წვდომის მენიუ

შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალისთვის საქართველოში” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 548 / 12

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 22, 2015 11:16

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2015

შპს  ,,Premium Net International SRL-ის ფილიალისთვის საქართველოში”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალმა საქართველოში” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/4272-15 24.06.2015)  მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის 10 000 სააბონენტო ნომერზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

        კომისია აღნიშნავს, რომ  შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში”  წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

როუმინგული კავშირით  მომსახურება.

კომისია   აღნიშნავს, რომ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას კომისია გასცემს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

                ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

             კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვა გაიცემა - არაგეოგრაფიული  ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, შეადგენს - 0,10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არაგეოგრაფიული ნომრებისთვის  ეროვნული დანიშნულების კოდი (NDC) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის, განსაზღვრულია ციფრებით „500-599“.  

                კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა                      შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალის საქართველოში”  მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა  კომისიის  2012 წლის 21 თებერვლის  №2  დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალის საქართველოში”  მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალის საქართველოში”   მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის  და რესურსით სარგებლობის საფასურის - 1000 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

            კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი ირაკლი გაფრინდაშვილი. კომისიის სხდომაზე შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში” მიერ წერილობით იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსის გამოყენებით გასაწევი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ზოგადი აღწერილობა. შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში” განცხადებიდან ირკვევა, რომ კომპანია მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსის გამოყენებით აპირებს მომხმარებლებს გაუწიოს VOIP-ინტერნეტპროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურება, რა დროსაც მომხმარებელს ასევე ექნება საშუალება SIP პროტოკოლის საშუალებით ე.წ სმარტფონზე ან კომპიუტერზე ნომრის გააქტიურებისა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომსახურების მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მცირე ოპერატორებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთარი ქსელის ინფრასტრუქტურა, შესაძლებელი გახდეს მობილური სერვისის/მომსახურების მიწოდება SIM ბარათის გამოყენების გარეშე და აღნიშნულით გაიზარდოს ბაზარზე არსებული კონკურენცია. შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში” წარმომადგენელმა ირაკლი გაფრინდაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ კომპანიის შიდა კვლევა და გამოცდილებამ აჩვენა, რომ მობილური ტელეფონის ნომრები მეტად მიმზიდველია ბოლო მომხმარებლისთვის და სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს კომპანია ნუმერაციის რესურსს მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” შესაბამისად განისაზღვრა საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნუმერაციის რესურსების ერთგვაროვანი სტრუქტურა და ფორმატი მომსახურების სახეების მიხედვით, კერძოდ დებულება ცალ-ცალკე განსაზღვრავს ნუმერაციის რესურსს გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონების მიხედვით. დებულების მე-10 მუხლის დ) პუნქტის შესაბამისად, არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონებში განაწილებული ნუმერაციის რესურსები გამოიყენება:

ა) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის მომსახურების უზრუნველყოფისათვის და დებულების შესაბამისად, აღნიშნული სახის მომსახურებისთვის გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსი 5XX XXXXXX კომბინაციით;

ბ) უსადენო შეღწევის, მათ შორის, ფიჭური ორგანიზების ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფიქსირებული კავშირის მომსახურების უზრუნველყოფისათვის და ამ ტიპის ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის და დებულების შესაბამისად, აღნიშნული სახის მომსახურებისთვის გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსი 780-799XXXXXX კომბინაციით;

გ) აბონენტების ინტელექტუალური ქსელებით და დამატებითი ფასიანი მომსახურებით უზრუნველყოფისათვის და დებულების შესაბამისად, აღნიშნული სახის მომსახურებისთვის გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსი 900-909XXXXXX კომბინაციით;

დ) აბონენტების პერსონალური ნომრებით მომსახურებით უზრუნველყოფის ა და მათი ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის; აბონენტების მომსახურების სხვადასხვა სახეობებით უზრუნველყოფისათვის და დებულების შესაბამისად, აღნიშნული სახის მომსახურებისთვის გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსი 700XXXXXX კომბინაციით;

ე) VOIP – ინტერნეტპროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და დებულების შესაბამისად, აღნიშნული სახის მომსახურებისთვის გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსი 706-707XXXXXX კომბინაციით;

კომისია აღნიშნავს, რომ როგორც შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში” მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებისა და ამავე დროს კომპანიის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, კომპანია მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით გეგმავს VOIP ინტერნეტპროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურების განხორციელებას, ხოლო აღნიშნული საქმიანობისთვის საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” N2 დანართის მე-6 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებულია არაგეოგრაფიული ნუმერაციის რესურსი - 706-707XXXXXX და არა კომპანიის მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსი 5XX XXXXXX მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის მომსახურების უზრუნველყოფისათვის.  

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში” წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების, კომპანიის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით აპირებს მომხმარებლებისთვის VOIP ინტერნეტპროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურების შეთავაზებას,  კომპანიისთვის, მის მიერ მოთხოვნილი მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაცვლად შეთავაზებულ იქნა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემა VOIP ინტერნეტპროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისა და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობებით იდენტიფიცირებისთვის, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა უარი განაცხადა აღნიშნული სახის ნუმერაციის რესურსის აღებაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში” მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით კომპანია აპირებს არა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას, არამედ VOIP ინტერნეტპროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურების განხორციელებას, კომისიას მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში” მოთხოვნა მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულ მომსახურებაზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში კომპანიის მიერ ნუმერაციის რესურსი გამოყენებულ იქნება არადანიშნულებისამებრ, რაც თავის მხრივ გამოიწვევს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ დარღვევას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალის საქართველოში” მიერ VOIP ინტერნეტპროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისა და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობებით იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია განიხილავს საკითხს კომპანიისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების N2 დანართის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. უარი ეთქვას შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალს საქართველოში” მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე;

2.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში”-სთვის ჩაბარებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე              ვახტანგ აბაშიძე 

კომისიის წევრები:                        ელისო ასანიძე

                                                           კახი ბექაური                                                                                                                                         

                                                          გიორგი ფრუიძე

                                                          მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები