შპს ”კორტესი გიდაგოს“ კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2015 11:31
მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2015
შპს ”კორტესი გიდაგოს“ კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/4532-15, 06.07.2015წ.) მიმართა შპს ”კორტესი გიდაგომ“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კორტესი გიდაგო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიას 2015 წლის 23 სექტემბრამდე, კომისიის 2005 წლის 23 სექტემბრის №612/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (სპორტული) რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
ა) სამოქმედო ზონა: სამაუწყებლო ზონა 1, ქ. თბილისი (სამაუწყებლო ზონა განსაზღვრულია კომისიის 2003 წლის 13 ივნისის N267 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით);
ბ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
ბ.ა.) ანტენის განთავსების ადგილი – თბილისის ანძა;
ბ.ბ.) ანტენის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები - 44E47; 41N41;
ბ.გ) ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 100 მ;
ბ.დ.) FM რადიო-სიხშირე – 96.3 მგჰც;
ბ.ე.) გადამცემის სიმძლავრე – 1 კვტ;
ბ.ვ.) ანტენის გასხივების დიაგრამა – წრიული;
ბ.ზ.) სამაუწყებლო ზონის საშ.რად – 25 კმ;
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე 33 სამუშაო დღით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კორტესი გიდაგოს“ მიმართ ლიცენზიების მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”კორტესი გიდაგოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/6442-15, 02.09.15)
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 11 აგვისტოს №471/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კორტესი გიდაგოს“ კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/5602-15, 06.08.2015), რომელმაც შპს ”კორტესი გიდაგოს“ კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 10 692.00 ლარი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ”კორტესი გიდაგოს“ კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2005 წლის 23 სექტემბრის №612/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე და სახეობა აღარ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად მაუწყებლობის სახეებია, ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობებია კერძო მაუწყებლობა და სათემო მაუწყებლობა, ხოლო ქვესახეობებია საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა. გარდა ამისა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით დასაზუსტებელია მაუწყებლობის ენა/ენები და მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. ასევე №B7 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებული სამაუწყებლო ზონის ნუმერაცია აღარ შეესაბამება კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებას, რომლის თანახმად 87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2015 წლის 9 სექტემბერის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს ”კორტესი გიდაგოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი თეკლა კაკულია, რომელმაც დაადასტურა მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შპს ”კორტესი გიდაგოს“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/6442-15, 02.09.15), რომლის თანახმად მაუწყებლობის ხანგრძლივობაა - 24 საათი, ხოლო მაუწყებლობის ენები - ქართული, რუსული, ინგლისური და ჩინური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს ”კორტესი გიდაგოს“ კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოდიფიცირება, რათა სალიცენზიო პირობები მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს ”კორტესი გიდაგოს“ მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”კორტესი გიდაგოს“ მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის N6 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”კორტესი გიდაგოს“ კუთვნილ მაუწყებლობის №B7 ლიცენზიას 2015 წლის 23 სექტემბრიდან 2025 წლის 23 სექტემბრამდე;
2. მოდიფიცირდეს შპს ”კორტესი გიდაგოს“ კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (სპორტული) რადიომაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური და ჩინური;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
|
№ |
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
|
1 |
თბილისის სატელევიზიო ანძა |
96.3 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
N 41°41'44" E 44°47'6" |
100 |
შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).
3. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი.
4. შპს ”კორტესი გიდაგო“ ვალდებულია:
ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ო) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
პ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
5. შპს ”კორტესი გიდაგოს“ კერძო მაუწყებლობის №B7 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარს.
6. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;
891.00 ლარი - 2015 წლის 9 ოქტომბრამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 9 ნოემბრამდე;
891.00 ლარი – 2015 წლის 9 დეკემბრამდე;
891.00 ლარი – 2016 წლის 9 იანვრამდე;
891.00 ლარი – 2016 წლის 9 თებერვლამდე;
891.00 ლარი – 2016 წლის 9 მარტამდე;
891.00 ლარი – 2016 წლის 9 აპრილამდე;
891.00 ლარი – 2016 წლის 9 მაისამდე;
891.00 ლარი – 2016 წლის 9 ივნისამდე;
891.00 ლარი – 2016 წლის 9 ივლისამდე;
891.00 ლარი – 2016 წლის 9 აგვისტომდე;
891.00 ლარი – 2016 წლის 9 სექტემბრამდე;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (მ. ქადეიშვილი);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”კორტესი გიდაგოსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) და ბ), გ), დ) ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2, მე-3, მე-4 და მე–6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
