ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები