წვდომის მენიუ

ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 551 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2015 12:10

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2015

ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუქნტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუქნციაა მაუწყებლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

2015 წლის 10 აგვისტოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/5720-15; 10.08.2015), საიდანაც ირკვევა, რომ ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესი“ პერმანენტულად არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს.  ამასთან, მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა (20.07.2015; N05/1506-15), კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს, 2015 წლის 21 აგვისტოს №10/6150-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 21 აგვისტოს  №შ-10/6170-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესს“ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები კომისიაში არ წარმოუდგენია ავტორიზაციის მიღების დღიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს №შ-10/5720-15  მოხსენებითი ბარათისა და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 21 აგვისტოს №შ-10/6170-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 21 აგვისტოს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 10 სექტემბერს. აღნიშნულის თაობაზე ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი:040026753418), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ ჩაბარდა 2015 წლის 25 აგვისტოს (ჩაბარების თარიღი:25.08.2015; ჩაიბარა: თათია ლოლაძემ, კომპანიის დირექტორმა).

2015 წლის 9 სექტემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის, N10/6571-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 9 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათით N10/6572-15 ეცნობა, რომ ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ 9 სექტემბრის მდგომარეობით კომისაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები.

2015 წლის 9 სექტემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 9 სექტემბრის N10/6574-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმადაც, ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ 2015 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით კომისიაში წარმოდგენილი აქვს სტატისტიკური ანგარიშგების შევსებული ფორმები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 2015 წლის 25 აგვისტოს ჩაბარდა შეტყობინება (გზავნილის კოდი: 040026753418). კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს №შ-10/5720-15  მოხსენებითი ბარათი;
  2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 21 აგვისტოს №შ-10/6170-15 სამსახურებრივი ბარათი;
  3. სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თაობაზე  კომისიის N05/256-13 წერილი და ამ წერილის ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (01.07.2013; N05/256-13);
  4. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 9 სექტემბრის N10/6574-15 სამსახურებრივი ბარათი;
  5. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 9 სექტემბრის N10/6572-15 სამსახურებრივი ბარათი;
  6. კომისიის 2015 წლის 20 ივლისის წერილი N05/1506-15 და მისი ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (23.07.2015; გზავნილის კოდი: 040026750411);
  7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან  ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ შესახებ მონაცემები.

 ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესი“ არის ავტორიზებული პირი მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი: 01/07/2013; საქმიანობის მოკლე აღწერილობა:  ტელემაუწყებლობის განხორციელება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საკაბელო ქსელის გამოყენებით, ასევე ინტერნეტის საშუალებით);
  2. ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესი“ როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს", ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლის დღეს, ხელზე გადაეცა  კომისიის N05/256-13 წერილი, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების  შევსებისა და წარმოდგენის წესის თაობაზე, კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად;
  4. ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“  2015 წლის 20 ივლისის გაეგზავნა კომისიის წერილი №05/1506-15, რომლითაც კომპანიას ეცნობა,  რომ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებს და ავტორიზებულ მაუწყებლებს დაევალათ გადაწყვეტილების დანართ №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი პერიოდულობით. ამავე წერილით ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ დაევალა 10 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ამასთან, ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ განემარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, ხოლო მაუწყებლის მიერ არასწორი და არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ ასევე განემარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თაობაზე, რომლის თანახმად, მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს მაუწყებლის სანქცირების საფუძველს. წერილი ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესის“ დირექტორს თათია ლოლაძეს  ჩაბარდა 2015 წლის 23 ივლისს;
  5. ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ 2013 წლის პირველი ივლისიდან 2015 წლის 21 აგვისტოს (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი) ჩათვლით  არ ჰქონდა შევსებული და კომისიაში  წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების არც ერთი ფორმა;
  6. ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივმა კონგრესსმა“ 2015 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით შეავსო და კომისიაში წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმები;
  7. ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ ავტორიზაციის დღიდან (2013 წლის 1 ივლისი) გადაწყვეტილების მიღების დღემდე კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად არც რეგულირების საფასური არ ჩაურიცხავს კომისიის ანგარიშზე;
  8. ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  2.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
  5. ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
  6. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიას ან წარმოადგენს მაუწყებელს, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების, კომისიის მიერ  ამისათვის განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობით, ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ავტორიზაციის დღიდან გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის წარმოუდგენლობით, ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი და ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესის“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე. აქედან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს გაფრთხილება. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ უნდა დაევალოს 2013 წლის 1 ივლისიდან (ავტორაზაციის გავლის დღიდან) 2015 წლის აგვისტომდე პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა.          

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4  და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებისა  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივ კონგრესს“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
  2. ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივმა კონგრესმა“ უზრუნველყოს 10 სამუშაო დღის ვადაში 2013 წლის  პირველი ივლისიდან 2015 წლის აგვისტომდე პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების  კომპანიისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის კომპანიისათვის  ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) კომპანიისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტების გარდა) კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები