წვდომის მენიუ

შპს „GS GROUP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 550 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2015 12:10

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2015

შპს „GS GROUP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუქნტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუქნციაა მაუწყებლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

2015 წლის 11 აგვისტოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/5755-15; 11.08.2015), საიდანაც ირკვევა, რომ შპს „GS GROUP“-ი პერმანენტულად არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს. 

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს, მისი 2015 წლის 21 აგვისტოს №10/6150-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 21 აგვისტოს  №შ-10/6170-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „GS GROUP“-ს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები კომისიაში არ წარმოუდგენია ავტორიზაციის მიღების დღიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 11 აგვისტოს №შ-10/5755-15  მოხსენებითი ბარათისა და საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 21 აგვისტოს №შ-10/6170-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 21 აგვისტოს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,GS GROUP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 10 სექტემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,GS GROUP“-ს ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი:040026753393), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შპს „GS GROUP“-ს ჩაბარდა 2015 წლის 25 აგვისტოს (ჩაბარების თარიღი:25.08.2015; ჩაიბარა: ალუდა ახალაძე, ორგანიზაციის მენეჯერი).

2015 წლის 9 სექტემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს, მისი N10/6571-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 9 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათით N10/6572-15 ეცნობა,  რომ შპს „GS GROUP“-ს 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (ნულოვანი). სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია 2015 წლის ივნისის და ივლისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება ორი თვის  რეგულირების საფასურის დავალიანება.

2015 წლის 9 სექტემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს  დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 9 სექტემბრის N10/6574-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმადაც, შპს „GS GROUP“-ს  2015 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით კომისიაში წარმოდგენილი აქვს სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე  არ გამოცხადდა შპს „GS GROUP“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ  კომპანიას 2015 წლის 25 აგვისტოს ჩაბარდა შეტყობინება (გზავნილის კოდი: 040026753393). კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „GS GROUR”-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 11 აგვისტოს №შ-10/5755-15  მოხსენებითი ბარათი;
  2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 21 აგვისტოს №შ-10/6170-15 სამსახურებრივი ბარათი;
  3. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 9 სექტემბრის N10/6574-15 სამსახურებრივი ბარათი;
  4. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 9 სექტემბრის N10/6572-15 სამსახურებრივი ბარათი;
  5. სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თაობაზე კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (30.01.2013; N05/256-13);
  6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „GS GROUP”-ს შესახებ მონაცემები.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „GS GROUP“-ი არის ავტორიზებული პირი მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი: 23/07/2013; საქმიანობის მოკლე აღწერილობა: გასართობი ტელემაუწყებლობის განხორციელება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საკაბელო ქსელის გამოყენებით);
  2. შპს „GS GROUP“-ი როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. შპს „GS GROUP“-ს, 2013 წლის 23 ივლისდან (ავტორიზაციის გავლის დღიდან) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტამდე (2015 წლის 21 აგვისტო), კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად არც რეგულირების საფასური ჰქონდა ჩარიცხული კომისიის ანგარიშზე;
  4. შპს „GS GROUP“-ს, 2013 წლის 23 ივლისიდან (ავტორიზაციის დღიდან) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტამდე (2015 წლის 21 აგვისტო), არ ჰქონდა შევსებული და კომისიაში  წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების არც ერთი ფორმა;
  5. შპს „GS GROUP“-ს კომისიის 2013 წლის 30 იანვარს გაეგზავნა N05/256-13 წერილი, რომლის თანახმადაც, კომპანიას ეცნობა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ვალდებულების თაობაზე, კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად;
  6. შპს „GS GROUP“-ს გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შევსებული და კომისიაში წარმოდგენილი აქვს სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმები;
  7. შპს „GS GROUP“-ს გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის კომისიაში წარმოდგენილი აქვს 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (ნულოვანი);
  8. შპს „GS GROUP“-ს  კომისიაში არ წარმოუდგენია 2015 წლის ივნისის და ივლისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად არც რეგულირების საფასური არ ჩაურიცხავს კომისიის ანგარიშზე;
  9. შპს „GS GROUP”-ის მიმართ ბოლო ერთი თვის განმავლობაში  არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  2.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
  4. ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში და მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირები ან/და ლიცენზიის მფლობელნი ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
  5. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, ან წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების  ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში და პერიოდულობით შეუსრულებლობით, შპს „GS GROUP“-ის მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-4  პუნქტი, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კანონით ამისათვის განსაზღვრული ვადების დარღვევით (ნაწილობრივ) წარმოდგენით, ასევე 2015 წლის ივნისი და ივლისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობით, შპს „GS GROUP“-ის მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი და ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „GS GROUP“-ს მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე. აქედან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „GS GROUP“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს გაფრთხილება. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „GS GROUP“-ს უნდა დაევალოს 2015 წლის ივნისი, ივლისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა.            

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4  პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებისა  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „GS GROUP“-ს მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
  2. უზრუნველყოს შპს „GS GROUP“-მა 10 სამუშაო დღის ვადაში 2015 წლის ივნისის და ივლისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების  შპს „GS GROUP“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „GS GROUP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „GS GROUP“-სთვის  ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „GS GROUP“-სთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტების გარდა) კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                      ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                    კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                     მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები